№34 თვითმკვლელობის ხიბლში
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ სისხლმოწყურებულები?!
თამარ ბაჩალიაშილის საქმემ ჩვენი მშობლიური მედია ისე აღატკინა, რომ ლამისაა, სხვას აღარაფერს აშუქებენ. ცხადია, ეს სიტყვის თავისუფლებითა და სიმართლის დადგენის კეთილშობილური მოტივით იფუთება, თუმცა, რეალურად, სანახაობა სისხლმოწყურებული სვავების ჩასაფრებას უფრო ჰგავს – იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვისწავლეთ, სად გადის ზღვარი საკუთარსა და საჯარო ინტერესს შორის და უბედური შემთხვევების გაშუქების მიზანი უმეტესად პოლიტიკურია და ამა თუ იმ მედიასაშუალების რეიტინგის გაზრდასთანაა შეზავებული (ამ ტემპებით, არც ისაა გამორიცხული, ადამიანების ცოცხლად გატყავების სცენებიც შემოგვთავაზონ ნახვებს დახარბებულმა ჩვენებურებმა).
ამასობაში კი, სანამ ადგილობრივი მედია დეტალურად განიხილავს მკვლელობების, თვითმკვლელობებისა თუ, ზოგადად, უბედურ შემთხვევებს, ზუგდიდში 24 წლის ახალგაზრდა ქალი დაიკარგა, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის საქმის სცენარი გაიმეორა: საკუთარი მანქანით ტყის პირას მივიდა და თვითმკვლელობის მიზნით, წამლები დალია. საბედნიეროდ, ამბავი მშვიდობიანად დასრულდა, მისი გადარჩენა მოხერხდა (აქვე შეგახსენებთ, რომ, თავის დროზე, მართლაც, დიდი მოაზროვნის, ოტო ვაინინგერის წიგნები აიკრძალა, ვინაიდან ახალგაზრდები მის საფლავზე მასობრივად იკლავდნენ თავს, ანუ მის გზას იმეორებდნენ).
აქვე გეტყვით, რომ დასავლურ მედიაში შეზღუდულია ძალადობის გაშუქება, იმ მარტივი მიზეზით, რომ მეცნიერულადაა დადგენილი პირდაპირპროპორციული კავშირი თვითმვლელობისა და მკვლელობების გაშუქების ინტენსივობასა და თვითმკვლელობებისა და მკვლელობების ზრდასთან. თქვენ წარმოიდგინეთ, ავტო და ავიაკატასტროფების რაოდენობაც კი იზრდება ასეთი შემთხვევების ინტენსიურად გაშუქებისას.
აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: რასაც ჩვენებური მედია სჩადის, მკვლელობებისა და თვითმკვლელობების განზრახ ხელშეწყობაა, ფსიქიკური გადახრა თუ, უბრალოდ, რუხი ნივთიერების სიმწირე?!