№35 აკაკი გოგიჩაიშვილი: მომწონს ძლიერი ქალები, ოჯახის წაძღოლა რომ შეუძლიათ
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: აკაკი.
გვარი: გოგიჩაიშვილი.
პროფესია: ჟურნალისტი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– სკოლის პერიოდში ცუდად დამამახსოვრდა საბჭოთა კავშირის პედაგოგიკა. შატალოზე ვინ არ ყოფილა და ერთხელ მეც წავედი კლასელ გოგონასთან ერთად. ამაზე მასწავლებელმა ერთი ამბავი ატეხა, დაიბარა მშობლები და უთხრა, რომ ყურადღება მიექციათ თავიანთი შვილებისთვის, რაიმე არ მომხდარიყო. საბოლოოდ, ამ გოგონას სკოლიდან გადასვლა მოუწია.
– მშობლების როლი...
– მენტორული დამოკიდებულებით მზრდიდნენ, რაც საბჭოთა კავშირის სპეციფიკა იყო. ჰქონდათ მუდმივი შენიშვნები: ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო, აბა, ხალხი რას იფიქრებს... მე და ბევრს ჩემი თაობიდან, კომპლექსები ჩამოგვიყალიბდა, როგორც თითქმის ყველა საბჭოთა ადამიანს. დღეს რომ ვუყურებ, ახალგაზრდები როგორი თავისუფლები არიან, ძალიან მომწონს. ეს თავისუფლება ჩემთვის ცოტა უცხოცაა, ამიტომ ჩემს შვილებს მაქსიმალურად ისე ვზრდი და ვეპყრობი, რომ მინიმალური შენიშვნები მივცე. იმედია, ეს მიდგომა კარგად იმუშავებს.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– კოსმონავტი. მსურდა ზემოდან დამეხედა სამყაროსთვის და გამეგო, რა და როგორ იყო.
– ჩემი მეტსახელი...
– სკოლაში მეძახდნენ გოგრას, რატომ – აღარ მახსოვს, მაგრამ ალბათ, ძალიან ჭკვიანი ვიყავი (იცინის).
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– იმ დამოკიდებულების გამო, რომ მამაშენი გეოლოგია და შენც მის გზას უნდა გაჰყვე, ჩავაბარე გეოლოგიურზე და ხარისხიც დავიცავი. 27 წლის ასაკში ვთქვი, რომ არ მაინტერესებდა ეს გეოლოგია და წავედი ჟურნალისტიკის განხრით, რაც ბავშვობიდან, ყოველთვის მინდოდა. ერთ-ერთ განცხადებას მოვკარი თვალი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ჟურნალისტის დიპლომის გარეშე აჰყავდათ სტაჟიორები. მივატოვე სამუშაო, კათედრა და ყველაფერი დავიწყე ნულიდან.
– პროფესიული ჩვევა...
– სულ სხვა ადამიანი ვარ, როცა საქმე სამუშოს ეხება და სულ სხვა – ცხოვრებაში. ცხოვრებაში საკმაოდ მორიდებული და არაკომუნიკაბელური ვარ. პროფესიაში კი პირიქით – ძალიან ბევრ კითხვას ვსვამ და ჩემი ხასიათი არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის. მე თვითონ მიკვირს ხოლმე ეს, ცხოვრებაში უამრავი ბარიერი და კომპლექსი მაქვს, პროფესიაში – არა.
– პირველი წარმატება...
– როცა ერთ-ერთ მედიაპროექტში დავიწყე სტაჟიორად მუშაობა. „რეზონანსი“ 90-იან წლებში ერთ-ერთი წარმატებული გაზეთი იყო, რომლის კორესპონდენტმაც მითხრა, რომ მათთან წავსულიყავი. თავიდან სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემ მიმართ, აი, დღეს რომ ქუჩიდან მიხვიდე ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიაში, დაახლოებით, ეგრე მიყურებდნენ, მაგრამ ტექსტი რომ დამაწერინეს, რედაქტორმა მითხრა: „ჩვენთან მუშაობ“.
– ადამიანში ვაფასებ...
– პასუხისმგებლობის გრძნობას – რასაც მოჰკიდებ ხელს და საკუთარ თავზე აიღებ, ის საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო. ასევე, სამართლიანობას, როცა არავის დაჩაგრავ, სუბიექტური მოსაზრებების თუ ინტერესების გამო ვინმეს ცუდად არ მოექცევი, როცა თანაბრად აძლევ შენთან ურთიერთობის საშუალებას ყველას
და თანაბრად გასცემ იმას, რაც შენი მხრიდანაა შესაძლებელი – ასეთ სამართლიანობას ვაფასებ.
და თანაბრად გასცემ იმას, რაც შენი მხრიდანაა შესაძლებელი – ასეთ სამართლიანობას ვაფასებ.
– წარმატებული ადამიანი არის...
– ბედნიერი. მიმაჩინია, რომ ყველაზე დიდი წარმატება ბედნიერებაა. მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი ხარ, აკადემიკოსი თუ რა. მთავარია, სადაც ხარ და რასაც აკეთებ, იმ საქმეს, გარემოს მოჰქონდეს შენთვის ბედნიერება.
– ბედისწერა არის...
– ზემოდან მოვლენილი ბედისწერის არ მჯერა, მაგრამ პატარა მოვლენილი ნაბიჯები, უმნიშვნელო გადაწყვეტილებები, საბოლოო ჯამში რომ განსაზღვრავს შედეგს, ამას ვემხრობი. არასოდეს ვადანაშაულებ სხვას პრობლემების დროს, ყოველთვის მიმაჩნია, ჩემმა ქმედებამ და არჩევანმა მიმიყვანა კონკრეტულ საქმემდე. ცხოვრებაც არჩევანია, საბოლოო ჯამში, შენი გადაწყვეტილებები იწვევს იმ მოვლენებს, რომლებიც შენ ირგვლივ ხდება. ბევრი რაღაც წინასწარ არის გადაწყვეტილი, მაგრამ შენი თავი იქამდე თავადვე მიგყავს, საკუთარი ქმედებებით.
– მეშინია...
– უსარგებლო არ გავხდე. არავის რომ აღარ სჭირდები და უკვე ფუნქცია გაქვს დაკარგული, აი, ამის მეშინია.
– მწამს...
– ადამიანის სიკეთის. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ბოროტებაა, მაინც ყველა ადამიანში არის სიკეთე. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველასთან შემიძლია, მოვნახო და დავინახო სიკეთის მარცვალი, რაც კარგი ურთიერთობის აწყობაში მეხმარება. ადამიანს მწამს და მჯერა.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ყველა ადამიანში არის ღმერთის ნაწილი. ის, თუ როგორ ექცევი ადამიანებს, შენი დამოკიდებულებაა ღმერთისადმი.
– ვრისკავ...
– იშვიათად, არ ვარ რისკიანი. თუ ჩემს თავში არ ვგრძნობ ძალას და გულის კარნახი მეუბნება – ეს არ არის შენი საქმე, მაშინ არ ვრისკავ. რისკზე მივდივარ გაცნობიერებულად, გააზრებულად, როცა შედეგი ვიცი.
– მაბედნიერებს...
– ურთიერთობები, ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები და წარმატება. ფული, მანქანა და ასეთი რაღაცები – არა.
– მაკვირვებს...
– ადამიანში ვხედავ გაკვირვების საფუძველს, ზოგჯერ – კარგს, ზოგჯერ – ცუდს.
– ვერიდები...
– ისეთი პასუხისმგებლობის აღებას, რომელზეც ეჭვი მაქვს, რომ ვერ დავძლევ. თუ ვიღაცას რაღაცას დაპირდები, მაშინ უნდა გააკეთო.
– ვამაყობ...
– ჩემი პატარ-პატარა მიღწევებით.
– სიყვარული...
– ყველაფერია. ეს არ ეხება მარტო ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას, ის ყველაფერს მოიცავს. სიყვარულია საქმისადმი დამოკიდებულება, შენი პროფესია, ბუნება და ასე შემდეგ. სიყვარული გაძლიერებს და საბოლოო ჯამში, ცხოვრების კრედომდე, ბედნიერებამდე მიჰყავხარ.
– როცა პირველად შემიყვარდა...
– სკოლაში დავდიოდი, შევხედე და შემიყვარდა. მეორეჯერაც დავინახე, შემიყვარდა და ერთი ნახვით მოვიყვანე ცოლი.
– დრო და სიყვარული...
– ჩემი ცოლი ხშირად მეუბნება ხოლმე, რომ მუდმივად „დანა უნდა ლესო“ და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ გრძნობა განაახლო, თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ, როცა გიყვარს, გიყვარს და მორჩა. ზოგს ჰგონია, რომ თაფლობის თვე მუდამ უნდა გრძელდებოდეს, მაგრამ ასე არაა. მერე ურთიერთობა იცვლის ფორმას, რომელიც გადადის ოჯახურ პასუხისმგებლობაში, საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში და ასე შემდეგ, თუმცა, ბუნებრივია, ესეც სიყვარულია.
– იდეალური ქალი არის...
– მომწონს ძლიერი ქალები, რომლებიც ახერხებენ, ტრადიციული გაგებით, ქალურები, ნაზები და იმავდროულად, ჭკვიანები, ძლიერები იყვნენ. გადაწყვეტილების მიღება რომ შეუძლიათ და ოჯახის თანაბრად წაძღოლა, ისინი არიან იდეალურები. ჩემი ცოლი ასეთია.
– ის, რაც უპატიებელია...
– 55 წელს მივუკაკუნე და ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით, ვფიქრობ, რომ ყველაფრის პატიება და გამოსწორება შეიძლება.
– ვეჭვიანობ...
– დროთა განმავლობაში – ნაკლებად. უკვე ისეთი ადამიანები არიან ჩემ ირგვლივ, რომლებიც უამრავ ამბავში მყავს გამოცდილი და მათთან საეჭვიანო აღარაფერია.
– შემშურებია...
– იშვიათად. ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნები, ეს არის არასწორი. გშურს ის, რაც შენ არ გაქვს. ყველაფერი ვერც გექნება და მუდმივად რომ იფიქრო, აი, იმან მაჯობა, ამას ჩემზე უკეთ აუწყვია საქმე და ასე შემდეგ, ავად გახდები.
– სამაგიეროს გადახდა...
– ხშირად მიოცნებია სამაგიეროს გადახდაზე, თუმცა არაფერი მომიმოქმედებია.
– ბოდიშის მოხდა...
– ძალიან მიყვარს.
– მაკომპლექსებს...
– ძალიან ბევრი რამე, რაც ჩემი აღზრდიდან გამომდინარეა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ ვმგზავრობ, რაც უნდა დაღილი ვიყო, თუ ქალბატონი ამოვიდა, ადგილი უნდა დავუთმო და ასე შემდეგ.
– ვიტყუები...
– საკუთარ თავს არ ვატყუებ, შვილებს ვატყუებ ხოლმე, რომ ჯერჯერობით „ვარდისფრად“ დაინახონ ცხოვრება.
– ვნანობ...
– არც არაფერს, ყველას ცხოვრებაში არის დრამატული გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელსაც მერე აცნობიერებ და ხვდები, სხვა არჩევანი რომ გაგეკეთებინა, სულ სხვაგვარად განვითარდებოდა მოვლენები, სხვა ცხოვრება იქნებოდა. ამაზე მიფიქრია, თუმცა, რაც მაქვს, მაკმაყოფილებს, იმის იქით რა იქნებოდა, ღმერთმა იცის.
– ვზარმაცობ...
– არასდროს. თუ თავისუფალი დრო მაქვს, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ რაღაცას არ ვაკეთებ, დროს ვფლანგავ და ასე შემდეგ.
– თავისუფლება არის...
– ჯილდო, რომელიც უნდა მოიპოვო, ბედნიერების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ თავისით არ გეძლევა, ბრძოლა უნდა.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– როცა ავირჩიე ჟურნალისტიკა, რაგდან ამის შემდეგ გაიყო ჩემი ცხოვრება: იქამდე და იმის შემდეგ.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– ყველას ისე მოექეცი, როგორც შენ გინდა მოგექცნენ. ეს ჩემი კრედოა.
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
– არაფერს შევცვლიდი, არც ერთ მომენტს. შეცდომის მეტი რა იყო, მაგრამ ეს აუცილებელი, გასავლელი შეცდომები იყო.