№35 მალხაზ ქვრივიშვილს მეოთხე ცოლმა სიცოცხლე აჩუქა
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მსახიობმა მახო ქვრივიშვილმა ცხოვრების ნახევარი საუკუნე გაიარა. ამ გზაზე იყო ტკივილი, სიხარული, განცდა, წარმატება, წარუმატებლობა. თუმცა ამ გადასახედიდან ის თავს იღბლიან და ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს და ამბობს, რომ იმ სითბოსა და სიყვარულს ყოველ ნაბიჯზე გრძნობს, რაც მას აძლიერებს, ცხოვრებისა და მომავლის სტიმულს აძლევს. ჯანმრთელობის პრობლემების გამო სიკვდილსაც ჩახედა თვალებში, თუმცა, ეს პრობლემაც დასძლია და ახლა თავს კარგად გრძნობს.
მახო ქვრივიშვილი: ამ გადასახედიდან, ლაღი, ბედნიერი, ბრწყინვალე გზა გავიარე. არ ვფიქრობდი ცუდზე. რაც უფრო ასაკში შევედი და დავღვინდი, მით უფრო დავფიქრდი ყოფით ცხოვრებაზე, ბევრი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე, თუნდაც შვილების, ოჯახისა და სამსახურის მიმართ. ცხოვრებაში ადამიანი რამდენიმე ეტაპს გადის. მეც მომიხდა ამის გავლა და ცხოვრებაში ბევრი რამის გადაფასება. როცა რამდენიმე ეტაპს გადალახავ, აზროვნებაში ხდება პატარ-პატარა გარდატეხები, ქვეცნობიერად ირთვება სამყაროს მიმართ დაცვის მექანიზმი ანუ, თავს იცავ, ბევრი უარყოფითი მუხტისგან. ახლა, როცა ნახევარი საუკუნე განვვლე, ისევ ბრძოლაში ვარ, რომ ჩემი საყვარელი ადამიანების გამო ვიყო წარმატებული და ყველა კარგად მყავდეს. ამისთვის, ყოველდღიურად ვიბრძვი და სამყარო დღითი დღე რთულდება.
– როდის მოგიწყო ცხოვრებამ პირველი გამოწვევა?
– მივხვდი, რაც უფრო მეტად ხარ ყურადღების ცენტრში, მით მეტად გიწევს თავშეკავება, მოფრთხილება, გაანალიზება. როცა საზოგადიების თვალთახედვაში ხარ, ცდილობ, წესიერებისკენ წახვიდე, ბევრ რამეში იზღუდები. მაგალითად, უცნობი ადამიანებისგან ხშირად მომისმენია მათი ტკივილი და ისტორიები. ყველას უნდა უსმინო. ჩემი მეგობრები მეუბნებიან: შენთან სიარული აუტანელიაო (იცინის). სადაც უნდა შევსულიყავი, მოდიოდნენ უცხო ადამიანები და მიყვებოდნენ თავის გაჭირვებაზე. ეგონათ, მე მათ გადავარჩენდი, დავეხმარებოდი, ყველაფერი შემიძლია. ბევრს, რასაკვირველია, შესაძლებლობის ფარგლებში დავხმარებივარ კიდეც, ახლა ეს აღარც კი მახსოვს, მაგრამ ცხოვრებაში ეს სიკეთე ბუმერანგივით დამიბრუნდა. ახლაც, რომ მხვდებიან, მეუბნებიან: შენ ისეთი სიკეთე გამიკეთე, ღმერთი არ გაგწირავსო. მე არც კი მახსოვს.
– დაბრუნებაში რას გულისხმობ?
– ახლახან, ცხოვრებამ დიდი დარტყმა მომაყენა – ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა შემექმნა და სიკვდილს ბეწვზე გადავურჩი. სიმართლე გითხრათ, არასოდეს ვუჩიოდი ჯანმრთელობას, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი ტკივილი შემხვდა და ალბათ, ამან წლების მერე იჩინა თავი. შეიძლება, ჩემი დაუდევრობითაც მოხდა, ეს ჩემი პრობლემაა და არ მინდა, ხმამაღლა საუბარი. ნერვიულობის ფონზე შაქარი დამემართა, ამას სხვადასხვა პრობლემა მოჰყვა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, სერიოზულად არ მივუდექი. საავადმყოფოში ჩემი ფეხით არ წავიდოდი და რომ არა ჩემი მხსნელი ხათუნა – ჩემი ცოლი, წესით დღეს ცოცხალი არ უნდა ვიყო. მანქანიდან რომ გადმოვედი, ცუდად ვიგრძენი თავი, სული შემეხუთა და მას რომ არ ემოქმედა, არც კი ვიცი, როგორ დასრულდებოდა ეს ამბავი. ფაქტობრივად, ხათუნას დამსახურებაა, მე რომ დღეს ცოცხალი ვარ, სიცოცხლე მან მაჩუქა. სწრაფად იმოქმედა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. დიღომში ვიყავი და საავადმყოფოში სწრაფად მიმიყვანეს, თორემ შორს რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ვერც მივასწრებდით ინფარქტის ნიშნები აღმოჩნდა. ბედი მქონია. უნდა გენახათ, ექიმები როგორ მეფერებოდნენ, თავს მევლებოდნენ. სულ ვამბობ, იღბლიანი ვარ-მეთქი, თუმცა, ამ იღბალს მასთან მისაახლოვებლად ყოველთვის ერთვის დიდი ეკლიანი გზა.
– ახლა როგორ ხარ?
– ახლა კარგად ვარ, თუმცა წამლებს ვსვამ და მთელი ცხოვრება უნდა ვსვა. იმდენი წამალი დამინიშნეს, მთელი ბიუჯეტი წამლებში მიდის (იცინის). ცხვრებაში ბევრი და დიდი „დარტყმები“ მიმიღია და ეს უკვალოდ არ ჩაივლიდა. უდიდესი ტკივილი იყო ჩემი უსაყვარლესი დეიდაშვილების სიკვდილი, ჩემი სამეგობროდან ახალგაზრდა ბიჭების იმქვეყნად წასვლა. და ყველაზე დიდი დარტყმა და ტკივილი – 35 წლის ასაკში რუსთველის თეატრიდან წამოსვლა. ფაქტობრივად, პირველად მაშინ მოვკვდი, მეორე სიკვდილი კი ახლა, როცა ინფარქტის ნიშნებით მიმაქანეს საავადმყოფოში. ცხოვრება რომ ერთი წამია, იცით როდის მივხვდი და დავინახე? მაღაზიაში შემხვდა ახალგაზრდა ნაცნობი, ხელი ჩამომართვა, მაგრად მომიჭირა, წამში გაშავდა და დავარდა ძირს. ფაქტობრივად, ადამიანის სიკვდილს ვუყურე. ასეთი უძლური და უსუსური ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. რომ არა ყასაბი, რომელმაც ივაჟკაცა, ენა დაუჭირა და პირველადი დახმარება გაუწია, ალბათ, ვერ გადარჩებოდა, ფაქტობრივად მკვდარი ადამიანი გამოაცოცხლა. ასე რომ, ადამიანის გარდაცვალებასა და მერე გამოცოცხლებას ჩემი თვალით ვუყურე.
– როდესაც ტელეეკრანზე პირველი ქართული სერიალი გამოჩნდა, მთავარი გმირი იყავი და ხალხმა ძალიან შეგიყვარა. ახლა ბევრი სერიალია, თუმცა შენ არსად ჩანხარ. თავად ამბობ უარს თუ შემოთავაზება არ გქონია?
– არ მქონია შემოთავაზება, არავისგან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩემი მეგობარია ჩართული ან სერიალებში. არ ვიცი, რატომ ხდება ასე, არადა, თითქოს ცუდი არტისტი არ უნდა ვიყო. თუმცა, კარგია, რომ ბევრი ახალგაზრდა თაობა ჩნდება. რომ დამიძახონ, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი, ძალიან მომენატრა კამერის წინ დგომა და თამაში.
– ახლა რითი ხარ დაკავებული?
– ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი ვარ. პლუს ამას – ჰოლდინგის დირექტორი, სადაც ბევრი რამ შედის: ტურისტული, სარეკლამო... „ვჩალიჩობ“, რა (იცინის). ხელ-ფეხი რომ მაქვს შეკრული, არ შემიძლია. მინდა, კიდევ ბევრი სასიკეთო საქმე მოვასწრო და გავაკეთო. არტისტებს გვაქვს ხოლმე დიდი პაუზები ცხოვრებაში, როცა არსად არ გეძახიან და სულ ქალბატონი მედეა ჩახავა მახენდება, რომელიც სერიალ „ძილის წინ“ დედაჩემს თამაშობდა. ენერგიით სავსე და გაახალგაზრდავებული მოდიოდა გადაღებებზე და ახლა ვფიქრობ, მეც რომ რომელიმე სერიალში დამაკავონ, ალბათ, თითო როლზე ათი წლით გავახალგაზრდავდები (იცინის). სხვათა შორის, ჩემი ძმაც, გიორგიც მსახიობია, თუმცა ახლა სხვა პროფესიით არის დაკავებული. 35 წელი ვიცხოვრე თეატრით, ყველაფერი შევწირე, კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემეძლო და ახლა ვნანობ. თუმცა, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ.
– ახლახან დაბადების დღე გქონდა. ცოლმა საჯაროდ სოციალურ ქსელში მოგილოცა დაბადების დღე და ნამდვილი დღესასწაული მოგიწყო. რამდენის გახდი?
– 57 წელს მივუკაკუნე და მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა, ხათუნამ ნამდვილი დღესასაწაული მომიწყო. ზიგადად, ხათუნა სიურპრიზების ადამიანია, მეც მოყვარული ვარ. ვთხოვე: არ მინდა პომპეზურობა, წავიდეთ ტყეში, წავიღოთ ერთი ბოთლი ღვინო და ერთმანეთს მივუჭახუნოთ ჭიქები, წყნარად და მშვიდად ავღნიშნოთ-მეთქი. ჰოდა, ასეც მოვიქეცით – ინტიმური და იდილიური დაბადების დღე მოვიწყვე ტყეში ჩემს საყვარელ მეუღლესთან ერთად. სოციალურ ქსელში რომ დაწერა: მთელი ჩემი ცხოვრება ხარ, მინდა, ცხოვრების ბოლომდე მყავდეო... ეს არ იყო ჩემთვის სიახლე და გაოცების საბაბი. როცა მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ერთად უნდა ვყოფილიყავით, მაშინვე ვიცოდი, რომ ასეთი თბილი და მოსიყვარულე იყო და ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი, თორემ ნამდვილად აღარ გადავდგამდი. სამი შვილი მყავს, სხვადასხვა ცოლისგან და ხათუნა ჩემი მეოთხე ცოლია. კიდევ ვამბობ, ამ ნაბიჯს სანამ გადავდგამდი, გავიაზრე, რომ შეცდომის დაშვების უფლება აღარ მქონდა და ზუსტად ვიცოდი, ვის გვერდით უნდა მეცხოვრა. თან, კიდევ რომ შემშლოდა, ხომ ვიცი, რასაც დაიწყებდა საზოგადოება: რა არის, არ შეგვჭამა ამან თავისი ცოლებითო (იცინის). იმდენად აღარ მინდოდა, შემეწუხებინა ხალხი, განვერიდე, ჩავჯექი ჩემს ოჯახში და ვარ ასე მშვიდად და წყნარად. აღარ მინდოდა ხმაურები და თავად მოვკვეთე ჩემი თავი საზოგადოების ყურადღების ცენტრიდან. ახლა იმ ასაკში ვარ, როცა მინდა, მქონდეს ჩემი სამყარო და ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად მშვიდად ვიცხოვრო, ვაკეთო საყვარელი საქმე, მქონდეს შემოსავალი, მყავდეს ყველა ჯანმრთელად და დავტკბე იმით, რაც მაქვს და ვინც მყავს. როცა უცხო ადამიანები ქუჩაში მცნობენ, ფულს არ მართმევენ და მლოცავენ, ამაზე დიდი დაფასება არ არსებობს. როგორ შემიძლია ვთქვა, არ ვარ ბედნიერი-მეთქი, როცა 92 წლის ულამაზეს დედიკოს ვუყურებ, ჩემი მეორე ნახევარი, ჩემი ნაწილი, სითბოთი და სიყვარულით ყოველდღიურად მანებივრებს, არაჩვეულებრივი შვილების მამა ვარ, უერთგულესი მეგობრები მყავს და ხალხის დიდი სიყვარული მაქვს. ჯანმრთელობის გარდა, სხვა რაღა უნდა ვინატრო, აღარ ვიცი. სხვათა შორის, დედაჩემი გადაყოლილია ჩემზე, განსაკუთრებული შეგრძნებებით, ინსტინქტურად, იმპულსებით გრძნობს ჩემს მოსალოდნელ საფრთხეებს და მეუბნება: შვილო, ფრთხილად იყავიო. რომ მეტყოდა, ეს არ გააკეთო, ასე მოხდებაო, ზუსტად ისე ხდებოდა და ვეხუმრები ხოლმე: შენი სახით, ნამდვილი ვანგა მიზის სახლში, ყველაფერს როგორ ხედავ წინასწარ, აღარაფერი მითხრა-მეთქი (იცინის).