№35 ექიმის რჩევები
კითხვა: ფარისებრი ჯირკვლის წარმონაქმნის ბიოფსიის დასკვნაში „ფოლიკულური ნეოპლაზია“ დამიწერეს. მივედი ონკოლოგთან და მითხრა, რომ სიმსივნეში გადასული არ არის, მაგრამ თირეოიდექტომია დამჭირდება. ვიცი, რომ ზუსტი პასუხი მორფოლოგიურ გამოკვლევაში ჩანს, უბრალოდ, მაინტერესებს, ირგვლივ ლიმფური კვანძებიც დაზიანებულია და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სიმსივნეში უკვე გადავიდა?
პასუხი: ფოლიკულური ნეოპლაზია კეთილთვისებიანი სიმსივნეა. თუმცა ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ოპერაციის მერე აღებულ მასალაში კვლევამ სხვა პასუხი აჩვენოს, ლიმფური კვანძების გადიდება, ანუ ჰიპერპლაზია, ჩვეულებრივი მოვლენაა თირეოიდიტის (ფარისებრის ანთებითი ცვლილებების) დროსაც კი. ავთვისებიანი პროცესიც რომ იყოს, დღეს, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების ფონზე, ფარისებრის სიმსივნე ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშროებას თითქმის აღარ წარმოადგენს. თქვენი მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ საშიში ნამდვილად არ არის. გირჩევთ, მიხვიდეთ გამოცდილ ექიმებთან და მისდიოთ მათ რეკომენდაციებს.
კითხვა: მაქვს უარყოფითი რეზუსი. ვარ ორსულად მეორე შვილზე. პირველი 6 წლის წინ გავაჩინე და სამწუხაროდ, ნემსი არ გამიკეთეს. პირველი შვილი დადებითრეზუსიანია. ახლა ვარ 20 კვირის ორსული და ანტისხეულები ჯერ არ მქონია მომატებული. მაინტერესებს, რომელ ვადაზე უნდა გავიკეთო ნემსი და, ასევე, როდის შეიძლება, მომემატოს ანტისხეულები?
პასუხი: რეზუსანტისხეულების ტიტრის არარსებობის შემთხვევაში ანტირეზუს გამაგლობულინის ინიექცია ორსულობის 28 კვირაზე კეთდება. ზოგადად, ანტისხეულების მომატების განსაზღვრული ვადა არ არსებობს, ეს შეიძლება, ნებისმიერ დროს მოხდეს. ამიტომ საჭიროა მხოლოდ ტიტრის კონტროლი და 28-ე კვირაზე ინექციის გაკეთება.
კითხვა: მყავს 9 წლის ძმა, დედაჩემი ყოველდღე ხორცს აჭმევს, დღეში ორჯერაც კი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა მისაყოლებელთან, თუმცა მე მგონია, რომ ამდენი ხორცი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მით უმეტეს მოზარდისთვის. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ, ბავშვმა ყოველდღე ხორცი ჭამოს?
პასუხი: ხორცის ყოველდღიური და მით უმეტეს დღეში რამდენჯერმე მიღება არც აუცილებელია და არც სასურველი. სამაგიეროდ, საჭიროა მოზარდმა ყოველდღიურად თითო სახეობის პროდუქტი მაინც მიიღოს საკვები პროდუქტების შემდეგი ოთხი ძირითადი ჯგუფიდან: მარცვლეულის პროდუქტი და სახამებლის შემცველი ბოსტნეული (პური, ფუნთუშეული, მაკარონი, ვერმიშელი, კარტოფილი, ბრინჯი და ასე შემდეგ); ხილი და ბოსტნეული; ხორცი და მისი შემცვლელები (ხორცი, თევზი, კვერცხი, თხილი, კაკალი, პარკოსნები – ბარდა, ლობიო, სოია); რძე და რძის პროდუქტები (ყველი, ხაჭო, მაწონი).
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე