№34 მდგმურმა ქმარი წამართვა, ოჯახი დამინგრია და ქუჩაში დამტოვა
წლების განმავლობაში ნაშენები ერთ წამში ჩამომენგრა თავზე. მართალია, რომ ამბობენ, ცხოვრება სასტიკი და დაუნდობელია, ერთ შეცდომასაც არ გპატიობსო. სწორედაც, შეცდომაა, რაც მე დამემართა. თუმცა, სულ ჩემი ბრალიც არაა. არ უნდა ენდო კეკლუც ადამიანს. ხელს გაუწვდი, დაეხმარები და ისე დაგიგებს მახეს, აზრზეც ვერ მოხვალ. საკუთარ სახლში ვცხოვრობდი ქმართან და შვილებთან ერთად. მართალია, სახლი ჩემი ქმრისაა, მაგრამ რაც გავთხოვდი და იქ ფეხი შევდგი, მას მერე სულ მის კეთილმოწყობა-შენება-დაშენებაში ვარ. ჩემს ქმარს სამსახურის გამო არ ეცალა და თავად მომყავდა ხელოსნები, თავზე ვედექი და ეზო-კარიანად რომ მოვაწყვე, მერე დავრჩი ქუჩაში ცარიელ-ტარიელი. მოკლედ, პირველ სართულს, ფაქტობრივად, არ ვიყენებდი და გადავწყვიტე, ვიხეირებ, გავაქირავებ და ორ კაპიკს შევმატებ ოჯახის ბიუჯეტს-მეთქი. გავაწყვე ავეჯით და მდგმური ავიყვანე. პირველად რომ ვნახე, საკმაოდ თავმდაბალი გოგონა ჩანდა, კულტურულის და ოჯახში გაზრდილის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჩემმა ქმარმა პირველივე ნახვისას მითხრა, ისეთი თვალები აქვს, კარგად დააკვირდი, არ შეცდეო. გამეცინა და ვუთხარი: სტუდენტი გოგონაა, რაიონიდან მარტოა დედაქალაქში ჩამოსული და თვალების გამოხედვიდან ნეტავ რას ამჩნევ-მეთქი. აი, აქ მოვტყუვდი. თვალებია, სწორედ, ადამიანის სარკე. მოკლედ, რომ დაბინავდა, პირველი თვეები ჩუმად შედი-გადიოდა. რამდენჯერაც ყავაზე დავპატიჟე, მეცადინეობა მოიმიზეზა და არ ამოვიდა. საკმაოდ თბილად ვექცეოდი, მაგრამ მისგან ვგრძნობდი, თავს შორს იჭერდა. თურმე, ჩემს ქმარს დაადგა თვალი და ჩემთან სიახლოვე რაში სჭირდებოდა? დაიწყო გამომწვევად ჩაცმა და ეზოში ისეთი გამოპრანჭლი დადიოდა, იფიქრებდი, თეატრში მიდისო. მოკლედ, იმდენი იპრანჭა და იკეკლუცა, სანამ ჩემი ქმრის ყურადღება არ მიიქცია. ბავშვები ბებია-ბაბუასთან რომ წავიყვანე დასასვენებლად, თურმე, ჩემი ქმარი შეჰყავდა ოთახში, ყავითა და ტკბილეულით უმასპინძლდებოდა და ისე აურია გონება, სანამ თავი არ შეაყვარა. არ ვიცი, რა გაუკეთა ასეთი. შემიძლია, დავიფიცო, რომ ჩემი ქმრისგან არც სიყვარულის ნაკლებობა მიგრძნია, არც უპატივცემულობა და არც უყურადღებობა. მართლა სანაქებო ქმარი და მამა იყო. თუმცა იმ გოგომ ისე მოხიბლა და გადაიყვანა ჭკუიდან, ურთიერთობა გაგვიფუჭდა. მინდოდა, გამეშვა, მაგრამ ჩემი ქმარი წავიდა წინააღმდეგი. მითხრა: გეჩვენება, არაფერი არ ხდება, უბრალოდ, რომ არ იყავი, რამდენიმეჯერ შემიპატიჟა ცივ საზამთროზე და ყავაზე, უარი ვერ ვუთხარიო. ერთმანეთს ავყევით და ვიჩხუბეთ. გაბუტულებიც ვიყავით, მაგრამ მივხვდი, ეს ჩემს ქმარს სულ არ ანაღვლებდა. იმის დანახვისას, სულ სხვანაირი ხდებოდა, თვალები უბრჭყვინავდა, ტკბებოდა და დნებოდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისე დაიძაბა სიტუაცია, მე საერთოდ აღარ მიყურებდა ზედ და არც ერიდებოდა, ისე შედიოდა მდგმურთან დილა-საღამოს ოთახში. ის ქალბატონიც, თუ სახლში არ ვიყავი, ამოდიოდა და ტკბილად ჭუკჭუკებდნენ. მე რომ დამინახავდა, ცხვირს აიბზუებდა და ჩადიოდა თავის ოთახში. თუმცა, ქირის ფულს არასოდეს მიგვიანებდა და თურმე, ბოლოს, მასაც ჩემი ქმარი აძლევდა და მერე მას ჩემთან მოჰქონდა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე და ყველაფერი რომ გავარკვიე, ვეღარ გავუძელი. მივხვდი, მის მიმართ გრძნობა ჰქონდა და ცოლ-შვილი აღარ აინტერესებდა. იქ ვეღარ გავჩერდებოდი, მეზობლად ვიქირავე ოთახი და გადავედი. ბავშვებსაც რომ ჩამოვიყვან, იქ მივიყვან. ქმრის სახლში ფეხის მიმდგმელი არ ვარ. შორიდან ვუყურებ, ჩემს ნაწვალებში, როგორ ადი-ჩადის კიბეზე ჩემი მდგმური და ზედაც არ მიყურებს. კიდევ იმედი მაქვს, ჩემი ქმარი მოვა აზრზე და მიხვდება, რომ შეცდომას უშვებს. თუმცა, როგორ ვაპატიებ ამ ყველაფერს, ჯერ არ ვიცი.
ნატო, 37 წლის.