№34 რა ინტრიგა მოაწყვეს მეფის თვითმპყრობელობის მოწინააღმდეგე აზნაურებმა დავით კურაპალატსა და ბაგრატ მესამეს შორის
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
აფხაზთა მეფე ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონის მიერ ქართლის თავნება აზნაურების დამარცხება საკმარისი არ იყო მეფის ხელისუფლების განმტკიცებისთვის ქართლში. „იყო მას ჟამსა ერის-თავად კლდე-კართა რატი, და ჰქონდა ციხე ატენისა და ქართლისაგან მტკუარსა სამხრით-კერძო ყოველი-ვე, თრიალეთი, მანგლის-ხევი და სკვირეთი; არა მორჩილობდა კეთილად ბაგრატ მეფესა“.
მეფე ბაგრატი არ აპირებდა, შეგუებოდა ერისთავის განდგომას: „შეკრიბა უცნაურად სპა თვისი ყოველი ბაგრატ მეფემან და გამოვიდა ქართლს: ენება შეპყრობა რატი ერის-თავისა“.
ქვეყნის ერთიანობის მტრებმა, რომლებსაც ხელს არ აძლევდათ მეფე ბაგრატის გაძლიერება, რადგან თავის საფეოდალოში, რომელიც მეფეების მიერ ჰქონდათ ჩაბარებული, უკონტროლოდ ვეღარ იპარპაშებდნენ, – გადაწყვიტეს ისეთი დარტყმა მიეყენებინათ მეფე ბაგრატისთვის, რომელიც მის ხელისუფლებას ძირს გამოუთხრიდა. ვერაგული გეგმა მოიფიქრეს და ეახლნენ ბაგრატის გამზრდელ დავით კურაპალატს და მისი მოტყუება სცადეს, თითქოს შვილობილ ბაგრატს გადაეწყვიტოს დავით ბაგრატიონის წინააღმდეგ გალაშქრება და მისი მოკვლა: „მაშინ უკუე აუწყეს მსწრაფლ დავით კურაპალატსა და უთხრეს ესრე სახედ: „არა სადა წარვალს სხუაგან, არამედ განმზადებულ არს სიკუდილად შენდა“.
როგორც ჩანს, ბაგრატ მესამის მამას, გურგენსაც არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია და დააჯერეს, თითქოს მისი ვაჟი, დავით კურაპალატის წინააღმდეგ გალაშქრებას აპირებდა. რა თქმა უნდა, შვილის ერთგული მამა, გულგრილად ვერ შეხვდებოდა ასეთ ინფორმაციას, სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი ძის საშველად. „და შეკაზმულ იყო გურგენ, მამა ბაგრატისი, მისლვად შვილისა თვისისა თანა“.
რა თქმა უნდა, ბაგრატ მესამეს არ ექნებოდა განზრახვა თავისი მამობილის წინააღმდეგ გალაშქრებისა, რადგან, მისი ჯერ ქართლში გაერისთავება, მერე კახთა ტყვეობიდან გამოხსნა და მერე აფხაზეთში გამეფება დავით კურაპალატის ნებითა და სამხედრო ძალის მეშვეობით მოხდა. მორალური თვალსაზრისით ეს ღალატი და ავკაცობა იქნებოდა. გარდა ამისა, პრაგმატული თვალსაზრისითაც – გაუმართლებელი, რადგან დავით კურაპალატის მომრევი იმ პერიოდში კავკასიაში არც ერთი ხელმწიფე არ იყო. ამასთან, თუ დავით კურაპალატის წინააღმდეგ უნდოდა გალაშქრება ბაგრატ მესამეს, დაიძვრებოდა ტაოსკენ და არა ქართლისკენ.
დავით კურაპალატი ფრთხილი ადამიანი იყო. შეიძლება, მთლად არ დაიჯერა მისთვის მიტანილი ამბავი, მაგრამ, ჯარი მაინც შეკრიბა და მოკავშირეებთანაც გაგზავნა ხალხი და ჯარით დახმარება მოითხოვა. მაშინ სომეხი მეფე-მთავრები, ფაქტობრივად, მისი ვასალები იყვნენ. „ხოლო დავით კურაპალატი წარმოვიდა მსწრაფლ, მოუწოდა ლაშქარსა თვისსა და უხმმო ყოველთა მეფეთა სომხითისათა“.
ბაგრატ მეფის წინააღმდეგ შეთქმულებს, ბაგრატსა და მის გამზრდელ დავით კურაპალატს შორის მტრობის ჩამოგდების მსურველებს კარგად უმუშავიათ და ეჭვი ბაგრატის პაპის, ბაგრატ მეორე ქართველთა მეფისთვისაც გაუჩენიათ – შენი შვილი, გურგენი, შენთვის მეფობის წართმევას ცდილობსო. „მაშინ ჯერეთ ცოცხალ იყო პაპა ბაგრატისი, ბაგრატ ქართველთა მეფე; იგი-ცა მოვიდა დავით კურაპალატისა წინაშე, რამეთუ ეშინოდა ძისა თვისისა გურგენისგან წაღებასა მეფობისასა“.
დავით კურაპალატისა და მისი მოკავშირეების ჯარი დაიძრა. „მოვიდეს და დადგეს დლივს სპითა დიდითა, რომელთა არა იყო რიცხვი“. გაუგებრობა ვერ აიცილეს თავიდან და დავით კურაპალატისა და გურგენ უფლისწულის ჯარებს შორის შეტაკება მოხდა. „და გაგზავნნა ლაშქარნი გურგენს ზედა. მიეგებნეს წინა გურგენს, და შეიბნეს გარდათხრილთა, თავსა შავშეთისასა“. დამარცხდა გურგენ უფლისწული, „გააქციეს გურგენ, და შთაიხუეწა მეოტი, და შევიდა ციხესა წეფთისასა“.
ამასობაში ბაგრატ აფხაზთა მეფე თრიალეთში შევიდა თავისი ჯარით. ალბათ, მიიღო ინფორმაცია მამამისისა და დავით კურაპალატის ჯარებს შორის შებრძოლებისა და მამამისის დამარცხების შესახებ. ბაგრატ მეფე არჩევნის წინაშე დადგა, შებრძოლებოდა დავით კურაპალატს თუ აეხსნა მისთვის საქმის ნამდვილი ვითარების შესახებ. რადგან მამამისს შეებრძოლა დავით კურაპალატი, მაშასადამე, მისი გამზრდელი ძალიან გაბრაზებული იყო, დარწმუნებული ჰყავდათ იგი ბაგრატის მტრებს, შვილობილმა გიღალატაო. „მას ჟამსა მოსრულ იყო ბაგრატ თრიალეთს; დადგა კარუშეთს. გაგზავნა მოციქული, განახნა ლაშქარნი და იხილა, რომელ ძალითა არა ეგებოდა წინა-აღდგომა დავით კურაპალატისა“. ბაგრატმა მაინც რისკიანი, ბრძნული და კეთილშობილური გზა აირჩია, მარტო ეახლა მამობილს ვითარების ასახსნელად. ნაბიჯი კეთილშობილური და რისკიანი იყო, იმიტომ რომ, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. მაგრამ მაინც, „დაუტევნა სპანი თვისნი ადგილსა ზედა, და თვით მარტო მივიდა წინაშე მისსა; ითხოვა შენდობა და აუწყა, ვითარმედ: „სხვისა არა რომლისათვის მოვედ, გარნა არა მორჩილებისათვის რატისა“.
მართლაც, ბაგრატის მიერ ჯარის შეკრების მიზანი იყო რატი ერისთავის დამორჩილება. რატომ უნდა მოენდომებინა მას მამობილთან შებრძოლება? დავით კურაპალატის მემკვიდრე ისედაც თვითონ გახლდათ. პაპამისის, ბაგრატ მეორე ქართველთა მეფის მემკვიდრეობაც ისედაც მისი იყო მამის, გურგენის მერე. ორივე ხელმწიფე, დავით მესამე და ბაგრატ მეორე მისი ხელისუფლების გარანტორნი იყვნენ ისედაც, მისი დამხმარეები.
ძალიან გონიერი და კეთილშობილი ადამიანი იყო დავით მესამე კურაპალატი. რა თქმა უნდა, დავით დიდმა დაუჯერა საყვარელ შვილობილს და ისევ მისი ხელისუფლების განმტკიცებისათვის თანხმობა განაცხადა. უკან გააგზავნა თავის ლაშქართან დავით მეფემ ბაგრატ მეფე: „ხოლო მან გაგზავნა და უბრძანა ესრეთ: „მითხრეს რომელ სიკუდილად ჩემდა გამოსრულ იყავ, გარნა აწ ვსცან დასტური, რომელ უბრალო ხარ. არამედ მითავისუფლებიხარ რატის ზედა: დაიმორჩილე ვითა-ცა სახედ გწადიან“.
გაუგებრობა შვილობილსა და გამზრდელს შორის დასრულდა. ყველაფერი გაირკვა. ყველაფერი დალაგდა. ქვეყნის ერთიანობისა და მეფის თვითმპყრობელობის მოწინააღმდეგე დიდებულები დამარცხდნენ როგორც მორალურად, ისე პოლიტიკურად. საქართველოს გაერთიანების საქმე ვერ ჩაშალეს, ვერ გადაამტერეს ერთმანეთს დავით მესამე დიდი კურაპალატი და ბაგრატ მესამე.
მამობილთან შეხვედრის მერე ბაგრატ მეფე „წარმოვიდა სიხარულითა სავსე, და წარვიდა მას ჟამსა აფხაზეთად-ვე, რათა ვერ უგრძნას რატი და უგრძნეულად მივიდეს ოდეს არა გონებდეს“. ახლა მან გადაწყვიტა, ხერხი ეხმარა რატის ადვილად დასამარცხებლად.