№34 როგორ ვუმკურნალოთ ჭარბოფლიანობას
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
სიცხეში, სტრესის ან ფიზიკური დატვირთვის დროს ოფლის გამოყოფა სრულიად ნორმალურია და უმრავლესობა ამ პრობლემას მარტივად უმკლავდება დეზოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების საშუალებით. მაგრამ ზოგისთვის ეს საკმარისი არ არის, ხშირად ოფლიანობა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებითაც არ არის გამოწვეული და ჩვეულებრივ პირობებშიც შეიძლება აწუხებდეთ. ასეთ ჭარბოფლიანობას ჰიპერჰიდროზს უწოდებენ. ყველაზე ხშირად გვხდება იღლიების, ხელისა და ფეხის გულების ჰიპერჰიდროზი, რადგან ამ მონაკვეთებში საოფლე ჯირკვლების ყველაზე დიდი კონცენტრაცია აღინიშნება.
პირველადი ჰიპერჰიდროზი – ეს თანდაყოლილი თვისებაა. მას ასევე იდიოპათიურ ჰიპერჰიდროზს უწოდებენ, რაც ნიშნავს, რომ ის გაურკვეველი მიზეზით არის გამოწვეული. თანამედროვე მედიცინას ჯერ კიდევ ვერ დაუდგენია, თუ რატომ ხდება ასეთი დარღვევა საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირებაში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მსგავსი დარღვევები თავს იჩენენ მცირე ასაკში ან მოზარდობის პერიოდში და ხშირ შემთხვევაში ლოკალური ხასიათისაა: იღლიებში, ხელისა და ფეხის გულებზე.
მეორადი – ამ ტიპის ჰიპერჰიდროზი ხშირად სხვადასხვა მედიკამენტური პრეპარატის მიღებით ან რიგი ფიზიოლოგიური მდგომარეობით და დაავადებებით (მათ შორის ჰორმონალური) არის გამოწვეული. ჭარბოფლიანობის მიზეზი შეიძლება იყოს ორსულობა, მენოპაუზა, პოდაგრა, რევმატული ართრიტი, სხვადასხვა სიმსივნეები, ალკოჰოლიზმი, დიაბეტი, ჰიპერთირეოზი, ჭარბი წონა. ჰიპერჰიდროზი ნებისმიერი ფორმით უვნებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ ის იწვევს მორალურ ზიანს, რადგან უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე.
რიგ შემთხვევებში თავად ეს სისტემა არ მუშაობს გამართულად. მაგალითად: ზოგიერთი ადამიანის საოფლე ჯირკვლები ადრენალინის მიმართ მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა და სულ მცირე სტრესის ან ნერვიულობის დროს დაუყოვნებლივ გამოყოფენ ოფლს. ან შეიძლება, საოფლე ჯირკვლებს საერთოდ არ შეუძლია დახურვა და ოფლიანობა ნებისმიერ სიტუაციაში, გრილ გარემოშიც კი ნორმალურზე მეტია. პროფილაქტიკა იგივეა რაც სიცხეში ნებისმიერი ადამიანის ოფლიანობისთვის.
ჭარბოფლიანობის პროვოცირება რომ არ მოხდეს გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:
* ჩაიცვით თავისუფალი სამოსი ბუნებრივი ნაჭრებისგან (ბამბა, ტილო) განსაკუთრებით ცხელ ამინდში;
* ნებისმიერი დახურული ფეხსაცმლის შიგნით აუცილებელია წინდები;
* ანტიპერსპირანტების გამოყენება, დეზოდორანტებისგან განსხვავებით არა მხოლოდ არასასიამოვნო სუნისგან გაგათავისუფლებთ, არამედ ოფლიანობასაც შეამცირებს;
* ხშირი შხაპი და სველი ხელსახოცების გამოყენება;
* სტრესული სიტუაციების შემცირება;
* კვებითი ჩვევების კორექტირება, კერძოდ, ალკოჰოლისა და ცხარე საკვების ამოღება;
* სამკურნალო პრეპარატების ანალიზი და თუ გვერდით მოვლენებში ჭარბოფლიანობა აღინიშნება, ექიმთან ერთად მათ ნაცვლად ალტერნატიული პრეპარატების შერჩევა;
* დღეში ორჯერ დაიბანეთ იღლია, საზარდული და ფეხები, რის შემდეგაც ისინი გულდასმით შეიმშრალეთ;
* რეგულარულად გაიპარსეთ იღლია;
* ატარეთ ანტიბაქტერიული სპორტული წინდები;
* არ ჭამოთ მძაფრი სუნის მქონე და ცხარე საჭმელი;
* არ დალიოთ ბევრი ყავა და ალკოჰოლი.
ჰიპერჰიდროზთან ბრძოლისთვის უფრო ძლიერი მეთოდებიც არსებობს – კოსმეტოლოგიური და სამედიცინო მანიპულაციები. ხდება ქირურგიული ჩარევაც, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ ყველა დანარჩენი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.