კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ოპერაცია „მორევი“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #34(1025)

  კონსპირაციული ბინა სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე მდებარეობდა. სამოთახიან ბინას ქუჩიდან ცალკე შესასვლელი ჰქონდა. ქვეშ სარდაფი იყო და სწორედ სარდაფის ქვეშ იყო მოწყობილი საიდუმლო ბუნკერი, სადაც თანამედროვე სამხედრო შეიარაღების უზარმაზარი არსენალი განეთავსებინათ. აქ იყო საბჭოთა წარმოშობის ავტომატები, ტყვიამფრქვევები, ყუმბარმტყორცნები, ნაღმმტყორცნები და სხვადასხვა დანიშნულების ნაღმები და ხელყუმბარები. განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა ასაფეთქებელი ნივთიერებები. ერთი სიტყვით, იქ იმდენი საბრძლო მასალა და ასაფეთქებლები იყო, რომ ერთ პოლკს შეაიარაღებდი და ნახევარ ბაქოს ჰაერში ასწევდი. ზვიადმა საგულდაგულოდ დაათვალიერა ყველაფერი და მუსტაფაევს უთხრა:
– კარგია. საჭირო დროს აქედან რაღაც-რაღაცებს გამოვიყენებთ. ახლა კი წავედი და თქვენთან კავშირს დროებით ვწყვეტ. უკან რომ დავბრუნდებით, მხოლოდ მაშინ დაგიკავშირდებით.
– კარგი, გასაგებია, – თქვა მუსტაფაევმა და წყვილი ქუჩაში გამოვიდა. მათ ასიოდე მეტრი ერთად გაიარეს. შემდეგ ზვიადი სანაპიროს გაუყვა, მუსტაფაევი კი სხვა გზით წავიდა.
ზვიადმა ერთი საათი ფეხით იარა ბაქოს ქუჩებში, თან ყურადღებით აკვირდებოდა, რომ „კუდი“ არ აჰყოლოდა. ხოლო, როდესაც დარწმუნდა, ყველაფერი „სუფთად“ იყო, მან სპეციალური ბარათით, რომელიც მობილურ ტელეფონთან დასაკავშირებლად იყო განკუთვნილი და სასტუმროში შეიძინა, ქუჩის ტელეფონიდან დარეკა და დაელოდა.
– გისმენთ, – მოესმა ზვიადს მამაკაცის ხმა აზერბაიჯანულ ენაზე.
– საიდ, ძმაო, როგორ ხარ? – ქართულად თქვა ზვიადმა.
– ვაჰ, ვაჰ, ეს შენ ხარ, ზვიად, ძმაო? – უპასუხა საიდმა ქართულადვე..
– გამოიცანი, საიდ. მე ვარ, – მიუგო ზვიადმა.
– როგორ მოხდა, ძმაო, რომ დამირეკე. გაგახსენდი? სად ხარ, როგორ ხარ? – იკითხა საიდმა, ზვიადმა კი მიუგო:
– საიდ, ბაქოში ვარ და შენთან სასწრაფოდ შეხვედრა მინდა, მაგრამ კონსპირაციულად, ისე, რომ ერთად არავინ დაგვინახოს.
– კარგი, გასაგებია. ახლა შენ სად ხარ? – იკითხა საიდმა.
– სანაპიროზე. ფერად, მუსიკალურ შადრევანთან, – უპასუხა ზვიადმა.
– გასაგებია. შენ ახლა სანაპიროს მეორე მხარეს გადადი და კინოთეატრთან რომ მიხვალ, ქუჩას ქვევით ჩაუყევი. ორას მეტრში რომ საქაბაბეა, იქ შედი და უკანა ეზოდან გამოდი. იქვე შავი ფერის მუქფანჯრებიანი „მერსედესი“ იდგება. უკან ჩაჯექი და ჩემთან წამოგიყვანენ, – უთხრა საიდმა.
– შეხვედრამდე! – მიუგო ზვიადმა და ყურმილი დაკიდა. შემდეგ კი იმ მარშრუტით იმოძრავა, რომელიც მას საიდმა მიუთითა. თხუთმეტიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ ზვიად აფციაური მუქფანჯრებიანი „მერსედესის“ უკანა სავარძელზე იჯდა. მძღოლმა მას თავის მოუბრუნებლად, რუსულ ენაზე ჰკითხა:
– ზვიად აფციაური ხართ?
– დიახ, – მიუგო ზვიადმა.
– ძალიან კარგი. ხუთ წუთში ადგილზე ვიქნებით, – თქვა მძღოლმა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
***
საიდ ალიევი თბილისში იყო დაბადებული და გაზრდილი. ქართული სკოლა ჰქონდა დამთავრებული და ბაქოში უმაღლესი განათლების მისაღებად ჩავიდა, ადრეულ ასაკში დაქორწინდა და იქვე დარჩა. თუმცა, ნათესავებისა და ბავშვობის მეგობრების მოსანახულებლად დროგამოშვებით თბილისშიც ჩამოდიოდა. სწორედ ასეთი ბავშვობის მეგობრები იყვნენ ზვიადი და საიდი. ისინი ერთ ეზოში გაიზარდნენ, ერთ კლასში სწავლობდნენ და აფხაზეთის ომშიც ერთად გაიპარნენ, მაგრამ საიდი მისმა მშობლებმა გზიდან „მოხსნეს“ და სახლში დააბრუნეს. ზვიადი კი ხელიდან დაუსხლტა მდევარს და მაინც ჩააღწია სოხუმში, სადაც ქალაქის დაცემის დღემდე იბრძოდა და ერთ-ერთმა უკანასნელმა დატოვა იქაურობა. საიდმა კიდევ ორჯერ სცადა ომში გაპარვა, მაგრამ ორივეჯერ დაიჭირეს.
 ბოლოს მას დედამისმა უთხრა:
– თუ ომში გაპარვა გინდა, გაიპარე და აღარ დაგაკავებთ, მაგრამ იცოდე, რომ თავს მოვიკლავ და დავიბარებ, რომ ჩემი თავი არ გატირონო.
საიდს ძალიან უყვარდა დედა და მიუხედავად იმისა, რომ ძმაკაცის გვერდით ბრძოლაც უნდოდა, დედის დაკარგვის შეეშინდა და ომში გაპარვა აღარ უცდია. ომიდან დაბრუნებულ ზვიადს საიდი თავჩაღუნული ეახლა და მოუბოდიშა, თან ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. ზვიადი გადაეხვია ძმაკაცს და უთხრა:
– ბოდიშს ნუ მიხდი, ძმაო. არაფერში ხარ დამნაშავე. შენს ადგილას მეც მასე მოვიქცეოდი...
ერთი წლის შემდეგ ძმაკაცები ხუთი წლით დაშორდნენ ერთმანეთს. შემდეგ კიდევ ხუთი წლით და ოცდაათს მიტანებულები კვლავ რომ შეიყარნენ, ზვიადი ყოფილი სამხედრო იყო, საიდი კი – აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის კაპიტანი. მას მერე, ძმაკაცები შედარებით ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. უფრო ხშირად კი ტელეფონით კონტაქტობდნენ. ბაქოში ჩასულ ზვიადს საიდი ორი წლის უნახავი ჰყავდა, ტელეფონზე კი ბოლოს ორი თვის წინ ესაუბრა. ზვიადმა რომ საიდს სანაპიროდან დაურეკა და ესაუბრა, აზერბაიჯანის კონტრდაზვერვის პოდპოლკოვნიკი მიხვდა, რომ რაღაც სერიოზული მოხდა და ზვიადს ამიტომ დაუნიშნა ასე კონსპირაციულად შეხვედრა. მუქფანჯრებიანმა „მერსედესმა“ ნელი სვლით ხუთი წუთი იარა და დახურულ ეზოში შევიდა. მძღოლმა ზვიადს კარი გაუღო და უთხრა:
– გამომყევით, ბატონო.
წყვილმა კიბით სამი სართული აიარა და გრძელი დერეფნის შუაში მდებარე კართან შეჩერდნენ. მძღოლმა კარზე დააკაკუნა, შემდეგ გააღო და ზვიადი ოთახში შეუშვა, თვითონ კი გარეთ დარჩა და კარი გაიხურა. საშუალო ზომის კაბინეტში, საწერ მაგიდასთან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი საიდ ალიევი იჯდა. ზვიადის დანახვაზე ის სკამიდან წამოხტა, ძმაკაცს მიეჭრა და  გადაეხვია. მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ მეგობრები  სავარძლებში მოკალათდნენ.
– რა ხდება, ზვიად, ხომ მშვიდობაა ჩემს თბილისში? – ჰკითხა საიდმა.
– თბილისში ჯერჯერობით მშვიდობაა და მეც თითქოს არა მიშავს. ახლა კი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, – უთხრა ზვიადმა საიდს და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.
გაკვირვებული საიდ ალიევი გაფართოებული თვალებით უმზერდა ძმაკაცს. მის ყოველ სიტყვას იჭერდა და გაოცებისა და სიბრაზისგან სახეზე ხან ჭარხლისფერი გადაჰკრავდა ხან ცარცივით გათეთრდებოდა ხოლმე.
– აი, ძმაო, სულ ესაა, – უთხრა ზვიადმა თხრობის დასასრულს, – ჩემი მოკლე ჭკუით, ამ ყველაფერს დიდი პროვოკაციისა და პოლიტიკური სიდამპლის სუნი უდის. არც უცოდველი ვარ და არც პატიოსნების ეტალონი, მაგრამ ვიმეორებ, ვფიქრობ, რომ ჩემი მოკლე ჭკუით სწორად მოვიქეცი.
საიდ ალიევს ეტყობოდა, რომ თან უსმენდა ზვიადს, თან გაგონილს აანალიზებდა და ამის გამო სახე თითქოს გახევებოდა. ბოლოს თავი გააქნია. ამოიხვნეშა და ზვიადს უთხრა:
– მოკლე ჭკუის კი არა და გენიოსი, თანაც კრისტალური ადამიანი ხარ, ძმაო. აბსოლუტურად სწორად მოიქეცი, აქ რომ მოხვედი და შენს წინაშე ქედს ვიხრი.
საიდი სავარძლიდან წამოდგა. ზვიადთან მივიდა, გადაეხვია, მხარზე ეამბორა და უთხრა:
– მაქსიმუმ, ნახევარი საათი უნდა დაგტოვო და არ მოიწყინო, შემდეგ კი პატარა საქმე გვექნება.
საიდის გასვლიდან ხუთი წუთის შემდეგ კაბინეტში სამოქალაქო სამოსში გამოწყობილმა ულვაშიანმა ახალგაზრდამ გორგოლაჭიანი ურიკა შეაგორა, რომელიც ტრადიციული აზერბაიჯანული კერძებით იყო სავსე. იქვე ელაგა სხვადასხვა მინერალური და გამაგრილებელი სასმელი, აგრეთვე, ჩაი. ერთი სიტყვით, ყველაფერი, გარდა ალკოჰოლისა. ახალგაზრდამ თავი დაუკრა ზვიადს და გამართული რუსულით უთხრა:
– ეს ბატონმა პოდპოლკოვნიკმა შეგვიკვეთა. გემრიელად მიირთვით.
ზვიადი მშიერი იყო. მან მადლობა გადაუხადა ახალგაზრდას და ჭამას შეუდგა.
***
საიდის წასვლიდან ერთი საათის შემდეგ კაბინეტში კვლავ ულვაშიანი ახალგაზრდა შევიდა და ზვიადს ჰკითხა:
– დანაყრდით, ბატონო?
– დიახ. მადლობელი ვარ, – მიუგო ზვიადმა.
– კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ, – იკითხა ახალგაზრდამ.
– არა. გმადლობთ, – თქვა ზვიადმა.
– მაშინ, წამომყევით, თუ შეიძლება, – თქვა ახალგაზრდამ და კართან მივიდა.
ზვიადი და ულვაშიანი კაბინეტიდან გავიდნენ. დერეფანს გაუყვნენ და მას მერე, რაც ახალგაზრდამ შავი ფერის კარი შეაღო ზვიადს ხელით ანიშნა, შებრძანდითო და კარი მიიხურა.
უზარმაზარ კაბინეტში, საწერ მაგიდასთან საიდ ალიევი იდგა, სავარძელში კი, სწორედ,  ის კაცი იჯდა, ვისი მკვლელობაც ზვიადს შეუკვეთეს.
კაბინეტის მასპინძელი სავარძლიდან წამოდგა და ღიმილით გაემართა ზვიადთან შესაგებებლად. საიდმა კი ზვიადს რუსულად უთხრა:
– გაიცანი, ზვიად, გენერალ-ლეიტენანტი, ბატონი მამედ გასანოვი. აზერბაიჯანის კონტრდაზვერვის უფროსი.
გენერალმა მაგრად ჩამოართვა ხელი ზვიადს. შემდეგ სამივე სავარძლებში ჩასხდნენ და მემედოვმა სტუმარს მიმართა:
– ჩემმა მოადგილემ ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა. პირველ რიგში, თქვენი უზომოდ მადლობელი ვართ. ერთი თხოვნა გვაქვს, თუმცა შეგიძლიათ, მის შესრულებაზე უარი თქვათ. უფრო სწორად, შემოთავაზება და თქვენი აზრი გვაინტერესებს.
– ბრძანეთ, ბატონო გენერალო, – მიუგო ზვიადმა.
– ბატონო ზვიად, თქვენი მონაყოლის პირველადი ანალიზის შედეგად ორი გეგმა დავსახეთ – პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი. მინიმუმის შედეგად ჩვენ პატიმრობაში ავიყვანთ თქვენ მიერ დასახელებულ ადამიანს, ამოვიღებთ სამხედრო არსენალს, აღვკვეთთ ტერაქტს და ასე შემდეგ. თუმცა, თუკი თქვენ ჩვენთან თანამშრომლობას დათანხმდებით, მაშინ ჩვენ თამაშს განვაგრძობთ და უფრო დიდ ბადეს გადავაგდებთ, რომელსაც ბევრი მსხვილი თევზი ამოჰყვება. ასე რომ, აირჩიეთ. უარის შემთხვევაში, გარწმუნებთ, რომ თქევნ მიმართ წყენასაც კი არ გავივლებთ გულში. თქვენ ისედაც ბევრი გააკეთეთ ჩვენთვის და უზომოდ მადლიერები ვართ, – თქვა მამედ გასანოვმა და ზვიადს გაუღიმა.
– თქვენთან ვითანამშრომლებ, – მოკლედ მოუჭრა ზვიადმა კონტრდაზვერვის უფროსს.
***
ზვიად აფციაურმა კონტრდაზვერვის შენობაში საღამომდე დაჰყო და ის ისევე კონსპირაციულად გაიყვანეს იქიდან, როგორც მიიყვანეს. მანამდე კი ზვიადმა იმ გეგმის ჩონჩხის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანელ კონტრმზვერავებს უნდა განეხორციელებინათ.
გენერალ მამედ გასანოვის კაბინეტში ზვიადისა და საიდ ალიევის გარდა, ანალიტიკური განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე იმყოფებოდნენ. გასანოვმა ზვიადს სთხოვა, ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა და შემდეგ კი კითხვებზე გაეცა პასუხი. როდესაც ზვიადმა გასანოვის თხოვნა შეასრულა, ანალიტიკური განყოფილების უფროსმა თავდაჯერებულად თქვა:
– როგორც ეტყობა, ერევანი ჩვენ წინააღმდეგ დიდი პროვოკაციისთვის ემზადება და სურს, რომ თბილისი დაიყენოს გვერდით. ფაქტობრივად, ეს იგივეა, რომ თბილისს ამოეფაროს.
გენერალი მიჩვეული იყო შარაფ იუსუპოვის თავდაჯერებულობას მსჯელობისას. მით უმეტეს, რომ ანალიტიკური სამსახურის უფროსი ყოველთვის სწორ პროგნოზს აკეთებდა. მაგრამ გასანოვი მაინც გააკვირვა პოდპოლკოვნიკის დასკვნამ და უთხრა:
– გასაგებია, რომ ერევანს ჩემი განადგურება უნდა და ეს სულაც არ მიკვირს, მაგრამ რასაც შენ ამბობ, ეს ერთ ტერორისტულ აქტს საგრძნობლად სცილდება და პოლიტიკურ, ხაზგასმით დავამატებ, ფართო სკანდალურ პოლიტიკურ შეფერილობას იძენს.
– დიახ, ბატონო გენერალო, საქმე, სწორედ, მანდეთ მიდის და ამ გეგმის მიხედვით, ყველაფერი თქვენი ლიკვიდაციით უნდა დაიწყოს. ბოლოდან დავიწყებ და თავში მივალ. როგორც ცნობილია, საერთაშორისო ფორმატის მიხედვით, ამ ორი კვირის წინ ბაქო და ერევანი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ჩვენმა ლიდერებმა კი ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მშვიდობისმყოფელები ჩადგებიან და ჩვენი ათეულ-ათასობით ლტოლვილი ეტაპობრივად დაუბრუნდება თავიანთ სახლებს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტერიტორია გარკვეული პერიოდის მერე ისევ ჩვენი იურისდიქციის ქვეშ მოხვდება. ერევანმა ეს მშვენივრად იცის და საერთაშორისო შეთანხმების განხორციელება რომ არ მოხდეს, რაც ორი თვის მერე უნდა დაიწყოს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყებაა საჭირო.
– ერთი წუთით, შარაფ, ერთი წუთით, – სიტყვა გააწყვეტინა გენერალმა იუსუპოვს და დაამატა, – რასაც შენ ამბობ, ამას მხოლოდ კონფლიქტის პროვოცირება სჭირდება ოკუპირებულ ზონაში და მეტი არაფერი. ხოლო ჩემზე თავდასხმა ამ კომბინაციაში არ ჯდება.
საიდ ალიევს გაეღიმა თავისი უშუალო უფროსის სიტყვებზე, რადგან მაშინვე მიხვდა, რას გულისხმობდა ანალიტიკური სამსახურის უფროსი. იუსუპოვმა კი მშვიდად მოუსმინა გენერალს და უთხრა:
– დიახ. მართალს ბრძანებთ, ბატონო გენერალო და კონფლიქტის პროვოცირება ოკუპანტის გეგმის ბოლოს წინა ნაწილია. თქვენი ლიკვიდაცია კი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ თბილისი მიიმხროს თავის მხარეზე. ანუ, ეს ტერაქტი მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია საამისოდ, ანუ დიდი პროვოკაციისთვის. ახლა კი დეტალურად გაგაცნობთ ჩემს მოსაზრებას, – იუსუპოვმა პაუზა გააკეთა და ჩაი მოსვა. ჩაახველა და განაგრძო, – ერევანმა საგანგებოდ შეარჩია ქართული ტერორისტული ჯგუფი ამ საქმისთვის. თავს დავდებ, რომ როგორც კი ეს ჯგუფი ტერაქტს განახორციელებს, ერევანი მაშინვე მოგვაწოდებს ანონიმურ ინფორმაციებს ქართველი ტერორისტების შესახებ და როდესაც ჩვენ მათ დავიჭერთ, ხაზს ვუსვამ, ესაა ამ საქმეში მნიშვნელოვანი – ქართველებთან ურთიერთობები გაგვიფუჭდება. აქ ერევანი ჩაერთვება და თუკი თბილისის მიმხრობას ვერ შეძლებს, მათ ნეიტრალურ პოზაში მაინც ჩააყენებს და თამაშიდან გამოიყვანს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თვითონ მომგებიან სიტუაციაში ჩადგება. ერთ სიტყვით, ისინი ერთი გასროლით, თქვენი სახით, თავიდან მოიშორებენ ძლიერ მტრებს, ხელი გაეხსნებათ პროვოკაციისთვის და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის დაბრუნება გაურკვეველი ვადით გადაიდება.
დასასრული შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3