№35 ძველი თბილისის დამნაშავეები
ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი
ართაზ ნალბანდიანცი – 1900-იანების ბინების ქურდი. თავის დამქაშ არმენიკ ალავერდიანცთან ერთად 13 ქურდობა ჩაიდინა: 1) ინჟინერი ჟაკოს ბინიდან, ზუბალოვის ქუჩაზე ვერცხლის ხელჯოხი და 18 მანეთად ღირებული ვერცხლის ბლოკნოტის ჩასადები მოიპარა; 2) პრაპორშჩიკ მიცკევიჩის ცოლის ბინიდან, ოლგის ქუჩაზე – 200 მანეთად ღირებული სიასამურის მუფტები; 3) ანანოვის ბინიდან, გოლეთიანის პროსპექტზე – 300 მანეთად ღირებული კარაკულის ჟაკეტი; 4) ქვრივი პუშკარევას ბინიდან, ელისაბედის ქუჩაზე – 295 მანეთის ოქროს ნივთები; 5) იურისტის თანაშემწე ლომინაძის ბინიდან, ოლგის ქუჩაზე – 445 მანეთის ვერცხლეული; 6) ქუთაისის მოქალაქე არცეზევის ბინიდან, გრიბოედოვის ქუჩაზე – 50 მანეთის ვერცხლეული; 7) პოლკოვნიკ კერსტიჩის ცოლის ბინიდან, გუბინის ქუჩაზე – 185 მანეთის ოქრო და ვერცხლეული; 8) სამართალმცოდნე თათუზოვის ბინიდან, ბაღის ქუჩაზე – ბრილიანტის ბეჭედი; 9) სადაზღვევო საზოგადოება „როსიას“ ინსპექტორ ჩუპრინის ბინიდან, სანაპიროს ქუჩაზე – 30 მანეთად ღირებული კარაკულის ქუდი; 10) პოდპოლკოვნიკ დანიელსონის ცოლის ბინიდან, ელისაბედის ქუჩაზე – 60 მანეთის ვერცხლეული; 11) სასამართლო რწმუნებული ღარიბოვის ბინიდან, აბას აბადის მოედანზე – 21 მანეთის ვერცხლეული; 12) დოქტორ მინასოვის ბინიდან, პიროგოვის ქუჩაზე – 350 მანეთად ღირებული კარაკულის ჟაკეტი; 13) კოტე აფხაზის ბინიდან, ბებუთოვის ქუჩაზე – 500 მანეთად ღირებული ვერცხლით მოჭედილი ხმალი. ბოლოს ამაზე ჩავარდა და სხვა დანაშაულებიც გასკდა. მასთან ერთად დაკავებული იქნენ ნაქურდის მყიდველები – მიკირტუმოვი, აკოპოვი, ჰაჯი ეფენდი-ოღლი, პივოვაროვი, დავლატბეკოვი, ცომი, შტენბერგი, რაბინოვიჩი, მოსენიანცი და არუთინოვი.
ქიტესა ნასყიდაშვილი – მეწისქვილის შვილი, ტატო წულუკიძის დამქაში, მასთან ერთად ჩაიდინა 13 ავაზაკობა. იმას უკვე მოეხადა ხუთი თვე სასჯელი მეტეხის ციხეში, სადაც გერმანელთა კოლონიაში ქურდობის გამო იჯდა და თავდებით გამოუშვეს. ის იყო წულუკიძესთან ერთად სალდათის ბაზარზე, როცა ტატომ ხანჯალი ამოიღო, აქაოდა მოდი, იმის სიბასრეს გავსინჯავო, და გამვლელ როსტოვსკის დაჰკრა. ისინი ორივე, ჯალილ ზამანოვის დამქაშებთან ერთად სურბ-კარაპეტას ხევში მექუდე კაიტმაზოვს სახლში შეუვარდნენ, გაძარცვეს და სროლაც ატეხეს. ბუმბაევის დუქნის დაყაჩაღებაშიც ერთად იყვნენ, თამამშევის ქარვასლაშიც, ალელოვის მაღაზიის გაქურდვის მცდელობისასაც და ზარაფი კუზანოვიც ერთად გაძარცვეს და ხურდით სავსე ქისები ააცალეს ალექსანდრეს ბაღის წინ. ის ტატოსთან და მათ დამქაშ ოგანეზოვთან ერთად ღვინოს სვამდა ჯერ მიკიჩ ხეჩატუროვის სამიკიტნოში, მერე ანტონ ფარსადანოვის დუქანში და იქიდან გამომთვრალები ნიკო ზაალიშვილის აგურის ქარხნისკენ წავიდნენ, ავჭალის ქუჩის ზემოთ, სომხურ სასაფლაოსთან, საცა თავს აფარებდნენ და აქ ოგანეზოვი მისი ძმის გაქურდვასა და მოკვლას სთავაზობდა და ალაფად კაი ფულსაც ჰპირდებოდა. ამაზე ჩხუბი მოუვიდათ და ოგანეზოვმა ნასყიდაშვილი ხანჯლით ხელში დაჭრა და იმ ორმა კი ხანჯლებით უამრავი ჭრილობა მიაყენეს და ესე თავგაჩეხილი დააგდეს და მეორე დღეს გამვლელებმა იპოვეს. მერე ნასყიდაშვილი გარსოევის დაყაჩაღებაშიც სჩანს, ფეთხაინის კიბესთან. ამის შემდეგ დიდხანს აღარ გაუვლია და ტატოსთან ერთად ის დაიჭირეს, როცა ჯერ კამეჩის ბოსლიდან დაუსხლტნენ პოლიციასა და ორთაჭალის ბაღებში იმალებოდნენ და აქ სროლაც გაუმართეს და ტყვიები რომ გამოელიათ, ჩაბარდნენ. ეს მოხდა 1875 წელს. ნასყიდაშვილს თორმეტი წელი კატორღა მიესაჯა და იქიდან აღარც გამობრუნებულა.
ვასო ნერსესოვი – რეციდივისტი, ცნობილი ფრანტი, ამორჩევით რომ ჩაიცვამდა, სერთუკს გემოზე გამოაჭრევინებდა. 1890-იან წლებში გაქურდა არაერთი სახლი და დამქაშებად ჰყავდა ალექსანდროპოლის მკვიდრი სააკ კრიკორიანცი და კრიკორ სეირანოვი – ოქრომჭედელი ვერცხლის ქუჩიდან. 1895 წელს დაიჭირეს. ნაქურდი აღმოაჩინეს ავლაბარში, შუშის მცხოვრებ ეფრემ ხაჩატუროვის ღვინის სარდაფში. 3 ხალიჩა მათ ნაქურდის მსყიდველ სპარსელ ჯაფარისათვის მიეყიდათ. ერთი სიმფონიონი და ორი ხალიჩა კი პარუნბეგოვის ქარვასლაში ნახეს, სპარსელ აბდულა-სულტან-ოღლისთან, ერთიც – ხოსროევის ქარვასლაში, ბაბა ტერ-იონასიანცთან.
ვანო ნოზაძე – იჯდა მეტეხის ციხეში ვაჭარ მელიქოვის დაყაჩაღებისა და დაჭრის გამო. 1887 წელს ის იქ ფილიპე ბაქრაძეს დაუახლოვდა, თაღლითობისთვის რომ იხდიდა სასჯელს და მასთან იყოფდა პურსა და ტახტს. ერთ დღესაც, სხვების თანდასწრებით, ნოზაძემ ის ბებუთით სასტიკად მოკლა. როგორც აღმოჩნდა, ადრე ძებნაში მყოფი ნოზაძე ბაქრაძის ძმის დასმენით დაიჭირეს და ახლა ფილიპეს გამოჩენისას მან ის გაიცნო, დაიახლოვა, დაიგულა და შურისძიების გამო ასე დაკლა ღორივით.
ფეოდოროპულო, ველიმო და მიკურტუმოვი – ოდესელი ქურდები, რეციდივისტები, ყოველგვარი წოდებრივი და ქონებრივი პრივილეგიები ჩამორთმეული ჰქონდათ. ფეოდოროპულო გამოქცეული იყო ციმბირიდან. ამას გარდა, ბრალდებული იყო ერთი ბერძენის მკვლელობაში. 1895 წელს მიკირტუმოვის წაქეზებით ისინი ტფილისში გამოემართნან რაბინოვიჩის ოქრო-ბრილიანტის მაღაზიის გასაქურდად. მიკირტუმოვი უკვე ორი წლით ადრე ეცადა მის გაქურდვასა და იატაკის ამოჭრას, თუმცა ვერ მოახერხა. ამ ჯერზე გამოუვიდათ. ისინი სასახლის ქუჩაზე, სომხური ეკლესიის შენობის სარდაფში შეძვრნენ, საგანგებო ხელსაწყოებით იატაკი ამოჭრეს და 35 ათასი მანეთის სხვადასხვა ძვირფასეულობა წაიღეს. ბრილიანტები, ალმასები, იაგუნდები, 60 ოქროსა და 200 ვერცხლის საათი, ბეჭდები, სამაჯურები და ფულად – 800 მანეთი. რამდენიმე დღის მერე მე-6 ნაწილის ბოქაულმა გლებოვმა ისინი ვორონცოვის ქუჩაზე ერთ-ერთ სამიკიტნოში დაიჭირა. ჩხრეკისას მათ თან 10 ათასი მანეთის საქონელი აღმოაჩნდათ. კონსტანტინე ფეოდოროპულოს 3 წელი კატორღა მიესაჯა და ამას გარდა მაწანწალობისთვის 40 როზგი დაარტყეს. მიკირტუმოვს მიესაჯა გადასახლება ციმბირში და კონსტანტინ ველიამოს არესტანტული განყოფილება ერთი წლით და ყველა წოდების ჩამორთმევით.
აბელა ნონიკაშვილი – პორტმანეს დამგდები, ქურდი, მძარცველი, 1886 წელს სინაგოგასთან ვაჭრის შვილი გაძარცვა და ამის გამო იხდიდა სასჯელს. მოკლეს სროლისას გრიბოედოვის ქუჩაზე.
ლადო ფეიქრიშვილი – ყაჩაღური ბანდის თავი, რომელთაც 42 მკვლელობა ჩაიდინეს. ხშირად იმალებოდა ავლაბარში გეგუთაშვილის ქარვასლაში. ის სძალავდა გლდანში აბუაშვილს ექვსას მანეთს და ყარამან სანიკიძის დუქანში სროლა აუტახა ჩაფრებს და შემდეგ ავჭალაში მიიმალა. დადიოდა ფურაჟკით მწვანე კანტრებით და კოკარდით, რომელზედაც ეხატა ჩაქუჩი და ნაჯახი. დამქაშებთან ერთად მიუვარდა საგურამოსთან სტაუგიტისის ცოლ ბარათოვას, რომელსაც 1908 წელს იჯარით აეღო თავადი ილია ჭავჭავაძის მამული და მას 400 მანეთს სძალავდნენ. პირველად ფეიქრიშვილი მივიდა იორდანე მოსეშვილთან ერთად და რაკი ბარათოვი შინ არ დაუხვდათ, ისევ ეწვივნენ და თან უკვე სხვა ბანდის წევრები, ლექსო და კურდღელოც ახლდათ. მათ ათასი მანეთი ფულად და ათასი ოქროდ და ნივთებად გაიტაცეს. ფეიქრიშვილი ელისავეტპოლში იმალებოდა, საცა პოლიციამ მიაგნო და ალყა დაარტყეს და მოკლეს. იქვე აღმოჩნდა ბანდის მიერ მოტაცებული მარია გოგოლაძე, ვისაც ფეიქრიშვილი მასთან თანაცხოვრებას აიძულებდა.
(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)