№35 მერსი სულხანიშვილი: ავადმყოფი მგონია, ვისაც ფული არ უყვარს ან ბოროტებად მიაჩნია
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
თამამი, სიახლეებზე ორიენტირებული, სკანდალებით სავსე ცხოვრების მქონე და წარმატებული ქალი – მერსი სულხანიშვილი, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, აქტუალობას არ კარგავს და გარეგნული გარდასახვებით დღემდე ბევრს აოცებს.
– ხშირად იხსენებ – როცა მოდის ჟურნალისტიკაში დავიწყე საქმიანობა, ეს ახალი იყო ქართული რეალობისთვისო. დღეს, როცა ამ მხრივ, კონკურენცია საკმაოდ გაიზარდა, როგორია მერსის როლი ამ სფეროში?
– დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში პირველად მე არ დამიწყია წერა მოდის მიმართულებით. არაერთი ჟურნალისტი ეწეოდა ამ საქმიანობას, მაგრამ მოდის ბლოგერი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი პირველი ვიყავი. მაშინ სულ რამდენიმე ვწერდით და ამავე დროს ჩვენი მიკრობლოგები გვქონდა. თამამად შეიძლება, ითქვას, ტერმინი – „მოდის ბლოგერი“ – საქართველოში ჟურნალმა „ბომონდმა“ დაამკვიდრა. მაშინ ბევრმა ამ სიტყვის, თუ როგორც პროფესიის, მნიშვნელობა არ იცოდა. ეს 10-12 წლის წინ იყო. ექვსი წელია, მოდის მიმართულებით არ ვმუშაობ. ჩემი, როგორც ჟურნალისტის, საქმიანობა ტელევიზიას და რადიოს დავუკავშირე. თუმცა არ გამოვრიცხავ, ისევ აქტიურად დავუბრუნდე. ბოლომდე არც ჩამოვშორებივარ. კონკურენცია ახსენეთ და ეს, ალბათ, დიზაინერებშია. ჩემი მიმართულება კი – სოციალური ქსელები პროფესიონალობასთან არ ასოცირდება. ალბათ, იმას გულისხმობთ, ზოგი თავს ინფლუენსერს და ზოგიც ბლოგერს რომ უწოდებს, ოღონდ არცერთის მნიშვნელობა არ იცის.
– რატომ მალავს მერსი სულხანიშვილი პირად ცხოვრებას?
– არ ვმალავ. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ პირადი არის პირადი. თუმცა, არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება, რაზე საუბარსაც საჭიროდ ჩავთვლიდი.
– ძალიან ხშირად ვრცელდება ჭორები შენი და ბიზნესმენი თუ პოლიტიკოსი მამაკაცების რომანის შესახებ და ბევრს, ალბათ, ჰგონია, რომ შენთვის პირად ურთიერთობებში მთავარი მამაკაცის ფინანსებია. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს?
– თავად ახსენეთ, რომ ეს ყველაფერი ჭორია. მთავარი არ არის, თუმცა ფინანსები მნიშვნელოვანია. მეტსაც გეტყვით, ადამიანი ავადმყოფად მიმაჩნია, ვისაც ფული არ უყვარს ან ბოროტებად მიაჩნია.
– როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ შენი სიყვარული დაიმსახუროს?
– აუცილებლად უნდა იყოს: ჩამოყალიბებული, წარმატებული, განათლებული, მიზანდასახული, ჭკვიანი და შემდგარი ადამიანი. პირველ რიგში კი, რომ დავინახავ, უნდა მომეწონოს. აქ გარეგნობაც იგულისხმება, „ქერა და ცისფერთვალება უნდა იყოს“ – ასეთი კრიტერიუმები არასერიოზული მგონია, მაგრამ რაღაცით უნდა მომხიბლოს.
– მძიმედ გადაგაქვს ურთიერთობის დასრულება?
– ნებისმიერი ურთიერთობა იწყება და შეიძლება, დასრულდეს. როცა ვასრულებ, უბრალოდ და ძალიან მარტივად ვუსვამ წერტილს. ვფიქრობ, თუ სრულდება, ასეც უნდა მომხდარიყო, ცხოვრება კი გრძელდება. ალბათ, ძალიან არასდროს მყვარებია. ასე რომ, როცა მეყვარება, მაგ კითხვაზე მაშინ გაგცემთ პასუხს (იცინის).
– როდესაც პოლიტიკოსთან შენს ურთიერთობას განიხილავდნენ, თქვი, რომ ორივეს გიყვარდათ ერთმანეთი. არც მაშინ გაგიჭირდა დასრულება?
– რატომ გადავეკიდეთ ამ მითოლოგიურ პოლიტიკოსს? (იცინის) ახლა 2020 წელია და 2016-18 წელი წარსულია, რომელიც კალენდარში დარჩა. მას თავისი ადგილი უჭირავს, მაგრამ რასაც წერტილი დავუსვი, ახლა იმაზე რატომ უნდა ვისაუბრო?! ზოგადად, მე არ მშორდებიან, მე ვშორდები ხოლმე. მე ვსვამ წერტილს, ასე რომ, მათ უნდა ჰკითხოთ, დაშორება როგორ გადააქვთ. მე ეს ნაბიჯი გააზრებული მაქვს.
– ზოდიაქოსთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– რომ გითხრათ, ძალიან „გადავარდნილი“ ვარ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ზებუნებრივი ძალების მჯერა. ასტროლოგია სამყაროს კანონზომიერებაა, მისი რომ არ გჯეროდეს, ცოტა აბსურდული მგონია. ჩემს პირად რუკას რომ ვუყურებ, ძალიან ბევრი თვისება ემთხვევა. ზოდიაქოთი თევზები ვარ, ძალიან მზრუნველი ნიშანი მაქვს (იცინის). სიმართლე გითხრათ, ადამიანებს მეტისმეტად დიდ ყურადღებას რომ ვუთმობ, ხანდახან მინანია. ეს ის თვისებაა, რომელიც საკუთარ თავში არ მომწონს. ვიღაცებზე დრო დამიკარგავს... თუმცა, საერთო ჯამში, მომწონს, რომ კეთილშობილური ზოდიაქო მაქვს.
– როგორ წარმოგიდგენია, როგორი იქნება მერსი დედის ამპლუაში? გიფიქრია, რამდენი შვილი გინდა, გყავდეს?
– როცა გადავწყვეტ დაქორწინებას და შვილების გაჩენას, მერე ვიფიქრებ ამაზე. მაგრამ ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ თუ დედა გავხდები, აუცილებლად ვიქნები კარგი და შვილს უზრუნველ მომავალს შევუქმნი. დანარჩენი ღვთის ნებაა. ძალიან ყურადღებიანი ვარ, თან სხვის შვილებზე ვგიჟდები და წარმომიდგენია, საკუთარზე რა იქნება. ალბათ, ცოტა „ფეთიანი“ დედა ვიქნები (იცინის). ღმერთი რამდენსაც ინებებს, იმდენი შვილი ჰყავს ადამიანს, ნუ სამი სასურველია (იცინის).
– როცა ბიჭი მოგწონს, დედის ან ზოგადად, შენი საყვარელი ადამიანების აზრს რამდენად ითვალისწინებ?
– პირადი პირადია, რომელიც საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე ყალიბდება და შესაბამისად, აქ მესამე ადამიანი მე ზედმეტად მიმაჩნია. შეიძლება, სხვასთან ერთად რაღაცები განიხილო, მაგრამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო. მე ძალიან ჩამოყალიბებული აზრები მაქვს, იმავდროულად ძალიან დდი ცხოვრებისეული გამოცდილებაც და სხვას იქით თუ ვურჩევ. სხვათა შორის, ძალიან ბევრი მაკითხავს კიდეც რჩევისთვის (იცინის). ჩემი ოჯახისთვის მიუღებელი ადამიანი ჩემთან ვერ მოხვდება. მიუღებელთან ურთიერთობას არასდროს დავიჭერ და ამაში სხვისი რჩევა არ მჭირდება. საბედნიეროდ, თეთრისა და შავის გარჩევა ძალიან კარგად ვიცი. განათლებას როცა ეხებოდა საქმე, მხოლოდ მაშინ გამოთქვა ოჯახმა სურვილი, რომ მე საერთაშორისო ურთიერთობებზე მესწავლა და თან, ევროპაში, თუმცა მე არჩევანი ჟურნალისტიკაზე შევაჩერე და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთე. სხვა დროს არ უცდიათ ჩემს ცხოვრებაში ჩარევა.
– „სწერვა“ გოგოს იმიჯი გაქვს. როგორ ფიქრობ, რატომ? ცდილობ, საწინააღმდეგო დაამტკიცო?
– სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი, რატომ. ადამიანებს როგორც უნდათ, ისე გხედავენ და მე, ალბათ, ასეთად უნდა მხედავდნენ. ვინც კარგად მიცნობს, ის ვერ იტყვის, რომ ასეთი ვარ. თუმცა, მე არასდროს არავის არაფერს ვუმტკიცებ, საკუთარი თავის გარდა.
– არასდროს მალავ პლასტიკურ ჩარევებს, რაც იშვიათია. რატომ გადაწყვიტე გარეგნობაში რამის შეცვლა, როცა ძალიან თავდაჯერებული გოგო ხარ.
– მე არაფერი შემიცვლია, უბრალოდ, რაღაცები გავიუმჯობესე. თავს ვუვლი და გარეგნობაშიც მცირე კორექტირება შემაქვს, იმისთვის, რომ მუდმივად შევინარჩუნო ახალგაზრდობა და ბუნებრივი სილამაზე, რაც პროცედურების გარეშე წარმოუდგენელია და ამისთვის აუცილებელი არაა ასაკის მატებას დაელოდოთ. დავიბერე ტუჩები, მაგრამ ეს პლასტიკურში არ შედის. პლასტიკური ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული. მე არასდროს არაფერს ვმალავ, პირიქით, სოციალურ ქსელში ძალიან ინტერესდებიან ამ ინფორმაციით და მე ჩემს გამოცდილებას ყველას ვუზიარებ. რაც მეტი ლამაზი ადამიანი იქნება, უკეთესია და ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ამაში რამე დასამალია. მცირედით ჩემი რადიკალური ცვლილება საუკეთესო დერმატო-კოსმეტოლოგის ალბინა ქაჯაიას დამსახურებაა, რომელსაც თვალდახუჭული ვანდობ ჩემს გარეგნობას. იმაზე მეტს არასდროს გამიკეთებს, რაც არ მჭირდება. 23 წლიდან დისპორტს ვიკეთებ, წარბები და ღაწვები მაქვს გაკეთებული აპტოსის ძაფებით. ნიკაპში და სახის ოვალში – ფილერი. რაც შეეხება პლასტიკურ ქირურგიას, ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ როცა ჩემი დერმატო-კოსმეტოლოგი მეტყვის, რომ საჭიროა, რატომაც არა?!
– თმის გადანერგვა რატომ გადაწყვიტე?
– თმის ცვენა ნამდვილად არ მაწუხებს. პირიქით, სამი-ოთხი ადამიანის სამყოფი თმა მაქვს. ლაზერული აპარატით გამიფუჭეს შუბლის ხაზი, რამდენიმე წლის წინ შევეცადე ლაზერით უფრო მეტი თმის აღება და საერთოდ საოცრება მოხდა. ბოლო პერიოდში იმდენად აღარ მომწონდა, რომ ამ პრობლემის გამოსწორება გადავწყვიტე. საბედნიეროდ, საქართველოში უმაღლეს დონეზე ხდება თმის გადანერგვის პროცედურის ჩატარება.
– როგორ უვლის თავს მერსი? გაუმხილე მკითხველს შენი პატარა საიდუმლოებები.
– პანდემიის პერიოდში სახლის პირობებში უფრო მეტი დრო მქონდა, ახლა – ნაკლებად. რამდენიმე ჩემთვის საყვარელი ბრენდის კრემები და ნიღბები მაქვს, რომლითაც დილა-საღამოს მინიმალურ რუტინას ვიტარებ. თმის პროცედურებს რაც შეეხება, ჩემი ბოლო აღმოჩენაა ე და ა ვიტამინი, რომლებსაც თმის ნიღაბში ვურევ და თმაზე ვისვამ. 15 წუთი ვიჩერებ და ვიბან, რაც სახლის პირობებში არაჩვეულებრივი საშუალებაა. ისევე, როგორც ზეითუნის ზეთი – თმისა და სახისთვის. მე ზეითუნის ზეთს მაკიაჟის მოსაცილებლად ვიყენებ, რაც ჩემი საუკეთესო მიგნებაა. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტანის სკრაბის რეცეპტსაც გაგიზიარებთ, რომელიც ცელულიტის შემცირებაშიც დაგეხმარებათ: 3 სუფრის კოვზი ნალექიანი ყავა, 1 სუფრის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი შეურიეთ ერთმანეთში და შხაპის მიღების დროს მთელ სხეულზე წაისვით.