№34 რატომ ვერ გაბედა რუსეთის იმპერიამ ერეკლეს ტახტიდან ჩამოგდება და რატომ არ გამოუყენებიათ ქართველებს ისტორიის განმავლობაში არასდროს საკუთარი სახელმწიფოს ძლიერება
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფოებრივი სიძლიერით ვერ დავიკვეხნით და, ფაქტობრივად, მთელი ჩრდილო კავკასია ჩვენთანაა დაპირისპირებული, კავკასიაში ინერციით მაინც ვინარჩუნებთ ლიდერის ფუნქციას, რაც ჩვენი წინაპრების დამსახურების შედეგია. ისტორიულად როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველებისადმი ჩრდილო კავკასიელებს, რამ გამოიწვია კავკასიელების ქართველებისადმი პატივისცემა, რა ვავნეთ ან რა სარგებელი მოვუტანეთ ერთმანეთს?! – ამ თემას ისტორიკოს ვახტანგ გურულთან ერთად განვიხილავთ.
– ქართველებს დიდ პატივს სცემდნენ კავკასიაში, თუმცა დაპირისპირების შემთხვევებიც იყო...
– სხვანაირად წარმოუდგენელია. მეზობელი ხალხები და სახელმწიფოები ვერსად ცხოვრობენ დაპირისპირების გარეშე.
– თუმცა ეს არასდროს გადაზრდილა სიძულვილში. როგორ მოახერხეს ჩვენმა წინაპრებმა კავკასიელების ასეთი დამოკიდებულების დამსახურება?
– ის, რომ ქართველებს კავკასიაში პატივს სცემდნენ და აღირებდნენ, ბევრი რამითაა განპირობებული. ყველას ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ შუა საუკუნეებში ამაში დიდი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოს სიძლიერემ. მეორე, როდესაც შექმნეს ერთიანი მონარქია, მეათე საუკუნიდან მოყოლებული, რომელიც გახდა ჰეგემონი სახელმწიფო როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიაში, ეს ქართველებს არასდროს ბოროტად არ გამოუყენებიათ.
– რას გულისხმობთ „ბოროტად გამოყენებაში“? ამას ვაზუსტებ, რადგან ცნობილია, რომ რუსეთი არ უყვართ მის მეზობლებს, ისევე, როგორც ამერიკა არ უყვართ მეზობლებს. საქართველო კი იყო იმპერიული სახელმწიფო, მაგრამ მეზობლები პატივს სცემდნენ და უყვარდათ.
– როდესაც საქართველო გაძლიერდა და დიდი სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი შექმნა და ქართული კულტურა აყვავდა, ქართული სამეფო კარიდან უცხოტომელები არ განუდევნიათ. ტრადიციულად, ისინი კვლავ რჩებოდნენ. საქართველოს დედაქალაქში. თუმცა სახელმწიფო გაძლიერდა, სხვა ეთნოსისა და რელიგიის მიმართ აგრესია ქართველებს არ გამოუჩენიათ.100-პროცენტიანი შემწყნარებლობა იყო, რაც აისახა კანონებში. ამ დამოკიდებულების გამო სხვა ეროვნებისა და სარწმუნოების წარმომადგენლები გაბოროტებით არ შეჰყურებდნენ ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას, რადგან ეს მათ არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა. არც აგრძნობინებდნენ ამას ქართველები. ყველა ქართველი მეფე იყო შემწყნარებელი. კიდევ ერთი მიზეზია ისიც, რომ სოფლებშიც, დაბებშიც ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სხვა ერისა და რელიგიის წარმომადგენლები და არც მათ უგრძნიათ შევიწროება. იცით, რომ ეკონომიკა ისეთი რამაა, სადაც მუდმივი კონკურენციაა. თუ შენი ხელოსნული ნაწარმი ვერ გაასაღე, ბუნებრივად ისმება კითხვა, ხელს ხომ არ გიშლის უცხოტომელი, მაგრამ ქართველს არასდროს უფიქრია, მოდი, მაგალითად, სომეხ ხელოსანს შევავიწროებ და მის ხარჯზე გავმდიდრდებიო. ცნობილია, რომ საქართველოში იარაღი მასობრივად შემოდიოდა ჩრდილო კავკასიიდან. საუკეთესო ხელოსნები იყვნენ ჩრდილო კავკასიელები, მაგრამ საქართველოში არასდროს უფიქრიათ, ჩაეკეტათ საზღვარი და თავად ეწარმოებინათ იარაღი. შეიძლება, ამის მიზეზი პოლიტიკაც იყო, მაგრამ, თუ ერთ ერს მეორე ერი ეზიზღება, იქ ყველაფერს ხაზი გადაესმება ხოლმე. უარყოფითი თვისებები წამოიწევს წინ და ის განაგებს უკვე ეკონომიკასაც და პოლიტიკასაც. ერთ მაგალითსაც გავიხსენებ: მეთვრამეტე საუკუნეში ახალციხის ფაშა იყო სულეიმან ჯაყელი, გამაჰმადიანებული ქართველი. საქართველოში კი, ერეკლე მეორის ეპოქაში, რკინას უკვე აღარ აწარმოებდნენ, სამწუხაროდ, არც მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში. ამდენმა შემოსევებმა ის დიდი ტრადიცია მოშალა და რკინა და სპილენძი ჩვენთვის ძალიან მძიმედ მოსაპოვებელი საქონელი გახდა, რომელიც შემოდიოდა ოსმალეთიდან, ახალციხის გზით. ოსმალეთის კანონით, ქართველ ვაჭარს რკინისა და სპილენძის შემოსატანად ბაჟი უნდა გადაეხადა. ახალციხის ფაშამ გამოსცა ბრძანება და ერეკლე მეორის ქვეშევრდომები ბაჟიდან გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის საფაშოსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის საომარი მდგომარეობა იყო.
– რაკი ფაშა წარმოშობით ქართველი იყო?
– არა, ის ფაშა საერთო კავკასიურ ლიდერად აღიარებდა ერეკლე მეორეს და ესეც ფაქტორია. რეგიონის ლიდერის მიმართ პატივისცემა იზრდება, თუ ის ლიდერი არაადამიანურ სიმკაცრეებს არ იჩენს.
– მეათე საუკუნიდან მეთვრამეტემდე, სანამ ერეკლე მეორე გამეფდებოდა ქართლ-კახეთში, დიდი დროა. რა დაგვემართა მონღოლებისა და თემურ ლენგის რვა ლაშქრობის შემდეგ, ვიცით, მოირღვა ერთიანი სახელმწიფო, დასუსტდა, დაიშალა, მაგრამ ქართველი დარჩა კავკასიის ლიდერად. რა თვისებების გამო?
– იმ პერიოდში არ არსებობდა არც სომხური და არც აზერბაიჯანული სახელმწიფოები. სომხეთი, ერევნის სახანოს სახით, ირანის შემადგენლობაში იყო დიდი ხნის განმავლობაში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც რამდენიმე სახანო იყო, ასევე, ირანის შემადგენლობაში. სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა მხოლოდ ქართულმა სამეფოებმა და 1565 წლიდან არსებობდა, ასევე, ქართლ-კახეთის სამეფო. რატომ მოიაზრება ერეკლე მეორე საერთო-კავკასიურ ლიდერად?! იმიტომ, რომ, უპირველესად, ერეკლე მოიაზრებოდა საერთო-ქართულ ლიდერად, მიუხედავად იმისა, რომ იმერეთში სამეფო იყო, ჰყავდათ მეფე, ბაგრატიონთა დინასტიიდან და, სამართლებრივი თვალსაზრისით, ერეკლეს არ შეიძლებოდა პრეტენზია ჰქონოდა, იმერეთის მეფეც, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის მთავრები ერეკლეს აღიარებდნენ საერთო-კავკასიურ ლიდერად, ასევე, სომხები და აზერბაიჯანელები. იმდენადაც კი, რომ მეთვრამეტე საუკუნის 70-ან წლებში, ასპინძის ბრძოლამდე და შემდეგაც, როდესაც რუსეთში აშკარად უკმაყოფილონი იყვნენ ერეკლეს პოლიტიკით, შეეძლოთ დიდი ჯარი გამოეგზავნათ, ერეკლეს ოპოზიცია აემოქმედებინათ ქართლის თავადების სახით, მაინც ვერ გაბედეს, რადგან ერეკლეს, როგორც საერთო-კავკასიური ლიდერის, ტახტიდან ჩამოგდება დაარღვევდა წონასწორობას სამხრეთსა და ჩრდილო კავკასიაში. ერეკლე კავკასიაში ვითარებას აწონასწორებდა, რასაც სხვა ვერ გააკეთებდა. რუსეთის დაზვერვამ და დიპლომატებმა კარგად იცოდნენ, რომ ერეკლეს ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ, ვინც უნდა ასულიყო ქართლ-კახეთის ტახტზე, მას არანაირ პატივს არ სცემდნენ კავკასიაში, არც ქართულ სამყაროში და არც სამუსლიმანოში და დაიწყებოდა გაუთვალისწინებელი პროცესები, რომლის შედეგებსაც ვერავინ განჭვრეტდა.
– მიუხედავად ამისა, მათ შორის, ჩრდილო კავკასიელების თარეშმაც აიძულა ერეკლე, რომ ეძება კავშირი რუსეთთან. ვერ უმკლავდებოდა ლეკიანობად წოდებულ შემოსევებს. გატეხა ამან ქართლ-კახეთის სამეფო.
– ლეკების გარდა აქ შემოდიოდნენ დიდოელები, ჩეჩნები, ინგუშებიც კი, მაგრამ ყველაფერი ცუდი, რაც ჩაიდინეს ჩრდილო კავკასიელებმა, დაბრალდა ლეკს. თუმცა „ლეკიანობა“ ეთნოსის მნიშვნელობით არ იხმარება არც ქართულ მატიანეში და არც ისტორიოგრაფიაში. იგულისხმებიან ზოგადად ჩრდილო კავკასიელები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ლეკიანობა სცდება ჩრდილო კავკასიისა და საქართველოს ურთიერთობას. ეს არ იყო იმით გამოწვეული, რომ ჩრდილო კავკასიელებს ეზიზღებოდათ ქართველები და საქართველო, ამის მიზეზი იყო დიდი პოლიტიკა. იმხანად ჩვენს სამხრეთით არსებობდა ოსმალეთის ძლიერი იმპერია, რომლის სიძლიერე ემყარებოდა ძლიერ ჯარს და იმ ძლიერ ჯარში უპირატესი იყო იანიჩარის ჯარი. იანიჩარის ჯარში მიჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნიდან მოტაცებული და გაყიდული ბავშვები. ვინ იყვნენ იანიჩარის ჯარში? ქრისტიანები: სერბი, ბულგარელი, რუმინელი, მოლდოველი, რუსი, უკრაინელს არ ვამბობ, მაშინ ასეთი ეთნოსი არ არსებობდა, ქართველი, აფხაზიც, კაზაკი... ასეთი მაგალითების გახსენებაც შეიძლება: ყირიმის ომის დროს სარდალი იყო ომერ ფაშა, წარმოშობით სერბი და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გენერალისიმუსი ოსმალეთის იმპერიაში; მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეში მრავალი ქართველი იყო თურქეთის დიდი ვეზირი. ისინი ყველანი იყვნენ მოტაცებული ბავშვები. ოსმალეთს დიდი ბაზარი ჰქონდა, მაგრამ მეთვრამეტე საუკუნის 80-ან წლებში რუსეთმა ყირიმი დაიპყრო და ჩაკეტა ეს ბაზარი, ანუ რუსეთიდან ვეღარ მიჰყავდათ ტყვეები. შემდეგ რუსეთი კავკასიისკენ დაიძრა. საბოლოოდ, დაიკავა ჩრდილო კავკასიის ბარი და ეს რეგიონიც ჩაკეტა. მუსლიმანურმა კავკასიამ არ მიიღო რუსეთის იმპერია, მათ შორის ომი დაიწყო. დღეს ჰგონიათ, რომ ჩეჩნები და ინგუშები მუდამ მთაში ცხოვრობდნენ, არადა მათი ტერიტორიის ორი მესამედი ბარში იყო, ისევე, როგორც ლეკების. მეტიც, ლეკები ასტრახანის მიდამოებში ცხოვრობდნენ და არა იქ, სადაც დღეს სახლობენ. ისინი აქ რუსებმა ამორეკეს, წაართვეს საძოვარი, სათიბი, რის გამოც ამოუწყდათ საქონელი და ის ხალხი ძარცვა-გლეჯის გზას დაადგა. იქ ძარცვავდნენ, სადაც ამის საშუალება იყო. ასე რომ, ის ძარცვა-გლეჯა სულაც არ იყო ქართველებისადმი ჩრდილო კავკასიელების ზიზღის შედეგი. მანამდე რატომ არ თარეშობდნენ?! იმიტომ რომ შემოსავალი ჰქონდათ, საქონელი ჰყავდათ. განა მათ ასპროცენტიანი გარანტია ჰქონდათ, რომ აქ ტყვეს აიყვანდნენ?! უამრავი ჩრდილო კავკასიელი ჩახოცეს ქართველებმა. მათ გაჭირვება ამოძრავებდათ და ეს არ იყო მტრობის გამოვლინება. ლომი თუ მაძღარია, შველმა წინაც რომ გაურბინოს, ზედაც არ შეხედავს, მაგრამ, თუ მშიერია, შორიდანვე გრძნობს მის სუნს. თვითგადარჩენის ინსტინქტია. თუმცა ამ ხოცვა-ჟლეტის დროსაც იყო ქართველებსა და ჩრდილო კავკასიელებს შორის ადამიანური ურთიერთობის ფაქტები.
– ჩვენც გვედავებიან ჩრდილო კავკასიელები, რომ რუსეთის მხარდამხარ ვებრძოდით მათ. დავუშავეთ მათ ჩვენც რამე?
– ჩრდილო კავკასიელებისთვის ჩვენ არაფერი დაგვიშავებია. საქმე გართულდა, როდესაც ალექსი ერმოლოვმა ჩეჩნეთის დაპყრობა დაიწყო. ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე დიდი ლაშქრობა. ქართველ გენერლებს, რომლებიც იბრძოდნენ რუსეთის არმიაში, ვერ განვიხილავთ ქართველების ბრძოლად ჩრდილო კავკასიელების წინააღმდეგ. ისინი იყვნენ რუსი გენერლები. მათ გამო, ვინც რუსის სამხედრო მუნდირი ჩაიცვა, საქართველოს პასუხს ვერ მოვთხოვთ. ომერ ფაშა რომ შემოვიდა ჩვენთან, პასუხი სერბებს მოვთხოვოთ?! სხვათა შორის, გრიგოლ ორბელიანს არ უბრძოლია ჩრდილო კავკასიაში, მას რამდენჯერმე აზრი ჰკითხეს, როგორც გამოცდილ ადამიანს, სამაგიეროდ, იბრძოდა მისი ძმა ილია. რუსულ დოკუმენტებში გენერლების სახელები არ არის მითითებული და ამიტომ ხშირადაა არეული ერთმანეთში ილია და გრიგოლი ორბელიანები.