№34 როგორ გაიხსნა მსხვილი საიუველირო საქმე ბინის ქურდობის შედეგად
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ძვირფასი ნადავლი
1971 წლის 1 მაისს თბილისის არასაუწყებო დაცვის სამმართველოს ცენტრალურ პულტზე განგაშის წითელი ნათურა აციმციმდა. დაცვის თანამშრომლები და მილიციის ოპერატიული ჯგუფი მყისიერად გაემართნენ ვაკეში, ერთ-ერთ, ეგრეთ წოდებულ, „სტალინურ სახლში“ და პროფესორ ჯაფარიძის ბინაში ცნობილი „დომუშნიკი“ (ბინის ქურდი) სანდრო კავთელაძე, მეტსახელად, „დუბარა“ დააკავეს. პროფესორი ჯაფარიძე საიდუმლო პროექტებზე მუშაობდა და ამიტომ მის ბინაში სიგნალიზაცია იყო ჩართული. კავთელაძემ ამის შესახებ არაფერი იცოდა და პროფესორის ბინის კარი ჩვეულებრივი „ატმიჩკით“ გააღო, ცარიელ ბინაში შევიდა და ის მალევე დააკავეს. ჩხრეკისას „დუბარას“ ჯიბეში კარგად დამუშავებული ტყავისგან დამზადებული პატარა ტომარა აღმოუჩინეს, რომელიც ოქროს ნაკეთობებითა და ძვირფასი ქვებით იყო სავსე. კავთელაძემ თქვა, რომ ეს ნივთები მან სხვა ბინიდან წამოიღო, სადაც პროფესორის ბინაში შეღწევამდე იმყოფებოდა. ქურდის სიტყვები დაადასტურა თავად დაზარალებულმა პროფესორმაც, როდესაც მას ეს ნივთები უჩვენეს.
საეჭვო გარემოება
სანდრო კავთელაძის მიერ მითითებულ ბინაში 41 წლის კლარა იასონიძე ცხოვრობდა. ის მარტოხელა იყო და თბილისის ერთ-ერთ საიუველირო-საკომისიო მაღაზიის გამგედ მუშაობდა. ვაჭრობის ეს ობიექტი იმით იყო ცნობილი, რომ იქ იშვიათი ანტიკვარული საიუველირო პროდუქციით ვაჭრობდნენ, რომელსაც მოქალაქეები აბარებდნენ და ძალიან ძვირი ღირდა. მილიციამ კავთელაძისგან ამოღებული ნივთები ექსპერტს შეაფასებინა და მათმა საერთო ღირებულებამ 109 ათასი მანეთი შეადგინა. ბინის პატრონი საღამოს დაბრუნდა სახლში, რომელსაც მილიციის თანამშრომლები შორიდან უთვალთვალებდნენ. პოლკოვნიკმა სახვაძემ საეჭვოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ გაქურდულ ბინაში ასეთი ძვირფასი ნივთები აღმოჩნდა და თავის ხელქვეითებს მხოლოდ თვალთვალი დაავალა. მილიციის პოლკოვნიკის ეჭვები უფრო მეტად მას შემდეგ გაძლიერდა, როდესაც კლარა იასონიძეს დაკარგული ნივთების გამო მილიციისთვის არ მიუმართავს.
– აქ რაღაც ძალიან საეჭვო საქმე ჩანს და გამოძიებაა საჭირო, – უთხრა სახვაძემ თავის მოადგილეს და დაამატა: წესით, ყველაფერი „ჩეკისტებს“ უნდა შევატყობინოთ და მათ გამოიძიონო...
„ჩეკისტებს“ უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს ეძახდნენ. სახვაძემ „კაგებეში“ დარეკა და მაიორ ჭელიძეს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. სულ რაღაც ერთი საათის მერე მილიციიდან ეს საქმე „კაგებემ“ წაიღო გამოსაძიებლად.
უსანქციო ჩხრეკა
უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა კლარა იასონიძის პიროვნების შესწავლას მიჰყვეს ხელი, მაგრამ ხელჩასაჭიდს ვერაფერს მიაგნეს. კარგი გარეგნობის მიუხედავად, ქალი შინაბერა იყო და ქმარ-შვილი არასდროს ჰყოლია. მეზობლები და თანამშრომლები მას დადებითად ახასიათებდნენ. ქალის ერთადერთი ხინჯი საბჭოთა საზომით ის იყო, რომ იასონიძეს საყვარელი ჰყავდა, მასზე თხუთმეტი წლით უმცროსი ინგლისური ენის მასწავლებელი – ანზორ ჯაიანი. ანზორი უცოლშვილო იყო და თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მუშაობდა. მილიციიდან წამოღებულ საქმეს გივი ჭელიძე კურირებდა. ერთ-ერთ თათბირზე მან ხელმძღვანელობას უთხრა:
– ეს კლარა იასონიძე რაღაც ძალიან სუფთა ჩანს და ყველაზე მეტად სწორედ ეს მაწუხებს. ვფიქრობ, მას უფრო ღრმად უნდა ჩავწვდეთ და ამისთვის მის ბინაში არალეგალურად შეღწევა და ჩხრეკის ჩატარებაა საჭირო.
მეორე დღეს ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დარღვევებით, იმ დროს, როდესაც იასონიძე სამსახურში იმყოფებოდა, „კაგებეს“ თანამშრომლები ქალის ბინაში შევიდნენ, ინტენსიური ჩხრეკაც ჩაატარეს და სარდაფში საიდუმლო საამქრო აღმოაჩინეს, სადაც საიუველირო დაზგები, ძვირფასი ლითონები და ძვირფასი თვლები იყო შენახული. ყველაფერს ფოტოები გადაუღეს, ფირზე აღბეჭდეს, ბინა დატოვეს, ხოლო კლარა იასონიძეზე კი ტოტალური თვალთვალი დააწესეს.
საიუველირო ინდუსტრია
„კაგებეს“ მიერ კლარა იასონიძის ბინის ჩხრეკამ აშკარა გახადა, რომ „ჩეკისტებს“ სერიოზულ დანაშაულთან ჰქონდათ საქმე. მისი გახსნა კი ტექნიკის საქმე იყო, რაც „კაგებეს“ არ ეშლებოდა. ფარული თვალთვალისა და ინტენსიური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მოქმედებდა უზარმაზარი, ეგრეთ წოდებული, იატაკქვეშა საიუველირო ინდუსტრია. ის აბსოლუტურად არალეგალურ რელსებზე იდგა და კარგად დამუშავებული სქემით მოქმედებდა. ურალისა და ციმბირის ოქროსა და ძვირფასი მინერალების საბადოებზე კარგად გაწვრთნილი ადამიანები მოპოვებული ნედლეულის ნაწილს იპარავდნენ და თბილისში, იასონიძესთან გზავნიდნენ. კლარა კი ორ საუკეთესო იუველირს თავის საიდუმლო საამქროში ძვირფას სამკაულებს ამზადებინებდა. ყალბი საბუთების გამოყენებით ამ ნაკეთობებს ატიკვარებად ასაღებდა და თავის საიუველირო მაღაზიაში ყიდდა. ამ ბიზნესის შემოსავალი წლიურად 2-3 მილიონ მანეთს შეადგენდა, რაც იმ პერიოდისთვის ფანტასტიკური თანხა იყო. „კაგებემ“ მთელი ეს არალეგალური სისტემა 45 დღეში დაამუშავა, კარგად შემუშავებული ოპერაცია ჩაატარა და საბრალდებო სკამზე 27 ადამიანი დასვა. სასამართლომ კლარა იასონიძეს 15 წელი პატიმრობა მიუსაჯა და მხოლოდ იმიტომ არ დახვრიტეს, რომ ქალი იყო. საიუველირო მაფიის დანარჩენმა წევრებმაც ხანგრძლივი „სროკები“ მიიღეს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კლარას საყვარელმა, ინგლისურის მასწავლებელმა ქალს 200 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასი თვლები მოჰპარა, საზღვარგარეთ გაიპარა იქ ბიზნესის აწყობა მოახერხა...