№36 არა – ქალსა და მამაკაცს
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ერთი და ორი
რაკი მსოფლიოში მეტად უცნაური ამბები ხდება და ზოგიერთ ქვეყანაში დედისა და მამის ნაცვლად მშობელი ერთი და მშობელი ორი დააწესეს (იმ მოტივით, რომ იქნებ მამაკაცს უნდა, რომ იყოს დედა და დედაკაცს – მამა ან დედაკაცებსა და მამაკაცებს ერთმანეთში უნდათ გაინაწილონ დედობა და მამობაო) და „კარმენის“ ფინალიც კი შეიცვალა (მამაკაცი რომ ქალს კლავს ეგ სექსიზმიაო, არადა მხოლოდ და მხოლოდ დრამატურგიაა), ხოლო უცნაურობას კი ის თავისებურება აქვს, რომ, რაც წაღმა მიდის, წაღმა მიდის, რაც უკუმა – სულ უკუღმა, ბერლინის კინოფესტივალმა, არც აცია, არც აცხელა და წლევანდელი დაჯილდოების შემდეგ გამოაცხადა, რომ:
ამიერიდან საუკეთესო როლის შემსრულებელ ქალსა და მამაკაცს აღარ გამოავლენენ (რათა მამაკაცი შეურაცხყოფილი არ დარჩეს, რომ პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო, ქალი კი – იმის გამო, რომ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოეს?!) და მშობელი ერთისა და ორის არ იყოს, პრიზი ერთი და ორი იარსებებს.
მაგრამ ამბავი აქ არ შეჩერებულა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, რაც წაღმა მიდის, სულ წაღმა მიდის, რაც უკუღმა – უფრო და უფრო უკუღმა.
შესაბამისად, საფრანგეთში აგათა კრისტის დეტექტიურ რომანს „ათ პატარა ზანგს“ სახელწოდება შეეცვალა და ამიერიდან მას ეწოდება: „ისინი იყვნენ ათნი“ (დაახლოებით, ასე – „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“).
თვით აგათა კრისტის შთამომავალმა განაცხადა, რომ ამ ნაწარმოებს სახელი მთელ მსოფლიოში შეეცვლება, რადგან (მომყავს ციტატა): „როდესაც ეს წიგნი დაიწერა, სამეტყველო ენა სხვა იყო და გამოიყენებოდა დღეს დავიწყებული სიტყვები.“
ცხადია, უკვე კარგია, რომ აგათა კრისტის წიგნები ცეცხლში არ დაწვეს და მხოლოდ სახელწოდების შეცვლას დასჯერდნენ, თუმცა ამ ამბავს კოჭებშივე ეტყობა, რომ არც ისაა გამორიცხული, კანის დამუქება მოგვთხოვონ (პირველებსაც და მესამეებსაც)?!