№36 როგორ გააპარაზიტა ოჯახის წევრები ქალების მასობრივად ემიგრაციაში წასვლამ და რა უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე დედის გარეშე ფორმალურ ოჯახში გაზრდა
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა ქართველი ქალების უცხოეთში გამგზავრება ოჯახების რჩენის მიზნით. ეს ტრაგიკული ამბავი შეფუთულია იმით, რომ მამაკაცებმა თავიანთი თავი ვერ იპოვეს კრიზისული ვითარების გამო და ქალებმა თავიანთ თავზე აიღეს ოჯახის რჩენა. შესაბამისად, უკვე თაობები გაიზარდნენ დედების გარეშე, უფრო ზუსტად, ვირტუალური დედაშვილობა ლამის ნორმად იქცა. ცვლის თუ არა უდედობას კომფორტული მანქანა, ხარისხიანი საკვები, უზრუნველყოფილი მომავალი და რადგან უკვე საკმაო ხანი გავიდა, როგორ იმოქმედა დედების გარეშე ფორმალურ ოჯახებში დარჩენილ შვილებზე მშობლის ფუნქციად მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის აღქმამ? – ამ თემას ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან განვიხილავთ.
– რიტორიკული კითხვით უნდა დავიწყო ჩვენი საუბარი: რა სჯობს, ბავშვს დედა ჰყავდეს გვერდით და საკვები აკლდეს და ტანსაცმელი, თუ ჰქონდეს კეთილდღეობა და არ ჰყავდეს გვერდით დედა? ანუ რა ზიანს აყენებს უდედოდ გაზრდა ბავშვს?
– რიტორიკული კითხვის თავისებურებაა, რომ ის შეიცავს პასუხსაც. ცხადია, პასუხი ის არის, რომ, ბუნებრივია, დედა უნდა იყოს შვილთან ერთად, როდესაც ბავშვი გადის მოზარდობის პერიოდს. ბავშვების ნაწილი ისე ჩამოყალიბდა ზრდასრულ პიროვნებად, რომ კრიზისული პერიოდები, მაგალითად, გარდამავალი ასაკი თავისი სირთულეებით, გაიარეს ისე, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანი – დედა, მათ გვერდით არ ყოფილა. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, გოგონებისთვის. იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად მათთვის უფრო რთული პერიოდია. ვითარდება სექსუალური სფერო, ახალი შეხედულებები უჩნდება მოზარდს თავის ცხოვრებაზე, მომავალზე. ასევე, არანაკლებ რთულია მეორე პერიოდიც: სტუდენტობაც, ამასაც თავისი სირთულეები სდევს თან. და ამ დროს დედა, ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი პიროვნება, არ არის გვერდით. მეორე მხრივ, საკუთრივ დედასაც უქმნის პრობლემებს, რომ მოწყვეტილია ოჯახიდან. საუკეთესო ვარიანტში, სამუშაოდ წასული დედა უნდა გახდეს ერთგვარი მონაზონი, რადგან ცოლქმრობა, ყველაფერთან ერთად, გულისხმობს ინტიმურ კავშირსაც. ქალბატონი კი წლობითაა წასული და მას არ ჰყავს პარტნიორი, ანუ ის, ფაქტობრივად, განქორწინებულია. ახლა აქ დარჩენილ მხარეს გადავხედოთ: მეუღლეს, რომელიც ცოლისგან იღებს დახმარებას, სჭირდება გართობა, შეიძლება, ქალებისკენაც გაიხედოს, იმიტომ რომ სექსუალური პარტნიორი არ ჰყავს. ცოლი სახლშიც რომ ჰყავდეს, მაშინაცაა შესაძლებელი, რომ გადადგას ეს ნაბიჯი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ოჯახს მაინც ოჯახი ჰქვია, იმიტომ რომ ოჯახის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ცოლქმრული ურთიერთობა, ეს კი ემიგრაციაში წასულ ოჯახებში აღარ არსებობს. ინტიმური ცხოვრება არ აქვს არც ქმარს და არც ცოლს.
– არ მგონია, ქმრები ერთგულებას მასობრივად უნახავდნენ უცხოეთში წლობით სამუშაოდ წასულ ცოლებს.
– გეთანხმებით, შეიძლება, არ უნახავენ ერთგულებას, მაგრამ თვითონ ის ფაქტიც, რომ არ უნახავენ ერთგულებას, პრობლემაა, მაგრამ ასე გამზადებულიც არ არის ეს ინტიმური ურთიერთობები. ამასაც თავისი სპეციფიკა აქვს, მიმიხვდით, ალბათ, არ დავაკონკრეტებ, ყველაფერი ინდივიდუალურია და ყველა შემთხვევას ვერ გაითვალისწინებთ, მაგრამ ინტიმური ცხოვრებაც რომ პრობლემაა, აშკარაა. ისინი მხარში არ უდგანან ერთმანეთს, უბრალოდ, ასეთ დროს ქალის შრომის მომხმარებლები არიან შვილები და ქმარი და შეიძლება, საკუთარი მშობლებიც. სამუშაოდ წასული ქალიც ბევრ რამეს იკლებს, მუშაობს უცხოეთში, მაგრამ არ ცხოვრობს, იმიტომ რომ, როგორც წესი, ისე არიან დასაქმებულები, ძალიან ცოტა დრო რჩებათ საკუთარი თავისთვის და სამუშაოდან დაღლილებიც ბრუნდებიან, რასაც ემატება დარდი ოჯახზე. ქალი ხომ კერიის სიმბოლოა?! ქალის სამფლობელოა შიდაოჯახური ურთიერთობები და ამ დროს ეს არ აქვს ამ ქალს, თავი დავანებით სექსუალურ ურთიერთობას, არ აქვს კერიის შეგრძნება, მხოლოდ და მხოლოდ ფულის მანქანაა.
– ანუ ინგრევა ყველა: შვილები, დედა, მამა, მთელი ოჯახი?
– დიახ, მართალია, ეს ყველაფერი გამოიწვია ჩვენთან არსებულმა რთულმა ეკონომიკურმა ვითარებამ, მაგრამ საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომელშიც არის რესურსი. ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ არ არის ურესურსო ქვეყანა. რესურსი აურაცხელია ამ ქვეყანაში, უბრალოდ, ამას დანახვა, გამოყენება და ჯანსაღი მიდგომა სჭირდება. თორემ პირველივე პრობლემის გამო თუ სხვა ქვეყანაში გაიქეცი, იმ სხვა ქვეყანაშიც არავინ გაგიგებს ფიანდაზად ყველა შანსს. და რა არის ამის მთავარი შედეგი? ყველაზე არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ მაქვს ამის უფლება და არც სათანადო კვლევები არსებობს, მაგრამ შვილების გარკვეული ნაწილი აშკარად პარაზიტია. ფეხი ფეხზე აქვთ გადადებული, იმიტომ რომ იღებენ დახმარებას, ერთგვარ შემწეობას დედისგან, რაც ჰყოფნით და ფიქრობენ, რომ ეს საკმარისია და არ არის საჭირო, რომ თავადაც იმუშაონ და რამე შექმნან. ანუ მოტივაცია, რაც ბუნებრივია ადამიანისთვის, რომ თავისი ძალებით რაღაცას მიაღწიოს, რაღაც პროფესიას დაეუფლოს და გაკვალოს თავისი გზა, არ აქვს. სხვათა შორის, შვილი დედის მიერაც განხილულია, როგორც ზრუნვის საგანი და ბავშვიც იღებს ამ როლს, იშინაგანებს, რომ უნდა გამოიყენოს დედის მიერ გამოგზავნილი ფული, იყიდოს, რაც გაუხარდება, მისცეს შეკვეთები დედას და, ფაქტობრივად, ასე გაზრდილი შვილები წაიპარაზიტებენ, რაც არაა კარგი. თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც რაციონალურად იყენებენ დედის მიერ გამოგზავნილ თანხას, მაგრამ დედა რომ იყოს აქ, ნაკლები მოტივაცია ექნებოდათ?! განა მართლაც ისეთი წყალწაღებულია საქართველო, რომ აქ არაფრის გაკეთება არაა შესაძლებელი?! ხშირად გაიგონებთ ფრაზას, ამ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელია. არადა, არ არის შეუძლებელი, შესაძლებელია და ხომ ხედავთ, კორონავირუსმა მესიჯიც კი გამოაგზავნა, სიმბოლურად ვამბობ და საკმაოდ ბევრი ქართველი ჩამოვიდა.
– მივხვდით, რომ ჩვენი ქვეყნის გარდა არავის ვაინტერესებთ და არც არავის ვჭირდებით.
– დიახ, არავის ვჭირდებით და, მეორეც, ის სამსახურებიც, სადაც მუშაობდნენ, აღარ არის, რადგან იქაც გაუჭირდა მოსახლეობას. ეკონომიკური სირთულეები საკმაოდ დიდია იმ ქვეყნებშიც, რომლებშიც ჩვენი მოქალაქეები ჩადიოდნენ, მუშაობდნენ და ინახავდნენ თავიანთ ოჯახებს. ცხადია, დასაფასებელია დედების გულმოდგინეობა და ასეთი ტკივილიანი არსებობა. ემიგრაცია ტკივილიანი არსებობაა. ძროხასავით გწველიან ახლობლები და საკმაოდ ტრაგიკული ვითარებაა.
– ამ თემას იმიტომ შევეხე ახლა, რომ დედების მასობრივად წასვლამ სამუშაოდ შედეგი გამოიღო უკვე ძალიან აგრესიული თაობის სახით, აგრესია კი სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის ნაკლებობა. ვფიქრობ, საკმარისი დრო გავიდა, რომ შევაფასოთ, კარგად ჭამა-სმამ მოაგვარა პრობლემა თუ ვერა?
– პრობლემას რა მოაგვარებდა?! შვილები ახლაც დედის ხელში შემყურეები არიან, არც არიან ორიენტირებულები იმაზე, რომ თავისით გააკეთონ გარღვევა. პიროვნულად დასუსტებული თაობაა, ვგულისხმობ მათ, ვინც პარაზიტულად ცხოვრობს.
– მაგრამ ენერგია, რომელიც სხვა ქვეყნის დალაგებაზე იხარჯება, ხომ იკარგება ჩვენი ქვეყნისთვის?
– ისინი ამაზე არ ფიქრობენ, რომ შენი ენერგია შენს ქვეყანას მოახმარო. ის ფიქრობს, რომ ჩვეულებრივი ადამიანია და უნდა, რომ მის შვილს ჰქონდეს ესა და ეს ნივთი, ესა და ეს პირობები. მარტივად უყურებენ და შეიძლება, სწორიცაა და გლობალური ხედვა ჩვეულებრივ ადამიანს ვერც ექნება. ასეთი დიდი მოთხოვნები, რომ ჩემი ენერგია მოვახმარო ჩემს ქვეყანას, არ უნდა წავუყენოთ ამ ადამიანებს.
– არ ვთხოვ, უბრალოდ, მგონია, რომ ესეც ერთგვარი პარაზიტიზმია, ზოგადად ვამბობ, მოგწონდეს სხვების აშენებული ქვეყანა და ცდილობდე იქ მოხვედრას და დარჩენას და ამ დროს არაფერი გააკეთო შენი ქვეყნის ასაწყობად, სადაც დარჩენა მოუნდებათ შენს შვილებს, შენს შვილიშვილებს.
– მაგრამ ჩვენი საზოგადოება ხომ გადარჩენაზე ორიენტირებული საზოგადოებაა?! მეორე მხრივ, უცხოეთში სამუშაოდ წასულ ადამიანებს იმ ქვეყანასთან შეხებაც არ აქვთ, ისინი ცხოვრობენ აი, იმ ერთ წერტილში, რაც უკავშირდება კონკრეტული მოხუცის, ბავშვის მოვლას. მარტივად ხედავენ, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც საშოვარზე არიან წასულები და უნდა გამოუგზავნონ ფული თავიანთ ოჯახებს. სულ ესაა. მათთვის მთავარია ოჯახი.
– ოჯახი, რომელიც, ფაქტობრივად, არ არსებობს.
– დიახ, რომელიც, ფაქტობრივად, არ არსებობს, იმიტომ რომ სინამდვილეში ცოლ-ქმარი განქორწინებულია. ინტიმური ცხოვრება აუცილებელი კომპონენტია და მე რომ მკითხო, ამისთვის იქმნება ყველაფერი, მნიშვნელოვანი რამაა ადამიანისთვის სიყვარული, ინტიმური ცხოვრება. ჯერ ერთი, ჯანმრთელობას სჭირდება ეს ურთიერთობები. ფსიქოსექსუალური ურთიერთობები საჭიროა სუფთად ჯანმრთელობისთვის, მთელი რიგი ნევროზების გამომწვევი სექსუალური დაუკმაყოფილებლობაა.
– თუმცა ჩვენთან ერთ სახლშიც შეიძლება, ცხოვრობდეს ცოლ-ქმარი და არ ჰქონდეთ ინტიმური ურთიერთობა წლობით, მაგრამ ჯიუტად ეძახდნენ ამას ოჯახს.
– დიახ, ასეც ხდება, მაგრამ ემიგრაციის შემთხვევაში, შეიძლება, ერთმანეთისადმი ლტოლვაც ჰქონდეთ, მაგრამ ცხოვრებამ დააშორიშორა ისინი. რომ ბრუნდება ცოლი, ორივეს ასაკი აქვს და ჩაიარა მათმა ინტიმურმა ცხოვრებამ, ანუ ადამიანის ბიოგრაფია ვერ შედგა, იმიტომ რომ ბიოლოგიურად არასწორად წავიდა მისი ცხოვრება. შეიძლება, თანაუგრძნობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ქალის ოჯახის წევრები პარაზიტებივით არიან.
– მამაკაცის პასუხისმგებლობა სულ არაფერი არის? ვერ ვიგებ, კაცი როგორ თანხმდება მოცემულობას, რომ ცოლი წავა შავი სამუშაოსთვის, რომ ოჯახი არჩინოს და გულმშვიდად იღებს ცოლის მიერ გამოგზავნილ ფულს. მასქულინობა ხომ ტვინის კონკრეტული მდგომარეობაა?!
– დომინოს ითამაშებს და პასუხისმგებელი იქნება იმაზე, წააგებს თუ მოიგებს. რა პასუხისმგებლობა უნდა მოსთხოვო?! ეს პათოლოგიაა, ცხადია. ეგღა აკლიათ, რომ იმუშაონ, თორემ კაცი ფულს როგორ ვერ იშოვის?! საერთოდ, ის კაცი რა კაცია, ფულს თუ ვერ შოულობს?!
– ფიზიკური ძალა ჩემზე მეტი აქვს და კარგად რომ ნადირობდა, ამიტომაც დამყარდა პატრიარქატი. ახლა ისევ პატრიარქატია, ის კი ზის და დომინოს თამაშობს.
– დაბეჩავებულია მამაკაცი, მაგრამ ის ცხოვრებამ კი არ დააბეჩავა?! თავად დაიბეჩავა თავი და აბრალებენ ეკონომიკურ მდგომარეობას. გაინძერი და იშრომე! მენტალობა უნდა შეიცვალოს, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს, მაგრამ ესეც რთული საკითხია. მე მგონია, რომ კორონავირუსის ეპოქა შეიცავს ახალ მესიჯებს, თუ როგორ უნდა იცხოვრო და რა უნდა გააკეთო, ღირებულებები და მენტალობაც შეიცვლება.