№34 იმღერებს თუ არა ლელა ვეფხვაძე ბინის ჩუქების შემდეგ ისევ მეტროში და რა მძიმე გზა გამოიარა მან ცხრა აპრილის მოვლენებიდან დღემდე
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ლელა ვეფხვაძე – ქალბატონი, რომლის სიმღერაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დღის, ცხრა აპრილის განუყოფელი ნაწილია და რომელიც უკვე 28 წელია, თავს მეტროში სიმღერით ირჩენს, დღეს ძალიან ბედნიერია, რადგან წლების ნანატრი ოცნება აუხდა, მას უკვე საკუთარი სახლი აქვს.
ლელა ვეფხვაძე: ათეული წლებია, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. თანხის ნაწილს მერია მიხდის, ნაწილს მე ვამატებ. რადგან მერიაა ჩართული ამ ამბავში, ბინის პატრონთან ხელშეკრულების დადებაა საჭირო. რომლის თანახმად, ორი წელი კიდევ შემეძლო ამ ბინაში ცხოვრება, მაგრამ პანდემიის გამო, მეპატრონეს გაუჭირდა. სამ ივნისს დამირეკა და მითხრა, რომ ბინა უნდა დამეცალა, რადგან ფინანსური პრობლემები შეექმნა და სხვა გეგმები ჰქონდა. ჩემთვის ეს შოკი იყო, მასთან ლაპარაკი რომ დავამთავრე, იმდენად ცუდად გავხდი, ხმასაც ვეღარ ვიღებდი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და ის, რაც გავაკეთე, ჩემი სულის ისტერიული ამოძახილი იყო. „ფეისბუქზე“ დავწერე პოსტი, ჩემთვის საკმაოდ მიუღებელი. მე არ ვარ სუსტი ადამიანი. როცა პრობლემა მაქვს, აუცილებლად მოვძებნი გამოსავალს, მაგრამ იმდენად კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ ვეღარ ვხვდებოდი, რა გამეკეთებინა და დავწერე: აღარ შემიძლია, როდემდე უნდა ვიბარგებოდე ერთი ბინიდან მეორეში. ხალხო, დავიღალე-მეთქი. შევეჩვევი ადგილს, მერე ისევ ვტოვებ და ახალს ვეძებ. ჩემთვის ყველგან მისვლა ადვილი არაა. მხედველობიდან გამომდინარე ადაპტაცია მიჭირს და რადგან ძირითად დროს მეტროში ვატარებ, ვცდილობ, ბინა მასთან ცოტა ახლოს მოვძებნო. ძალიან ახლოს არც ესაა, რომელშიც ვცხოვრობ, მაგრამ უკვე მიჩვეული ვარ, თავიდან ჩემი ქალიშვილი მიმაცილებდა ხოლმე, სანამ შევეჩვეოდი და რომ წარმოვიდგინე, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ თავიდან დაიწყებოდა, აღარ ვიცოდი, რა მექნა. ეს პოსტი მძიმე მომეტში, ჩემდაუნებურად, დავწერე. ეს რომ იმ წუთას არ გამეკეთებინა, მეორე დღეს, სხვა თვალით შევხედავდი ამ სიტუაციას და მსგავს რამეს ნამდვილად არ დავწერდი. მაგრამ მერე უკვე იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, აზრიც აღარ ჰქონდა და უხერხულიც იყო წაშლა. ჩემს პოსტს გამოეხმაურა ძალიან გულისხმიერი ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი, მან ჩემს ქალიშვილს ჰკითხა, რა პრობლემა გვქონდა, მე უკვე ლაპარაკიც აღარ შემეძლო. შემდეგ „ტვ პირველიდან“ გააკეთეს ჩემს პრობლემაზე სიუჟეტი. ამის შემდეგ დამიკავშირდა პირველი კლასიკური გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი – მაკა სახურია. აქვე გეტყვით, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ კამპანიაში ჩაერთნენ, მე მანამდე არ ვიცნობდი. ქალბატონმა მაკამ მითხრა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა სთხოვა, სათავეში ჩასდგომოდა ამ ამბავს. თანახმა ხართ თუ არა, რომ ეს გავაკეთოთო. გულწრფელად ვუთხარი, სულელი უნდა ვიყო, რომ ამაზე უარი გითხრათ-მეთქი. ორ დღეში ბიზნესმენი ლევან მაღლაკელიძე დამიკავშირდა და მისამართი მკითხა. ორი თვის ბინის ქირა დამიტოვა და ჩემს ანგარიშზე პირველი შემონატანი მან გააკეთა. ასე დაიწყო კამპანია ჩემი ჭერის შესაძენად. მალე ამ ყველაფერს ლევან იზორია შეუერთდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე ძალიან კარგი ადამიანი. იტალიიდან ჩაერთო ნანა მახარაძე, ადამიანი, რომელსაც ყველა იცნობს იური მეჩითოვის მიერ ცხრა აპრილს გადაღებული ფოტოდან – „გოგონა დროშით“. ეს ოთხი ადამიანი იბრძოდნენ იმისთვის, რომ მე და ჩემს ოჯახს საკუთარი ჭერი გვქონოდა. თავიდან ნორმალურად გროვდებოდა თანხა, მაგრამ ისეთი რთული პერიოდი გავიარეთ, საერთოდ რომ არაფერი ჩაერიცხათ, არ გამიკვირდებოდა. მე თვითონაც ძალიან მიჭირდა. როცა მეტროში სიმღერაა შენი შემოსავლის ერთადერთი წყარო და სამი თვე ჩერდები, ძალიან ძნელია. ასე ბევრ ადამიანს შეუწყდა მუშაობა და რაც ჩარიცხეს, ისიც გასაკვირია და მადლობას ვუხდი ყველას თითო ლარისთვის, რომელიც უკვე პურის ფულია. როცა ჩარიცხვები შენელდა, კამპანიის წევრებმა გადაწყვიტეს, „ქართუ“ ფონდისთვის მიემართათ. მათ გამოხატეს სურვილი, რომ თვითონაც ჩართულიყვნენ ამ საქმეში, ჩვენ ვუყიდით ბინასო. უკვე ბინას ვეძებდით, მაგრამ ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემს ბინაზე იყო საუბარი. წლების განმავლობაში ბევრი დაპირება მომისმენია, მაგრამ – უშედეგოდ. როცა მითხრეს, რომ ეს ბინა ჩემთვის იძებდნებოდა, თავი სიზმარში მეგონა. ბინა შევარჩიეთ, მაგრამ საკმაოდ დიდი თანხა ღირდა, მეგონა, ამაზე არ წამოვიდოდნენ. უდიდესი მადლობა ფონდს, ეს ადამიანები არ შემხვდნენ, როგორც გაჭირვებულ, საცოდავ ადამიანს, ეს ყველაფერი ღირსების საქმედ მიიჩნიეს, რაც ჩემთვის ძალიან ამაღლებული შეგრძნება იყო. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. რომ არა მისი კეთილი ნება, ვერავინ შეძლებდა ფონდიდან ამ თანხის გამოყოფას. ალბათ, არ მექნება ამ ადამიანთან შეხვედრის ბედნიერება, მაგრამ მთელი ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახი ყოველთვის ილოცებს მისი და მისი ოჯახის ბედნიერებისთვის.
– ძალიან განიცდიდით, მე რომ რამე დამემართოს, რა ეშველება ჩემს ოჯახს, მეშინია სახლ-კარის გარეშე არ დარჩნენო.
– გონება აცნობიერებს, რაც მოხდა, მაგრამ მგონია, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს არაა, თითქოს სიზმარში ვარ. იუსტიციის სახლში რომ მივედი და სახლი ჩემს სახელზე გავაფორმეთ, გავაცნობიერე, რომ ჩემია, მაგრამ ალბათ, სანამ ამ სახლში არ დავიძინებ და გავიღვიძებ, ვერ დავიჯერებ. მეტრომ ძალიან შემირყია ჯანმრთელობა. სმენის პრობლემაც შემიქმნა, სახსრებისაც, ხმაზე ლაპარაკი აღარ მაქვს. ქირის ფულის ნაწილს ახლა მერია მიხდის, მაგრამ მე რომ რამე დამემართოს, ჩემს შვილებს არ გადაუხდიან. ისინი არ არიან ცხრა აპრილის მონაწილეები. ამიტომ, მუდამ შიში მქონდა, ჩემს შვილებს ბინის მეპატრონე რომ დაადგეს, ბინა დაცალეთო, რას იზამდნენ?! ყველაზე დიდი ბედნიერება იმის გაცნობიერებაა, რომ ჩემი შვილები სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღარ დადგებიან.
– თან, დიდი ოჯახი გაქვთ...
– კი. ორი ქალიშვილი მყავს. ორი შვილიშვილი და სიძე. რაც შეეხება მეტროს, მინდა თუ არა, მეტროში სიმღერა მაინც მომიწევს. შეგროვებული თანხა, ალბათ, ავეჯს ეყოფა, „ელიტ-ელექტრონიქსი“ ტექნიკას დაგვპირდა, მაგრამ ხომ არ ვიცი, რას მოგვცემენ, სავარაუდოდ, ბევრი რამ გვექნება შესაძენი. ყველაფერს ვერავის მოსთხოვ, უდიდესი მადლობა იმისთვის, რასაც თავად გაიმეტებენ. საკმაოდ დიდი ოჯახი გვაქვს და ბევრი საჭიროებაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მეტრო ჯანმრთელობას ძალიან მირყევს, როგორც შევძლებ, ისე ჩავალ და ვიმუშავებ. ვერ ვიტყვი, რომ ადვილია, მაგრამ მაინც გავიტანთ თავს იქ სიმღერით. მთავარია, ჩვენი ჭერი გვექნება. მე არც მანამდე მივდგომივარ ვინმეს, ლუკმაპური მიჭირს და დამეხმარეთ-მეთქი. ამისთვის საკმაოდ ამაყი ვარ. არ ვამბობ, რომ ვინმეზე უკეთესი ვარ, მაგრამ ძალიან მიჭირს ამის თქმა. ჟურნალისტები სულ რომ ცხრა აპრილის გახსენებას მთხოვდნენ, ერთადერთხელ ვთქვი, ხალხო, ერთხელ იკითხეთ, როგორ ვცხოვრობ-მეთქი. მაშინ ვთქვი, რომ ქირით ვცხოვრობდი და იქიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ძალიან დიდი ხანია, ქირით ვარ. საკმაოდ დიდი პრობლემები შემექმნა. მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა – დიდხანს იავადმყოფა და მერე გარდამეცვალა, ბევრი რამ გავიარე, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ. სადამდეც არ უნდა აწიო თავი ადამიანმა, ეს მაინც მოწყალებაა. რომ არა მეტროში მყოფი ადამიანების ძალიან დიდი სითბო, ვერ გავძლებდი. ძნელია თავმოყვარე ადამიანისთვის. უკუდო ამპარტავანი არ ვარ, მაგრამ თავმოყვარეობა ნამდვილად მაქვს. პირველად ჩემს გოგონასთან ერთად ვმღეროდი ისნის ბაზრობაზე. ჩემს უფროს გოგონას მხედველობის პრობლემა აქვს და ის იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მიხაროდა, რომ ჩემი ქალიშვილი ვერ ხედავდა. იმიტომ, რომ ის რომ მღეროდა, მე ვტიროდი. მე თავიდან ვერ ვმღეროდი, მხოლოდ ვუკრავდი და თვალები ცრემლებით მქონდა სავსე. მირჩევნია, მცირე, მაგრამ ჩემი მქონდეს, ვიდრე ყოველდღე ვიღაცას მივადგე და დახმარება ვთხოვო. თუ მეტროს მოვცილდები და სადმე სხვაგან ვიპოვი სამსახურს, ეს ჩემთვის მართლა მეორედ დაბადების ტოლფასი იქნება. მგონი ხვდებით, რომ გონებრივი ჩამორჩენა არ მაქვს და შევძლებ. ვიმუშავებდი თუნდაც უფრო ნაკლებ შემოსავალზე. ეს ღირსების საკითხი იქნებოდა. მეტროში ძალიან თბილად მექცევიან ადამიანები, მაგრამ თუნდაც იმიტომ, რომ ჯანმრთელობა არ შემრყეოდა უფრო მეტად. თუმცა, ყველაფერი უფლის ნებაა.
– თქვენი ერთ-ერთი ქალიშვილი საკმაოდ წარმატებულად მონაწილეობდა „ნიჭიერში“ და რაღაც მოლოდინები გაჩნდა, თუმცა მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
– ნატო „ნიჭიერის“ ფინალისტი იყო, მაგრამ თუ ვინმე არ გყავს, ვინც გიბიძგებს და არც ფინანსები გაქვს, ვერ შეძლებ კარიერის გაგრძელებას. ჩემი მეუღლე ოთხი წელი ავადმყოფობდა. მეორე, უმცროსი ქალიშვილი სტუდენტი იყო და მამის გამო აკადემიური აიღო, რადგან მე ვეღარ ვუმკლავდებოდი, თვალი მჭირდებოდა, ის კი ერთადერთი ადამიანი იყო ჩვენს ოჯახში, ვინც ხედავდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მალევე გათხოვდა, ახლა პატარა ჰყავს და ვერ იმუშავებს, თუმცა საკმაოდ გონიერი გოგონაა და სწავლა აუცილებლად უნდა გააგრძელოს.
– ალბათ, დღემდე გრძნობთ ხალხის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ცხრა აპრილის ამბების გამო.
– მე ცხრა აპრილს მარტო არ ვმღეროდი. ოთხი ადამიანი ვიყავით და დღეს სამი ცოცხალი აღარაა: დონარა ცხადიაშვილი, თინა ბირკაძე, ზაირა გელაშვილი. ჩვენ ერთად შევხვდით იმ ღამეს. ხალხისგან ყოველთვის ვგრძნობ საოცარ სითბოს. არის ცალკეული შემთხვევები, როცა ვინმეს ხმამაღალი მუსიკა აღიზიანებს, მაგრამ ძირითადად ძალიან ტკბილად მხვდებიან, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ცხრა აპრილიდან ვახსოვარ, მერე ვცდილობ, რომ სიმღერა არ დავამახინჯო და ისე შევასრულო, როგორც ქართულ სიმღერას ეკადრება, მასში მთელ გულსა და სულს ვდებ. თუმცა, ამ ბოლო დროს ძალიან გამიჭირდა, სპაზმი მაქვს ხოლმე და ხანდახან შუა სიმღერის დროს ვჩერდები. მეტრომ საკმაოდ დამიზიანა ხმა. 28 წელია, ეს ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. 1992 წლამდე საგუნდო კაპელის მომღერალი ვიყავი. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ქუჩაში აღმოვჩნდით. ცხრა აპრილს უფლის ნებით აღმოვჩნდი იქ და უდიდესი ბედნიერება იყო, თუ ჩემი სიმღერით ადამიანებს ვამხნევებდი. სხვანაირად ოთხი ღამე ვერ გავძლებდით. სამი ღამის გათენების შემდეგ გადავწყვიტეთ, დაგვესვენა, მაგრამ როცა ტანკები გამოჩნდა, არცერთ ჩვენგანს არ გვიფიქრია უკან დახევაზე და გადავწყვიტეთ, ბოლომდე ჩვენი ხალხის გვერდით ვყოფილიყავით. მგონია, რომ ეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა და არ ნიშნავს, რომ მე განსაკუთრებული ადამიანი ვარ.