№34 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ბოლო დროს უფრო გახშირდა ინფორმაცია ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. როგორ უყურებს მართლმადიდებელი ეკლესია ამ ქმედებას?
პასუხი: ეს იმდენად დიდი ცოდვაა, რომ ამის გამო ბიბლიური ქალაქები – სოდომი და გომორი – ღმერთმა საშინელი სასჯელით დასაჯა. ამ უზარმაზარ ქალაქებში გაუკუღმართებული სქესობრივი ცხოვრებით იყვნენ აღრეულნი, ამიტომ ზეციდან გოგირდის ცეცხლი დაეშვა და ყველაფერი შთანთქა. ახლა ამ ტერიტორიაზე მკვდარი ზღვაა. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტად მონანიე ადამიანს კაცთმოყვარე უფალი ამ ცოდვასაც კი შეუნდობს. უფალი ყოველთვის აძლევს ნებისმიერი სიმძიმის ცოდვით შეპყრობილ ადამიანს მონანიების საშუალებას. ჭეშმარიტი სინანულის, მორჩილების, ლოცვისა და ეპიტიმიის (ეკლესიური სასჯელი) შემდეგ, ადამიანს ეს ცოდვა მიეტევება, თუკი, რა თქმა უნდა, ამ ცოდვას აღარ დაუბრუნდება და ეკლესიურად იცხოვრებს.
კითხვა: ჩემი ოჯახის წევრს რამდენიმე საქმეში ხელი მოეცარა და სასოწარკვეთას მიეცა. ამბობს: ღმერთს არ ვუყვარვარ, რადგან არ მეხმარებაო. ვცდილობ, ავუხსნა, რომ ეს არასწორი შეხედულებაა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. როგორ მოვიქცე?
პასუხი: უფლის ყველაზე დიდი საჩუქარი – სიცოცხლე – თქვენი ოჯახის წევრს უკვე ებოძა. ადამიანი უნდა იყოს მადლიერი იმისთვის, რომ მას მიეცა სიცოცხლე, არის ჯანმრთელი და შეუძლია, საკუთარი ხელით სარჩო მოიძიოს. მიმოიხედოს გარშემო, რამდენი ადამიანია, ვისაც არ აქვს ხელი, ფეხი, თვალის ჩინი, მაგრამ ღმერთს მაინც მადლობას სწირავს. გამოსავალი ღვთის გმობა კი არაა, არამედ მან უნდა შეიყვაროს უფალი და რწმენით შეევედროს მას. სახარებაში ნათქვამი: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ – ნიშნავს, რომ რწმენით ევედროთ და მიიღებთ, რასაც ითხოვთ.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მას მოწყალების გაღებას კი არ სთხოვენ, არამედ აიძულებენ, რომ ეს გააკეთოს?
პასუხი: მოწყალება ნებაყოფლობითია და ძალდატანებით ის თავის შინაარსს კარგავს. მოწყალების მიმღებიც და გამცემიც თავიანთ სინდისთან უნდა იყვნენ მართლები. ვინც გასცემს, იმდენი უნდა გაიღოს, რაც შეუძლია და იცოდეს, რომ უფალი ხედავს მის გულს. ხოლო მიმღებმა მოწყალება მადლიერებით უნდა მიიღოს, რამდენიც უნდა იყოს ის. თუ მოწყალება ამგვარ ზნეობრივ ჩარჩოებს გასცილდება, მაშინ მას აღარა აქვს ქრისტიანული სახე.
კითხვა: რას ნიშნავს „სასიკვდინე ცოდვა“?
პასუხი: საეკლესიო სწავლების მიხედვით, „სასიკვდინეა ცოდვა“, რომელსაც ჩავდივართ ნათლობის შემდეგ, ზრდასრულ ასაკში, ჩვენივე სურვილით, უფლის მცნებების საპირისპიროდ და მოყვასის საწინააღმდეგოდ. „სასიკვდინედ“ იმიტომ ითვლება, რომ გვაკარგვინებს ზეციურ სასუფეველს და ამით მარადიულ სიკვდილს გვარგუნებს.