№35 შხამიანი სიყვარული
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #30-34(1025)
სერგისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ანა მოუსვენრად იყო, ადგილს ვერ პოულობდა. გამომძიებელმა უთხრა, რომ ორ საათში მივიდოდა მასთან, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის სათქმელად. დრო კი უსაშველოდ ნელა გადიოდა. მანქანა ჭიშკართან გაჩერდა. ანამ მაქსიმალური ძალისხმევით ემოციები მოთოკა და მოგონილი სიმშვიდით გაეშურა კარის გასაღებად.
– რამე გაარკვიეთ? – ჰკითხა სერგის, როცა კაცი ოთახში შევიდა და სავარძელში ჩაჯდა.
– მარტო ხართ, ქალბატონო ანა?
– დიახ. ჩემი მეუღლე სამსახურშია. შვილი სადაც არის, ორივემ ვიცით.
– ვიცით და სწორედ, ამიტომაც დასაკარგი დრო არ გვაქვს.
ანას სახეზე ჩრდილმა გადაუარა და კალთაზე დაწყობილ ხელებზე თითები აუკანკალდა.
– ასე სერიოზულად არის საქმე?
– დიახ. თქვენი შვილი დამნაშავეა, სისხლის სამართლის დამნაშავე – მას ადამიანის მოკვლის მცდელობაში ედება ბრალი.
ქალი გაფითრდა. ხელი მკერდზე დაიდო და სუსტი ხმით ჩაილაპარაკა.
– წყალი დამალევინეთ, ძალიან გთხოვთ.
– ცუდად ხომ არ ხართ? სასწრაფოს გამოვუძახო?
– არა, არა მხოლოდ წყალი მომიტანეთ და ჩემი წამალი მომაწოდეთ. ღმერთო, ასეც ვიცოდი. ვგრძნობდი. ვინ მოკლა?
– ჯერ არავინ, მაგრამ იმ ქმედებით, რასაც ის აკეთებს, აუცილებლად მოკლავს. ქალბატონო ანა, მე არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. თქვენი დახმარება მჭირდება.
– ჩემი? რანაირი გამომძიებელი თქვენ ხართ? მითხარით, რა გააკეთა მარიშკამ.
სერგიმ თანაგრძნობით შეხედა ქალს.
– ქალბატონო ანა... მე ვალდებული ვარ, საქმეს მსვლელობა კანონის ფარგლებში მივცე და ჩემი სამსახურებრივი მოვალეობების შესაბამისად ვიმოქმედო. თუ ასე მოვიქცევი, მარიშკას დააპატიმრებენ.
ქალმა თავი ჩაღუნა.
– მესმის თქვენი. რატომ არ აკეთებთ ამას?
– ჯერ მინდა დაველაპარაკო. ამაში მჭირდება თქვენი დახმარება.
– რა უნდა გავაკეთო?
– დაურეკეთ და სთხოვეთ, მოვიდეს.
– გაბრაზებულია ჩემზე და შეიძლება, არ მოვიდეს.
– ისეთი რამე უთხარით, რომ მოვიდეს. ქალბატონო ანა, მენდობით, ჩემი გჯერათ?
– ანამ თავი დაუქნია.
– მართლა არ მინდა მარიშკას ციხეში ჩასმა. დაველაპარაკები და მის დარწმუნებას შევძლებ, იქნებ პატიმრობას გადავარჩინო.
– ჩემი შვილი ციხეში მოკვდება, – ჩაილაპარაკა ქალმა, – ძალიან ამაყია. ამაყი და ამბიციური.
სერგიმ ამოიოხრა.
– სამწუხაროდ, მარტო სიამაყესთან და ამბიციასთან არ გვაქვს საქმე. მარიშკას საშინელი ჩანაფიქრი ან მძიმე ფსიქიკური აშლილობის შედეგია, ან...
– ან? – ჩაეკითხა ანა. მაგრამ კაცს მეტი არაფერი უთქვამს. სიგარეტს მოუკიდა და მობილურზე ანიშნა, დაურეკეთო. ქალმა ტელეფონი აიღო.
***
მარიშკა ტუჩებს იკვნეტდა, ნანობდა, თავი რომ ვერ შეიკავა და რეზის ნამდვილი სახე აჩვენა. ჯერ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ჯერ კიდევ არ ჰქონდა სიტუაციის მართვის სადავეები ხელში. ერთბაშად ჩაცხრა. სახე დაუმშვიდდა... რეზის მიუახლოვდა და მხარზე მიეხუტა.
– მაპატიე, საყვარელო. არ უნდა მეყვირა ბავშვებისთვის, მაგრამ მე ხომ მათთან ურთიერთობის გამოცდილება არ მაქვს. ახლა ვსწავლობ, შეცდომა დავუშვი, მაგრამ გამოვასწორებ.
– მარიშკა, იქნებ არ ღირს შენგან ასეთი მსხვერპლი.
– ამას რატომ მეუბნები. არ გინდა, თქვენ გვერდით ვიყო? არ მანდობ შენს შვილებს? ზედმეტი ვარ ამ სახლში? – მარიშკას თვალები აუცრემლდა და ატირდა. ბავშვობიდან ჰქონდა ნიჭი, მაშინ დაეწყო ტირილი, როცა ამის საჭიროებას იგრძნობდა.
რეზი ვერასოდეს იტანდა ატირებული ქალის ყურებას. მოლბა. სინდისმა შეაწუხა. მარიშკას მხრებზე მოხვია ხელი და მკერდზე მიიკრა:
– მაპატიე. რა უფლება მაქვს, შენს გრძნობას ასე ვეთამაშებოდე. ისე გამოდის, რომ ბოროტად ვიყენებ შენს სიყვარულს, თავად კი ვერაფერს გთავაზობ.
– ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა, – მარიშკამ ყურთან შეახო ტუჩები და აჩურჩულდა, – მე ხომ არასდროს მილაპარაკია ამაზე. შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ ჩემი ვერასოდეს იქნებოდი. შორიდან შევხაროდი თქვენს ბედნიერებას და გეფიცები, არასდროს შურის მსგავსი განცდაც არ მქონია.
– მარიშკა, რას ამბობ. როგორი იშვიათი ადამიანი ხარ. თურმე, არ გიცნობდი. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ვერაფერს დაგპირდები, მით უმეტეს, ახლა, მაგრამ ვეცდები, ჩემი სოფიას მიმართ გრძნობები თავზე არ მოგახვიო, თუმცა, მისი აჩრდილი ყოველთვის იქნება ჩვენ შორის. ამას ვერაფერს მოვუხერხებ.
– ვიცი, საყვარელო... ვიცი, იმიტომაც გითხარი, რომ ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა-მეთქი. მე კი ძალიან, ძალიან მიყვარხარ!
მარიშკა სულ ახლოს იყო მიზანთან. ცოტაც და რეზი ისევ ვერ გაუძლებდა მამრის ინსტინქტით გამოწვეულ გრძნობას, რომ მარიშკას მობილურმა ტელეფონმა დარეკა. მისმა მჭახე ხმამ უსიამოვნოდ გააპო წუთით შექმნილი ინტიმური იდილია. მარიშკა ისევ გამოვიდა სიმშვიდის მდგომარეობიდან. რეზიმ ტელეფონი მიაწოდა.
– დედაშენია. არ უპასუხებ?
– რატომ რეკავს ეს ქალი ყოველთვის ასეთ შეუფერებელ დროს? – უკმაყოფილოდ დაიღრიჯა მარიშკა და რეზის მობილური გამოართვა.
– დედა, რა მოხდა? იმედია, სერიოზული საქმე გაქვს, ასე რომ ამაწიოკე. გისმენ... მოვიდე? ხომ იცი, სადაც ვარ და რომ არ მცალია... სასწრაფო გამოიძახე, წნევა გაქვს, ალბათ...
– მარიშკა, რა მოხდა?
– დედაჩემია ცუდად და მთხოვს, მივიდე. მარტო ვარ და მეშინიაო.
– უნდა წახვიდე. ახლა ძიძაც მოვა, მივხედავთ. შენ წადი. ანა დეიდას ვიცნობ, ძალიან რომ არ უჭირდეს, არ გთხოვდა.
მარიშკას ბოლომდე უნდა ეთამაშა დამჯერი გოგონას როლი და რეზისთვის დაეჯერებინა.
***
თავდაპირველად სერგი ვერც დაინახა, სახლში შესვლისთანავე ანასკენ გაემართა საყვედურებით:
– არ შეგიძლია, რომ საკუთარ თავს მიხედო? იმის მაგივრად, რომ ხელს მიწყობდე მიზნის მიღწევაში, მირეკავ და იძულებულს მხდი, აქეთ გამოვიქცე. სასწრაფოში დაგერეკა და მოგხედავდნენ. თუმცა, ვერაფერს საგანგაშოს ვერ გატყობ. თქვი ახლა, რისთვის დამირეკე. ანამ შვილს შეხედა და ამოიოხრა.
მარიშკა უფრო გამწარდა.
– ანა, რისთვის მომიყვანე-მეთქი, არ მეტყვი? რატომ ცდილობ, ნერვები მომიშალო? დაგავიწყდა, რა მემართება, როცა ნერვები მეშლება?
– სოფიაც ნერვებს გიშლიდა და იმიტომაც მოიფიქრე მისი თავიდან მოშორების ეგ ჯოჯოხეთური გეგმა?
სერგი, რომელიც აქამდე სამზარეულოდან უსმენდა დედა-შვილის საუბარს, ოთახში შევიდა. მარიშკას ისეთი რეაქცია ჰქონდა მის დანახვაზე, რომ ანას თითქმის შეეცოდა – გოგო გაფითრდა. ტუჩები გაულურჯდა, უკან-უკან დაიხია და კედელს ზურგით მიეყრდნო.
– შენ აქ რას აკეთებ?
– მოვედი, რომ დაგელაპარაკო.
– ჰმ, არ ვაპირებ შენთან ლაპარაკს. დედა, აი, შენ კი ამას არ გაპატიებ!
– პატიებაზე ნურაფერს ვიტყვით, ისევ შენთვის აჯობებს, – ჩაიცინა სერგიმ. მარიშკას მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო და თითქმის ძალით ჩასვა სავარძელში.
– კარგი. მოდი, პატიების თემით დავიწყოთ. როგორ გგონია, გაპატიებს შენი საყვარელი რეზი, როცა გაიგებს, ცოლს როგორ უკლავდი?
– სისულელეებს ნუ ლაპარაკობ!
– როგორ ვერ შეგაფასე, როგორ თავიდანვე ვერ მივხვდი, ვისთან მქონდა საქმე. ჩემი გრძნობა შენი ბოროტი გეგმისთვის გამოიყენე. მეც კარგი სულელი ვარ. მიამიტურად მოგიყევი იმ პრეპარატის შესახებ. სიმპტომებიც კი აგიწერე. გითხარი, რა მოსდის ადამიანს, რომელიც სისტემატურად მოიხმარს ამ წამალს და როცა დოზა ნელ-ნელა იზრდება, როგორ უნგრევს მენტალობას, ნერვულ სისტემას, ფსიქიკას... იცი, რომ მკვლელი ხარ? ამაზე გიფიქრია?
– რა მკვლელი, რომელი პრეპარატი? ამას ვინ დაგიჯერებს, – ნაძალადევად გაიცინა მარიშკამ და გაფითრებულ ანას შეხედა, – იმედია, შენ მაინც არ გჯერა ამ სისულელეების.
ქალმა არაფერი უპასუხა. ფერდაკარგული, მეტყველებაწართმეული იჯდა.
– დედაშენს თავი დაანებე. მისი დამსახურებაა, რომ აქ გელაპარაკები და არა განყოფილებაში. თუმცა, ვერ დაგპირდები, რომ ასე მშრალად გამოძვრები ამ საქმიდან.
– მემუქრები? დაიბოღმე, უარი რომ გითხარი? გადაწყვიტე, ჩემზე ამ იაფფასიანი ფარსით იძიო შური?
– თავს ნუ იშტერებ. შურისმაძიებელი შენ ხარ და არა მე. ჰო, მართლა, სულ ვფიქრობ, სად იშოვე ეს პრეპარატი. მარიშკა, ნუთუ, ჩემი სეიფიდან აიღე? ნივთმტკიცებად ამოღებული პრეპერატი მოიპარე?
– არ გინდა ისტერიკა. ეგ შენ გგონია, რომ ასეთი ძნელი საშოვნელია ეგ პრეპარატი. სინამდვილეში, საკმაოდ მარტივად იყიდი, თუ ფული და სურვილი გაქვს, რა თქმა უნდა, – გადაიხარხარა მარიშკამ და სერგის მიუახლოვდა.
– მართლა ხომ არ აპირებ ჩემს დაჭერას, საყვარელო? არ გირჩევ, ვერაფერს დამიმტკიცებ. მამაჩემი თავის გავლენებს გამოიყენებს და ერთი დღეც არ გამაჩერებს ციხეში. აი, შენ კი გაბანძდები.
– როგორ ვერ აფასებ ჩემს პროფესიონალიზმს... როგორც მე ვერ შევაფასე შენი კრიმინალური შინაგანი სამყარო, რაც შეეხება მტკიცებულებებს, საკმარისზე მეტი მაქვს, რომ დიდი ხნით გამოგკეტო ციხეში.
– მატყუებ! – დაუყვირა ქალმა, – ცდილობ, შემაშინო.
– არა, იმ მედიკამენტის ლაბორატორიული ანალიზის პასუხი მაქვს, რომელსაც შენს მეგობარს სისტემატურად აძლევდი, თან, მას სრულიად უწყინარი პრეპარატის კოლოფში ათავსებდი.
– ამას დამტკიცება სჭირდება. ასე ადვილად ვერ გამტეხ. არ დაგნებდები, – მარიშკას თვალებში ველური ნაპერწკალი აენთო. მისი ყველა კუნთი მოზიდული მშვილდივით იყო, ბოლომდე რომ არის დაჭიმული და ნებისმიერ წუთს შეიძლება, გავარდეს. უცებ ანა ალაპარაკდა:
– მარიშკა, შვილო, სერგის შენი დახმარება უნდა. დასრულდა ყველაფერი და კიდევ კარგი, რომ ასე დასრულდა. წარმოდგენაც არ მინდა, სოფია რომ მომკვდარიყო.
– სოფია, ისევ სოფია... შენთვის ის ძუკნა უფრო მნიშვნელოვანია. ყველა რატომ გიჟდებით მასზე, რა აქვს ამისთანა, რითი მჯობია, რომ საკუთარი დედაც მისი ფანია?
– მარიშკა, შვილო, – ანა შეეცადა, შვილს მიახლოებოდა და მოხვეოდა, მაგრამ ქალმა ისტერიკულად იკივლა, ხელი გამეტებით ჰკრა და ველურივით იწივლა.
– მძულხარ, შენ დედაჩემი არ ხარ... ჰო, მინდოდა, იმ ძუკნას სიკვდილი და ახლაც მინდა. ჩემი საუკეთესო წლები წამართვა. ბედნიერება მომპარა და არ უნდა დასჯილიყო ამისთვის? სერგი, საცოდავო არარაობავ! შენ გგონია, კუთხეში მომიმწყვდიე და ახლა ელოდები, როდის ჩაგივარდები მუხლებში. ვერ ეღირსები! არ დავუშვებ, რომ ყველაფერი ისევ ძველებურად იყოს. სოფია ოჯახში დაბრუნდეს და ბედნიერებით იბრწყინოს. არა, არა და არა! თქვენ მე ვერ შემაჩერებთ. არც იფიქროთ, – მოულოდნელად მარიშკას ხელში პატარა რევოლვერი გაჩნდა. ანამ შეჰკივლა. სერგიმ მექანიკურად გადადგა მისკენ ნაბიჯი, მაგრამ ქალის სახის გამომეტყველებამ მიახვედრა, რომ იარაღი აუცილებლად გაისროდა. მარიშკამ ისტერიკულად გაიცინა და კარისკენ გაიქცა.
– ღმერთო, სერგი... გააჩერე, გემუდარები, რაღაც უბედურება ჩაიფიქრა.
სერგი ადგილს მოსწყდა და მარიშკას დაედევნა.
ორი ავტომობილი დიდი სისწრაფით მიქროდა ხეებით დაბურულ გზატკეცილზე. ისე ჩანდა, რომ უკანა მანქანა წინ მიმავალს მისდევდა, მაგრამ გადასწრებას არ ცდილობდა. სერგი მიხვდა, რომ თამაში დასრულდა და დახმარება უნდა ეთხოვა. ტელეფონი აიღო და დარეკა... საპატრულო მანქანები ათი წუთის შემდეგ გამოჩნდნენ პერიმეტრზე და იქაურობა გამაფრთხილებელი სიგნალებით გააყრუეს. მარიშკა დაფრთხა. მისი სიმტკიცე სადღაც გაქრა. საჭეზე ჩაფრენილი ხელები აუკანკალდა, თვალები ცრემლით აევსო, გზას წესიერად ვეღარ ხედავდა, მაგრამ სიჩქარეს მაინც არ მოუკლო. ავტომობილმა თითქოს იგრძნო, მძღოლი რომ მოეშვა, თავაწყვეტილი ქროლვა ლოგიკურ დასასრულს უახლოვდებოდა. ეს მდევარმაც იგრძნო და სვლა შეანელა. ახლა მხოლოდ პატარა მაპროვოცირებელი ფაქტორი იყო საჭირო. მარიშკამ მაშინვე ვერ დაინახა მკვეთრი მოსახვევი. მუხრუჭის სატერფული დაბნეულმა ვეღარ იპოვა და მის ნაცვლად კიდევ უფრო მაგრად დააწვა გაზს. მანქანის საბურავებმა საშინელი ხმა გამოსცეს. სერგიმ ჯერ ეს ხმა გაიგონა, მერე კი ჰაერში ავარდნილი მანქანა დაინახა. ავტომობილი გზიდან გადავარდა და ხევში დაგორდა. ყველაფერი იქამდე დასრულდა, სანამ საპატრულო მანქანები და სერგი რეაგირებას შეძლებდნენ. გაისმა გამაყრუებელი გრუხუნი და მარიშკას „ჯიპი“, რომელიც ფერდობზე ამოყირავებული დაეცა, ცეცხლის ალში გაეხვია.
***
რეზიმ სიგარეტის კოლოფი გახსნა და სტუმარს გაუწოდა.
– მოწევა დაიწყე? – ჰკითხა სერგიმ და ეზოში მოთამაშე ტყუპებს გახედა, აჭყლოპინებულები რომ დასდევდნენ პატარა, ბუთქუნა ლეკვს.
– იმდენი რამე მოხდა... სიგარეტი ცოტა მშველის, თავს ვიტყუებ, – გაეღიმა რეზის და სერგის ცნობისმოყვარედ შეხედა, – განიცდი მომხდარს? დარდობ მასზე? – შემიძლია, გაგიგო.
– არა. აღარ ვდარდობ. როცა დავინახე, მანქანა როგორ იწვოდა, ისეთი უმწეობის განცდა მქონდა, ლამის ავბღავლდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ალბათ, მარიშკასთვის ასე სჯობდა. მისნაირი ადამიანებისთვის ციხეში ყოფნა გაცილებით სასტიკი სასჯელი იქნებოდა, ვიდრე სიკვდილი. ანა დეიდა მეცოდება.
– ჰო. ძალიან ღირსეული ქალია. ყოველთვის მიკვირდა, ასეთი ქალები როგორ ზრდიან ისეთ ურჩხულებს, როგორიც მარიშკა იყო.
– სიყვარულმა აქცია ასეთად. ამოიოხრა რეზიმ, – ალბათ, ჩემი და სოფიას დანაშაულიც არის. არ უნდა გვქონოდა მასთან ასეთი ახლო ურთიერთობა. ჩვენი ბედნიერების ყურება ზედმეტად მძიმე გამოდგა მისთვის. ამაზე ფიქრი არ მასვენებს.
– სოფიას გამოჯანმრთელებაზე რას ამბობენ. როდის შეიძლებს ოჯახში დაბრუნებას?
– მეუბნებიან, რომ ერთ თვეში. თუმცა წამალდამოკიდებულებისგან სრულ გათავისუფლებას დრო დასჭირდება. გაცილებით უკეთ არის. მეხსიერება დაუბრუნდა. ბავშვები ენატრება. კომუნიკაბელურია და ადეკვატური.
– მიხარია. – გაეღიმა სერგის, – ძალიან საშიშია ქალის შურისძიება. მარიშკა აუცილებლად მიაღწევდა მიზანს. შენი ცოლი უკვე ისეთ დოზაზე ჰყავდათ დასმული, დიდხანს ვეღარ გაუძლებდა. მისმა ყოფილმა საყვარელმა, გოგამ ყველაფერი აღიარა. დაკავებულია და ამბობს, რომ მარიშკა აშანტაჟებდა.
რეზიმ სერგის შეხედა.
– შენ ხომ გიყვარდა მარიშკა... ავარია რომ არ მომხდარიყო, როგორ მოიქცეოდი? მისცემდი საშუალებას ხელიდან დასხლტომოდა მართლმსაჯულებას?
სერგიმ ისევ გაიხედა მოთამაშე ბავშვებისკენ და თავი გადააქნია.
– არ ვიცი...
დასასრული