№35 რატომ დააბრმავა დემეტრე პირველმა საკუთარი ძმა და რატომ ლოცულობდა ის შვილის სიკვდილისთვის
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ქმედებით გამორჩეული მეფეა დავით აღმაშენებლის ვაჟი – დემეტრე პირველი. 1154 წელს დემეტრეს შვილმა, დავითმა მორიგი შეთქმულების შედეგად, თავისი ერთგული და მეფის მოწინააღმდეგე დიდებულების შემწეობით, დემეტრე პირველი იძულებით ბერად შეაყენა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა. დავითი მხოლოდ 6 თვეს მეფობდა, ექვსი თვის შემდეგ ის გარდაიცვალა და ისტორიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ მამამ შვილი მოაწამვლინა, დემეტრე პირველი ბერობიდან გადადგა და ტახტი დაიბრუნა. ამის შემდეგ ტახტი ეკუთვნოდა დავით მეხუთის შვილს, დემნა ბატონიშვილს, მაგრამ ტახტზე დემეტრე პირველმა თავისი უმცროსი ვაჟი გიორგი მესამე გაამეფა, რომელსაც ყველასათვის ცნობილი ერთადერთი ასული თამარი ჰყავდა. გიორგი მესამის წინააღმდეგ დემნა უფლისწულის სიმამრი, იოანე ორბელი გამოვიდა. მეფემ აჯანყება ჩაახშო, თავად დემნა უფლისწული დაასაჭურისეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა.
ვნახოთ, რას ყვება ივანე ჯავახიშვილი დემეტრეს მეფობის ამ პერიოდის შესახებ (სტატიაში გამოყენებულია მასალა წიგნიდან „ივანე ჯავახიშვილი“, თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი 2).
„ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა „სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე“.
სომეხთა ისტორიკოსს ვარდანს შემდეგი ამბავი აქვს მოთხრობილი: „უფლის წულს [და] ივანე აბულეთის ძეს უნდოდა[თ] დემეტრე (მეფისა) და თავის ძმის მოკვლა. მაგრამ ივანეს მამამ აბულეთმა თავის (შვილის) წინაშე ჭაღარა გაიშალა და (განზრახულის აღსრულება) დაუშალა. ძმათა შორის (ჩამოვარდნილ) მზაკვრობის წყალობით ორივენი დმანისის ციხეში დაამწყვდიეს. როდესაც დემეტრე (მეფემ) ეს (ამბავი) შეიტყო, (მივიდა დმანისის ციხეში და) ივანეს (დაცინვით) უთხრა: „აჰა შემიპყარ!”-ო. ხოლო მან სინანულით უპასუხა: „არა მეფევ, მე ხელთ მოგეცით თქვენი ძმა, რომელიც თქვენს მეფობას ეძიებს». (მეფემ) შეიპყრა იგი (ძმა?), „(თვალი) დაუბნელებინა და გაანთავისუფლა»“. იმავე მემატიანის სიტყვით, ივანე აბულეთის ძემ 1131 წ. გაილაშქრა და გარნისი აიკლო, ხოლო «მეორე წელიწადის დამდეგს (ანუ 1132 წ.) დემეტრე (მეფემ) გულადი ივანე ვერაგობით მოაკვლევინა. მისი შვილი თირქაში ამირთ-ამირა შაჰი-არმენთან წავიდა, მისგან (საგამგეოდ) არშარუნის (ქვეყანა) მიიღო და (იქითგან) დიდის თავგამოდებით აოხრებდა საქართველოს“. როგორც თვით ვარდანისავე სიტყვებიდან ჩანს, დემეტრე მეფეს თირაქში მაინც ხელში ჩაუგდია და საპყრობილეში ჩაუმწყვდევია. ვარდანის მოთხრობა მეტად მოკლე და ბუნდოვანია, მაგრამ არსებითად მართალი უნდა იყოს. რომ ივანე აბულეთის ძის სიკვდილით დასჯა ნამდვილი ამბავია. ეს ლაშა-გიორგის დროინდელი ქართველი მემატიანის თხზულებითგანაცა ჩანს.
ცხადია მხოლოდ, რომ ივანე აბულეთის ძეს დემეტრე მეფის ღალატი განუზრახავს, მაგრამ პირადის განზრახვით კი არა, არამედ დემეტრე მეფის ძმისათვის, რომელიც თურმე, ეძიებდა მეფობასა. დავით აღმაშენებელის „ცხორებაში“ დემეტრეს გარდა დიდებული მეფის სხვა შვილი მოხსენებული არ არის. მაგრამ არც ის არის ნათქვამი, რომ დემეტრე მხოლოდშობილი ძე იყო, მაშასადამე, შესაძლებელია დემეტრეს ძმები თუ არა, ერთი ნახევარ-ძმა, ყივჩაყთა მთავრის ასულისაგან შობილი, მაინც ჰყოლოდა. ან იქნებ განდგომის მოთავე უფლისწული დემეტრეს ძმად წოდებული, დემეტრეს ბიძაშვილი ყოფილიყო, დავით აღმაშენებლის იმ ძმის შვილი, რომელსაც მათე ურჰაელის სიტყვით „თოტორმე»“ რქმევია. დასასრულ, შეიძლება, ამ ადგილას ვარდანის ტექსტი დამახინჯებული იყოს, აკლდეს კიდეც და თავდაპირველად ასე წერებულიყოს: „ივანე აბულეთის ძემ და დავით (უფლისწულმა) განიზრახა მოკვლა დემეტრესი (მამისა) და თავის ძმის (გიორგისა)“ თუ უკანასკნელი აზრი სწორია, მაშინ ვარდანსაც ამ ადგილას დავით უფლისწულის იმ შეთქმულებაზე უნდა ჰქონდეს საუბარი, რომლის შესახებაც თამარ მეფის ისტორიკოსს გაკვრით მცირეოდენი ნათქვამი აქვს. მაგრამ ამას ეწინააღმდეგება ვარდანის ის ცნობა, რომ დემეტრეს თავისი წინააღმდეგი და მოღალატე დაუტყვევებია და დაუბრმავებია. დავით უფლისწული კი, შემდეგ ცოტას ხნობით მეფედაც ნამყოფი, არც ერთს ისტორიკოსს უსინათლოდ მოხსენებული არა ჰყავს.
თამარ მეფის ისტორიკოსს, იქ სადაც დემნა უფლისწულის განდგომაზეა ლაპარაკი გიორგი მეფის წინააღმდეგ, ნათქვამი აქვს, რომ „დავით-ცა მამამან მისმან ღალატსა და განდგომილებასა შინა მამისა მის დემეტრესსა ამოსწყდნა ამის სამეფოსა დიდებულნი, რომელნიმე ექსორია ქმნილნი, რომელნიმე სიკუდილითა და რომელნიმე განპატიჟებითა»“-ო. მაშასადამე, დავით უფლისწულის განდგომა თავისი მამის დემეტრე მეფის წინააღმდეგ უტყუარი ამბავი ყოფილა და 1150 წელს მომხდარა. ამ აჯანყების მიზეზად, როგორც ეტყობა, ის უნდა ყოფილიყო, რომ დემეტრეს ორი შვილი ჰყავდა – უფროსი დავით და უმცროსი გიორგი, და დემეტრე მეფე ყოფილა „მარჩეველი ძისა უმცროსისა» გიორგისა. ამ განდგომილებაშიც, როგორც ჩვეულებრივ, »ამის სამეფოს დიდებულნიც“ იღებდნენ მხურვალე მონაწილეობას; მაგრამ დემეტრე მეფეს მოღალატეთათვის უჯობნია და მონაწილენი დაუსჯია ზოგი გაძევებით, »ექსორიით», „რომელნიმე სიკუდილითა და რომელნიმე განპატიჟებითა»“. თვით მოთავე უფლისწულის დავითის დასჯის შესახებ ისტორიკოსი არას ამბობს და როგორც ეტყობა, მამას თავისი ურჩი შვილი მეამბოხე ბატონიშვილებისთვის დაწესებულ სასჯელისგან განუთავისუფლებია.
დემეტრე მეფე იყო „მარჩეველი ძისა უმცროსისა» გიორგისა“ და ამის გამო განდგომილებაც კი მოუწყო უფროსმა შვილმა დავითმა, რომელსაც მამამ სძლია, მაგრამ დავითს მაინც თავისი გაუყვანია: დემეტრე მეფემ, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის სიტყვით, „შეიმოსა ჩოხა და სქემა»“, ბერად შედგა და „დასუა ძე მისი დავით მეფედ, იმეფა ექუს თუე და მოკუდა»“. უეჭველია, ამ დროს საქართველოს მეფის სახლობაში რაღაც უნდა მომხდარიყო და თუმცა ზემოაღნიშნული მემატიანე გაიძახის, დემეტრე მეფემ „წარვლო ცხორება და მიიწია სრულქმნილი სიბერესა»“-ო (იქვე), მაგრამ მ. ბროსე სრულებით მართალი იყო, როდესაც ეჭვი გამოთქვა და ფიქრობდა, რომ დემეტრე მეფე, ალბათ, იძულებული უნდა ყოფილიყო ბერად შემდგარიყოო. რომ დავით მესამის გამეფება მაინცდამაინც მისი მამის, დემეტრე მეფის თანხმობითა და ნებაყოფლობით არ მომხდარა, დემეტრე არამც თუ თავის უფროსის შვილის კმაყოფილი და მადლიერი არა ყოფილა, არამედ თურმე ღმერთს ევედრებოდა, რომ ურჩი შვილისგან ეხსნა. ისტორიკოსი ფიქრობს კიდეც, რომ ღმერთმა შეისმინა მამის ვედრება, დავითს სიცოცხლის დღენი შეუმცირა და მამაზე უწინარეს გამოასალმა წუთისოფელსაო. დავით მესამეს მხოლოდ ექვსი თვე უმეფია და დაღუპულა.
დემეტრე მეფის შემონაზონება მომხდარა 1154-1155 წელს; იმავე წელს გამეფებულა დავით მესამე, რომელსაც 6 თვე უცოცხლია; დავით მესამის სიკვდილის შემდგომ დემეტრე მეფეს თანამოსაყდრედ გიორგი მესამე გაუხდია, რომელიც სამეფო ტახტზე 1155-1156 წლებში ასულა.