№34 რა პოლიტიკური სპექტაკლი დაუდგა სტალინმა ამერიკელებს
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

იოსებ სტალინის პოლიტიკური კომბინაციის მიზანი იყო: პირველი – საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წარმოებული სანქციების შერბილება, რადგან მათი ბოლომდე მოხსნა გამორიცხული იყო და მეორე – შეერთებული შტატებისა და დასავლური სამყაროს გამოყენება საბჭოეთის სამხედრო კუთხით გასაძლიერებლად. ასეთი რამ, ერთი შეხედვით, სრულ აბსურდად მოგეჩვენებოდათ, რადგან დასავლური სანქციები, სწორედ, საბჭოეთის სამხედრო წინსვლის დასასუსტებლად იყო შემოღებული. სტალინმა კი, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო და აი, როგორ. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „სტალინისა და მაოს ურთიერთობა სინამდვილეში, დიდოსტატისა და შეგირდის ურთიერთობა იყო, რომლის დროსაც შეგირდი ოსტატს მამას უწოდებდა, თუმცა, საბჭოთა ბელადი იმისთვისაც იყო მზად, რომ ხელსაყრელ მომენტში შეგირდი მას ყველში სწვდებოდა, ტახტიდან ჩამოაგდებდა და მის ადგილს დაიკავებდა. სტალინი რის სტალინი იქნებოდა, რომ ეს გამოპარვოდა. ის (სტალინი), რა თქმა უნდა, არ ენდობოდა მაოს და მე ხშირად მიმეორებდა: „მაო ბოლოკია – გარედან წითელია, შიგნით კი – თეთრი და თანაც ძალიან მწარე. თუ შეცდები და შეჭამ, შეჭმული თავად დარჩები“. ერთი სიტყვით, სტალინი მაოს ოსტატურად იყენებდა და როდესაც ატომური ტექნოლოგიების გადაცემაზე უარი უთხრა და გაისტუმრა, იქ დაებადა იდეა, რომ ეს მომენტი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოეყენებინა. სტალინის ბრძანებით, „გაჟონა ინფორმაციამ“, რომ თითქოს საბჭოეთი ჩინეთისთვის ატომური ტექნოლოგიების გადაცემას აპირებდა და ამის გაკეთება ფარულად უნდოდა, ისე, რომ ფაქტის წინაშე დააყენებდა დასავლეთს. ამან კარგად იმუშავა და ამერიკელები ფარულად თავადვე დაგვიკავშირდნენ ავრიელ ჰარიმანის მეშვეობით და გვითხრეს, რომ თუკი ატომური ტექნოლოგიების გავრცელებაზე უარს ვიტყოდით, მაშინ ისინი მართალია, ფარულად, მაგრამ მნიშვნელოვანწილად დაგვეხმარებოდნენ ომის შემდგომ დანგრეული ეკონომიკის აღდგენაში და სავალუტო ფონდსაც გამოგვიყოფდნენ, რა თქმა უნდა, ასევე ფარულად. სტალინმა „ყოყმანის“ მერე თანხმობა განუცხადა ტრუმენის საიდუმლო ემისრებს. მაო კი მოსკოვში დაიბარა ფარულად, უთხრა, რომ მომავალ პოლიტიკურ თამაშში განაწყენებულის როლი ეთამაშა და ამერიკული ფარული ინვესტიციებიდან გარკვეულ წილს შეჰპირდა. მაომ შესანიშნავად მოირგო სტალინის მიერ მისთვის მინიჭებული როლი და „ვიწრო წრეში“ საბჭოთა ბელადის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა ატომური ტექნოლოგიების გადაცემაზე უარის თქმის გამო. ამან ასი პროცენტით იმუშავა. ამერიკელებმა ფარული სახსრები გამოუშვეს და ეს საკმაოდ დიდი ფული იყო. ამერიკული ფულის 80 პროცენტი საბჭოთა სარაკეტო ტექნოლოგიების განვითარებას მოხმარდა, ხოლო 20 პროცენტი კი – ჩინელებისთვის საკვები პროდუქტების შეძენას. ამერიკას კარგა ხნის განმავლობაში წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ საბჭოთა სარაკეტო სისტემა მათი ფულით შევქმენით...“
ვერაფერს იტყვი, როგორც მოლოტოვის მონაყოლს არ გაუვა წყალი, ასევე აშკარაა, რომ იოსებ სტალინის მრავალმხრივი გენია სრული დატვირთვით მუშაობდა ამ დიდი ქვეყნის აღორძინებაზე, რომელსაც საბჭოთა კავშირი ეწოდებოდა.“