კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ჯამლეტ ხუხაშვილი: 33 მგზავრიდან 8 გადავრჩით ცოცხალი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სპორტის დამსახურებული მოღვაწის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ღირსების ორდენოსან ჯამლეტ ხუხაშვილის ცხოვრება განსაკუთრებით საინტერესოა. თუმცა, არა მხოლოდ სპორტულ ასპექტში.
  ჯამლეტ ხუხაშვილი: სპორტს ჩემს ცხოვრებაში დაბადებიდან დღემდე განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჩემი უფრო ძმა იყო დიდი სპორტსმენი. ვცდილობდი, მისგან ყველაფერი კარგი გადმომეღო. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მე ვიყავი მოჭიდავეც, მოკრივეც, ფეხბურთელიც და ხელბურთელიც. შემდეგ გამოვედი სპორტული კომენტატორის ასპარეზზე. მანამდე ფეხბურთის მოგონილი რეპორტაჟები მიმყავდა ზეპირად. ტელევიზორში ვუყურებდი, როგორ მიჰყავდა კოტე მახარაძეს, მერე მეორე ტაიმზე ჩავუწევდი მახარაძის ხმას და იმპროვიზაციას მივმართავდი. ჩემს მეგობარს, დიდებულ მხატვარს – შოთა შანიძეს ჰქონდა ძველი მაგნიტოფონი და ის იწერდა ხოლმე ჩემს რეპორტაჟებს. ერთ დღეს მითხრა: ჯამლეტ, დროა წახვიდე კოტე მახარაძესთან, დახმარება სთხოვო და კომენტატორობაზე დაიწყო ფიქრიო.
– კოტე მახარაძეა ის ადამიანი, ვისაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში.
– ის იყო ჩემი უახლოესი მეგობარი, არა მხოლოდ ჩემი, მთელი ჩემი ოჯახის, რა თქმა უნდა, სოფიკო ჭიაურელთან და ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ამ დიდებულ და მსოფლიოში გამორჩეულ ოჯახში მე და ჩემს მეუღლეს ძალიან ხშირად გვიწევდა ყოფნა, რაც ჩვენთვის უდიდესი ბედნიერება და სიმდიდრე იყო. კოტე მახარაძე იყო პირველი, ვინც მხარში ამომიდგა, როცა ჩემი ჩანაწერი მოისმინა. მან მაშინვე დარეკა რადიოში, სადაც საკუთარი შვილივით მიმიღეს. იმ პერიოდში ინციდენტი მომივიდა და გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში ვიწექი. ამასობაში კი ჩემი ჩაწერილი რეპორტაჟები განიხილეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მე მქონდა რეპორტაჟების წაყვანის უფლება. მე ამ დროს ნევროლოგიურში ვიწექი ამნეზიით. დავკარგე მეხსიერება, მეტყველების უნარი და ყველაფერი თავიდან ვისწავლე. ქართული ენის შესწავლა „აი იადან“ დავიწყე. ჩემი ნათესავები, მეგობრები და დედმამიშვილები რომ მოდიოდნენ, მათ გვარებსაც ვიზეპირებდი და ვცდილობდი, არ დამვიწყებოდა. თუმცა, ისეთი დიდი სურვილი მქონდა, ტელერეპორტაჟები წამეყვანა, როცა თანხმობა მომივიდა, უარი ვერ ვთქვი. მეორედ დაბადებულმა ახლიდან დავიწყე ქართული ენისა თუ გრამატიკის შესწავლა იმის შიშით, რომ რეპორტაჟის დროს შეცდომა არ დამეშვა. ვფიქრობდი, წავიყვან ერთ რეპორტაჟს და გამომაგდებენ, რად უნდათ კომენტატორი, რომელიც მარტო გვარებს იტყვის-მეთქი. შეცდომების თავიდან ასარიდებლად მე მართლა მარტო გვარებს ვამბობდი. თურმე, ტელევიზიაში ზუსტად ნაკლებად მოლაპარაკე კომენტატორებს ეძებდნენ, ისაა, ვისაც ვეძებდითო, უთქვამთ – ასე გავხდი კომენტატორი. როცა დრო გავიდა და ჩემი ძველი ფორმა, შესაბამისად ხმა და მეტყველების ტემპი დავიბრუნე, მივყევი მრავალსიტყვაობას და მერე ამბობდნენ, ესეც ისეთი ყოფილა, როგორც წინამორბედებიო. იმის შემდეგ სპორტის ყველა სახეობის რეპორტაჟი  მიმყავდა რადიოსა თუ ტელევიზიაში. უკვე 56 წელი გავიდა, რაც ვკომენტატორობ და დიდი ხანია, „მემუქრებიან“, გინესის რეკორდების წიგნში უნდა შეგიყვანოთ, როგორც მსოფლიოს უხუცესი კომენტატორიო და უკვე ექვსი წელია, ეს მუქარა გრძელდება. როგორც ვატყობ, მანამ ვერ შეძლებენ, სანამ სამოცი წლის სტაჟი არ შემისრულდება.
– ხელმეორედ დაბადება ახსენეთ და ასეთი მომენტი თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ არ ყოფილა.
–  ამ მხრივ ბედნიერი კაცი ვარ, ღმერთმა კარგი თვალით გადმომხედა. რამდენიმეჯერ ისეთი რამ შემემთხვა, რომ სხვა, ალბათ, იმ სიტუაციაში ვერ გადარჩებოდა. 1970 წელს თბილისი-ქუთაისი-როსტოვი-ზაპოროჟიეს რეისით – 29.03-ით, წავედი ზაპოროჟიეში. თბილისის „ლოკომოტივი“ ეთამაშებოდა ზაპოროჟიეს „მეტალურგს“. თან, იქ ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობდა, შვილი შეეძინა და ვიფიქრე, ჩავალ, მივულოცავ და თან მატჩის შესახებ მიმოხილვას დავწერ-მეთქი. მაგრამ, როცა აეროპორტამდე 40 კილომეტრი იყო დარჩენილი, თვითმფრინავი ჩამოვარდა და ცხვირით დაეცა. ვინც წინ იჯდა, დაიღუპა ყველა. 33 მგზავრიდან ცოცხალი მხოლოდ 8 გადავრჩით. ამ თვითმფრინავით მოფრინავდა ჩემი მეზობელი, რომელსაც „ზაპოროჟეცი“ ჰყავდა და მისი ძრავი უნდა ეყიდა. ის წინ იჯდა, მე უკანა ნაწილში. ვუთხარი, მიშა, თუ გინდა, ჩემთან გადმოჯექი-მეთქი, მაგრამ მითხრა, აქ ჩემი მეგობარია, ერთ საქმეზე მივდივართ და ვიქნებიო. არ გადმოვიდა. როცა თვითმფრინავი შუაზე გაიყო, წინა ნაწილით დაეცა, მე უკანა ნაწილიდან გადმოვხტი. მეგონა, ფეხი მომტყდა, თუმცა, მერე გავიგე, რომ მხოლოდ გაბზარული მქონია. რომ დავხტი, ჩემი მეზობლის, იმ მიშა შამაილოვის გვამი ვიცანი, რომელიც საშინელ მდგომარეობაში იყო. მე იმან მიშველა, რომ უკან ვიჯექი და ძალიან რბილი სავარძელი იყო. ღვედი არც მე მქონდა შეკრული და არც სხვებს, იმიტომ, რომ სტიუარდესა ვერ წამოვიდა. მახსოვს, რომ მოვიდა, დიდი ბოდიში მოიხადა ეკიპაჟის უფროსთან და თავისი მოვალეობები რადისტს გადააბარა. ღვედების შეკვრა საჭირო იყო, მაგრამ რადგან არავინ გვადგა თავზე, არ შეგვიკრავს. ახალგაზრდა რადისტი თავის მოვალეობას ასრულებდა და რამდენს გააკეთებდა?! გადარჩენილებიდან ერთ-ერთი თომაძე, პროფესიონალი მფრინავი იყო, რომელიც უბრალოდ დაემგზავრა ამ რეისს. ის, ფაქტობრივად, ნაწილ-ნაწილ ააწყვეს. მე რომ საავადმყოფოში ვიწექი, მისი ბღავილი მესმოდა. საშინელება გადახდა თავს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. შემდეგ შევხვდით კიდეც ერთმანეთს, თუმცა მალე გარდაიცვალა. დანარჩენი გადარჩენილები, სამწუხაროდ, აღარ მინახავს. თბილისში რომ ჩამოვედი, ბევრი არ იჯერებდა, რომ მე ცოცხალი ვიყავი, რადგან ტელევიზიით ნანახი ჰქონდათ, თვითმფრინავი რა დღეში იყო. ასე გავხდი საჰაერო გმირი. ამის შემდეგ, თუ სადმე მივფრინავდი, ყველა, ვისაც ფრენის ეშინოდა, ცდილობდა, ჩემ გვერდით დამჯდარიყო. ფიქრობდნენ, რომ მეორედ აღარაფერი მომივიდოდა. არანაირი შიში არ დამრჩენია. ტურბულენტურ ზონაში ვიცინი ხოლმე და ჩემი შემხედვარე სხვებიც წყნარდებიან. როდესაც ამ ავიაკატასტროფას გადავურჩი, ჩემმა ძმამ მეგობრები შეკრიბა და ჩემი გადარჩენის აღსანიშნავად რესტორან „ტაბახმელაში“ გაიშალა სუფრა. სტუმრებს შორის ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი იყო და იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. ისე მოხდა, რომ შელაპარაკება მოუვიდა ვიღაცასთან და მისი შეშინების მიზნით ჰაერში ისროლა, მაგრამ ტყვიამ მე გამიწუილა ყურთან. წამოვხტი და ვიძახი, რა გინდათ, ხალხო, ჩემი გადარჩენის საზეიმო საღამოზე გინდათ მომკლათ-მეთქი?! სულ რამდენიმე მილიმეტრით ამცდა.
1976 წელს, როდესაც მონრეალის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობდა, ცოლ-შვილი სოჭში გავუშვი და მიმოხილვის დასრულების შემდეგ, მეც უნდა ჩავსულიყავი. ჩემთან ერთად იყო ჩემი მეგობარი დათო, რომელსაც ვთხოვე, დაეძინა და მიმოხილვებს მე გავაკეთებდი, ის კი მერე საჭესთან დაჯდებოდა. გამთენიისას დამთავრდა თამაში, ორი საათი მე ვიჯექი საჭესთან, მაგრამ რომ შევატყვე, მთვლემდა, გადმოვჯექი და დათო დაჯდა. მე დამეძინა. უცებ, დარტყმის ძალამ გამაღვიძა და ვყვირი, რა მოხდა, დათო?! თურმე ჩასძინებია და ჩემს ხმაზე გაეღვიძა. სოხუმში ვიყავით, ხიდზე. ასმეტრიანი ხევია, რომ გადმოიხედო. ბრმად დავეჯახეთ ტაქსის, რომელშიც ოთხი ადამიანი იჯდა. მათ სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს, მაგრამ გადარჩნენ. ავტომობილების წინა ნაწილები საერთოდ აღარ არსებობდა, მე და დათოს მხოლოდ თითო განაკაწრი გვქონდა თითზე, საღსალამათები გადავრჩით. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ ღმერთი ძალიან მწყალობს.
– სიყვარულშიც გაგიმართლათ...
– დიახ, უკვე 52 წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ. ის ჩემი მეგობრის და იყო, ჩემ გვერდით ეზოში ცხოვრობდა. იმ პერიოდიდან ვიცნობდი და მასზე სულ თვალი მეჭირა. იყო გამორჩეული, სილამაზის კონკურსის გამარჯვებული, მისი დაქალება ჩემ თვალწინ მოხდა და ბოლოს ჩემზე გათხოვების გარდა სხვა გზა არ დავუტოვე. მართალია, იყო წინააღმდეგობები მშობლებისგან – ერთ-ერთი ულამაზესი და ნასწავლი გოგო იყო, მაგრამ მაინც გაჭრა ჩვენს გულებში არსებულმა ნაპერწკალმა. დანიშვნის შემდეგ ხუთწლიანი პაუზა გვქონდა, მაგრამ ეს ნაპერწკალი, თურმე, ორივეს გულში იყო და ხუთი წლის შემდეგ მაინც ვიქორწინეთ. იმ დროიდან ერთად ვართ, ოქროს ქორწილიც გადავიხადეთ, რომელიც ხუთი წლით ადრე უნდა გვქონოდა.  ჩვენ 1983 წელს ებრაული წესით დავინიშნეთ, რაც იგივე დაქორწინებაა, მაგრამ შემდეგ უცნაური მიზეზის გამო განხეთქილება მოგვიხდა და როგორც გითხარით, ხუთი წლით დავცილდით ერთმანეთს. თუმცა, ეს წლები ორივემ კარგად გამოვიყენეთ. მე სპორტშიც მივაღწიე წარმატებას და უკვე ერთ-ერთი პოპულარული კომენტატორი ვიყავი. ევამ უმაღლესი დაამთავრა, წერდა, ჟურნალის რედაქტორი გახდა. მაშინვე რომ ოჯახი შეგვექმნა, ოჯახური საზრუნავის გამო, შეიძლება, ეს ყველაფერი ვერ გაგვეკეთებინა. ისე მოხდა, როგორც ღმერთმა ინება.
  ვამაყობ იმით, რომ მე ვარ საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე. ასევე, საქართველოს ებრაელთა ისტორიის ეროვნული მუზეუმის გადარჩენისა და აღორძინების ფონდის პრეზიდენტი. ჩემი მეუღლე – ევა ბაბალაშვილი კი, თითქმის ოცი წელია, მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტია. ქართულ-ებრაული ურთიერთობები ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე სანუკვარია და მიხარია, რომ ამ საქმეში ჩვენი წვლილი გვაქვს შეტანილი. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ასე ეფერება ყველა ეთნოსის წარმომადგენელს და მე მიხარია, რომ ვარ ებრაელი, რომელიც საქართველოში დაიბადა.
P.S. გამოყენებულია ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტოები.

скачать dle 11.3