№34 რა სისტემა დაანგრია ბერიამ საქართველოში, რაც მოგვიანებით შევარდნაძემ გაიმეორა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ხრუშჩოვის, ამ ბოროტი ადამიანის მტრობა ლავრენტი ბერიას მიმართ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც ბერიას წარმატებებით აღფრთოვანებულმა სტალინმა მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი თბილისში გამოგზავნა გამოცდილების გასაზიარებლად და მოსკოვში განსახორციელებლად... სხვათა შორის, უდავო ფაქტია, რომ მოსკოვში დანერგილი უამრავი ინოვაციის 85 პროცენტი ხრუშჩოვმა და მისმა გუნდმა სწორედ თბილისიდან და საქართველოდან გადაიღეს, სადაც ლავრენტი ბერია შემოქმედებითად იღვწოდა. ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც ხრუშჩოვი თბილისში ჩამოვიდა, ის აღფრთოვანებული იყო ქალაქში არსებული სისუფთავით, წესრიგითა და ახალმშენებლობებით. ნიკიტას ძალიან მოეწონა ქალაქის ცენტრში განლაგებული კაფეები, სასადილოები და რესტორნები, სადაც უახლესი პროდუქტებისგან დამზადებული უგემრიელესი კერძები იყიდებოდა და საკმაოდ იაფად. ხოლო მრავალფეროვანი ალკოჰოლური სასმელების სიუხვემ ხრუშჩოვი ჭკუიდან გადაიყვანა და მთავრობის წარმომადგენლისთვის კი არა ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქისთვის შემარცხვენელი ამბავი დაემართა... „პერესტროიკის“ დროს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ვიაჩესლავ მოლოტოვმა ვრცელი ინტერვიუ მისცა საკავშირო ტელევიზიას, სადაც ხრუშჩოვზეც იყო საუბარი: „ხრუშჩოვს ერთი თანაშემწე ჰყავდა, ვინმე ვიტალი სომოვი. ეს ბიჭი მისი მცველის მოვალეობასაც ასრულებდა და სწორედ იმისგან ვიცი ეს ისტორია. მოკლედ, თბილისში ჩასული ხრუშჩოვი რუსთაველის გამზირზე დადიოდა და ყველაფერს ხარბად ათვალიერებდა. ბერია მას თან არ ახლდა, რადგან უამრავი საქმე ჰქონდა და გიდად თავისი თანაშემწე, კოტე ფაღავა გააყოლა. ხრუშჩოვს სომოვისთვის უთქვამს: მოდი, ამ ბიჭს (ფაღავას) გავეპაროთო. ერთი სიტყვით, ალკოჰოლის მოყვარულმა ნიკიტამ ამდენი სასმელი რომ დაინახა, ცდუნებას ვერ გაუძლო, დალევა მოუნდა და გიდს ამიტომაც გაეპარა. შემდეგ ხრუშჩოვ-სომოვის წყვილი ერთ-ერთ რესტორანში შესულან. ნიკიტა, როგორც იტყიან, ღორივით გამოთვრა და სკანდალი ატეხა. ეს ინციდენტი ბერიამ მოაგვარა, თუმცა მრავალი წლის მერე, როდესაც უკვე ქვეყნის მეთაურს, ხრუშჩოვს, თბილისში ფიდელ კასტრო ჰყავდა ჩამოყვანილი, ნიკიტა კვლავ გამოთვრა და ახლა სკანდალის განეიტრალება უკვე ვასილ მჟავანაძეს მოუხდა...“
ოდნავ გადავუხვიე თემას, მაგრამ აშკარაა, რომ თბილისში ვიზიტის მერე ხრუშჩოვს ბერიას მიმართ განსაკუთრებული სიძულვილი გაუჩნდა... ბერია კი საქართველოს აყვავებას განაგრძობდა. მან კოლმეურნეებს ასეთი სქემა შესთავაზა: თუკი გლეხი გეგმის ზემოთ დამატებით პროდუქციას მოიყვანდა ან პირუტყვსა და ფრინველს გაზრდიდა, ყველაფერი მისი იყო. ბერიამ სწორი კურსი აიღო, რამაც გაამართლა და აი, სწორედ, ამიტომ ცხოვრობდა საქართველოში მშრომელი ადამიანი მდიდრულად. მოგვიანებით, სამოცდაათიან წლებში, უკვე ედუარდ შევარდნაძემ გაიმეორა ეს მეთოდი საქართველოში და საკმაოდ წარმატებულადაც.
ერთი სიტყვით, ბერია (რომ არაფერი ვთქვათ სტალინზე) იდეალური მმართველი იყო, ზედგამოჭრილი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა და რომ არა შოვინისტი და შურიანი მოხელეების შეთქმულება, მოდერნიზებული, დემოკრატიული და ძლიერი საბჭოეთი დღესაც იქნებოდა.“