№35 ქრისტეთი მცხოვრები ადამიანი სიხარულს გრძნობს
ვისაც საღვთო მადლი აქვს, მას სხვაც დაემატება. ვისაც მცირე აქვს და არ გაუფრთხილდება ან დაუდევრად მოეკიდება, ისიც წაერთმევა. საღვთო მადლი არ დაივანებს ახლანდელ ადამიანებზე, რამეთუ მათ უარყვეს ის მცირედიც, რაც ჰქონდათ. ხოლო როცა მადლი განეშორება ყველა დემონური ძალა დაიბანაკებს ადამიანზე.
***
განანათლეთ თქვენი ცხოვრება. როდესაც დიასახლისი საშინაო საქმეების კეთებისას ლოცულობს, ყველაფერი იკურთხება, არა მხოლოდ თავად საკვები, არამედ ისინიც, ვინც მას შეჭამს.
***
ერთმა მომსვლელმა ბერს უთხრა, რომ თანამედროვე ადამიანებს სიკვდილის ეშინიათ, ბერმა კი დაამატა: „იმიტომაც მოეწევათ მათ სიკვდილი, რომ მისი ეშინიათ. სიკვდილი რომ არ აშინებდეთ, მაშინ სიკვდილს შეეშინდებოდა მათი“.
***
როცა ადამიანი ქრისტეთი ცხოვრობს, სიხარულს გრძნობს.
***
სამყაროს მხოლოდ ჩვეულებრივი ღვინო დაუგემოვნებია, მაგრამ სულიერი ღვინოც არსებობს.
***
სხეული სასიამოვნო გრძნობებს განიცდის. საჭიროა, ის „ჯვარს ვაცვათ“. აი, როგორ: თუ ვინმე მიდრეკილია ავადმყოფობისკენ და სხეულს ჯვარს აცვამს, მაშინ ამას აზრი არ აქვს. მაგრამ, როდესაც სხეული ჯანმრთელია და უმართებულოდ იქცევა, მაშინ საჭიროებს, ჯვარს ვაცვათ და სულს დავუმორჩილოთ. მაგალითად, ხორცს სურს, რომ საკვები თეფშზე ათონის მწვერვალივით აღემართოს ან ღვინო სურს. მაშინ მოუკვეთე ეს ვნებები. ასე აცვამ ჯვარს საკუთარ სხეულს.
***
შეხედეთ, რა ბევრს კარგავენ ქალები. ღმერთმა მათ დიდი გული უბოძა, მაშინ, როდესაც მამაკაცებს დიდი განსჯის უნარი მიანიჭა. ქალებს თავიანთი დიდი გულით დიდი მოშურნეობა აქვთ სულიერისადმი. ისინი ბევრს არ დაფიქრდებიან: სწამთ და გზას განაგრძობენ. რას აკეთებს დემონი? მაშინ, როდესაც მათ, ასეთი გულის მქონეთ, შეუძლიათ, ძალზე წარემატონ, დემონი ბოლოს და ბოლოს წარსტაცებს მათ ამას. ისინი მიდიან, მაგალითად, ჯიხურში სახლისთვის სინის საყიდლად, ოღონდ ყვავილებიანი უნდა იყოს. როცა ისინი სინს ნახულობენ, ხარობენ, თავად ყვავილები კი აღარ სჭირდებათ. ამრიგად, მათი გული ხან ყვავილებისკენაა მიმართული, ხან ამონაქარგისკენ; დემონი კი მუდამ მოგებული რჩება.
სქემმონაზონ პაისი ათონელის ცხოვრება და მოღვაწეობა