№34 არის თუ არა განქორწინება ქალისთვის კატასტროფა და როგორ უნდა გააგრძელოს მან ცხოვრება
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
არავინ არაფრისგან არის დაცული. ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, უყვარდებათ, იწყებენ ერთად ცხოვრებას, სახავენ გეგმებს, ლაპარაკობენ მომავალზე... მერე კი, ერთ დღესაც, შორდებიან. შეუძლებელია, ამან უკვალოდ ჩაიაროს. თუმცა, დიდი ტკივილისა და დეპრესიის მიუხედავად, განქორწინება სულაც არ ნიშნავს ცხოვრების დასასრულს. პირიქით, ხანდახან ის ახალი ცხოვრების დასაწყისიც გახდება ხოლმე. მთავარია, დავუჯეროთ ფსიქოლოგებს, გავითვალისწინოთ მათი რჩევები. ისინი დაგეხმარებიან მარტივად შეძლოთ ტკივილთან გამკლავება და ახალი გამოწვევებისთვის მოემზადოთ. მაგრამ ქალები უფრო ხშირად ემოციებს არიან აყოლილი. ისინი უსმენენ საკუთარ გულს და არა საღ აზრს. დიახ, თქვენი მეორე ნახევარი უნდა გიყვარდეთ, მაგრამ უპირველესად საკუთარი თავის სიყვარულია მნიშვნელოვანი.
ლალიკო (34 წლის): ცხოვრება ყოველთვის არ გვანებივრებს სასიამოვნო დღეებით. ქმარი რომ უნდა გიყვარდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და არც არავინ დავობს, მაგრამ უკვე ერთი წელია, მივხვდი, რომ საკუთარი თავის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია. თუ საკუთარ თავს არ შეიყვარებ, ნუღარ მოითხოვ, რომ დაგაფასონ და პატივი გცენ.
– ანუ, ქმარს უნდა დაანახვოთ, რომ საკუთარი თავი გიყვართ?
– უცილებლად. გათხოვება არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავი დაივიწყოთ. ქმარიც უნდა შეაფასოთ კრიტიკული თვალით. დაფიქრდით, რა მოგწონთ ყველაზე მეტად მასში? ეს სწორედ ის დროა, როცა თქვენს გემოვნებაში გარკვეული გადაფასებები ხდება. ანუ, გაერკვიეთ, რეალურად როგორ მამაკაცებს ანიჭებთ უპირატესობას, თქვენ ხომ ქალი ხართ და გათხოვების მერეც ქალად უნდა დარჩეთ, თორემ იმაზე მოგიწევთ ფიქრი, თუ რატომ დაშორდით მეუღლეს.
– იმაზე უნდა იფიქროთ, რა არ მოგწონთ ქმარში და რა იწვევს თქვენში გაღიზიანებას?
– დიახ. თუ ამას არ გააკეთებთ, ბოლოს მიხვდებით, რომ იდეალად აქციეთ ჩვეულებრივი მამაკაცი და მასზე ჩაიციკლეთ, რაც თვითგანადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯია. იცით, მთავარი რჩევა რა არის? ეცადეთ, ძალიან მალე არ შეიყვაროთ მამაკაცი. დიახ, ეს ქმარსაც ეხება. კარგი იქნება, თუ გრძნობებს გააკონტროლებთ. ეს მოგცემთ საშუალებას, ცივი გონებით დაალაგოთ ურთიერთობა ოჯახში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა გიყვარს, რეალობას ვერ აღიქვამ. სულ აფექტურ მდგომარეობაში ხარ. რაც დაძაბულობაში გამყოფებს და შეიძლება, გაგიჟდე. თანაც მარტო შენ კი არა, ქმარსაც გააგიჟებ.
– ფიქრობთ, რომ ამ ტიპის ურთიერთობა დაგიცავთ ღალატისგან თუ თავისუფალ ურთიერთობაში ღალატიც „მოსულა“?
– ღალატი დაუშვებელია ნებისმიერ ურთიერთობაში. მე ვფიქრობ, რომ ეს სულმდაბალი ადამიანების საქმეა. თქვენ, ორივე, ამისგან შორს უნდა იდგეთ. რაც უფრო მეტად არის ურთიერთობა ერთგულებაზე დაფუძნებული, მით უფრო მეტი იდილია იქნება თქვენ შორის. ქალები ძალიან რომანტიკულები და იდეალისტები ვართ, გვგონია, რომ მამაკაცი, რომელიც გვერდით გვყავს, სიცოცხლის ბოლომდე ჩვენი მარადიული სიყვარულის ობიექტად დარჩება. თუმცა ცხოვრება, ყოველდღიურობა გაცილებით მწარე რეალობაა, რომელსაც არ უნდა დავნებდეთ. საჭიროა, ყველაფერი ცუდისგან რაღაც ახალი ვისწავლოთ და საჩვენოდ გამოვიყენოთ. ყველა ცოლმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ შეიძლება, განქორწინების წინაშე დადგეს. ვინ არის ამისგან დაცული. მარტო ცხოვრებაზე ფიქრისაც არ უნდა გვეშინოდეს. მარტო ცხოვრება სულაც არ არის ცუდი. თუ მოინდომებ, ყველაფერს თავისი დადებითი მხარე მოეძებნება. წარმოიდგინეთ, რომ მარტო ცხოვრების პერიოდში სულაც არ ხართ ვალდებული, ვინმეს ანგარიში გაუწიოთ. შეძლებთ, უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს, ვიზუალს, იაროთ მასაჟზე, სპა სალონებსა და კაფეებში – მეგობრებთან ერთად, ამასთან, სულაც არ ფიქრობდეთ იმაზე, რომ სახლში დაგვიანებით ვინმეს გაანაწყენებთ. ბოლოს და ბოლოს საყვარელი საქმიანობითაც დაკავდებით. როცა ამ ყველაფერზე იფიქრებთ, აღარ შეგეშინდებათ ქმართან გაშორების. შესაბამისად, ფობია არ ჩამოგიყალიბდებათ, რეალობას ჯანსაღად შეაფასებთ. არ დაიძაბებით და ქმართან ურთიერთობაც გაცილებით ჯანსაღი გექნებათ.
– ეს ფსიქოლოგების რჩევაა თუ საკუთარი დაკვირვებით მიხვდით.
– ცოტა წავიკითხე, ცოტას ჩემი დაკვირვებით მივხვდი და მგონი, ცუდი არ იქნება, თუ ქალები ამ ყველაფერს გააანალიზებენ და გაითვალისწინებენ. მე კი ვიცი, რომ ყველა მაინც საკუთარ თავზე გადატანილსა და გამოცდილს აღიარებს, მაგრამ თუ წინასწარ მომზადებული იქნები, ბევრ პრობლემას აიცილებ თავიდან. იცით, კიდევ რას მივხვდი? საკუთარი თავი მეტად უნდა დააფასო და წინა პლანზე წამოსწიო. ანუ, ქალბატონო ცოლებო, გახდით უფრო მომთხოვნი. რაც მეტია მოთხოვნა, მით უფრო მაღალია ხარისხი. შესაძლოა, იდეალური ურთიერთობის ძებნაში დიდი დრო გავიდეს, მაგრამ ეს დრო დაკარგული კი არა, თქვენთვისვე სასიკეთო იქნება.
– როგორც მივხვდი, მთავარი არსი ისაა, რომ უნდა დავუშვათ ოჯახის დანგრევის ალბათობა.
– დიახ, ასეა. ნამდვილად ასე მოქცევა ჯობია. ჩვენი ცხოვრება ხომ ისე ვერ მიდის, როგორც გვინდა და ვგეგმავთ. შესაძლოა, ყველა სცენარი განვითარდეს, არაფერია გამორიცხული. ცხოვრება არ მთავრდება განშორების მერე. ამის იქამდე უნდა გჯეროდეთ, ვიდრე რამე მოხდება. შეიძლება, საერთოდ არაფერი მოხდეს. ემზადე ომისთვის და იცხოვრე სიმშვიდეშიო, ხომ გაგიგიათ. ამ პრინციპით უნდა იცხოვრო. არც მოსალოდნელი ღალატის უნდა გეშინოდეს, არც მოსალოდნელი განშორების. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყურადღება მოადუნო. მაგრამ არც უნდა დაკომპლექსდე.