კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ უნდა სთხოვო ღმერთს სწორად და რატომ არ ესმის მას ჩვენი თხოვნები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  რატომ აყოვნებს უფალი ადამიანების თხოვნების შესრულებას ან რატომ სჭირდება თხოვნა იმას, რაც ღმერთმა ადამიანზე უკეთ იცის? – ამ თემას დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) განგვიმარტავს.
– რატომ უნდა სთხოვოს ადამიანმა უფალს იმ სურვილის შესრულება, როდესაც მან თხოვნის გარეშეც იცის, რა სურს ადამიანს? და უფრო ხშირად რატომ დუმს ხოლმე ღმერთი პასუხად?
– ხშირად ჩვენს ძახილს, ჩვენს თხოვნას არ პასუხობს ღმერთი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთმა დაგვივიწყა. ეს გამოსაცდელი პერიოდებია, რასაც აქვს თავისი მიზეზები: ან ჩვენი თხოვნა, ლოცვაა გაუმართავი, რაღაც აკლია მას, ან უფალი დროში გვცდის, როდესაც, ასევე, გამოიწრთობა ჩვენი მოთმინება და სურვილის ძალაც, თუ რამდენად ძლიერად გვინდა ამ თხოვნის ასრულება. თუ უფალი არ გვპასუხობს პირველივე თხოვნაზე და მაშინვე ვბრაზდებით, რატომ არ მისმინა ღმერთმაო, ეს ადამიანური ამბიციის, ამპარტავნების გამოხატულებაა. ამდენად, უფლის დაყოვნებაში, როდესაც ის უცებ არ გვისრულებს თხოვნას, ერთგვარი პედაგოგიური დამოკიდებულებაა, რომ სიმდაბლით მივიღოთ უფლისგან წყალობა და არა ამპარტავნებით. თუ ჩვენ მაშინვე, პირველივე ჯერზე ავისრულებთ სურვილს, ეს ჩვენს ამბიციას უფრო გაადიდებს და იმის ნაცვლად, რომ საცხოვნებლად მოგვეცეს სურვილის ასრულება, დაგვღუპავს, რადგან ყველაზე დიდი ცოდვა ამპარტავნებაა და გამოვა, რომ სურვილის შესრულების მადლი უფალს დაგვაშორებს, ნაცვლად იმისა, რომ დაგვაახლოოს.
გახსოვთ სახარებიდან, რამდენ ხანს მიჰყვიროდა იესოს ქანაანელი დედაკაცი, ჩემი ასული ავად არის, იგვემება ბოროტად, განმიკურნეო. იესო მას არ პასუხობს და შემდეგ მკაცრად ეუბნება, ძაღლებს მე პურს არ მივცემო. თითქოს საოცარია ეს პასუხი და ასე რომ გვითხრას ეკლესიაში ვინმე სტიქაროსანმა ან მორჩილმა, შეიძლება, სიცოცხლის ბოლომდე ზურგი ვაქციოთ ეკლესიას, მაგრამ იმ ქანაანელმა დედაკაცმა გადალახა წყენა და ქრისტეს უთხრა: ძაღლებიც კი ჭამენ ნამცეცებს, რომლებიც ბატონების სუფრიდან იყრებაო და იესო იმ წუთასვე ეუბნება მას: დედაკაცო, დიდია შენი რწმენა. და რატომაა დიდი რწმენა? როდესაც შენ უფლისგან ითხოვ, არ ტკბები საკუთარი სიმაღლით, მასთან მიდიხარ, როგორც დამსხვრეული, წყალობის მიმღები და სწორედ, ამიტომ არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც დაგაბრკოლებს უფლისკენ გზაზე. ესაა მიზეზი უფლის დაყოვნების: რამდენადაა ადამიანის სურვილში რწმენა. რწმენაში არ ვგულისხმობ გონებით ან სიტყვით თანხმობას, რომ უფალი არსებობს, დიდება უფალს, რწმენა მოქმედებაა. თუ მოქმედებით არ გამოიხატება, ისეთი რწმენა სტატიკურია, მკვდარია, ვეთანხმებით, თავს ვუქნევთ უფლის არსებობას, მაგრამ უნდა ამოქმედდეს ჩვენი რწმენა, უნდა გაცოცხლდეს.
– რას ნიშნავს მოქმედებით რწმენა?
–  გაგახსენებთ, ასევე, სახარებიდან, ქრისტეს მიერ ორი ბრმის განკურნების ამბავს. ეს ამბავი ჩვენთვის, სწორედ, რწმენის გამოა მნიშვნელოვანი. ისინი მისდევენ ქრისტეს, შეგვიწყალე, დავითის ძეო, მაგრამ ქრისტე დუმილით პასუხობს. ბოლოს, როდესაც სახლშიც მიადგებიან, უფალი ეკითხება, თქვენ გწამთ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება? ისინი პასუხობენ, კი, უფალო. ქრისტე შეეხება მათ თვალებს და ამბობს: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ! და მათ აეხილათ თვალი. ჩვენ ღმერთთან პასიურად არ უნდა მივიდეთ. თხოვნა არ ნიშნავს, რომ გარედან მზამზარეულად უნდა მიიღო ყველაფერი. ღმერთი ითხოვს სამაგიეროს, გეუბნება, მოგეცემა შენი რწმენისამებრო. მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისშემძლეა უფალი, მისი ყოვლისშემძლეობაც არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ ჩვენ მისგან მივიღოთ კურნება. ღმერთი სისავსეა, სიყვარულია, ის სიცოცხლეა, მას უნდა, ყველა აცოცხლოს, აცხოვნოს, გამოაჯანმრთელოს, მაგრამ ეს რომ მოქმედებაში მოვიდეს, მე ამის მიმღები უნდა ვიყო. ეს მიმღებლობა, ჩემი სრული გახსნილობა არის ჩემი რწმენა და არა გონებით დათანხმება. მოქმედებაა უფლის წინაშე დამდაბლება, საკუთარი თავის დაცლა, როგორც თავღია ცარიელი ჭურჭელი დგას ნაკადულთან და წყლით ივსება, ისე უნდა დავცარელდეთ, ეს კი ადვილი არ არის. აბა, გაიხსენეთ, როგორ ვთხოვთ უფალს?! აი, როგორც თოვლის პაპას სთხოვენ ბავშვები საჩუქრებს. ჩვენ, ძირითადად, მიწიერი, მატერიალური სიკეთეებისთვის გვინდა უფალი, აი, ეს გაუმართაობაა მიზეზი და ამიტომაც აყოვნებს უფალი ჩვენი სურვილების შესრულებას. ბრმა ბარტიმეოსს უფალი ეკითხება, რა გინდაო. თითქოს პარადოქსია, არა?! ვითომ არ იცის, უფალმა, რომ ბრმაა და ბრმას კი თვალის ახელა ენდომება?! მაგრამ იქნებ სულაც არ უნდა განკურნება, იქნებ ბარტიმეოსს უნდა, რომ ბრმა იყოს, იმათხოვროს, ამით ეწიოს სიკეთეს და საერთოდ არ აინტერესებს თვალის ახელა?! უფალი გულების განმსჯელია, მას უნდა, რომ ჩემში წარმოშვას სურვილი და ისე მომცეს. თუ ის გარედან მომცემს, ეს მადლი, იმის ნაცვლად, რომ შეერგოს ადამიანს, ადამიანის ეგოს გააძლიერებს. ამიტომაც, როდესაც ბარტიმეოსი ეუბნება, მინდა, უფალო, თვალი ამეხილოს, უფალი კურნავს მას. როდესაც უფალთან მივდივართ და ვთხოვთ, ვიცით კი ზუსტად, რა გვინდა მისგან?! უფალი რისთვის განკაცდა და რისთვის ეცვა ჯვარს, რომ შვილი კარგად გყავდეს, კარგი სამსახური გქონდეს?! გავარკვიეთ, რისთვის გვინდა უფალი? რომ ჩვენ გვერდით იყოს ყველა იმ საქმეში, რაც მიწაზე გვაქვს?! ეს თავისთავად მოგვეცემა – ეძებეთ ცათა სასუფეველი და დანარჩენი თავისთავად მოგეცემათო. უმთავრესი, რისთვისაც მოდის უფალი, არის ჩვენი სულების ხსნა, ჩვენი გაღვიძება, ჩვენი აღდგომა მკვდრეთით, ჩვენი გონს მოსვლა. ჩვენ უგონო მდგომარეობაში ვართ, ცხოველებს დავემსგავსეთ, საკუთარი თავი გავაიგივეთ ბიოქიმიურ მასასთან, რომელსაც თავისივე მსგავსი ღმერთი ჰყავს: მუცლის ღმერთი, წარმატების ღმერთი. ასეთ შემწეობას ვითხოვთ და ეს ძალიან უბადრუკი მდგომარეობაა. როდესაც უფალთან წარვსდგებით, ღმერთმა ნუ ქნას, მხოლოდ მაშინ  მივხვდეთ, თუ რა წყალობა შეგვეძლო, მიგვეღო უფლისგან და სინამდვილეში რა მცირედი მივიღეთ. პატარა ბავშვს რომ ჰკითხო, რა გინდაო, სათამაშო მანქანას თუ ითხოვს, არადა მამას რამდენი რამ შეუძლია, მისცეს, მაგრამ რა აზრი აქვს?! ბავშვია და ვერ დაიტევს. ამიტომ ნუ ვიქნებით ბავშვები, რომ უფალი გვინდოდეს მხოლოდ მიწიერი სიკეთეებისთვის. შვილიც კარგად გვეყოლება, ჩვენც კარგად ვიქნებით, მაგრამ უსასრულოდ დიდის მოცემა უნდა ჩვენთვის უფალს, ოღონდ ეს უსასრულოდ დიდი რომ დავიტიოთ, უსასრულოდ დიდი და ამაღლებული უნდა იყოს ჩვენი მოთხოვნილება. აი, ეს არის რწმენა. რწმენა არის დამტევლობის ხარისხი. ამიტომ ამბობს უფალი, შენი რწმენისაებრ  მოგეგოთ!


скачать dle 11.3