№34 წყენა უდიდეს კურთხევასავით მიიღეთ
ადამიანი უნდა ხარობდეს, როცა აწყენინებენ, მაგრამ ამას განზრახ არ უნდა ეძიებდეს, რადგან ასეთ ქმედებაში სიყვარული არ არის.
***
წყენა უდიდეს კურთხევასავით მიიღეთ.
***
როცა ვინმეს აწყენინებენ, მაწყევარს კეთილმოქმედივით უნდა უყურებდეს, რადგან ის მომავალ ცხოვრებაში საუნჯეს აგროვებს. უფალმა ყოველივე უწყის. ის მომავალს ხედავს და, როგორც კეთილ მამას, სურს, ადამიანი მასთან ერთად იყოს სასუფეველში. ის თითოეულს იმას უგზავნის, რაც სასუფევლის მიღწევაში დაეხმარება. შესაძლოა, ეს იყოს განსაცდელი ან რაიმე სხვა. ოღონდ ადამიანი ამას უნდა მიხვდეს და არ განაწყენდეს. სხვაგვარად ის ჯილდოს ნაწილს კარგავს.
***
ვიღაცამ ბერს ჰკითხა, თუ რატომ უგზავნის ღმერთი ზოგიერთ ადამიანს მრავალ განსაცდელს, მაშინ, როცა სხვებს – არა. ამას ბევრი უჩივის. მამა პაისიმ მიუგო: „ღმერთს ეს ცხოვრება კი არ აინტერესებს, არამედ – სხვა. უფალი სამართლიანია. ბუნებრვია, ადამიანური სამართლიანობაც არსებობს. შეიკრიბება სამი ცრუმორწმუნე და ვინმეს ბრალს სდებენ. მსაჯული კი ვალდებულია, ის დასაჯოს. შესაძლოა, მოგვიანებით გამოჩნდნენ სხვა მოწმეები, რომლებიც სიმართლეს იტყვიან და მას გაამართლებენ. რა ვთქვათ? ბედკრული ადამიანები. მაგრამ არსებობს ღვთის სამართლიანობა, რომელიც არ ცდება. ბედნიერია, ვინც სხვა ცხოვრებაში გამართლდება“.
***
ბევრი ერისკაცი არ ელოდება სამართლიანობას მეორე ცხოვრებაში და შფოთავს იმ უსამართლობათა და განსაცდელთა გამო, რომლებიც ამ ცხოვრებაში შეემთხვა. მათზე ბერმა ბრძანა: „ამ ადამიანებს რწმენა უნდა განვუმტკიცოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, მათ ყველა დატანჯავს. ისინი ატროფირებული რწმენით ნებისმიერი მიზეზით აღშფოთდებიან“.
***
ზოგიერთ ადამიანს მცირე რწმენა და ცოტა ძალა აქვს სიძნელეებთან საბრძოლველად. ხშირად ერთვება დემონიც და სიძნელეებს უქმნის, რათა ეს ხალხი დაისაკუთროს, ამიტომ მათ დახმარება სჭირდებათ. მახსოვს, როცა პატარა ვიყავი და ხეზე კვეთას ვსწავლობდი, იარაღები ფეხზე დამეცა და დამაზიანა. მაშინ ვთქვი: „დასწყევლოს, ჯოჯოხეთმა წაიღოს“ და ამის მსგავსი. მეორედ არაფერი მითქვამს, მაგრამ უფრო მეტად აღვშფოთდი. შემდეგ გადავწყვიტე და ყოველ დაკაკუნებაზე ვამბობდი: „იდიდოს სახელი ყოვლადწმიდა სამებისა“ ანდა „დიდება შენდა, ღმერთო“. ამრიგად, დემონი განმეშორა, რამეთუ მის მიზანს ჩავწვდი. ვიცოდი, რომ განსაცდელები ღვთისგანაა, მაგრამ დემონი მოდის და მათ შავ ფერად წარმოგვიჩენს. სწორედ ამაშია სიძნელე.
***
როცა ვინმე ავადმყოფობს, მაშინ შეუძლია, სხვისი ტკივილის გაგება. უფალი სნეულებას გვიგზავნის, რათა ვზღოთ და საუნჯე დავაგროვოთ.
სქემმონაზონ პაისი ათონელის ცხოვრება და მოღვაწეობა