№35 რატომ გადაწყვიტა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მეეზოვედ მუშაობა და რა ტრაგედიები გამოიარეს მათმა ოჯახებმა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ნინი და დათა ქვრივიშვილები 16 წლიდან ერთად მოდიან. 20 წლისები იყვნენ, როცა დაქორწინება გადაწყვიტეს. დაწყებული პირველი დღიდან დღემდე თავიანთ მომავალს საკუთარი ხელებით ქმნიან. რთული ცხოვრება გამოიარეს, ტრაგედიებით სავსე, თუმცა არ გატეხილან. ორივეს თავისი საქმე აქვს, თუმცა დასახული მიზნების განსახორციელებლად, დამატებით, დასუფთავების სამსახურში დაიწყეს მუშაობა.
დათა: კორონავირუსის დაწყებამდე ისეთი საქმიანობით ვიყავი დაკავებული, რომელიც პანდემიის დროს საჭირო აღარ იყო და შევაჩერე მუშაობა. ამიტომ სტაბილური სამსახური ძალიან მჭირდებოდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ორი დღით ადრე დასუფთავების სამსახურში დავიწყე მუშაობა. მეგობარი მუშაობდა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მეც დამეწყო. პრაქტიკული სამსახურია, ცოტა დროს მოითხოვს და ამ დროის შესაბამისი ანაზღაურებაცაა.
– არ გქონდათ მომენტი, „რას იტყვის ხალხი“?
– ორი კვირა დამჭირდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ვფიქრობდი, მაგრამ იმაზე არა, ხალხი რას იტყოდა. ვფიქრობდი, რატომ ავირჩიო ეს სამსახური, როცა შემიძლია უფრო პრესტიჟულ სამსახურში ვიმუშაო ან საკუთარი საქმე წამოვიწყო-მეთქი. მანამდეც პატარა ბიზნესით ვიყავი დაკავებული და მინდოდა, რამე უფრო ინტელექტუალური მომეფიქრებინა, ვიდრე, უბრალოდ, მეეზოვეობა. მაგრამ სიმართლე გითხრათ, პირველ რიგში, ორსაათნახევარიანმა გრაფიკმა და ერთიანმა ანაზღაურებამ მომხიბლა მაგრამ შემდეგ სრულიად შეიცვალა სიტუაცია. ნინიმაც გამოთქვა სურვილი, რომ დასუფთავებაში დაეწყო მუშაობა. მე არ ვიყავი ამაზე თანახმა, მაგრამ საბოლოო ჯამში, შევჯერდით იდეაზე, რომ აქ აღებული ხელფასი სახლის საყიდლად ან დასაგირავებლად უნდა დაგვეგროვებინა, ანუ ამ სამსახურს დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ და მეტად დავაფასეთ. თან, შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებაშიც არ გვიშლის ხელს.
– ნინი, ეს სამუშაო გოგოსთვის ფიზიკურად რთული არაა?
ნინი: რადგან მე და დათა ერთად ვმუშაობთ, ერთმანეთთან ახლოს გვიწევს ტრიალი. მე ვგვი და სიმძიმის აწევაში ის მეხმარება. ჩემი საქმიდან გამომდინარეც წელის ტკივილი მაწუხებს და დათაც კატეგორიულად მიშლის სიმძიმეების აწევას (იცინის).
– ახლა ქირით ცხოვრობთ?
– ახლა დათას დასთან ვცხოვრობთ, რომელსაც ნაგირავები აქვს იმხელა ფართი, რომ ორივე ოჯახის ცხოვრება იყოს შესაძლებელი. დროებით შეგვიფარა, მაგრამ მასაც თავის ცხოვრება აქვს და რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ჩვენ ჩვენი გვქონდეს.
– თქვენი სხვა შემოსავლის წყარო რა არის?
– მე მანიკიურის სპეციალისტი ვარ, უკვე ხუთი წელია, რაც ამ საქმით ვარ დაკავებული. შეყვარებულობის პერიოდში დათამ დამაფინანსა, რომ ეს ხელობა მესწავლა. სალონებში, ესთეტიკურ ცენტრებში ვმუშაობდი. ბოლოს ჩაჩავას კლინიკაში ვიყავი, მაგრამ დათას დახმარება სჭირდებოდა საქმეში, რითაც აქამდე იყო დაკავებული და წამოსვლა მომიწია. თავისუფალ დროს კლიენტებთან დავდიოდი სახლში. ახლა, ფაქტობრივად, ყოველდღიურად დავდივარ, საკმაოდ ბევრი კლიენტი დამიგროვდა. სალონში მუშაობა არც მინდა, ასე მთელი დღე ჩემს განკარგულებაშია და როგორც მინდა, ისე დავგეგმავ.
დათა: მე ბოლო წელიწად-ნახევარი პატარა პირადი ბიზნესი მქონდა. მაჯის საათები ჩამომქონდა და სოციალური ქსელებით ვახდენდი მათ რეალიზებას – ფოტოების გადაღება, ატვირთვა, მომხმარებელთან კომუნიკაცია... მიწოდების სერვისიც მქონდა. საკმაოდ ბევრი საქმე დაგროვდა და მარტო ვეღარ ვუმკლავდებოდი, ამიტომ დამჭირდა ჩემი მეუღლის დახმარება. მაგრამ კორონავირუსის დროს, ძალიან იკლო შეკვეთების რაოდენობამ, ჩინეთიდან პროდუქციის შემოტანაც გართულდა და გადავწყვიტე, ეს საქმე შემეჩერებინა. როდესაც ყველაფერი ჩაივლის, ისევ გავაგრძელებ. დასუფთავების შემდეგ გამწვანებაში დავიწყე მუშაობა. ესეც მერიის სამსახურია, მაგრამ მაინც სეზონურია და ახლა უკვე არასტაბილურად იქცა. ამიტომ გადავწყვიტე, კიდევ
მომეძებნა რამე და ბოლო სამი დღეა, ძალიან კარგი ადამიანები აღმოვაჩინე, სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებზე მუშაობენ და მათთან დავიწყე ხელობის სწავლა, თან, მცირედი ანაზღაურებაც მაქვს.
მომეძებნა რამე და ბოლო სამი დღეა, ძალიან კარგი ადამიანები აღმოვაჩინე, სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებზე მუშაობენ და მათთან დავიწყე ხელობის სწავლა, თან, მცირედი ანაზღაურებაც მაქვს.
– როგორც ვხვდები, არასდროს ჩერდებით. თქვენს ასაკში ბევრმა საერთოდ არ იცის, რა უნდა და თქვენ უკვე ძალიან დიდი გამოცდილება და გეგმები გაქვთ.
– გამომდინარე იქიდან, რომ მამა მეც ადრე დამეღუპა და ნინისაც, პატარა ასაკში მოგვიწია პასუხისმგებლობების აღება. ოჯახში ერთადერთი მამრობითი სქესის ადამიანი მე ვიყავი. ძალიან კარგად ვსწავლობდი. ბევრჯერ გამიმარჯვია საქართველოში მათემატიკის ოლიმპიადაში, მაგრამ დედა მალე პენსიაში გადიოდა, უფროსი დები კი უკვე დაოჯახებულები იყვნენ, არავის შეეძლო ჩემთვის უმაღლესი განათლება მოეცა. რადგან გავაცნობიერე, რომ თავად უნდა მეღონა რამე, სხვადასხვა ადგილზე დავიწყე მუშაობა. პირველად – ავტოსამრეცხაოში, შემდეგ – რესტორანში, პურის საცხობშიც მიმუშავია. მერე მოვიფიქრე, რომ ჩემი ბიზნესივით უნდა მქონოდა. თავიდან ტელეფონების გამოწერა დავიწყე. მერე აღმოვაჩინე, რომ ფოტოგრაფიის ნიჭი მქონდა. ნივთებისთვის ფოტოების გადაღება გასაყიდი პროდუქციის რეკლამისთვის მჭირდებოდა, დამუშავება და ფოტოშოპიც თავად ვისწავლე და მომწონდა, რომ ჩემი საქმის წარმოება თვითონ შემეძლო. ფოტოკამერაც შევიძინე, გაყიდვა მომიწია, თუმცა ახალს ვიყიდი.
– თითქოს ძალიან ჰგავს თქვენი ცხოვრება ერთმანეთს. ალბათ, ამიტომ უგებთ ასე კარგად ერთმანეთს.
ნინი: კი, მეც რვა წლის ვიყავი, როცა მამა დამეღუპა და დედას სამი შვილი დავრჩით, ისევე, როგორც დათოს ოჯახში. ამიტომ კარგად გვესმის ერთმანეთის. 17 წლის ვიყავი, ძიძად რომ დავიწყე მუშაობა. ახლობლის ბავშვს ვუვლიდი, ამ ასაკში უცხო ოჯახი, რა თქმა უნდა, არ ამიყვანდა. სულ სამ ოჯახში ვიმუშავე ძიძად, მერე მაღაზიაში ვმუშაობდი გამყიდველად და ამასობაში მანიკიურის გაკეთება ვისწავლე დათას დახმარებით და ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დავიწყე სალონში მუშაობა. ოცი წლისები ვიყავით, რომ დავქორწინდით. ახლა მე 24-ის გავხდი, დათო 23-ისაა. ვხვდებით, რომ ბევრად გავიზარდეთ.
– მშობლები რომ შვილებს ხელისგულზე ატარებენ, მაინც ძალიან რთულია, გზას არ ასცდნენ და თქვენ როგორ მოახერხეთ ეს მძიმე ცხოვრების ფონზე?
– ჩვენმა დედებმა ერთი ფასეულობებით გაგვზარდეს. ღვთის შიში ჩაგვინერგეს, რაც ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია.
დათა: როცა იცი, რომ ღმერთი ყველგან გხედავს, სადაც უნდა იყო, მოპარვის, რამის გაფუჭების ან ნებისმიერი ცუდი რამის ჩადენის შანსიც რომ მოგეცეს, არ გააკეთებ. კიდევ შრომა გვასწავლეს, ორივეს ძალიან მშრომელი დედები გვყავს.
– მამები რის გამო დაკარგეთ პატარა ასაკში?
ნინი: მამაჩემი თბილისის ზღვაზე დაიხრჩო, უბედური შემთხვევა იყო.
დათა: მამას ძალიან მძიმე დაავადებები ჰქონდა, რომელსაც ფსიქოლოგიურად ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. ძალიან ცუდი პერიოდი იყო, არაფერი ფინანსდებოდა. კახეთში ვცხოვრობდი და თუ რამე ნაკვეთი ან ოქროულობა გვქონდა, ყველაფერი გავყიდეთ და ბოლოს უკვე აღარანაირი რესურსი აღარ გვქონდა მკურნალობისთვის. ალბათ, ყოველგვარი იმედის გარეშე რომ დარჩა, ფსიქიკამ უმტყუნა და ბოლოს, თავი მოიკლა.
– ემოციურად როგორ გაუძელით ამ ტრაგედიებს, თან ამ ასაკში?
ნინი: მამა რომ არ გყავს, ძალიან რთულია. მით უმეტეს, ბიჭისთვის და მე პატარა ძმა მყავს. მთელი ოჯახი ძალიან განვიცდიდით, რომ მას გვერდით მამაკაცი არ ჰყავდა. ძალიან მტკივნეული იყო მამის არყოფნასთან შეგუება. თან დედას დღემდე ძალიან უყვარს მამა და მეტად მტკივნეულად გადაიტანა. ამაზე ხშირად არ საუბრობდა, მაგრამ ვგრძნობდით. თუმცა, დედა ძალიან სწორად განკარგავდა თანხებს. რამხელა ხელფასიც უნდა ჰქონოდა, ყოველთვის გვყოფნიდა, დღემდე მიკვირს – როგორ. მაგრამ ჩვენც გვაქვს ეგ თვისება – ვცდილობთ, რამდენიც გვაქვს, ყოველთვის იმდენი ვიმყოფინოთ. მეტი არ გვინდება. ვალს არასდროს ვიღებთ და არც ვაპირებთ, თუნდაც სახლის გამო. გვირჩევნია, მოვითმინოთ.
დათა: მე ძალიან რთულად გადავიტანე მამის ამბავი, დაუცველობის შეგრძნება გამიჩნდა. ამიტომ ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე ვარჯიში. მინდოდა, საკუთარი თავის დაცვა შემძლებოდა. 7-8 წელი ვვარჯიშობდი. როცა იცი, შენზე მამა ზრუნავს, ეს ბავშვისთვის დიდი მფარველობაა. თუ ამას ვერ გრძნობ, სიმშვიდეს კარგავ, ხვდები, რომ შენ უნდა იყო კარგად, რომ ასაკიან დედას გვერდით დაუდგე. ჩემი დები დიდები არიან, მე უმცროსი ვარ და დედისთვის ის იმედი ვიყავი, სიბერეში რომ შეჰყურებდა და კარგად ვიაზრებდი ამ პასუხისმგებლობას, რამაც დამოუკიდებლობა მასწავლა. დედა ვერ იხსენებს ხოლმე მომენტს, როცა მე რამეს ვაფუჭებდი ან ვანერვიულებდი. ამაში მშობლების როლი ძალიან დიდია. 16 წლისები ვიყავით მე და ნინიმ ერთმანეთი რომ გავიცანით და შეყვარებულები გავხდით. ამ ურთიერთობამ ბევრი სირთულე დაგვაძლევინა. როცა ბევრი რამ უნდა მოგვეთხოვა ცხოვრებისგან, პირიქით, ჩვენ თვითონ ჩავდეთ ყველაფერში ბევრი შრომა და ერთმანეთს გვერდით ვედექით. ჩვენ გარშემო შეიძლება, ბევრს მილიონები ჰქონდეს, კარგი სახლი და ასე შემდეგ, მაგრამ არავისას არაფერს ვისურვებთ. თუ გინდა, რამე გქონდეს, უნდა იშრომო და მოიხვეჭო.
ნინი: ერთად გავიზარდეთ და ერთად გავხდით გოგო და ბიჭი.
– მატერიალური პრობლემები არ ნიშნავს, რომ ყოვედღიურობა უფერულია ან თქვენი ცხოვრება დრამატულია. რომანტიზმის და იუმორის შენარჩუნებას ახერხებთ?
დათა: ჩვენი ქორწინების ერთი წლისთავზე ნინიმ მაჩუქა „ჩვენი სიყვარულის ასი მიზეზი“ ახლა უკვე 140-ს გადასცდა. ხშირად ამატებს ხოლმე მიზეზებს ამ წიგნში (იცინის). ჩემთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარი იყო. უკეთესს ვერაფერს მაჩუქებდა, მასში ჩვენი ცხოვრების ულამაზესი მომენტებია.
– შვილს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
– გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თვითონ მამის დანაკლისი გვაქვს და მშობლობის პასუხისმგებლობა, ვინც შვილისთვის კლდესავით მყარი თავშესაფარი უნდა იყოს, ვისი იმედიც ყველაფერში ექნება კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ბავშვის გათამამებას არ ვგულისხმობ, მისთვის სათანადო ყურადღების მიქცევაზე ვსაუბრობ, რასაც დრო სჭირდება. დღეს ჩვენი გრაფიკებიდან გამომდინარე, იმდენი დრო არ გვაქვს, რომ ბავშვის აღზრდა შევძლოთ. ამიტომ, მცირედი ფინანსური დოვლათი აუცილებელი წინაპირობაა გვგონია...
– სახლის გარდა ყველაზე მეტად რაზე ოცნებობთ?
ნინი: მე ოცნებები არ მაქვს.
დათა: არც მე მინატრია, ფეხბურთელი მინდა, გამოვიდე ან ასეთი და ისეთი მინდა, გავხდე-მეთქი. უბრალოდ, კარგი ადამიანი უნდა იყო და ჩემი აზრით, კარგ ადამიანობასაც სჭირდება შრომა.