№33 ნუცა ჯანელიძე: მამამ ბოლო სიტყვა დაწერა „ნუც“, „ა“-ზე გაუვარდა კალამი და გარდაიცვალა
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: ნუცა.
გვარი: ჯანელიძე.
პროფესია: მუსიკოსი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– საბავშვო ბაღში ყოველი ახალი წლის ღონისძიებაზე ვიყავი დედოფალი, ამის გამო სულმოუთქმელად ველოდებოდი ხოლმე ახალი წლის დადგომას, როგორც ყველა ბავშვს, მეც თავზე გვირგვინის დადგმა და გრძელი კაბის ჩაცმა მიხაროდა. ბავშვობიდან ერთი შემთხვევა დამამახსოვრდა მძაფრად. მამა მკაცრი ადამიანი იყო. ერთხელ მე და ჩემი ძმა საბავშვო ბაღიდან მამიდაშვილმა წამოგვიყვანა. იმის გამო, რომ სხვას გამოვყევით და ამის შესახებ თავად არ იცოდა, მთელი საღამო საწოლთან დაგვაჩოქა. მიუხედავად ასეთი სიმკაცრისა, ფანატიკურად ვუყვარდით. მამას იმ დროისთვის იშვიათი დაავადება ჰქონდა – ტვინის სიმსივნე და როცა ცუდად გახდა, მეტყველების უნარი წაერთვა. დედამ ჰკითხა, რა გინდა გააკეთოო. მამამ კალმისკენ ანიშნა თვალით. დედამაც მიუტანა ფურცელი და კალამი. მისი ბოლო სიტყვა, რომელიც დაწერა იყო „ნუც“, „ა“-ზე კალამი გაუვარდა და გარდაიცვალა...
– მშობლების როლი...
– რაც დრო გადის, უფრო ვგრძნობ, რა კარგი მშობლები მყავდა, როგორი აღზრდილები, განათლებულები და ჭკვიანები. მამა ცოცხალი ენციკლოპედია იყო. დედა კონსერვატორიაში სწავლობდა და კლასიკური ვოკალისტი გახლდათ. მუსიკალური ნიჭი სწორედ მისგან გამომყვა. ბევრი კარგი რამ ვისწავლე მათგან.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– ძალიან ლამაზი ინგლისურის მასწავლებელი მყავდა. სკოლიდან რომ სახლში ვბრუნდებოდი, მასწავლებლობანას ვთამაშობდი ხოლმე და ზუსტად ისე ვიქცეოდი, როგორც ჩემი მასწავლებელი: დავაწყობდი წიგნებს, გავიკეთებდი სამაჯურებს, წავისვამდი პომადას... მის მსგავსად მეც მასწავლებელი მინდოდა ვყოფილიყავი. წლები რომ გავიდა, ოპერის მომღერლობა მინდოდა, თუმცა ხმის სიძლიერე არ მქონდა და ვერ შევძელი, რაზეც დღემდე გული მწყდება. საბედნიეროდ, ღმერთმა სხვა მხრივ მომცა განვითარების საშუალება. ბავშვობიდან კარგად ვუკრავდი და დედამ პიონერთა სასახლეში, თავის ვოკალურ წრეში ამიყვანა კონცერტმაისტერად. მაბედნიერებს ის, რომ იმ პროფესიაში ვარ, რომელიც თავად მინდოდა და არა დედას, მამას ან ბებიას.
– პროფესიული ჩვევა...
– როცა კონცერტეზე მივდივარ, სახლიდან გასვლის წინ, ჩემს მფარველ ანგელოზს, წმიდა ნიკოლოზის ხატს ვთხოვ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. მაქვს მეორე ხატიც, რომლის ლოცვასაც ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ვკითხულობ. დრო რომ არ გამომრჩეს, ტელეფონში მაქვს ჩანიშნული. სადაც უნდა ვიყო: გაკვეთილზე, კონცერტზე, „მარშუტკაში“, ქუჩაში, როცა ტელეფონის ხმას გავიგებ, ვჩერდები და ვიწყებ ლოცვას.
– ადამიანში ვაფასებ...
– პირველ რიგში, მადლიერებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ რამე დადებითი გვაქვს ღმერთმა და ოჯახმა მოგვცა და თუ დღეს რამეს წარმოვადგენთ, ესეც მათი და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებსაც ჩვენს განვითარებაში მიუძღვით წვლილი. უმადურობას ვერ ვიტან, კატეგორიულად ვაცხადებ ამას.
– მწამს...
– ბედის და რა თქმა უნდა, ღმერთის. არ ვიცავ მარხვას, ყოველ შაბათ-კვირას არ დავდივარ ეკლესიაში და არ მყავს მოძღვარი, მაგრამ ჩემში, შიგნიდან მიყვარს და მწამს ღმერთის. შენში უნდა იყოს ღმერთი და შიგნიდან უნდა გეშინოდეს მისი.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– „რაცა ღმერთსა არა სწამდეს, არა საქმე არ იქნების“, ასე ვფიქრობ მეც.
– ვრისკავ...
– კონცერტზე. ხშირად მქონია ექსტრემალური შემთხვევა: ფონოგრამა არ ჩართულა ან შუაში გათიშულა, თუმცა მე ინსტრუმენტის დაკვრა გამიგრძელებია. ასევე, სრულიად მოულოდნელად სიმღერა შეგვიცვლია, მომღერალთან შეთანხმებით. ერთი შემთხვევა მახსენდება, რუსთაველის თეატრში თამრიკო
გვერდწითელს უნდა შეესრულებინა სიმღერა, რომელიც კონცერტამდე ზუსტად ერთი საათით ადრე ვისწავლე, ასე ფორსმაჟორულ მდგომარეობაში ნასწავლით გავედი სცენაზე და დავუკარი. ეს რისკი იყო ჩემი მხრიდან.
გვერდწითელს უნდა შეესრულებინა სიმღერა, რომელიც კონცერტამდე ზუსტად ერთი საათით ადრე ვისწავლე, ასე ფორსმაჟორულ მდგომარეობაში ნასწავლით გავედი სცენაზე და დავუკარი. ეს რისკი იყო ჩემი მხრიდან.
– მაკვირვებს...
– ისევ და ისევ ადამიანების დაუნახაობა, ოღონდ, ეს ჩემში სიბრაზეს კი არ იწვევს, პირიქით - მეცინება ხოლმე. კიდევ უანგარო სიკეთე მაკვირვებს. ცხოვრებაში მქონდა პერიოდი, როცა სამსახურის გარეშე დავრჩი, ქირით ვცხოვრობდი და მოკლედ, ძალიან გამიჭირდა. როცა ჩემმა მეგობარმა ამის შესახებ შეიტყო, ზუსტად ორ დღეში, ჩემივე პროფესიით დამასაქმა, ეს იყო სასწაული. აი, ასეთი სიკეთე მაკვირვებს. დღემდე ხელფასს რომ ავიღებ ხოლმე, მივწერ: შენ გაიხარე. მინდა, ასეთი ადამიანები ღმერთმა სულ გამარჯვებული, გახარებული და წარმატებული ატაროს.
– სიყვარული – ეს არის...
– როცა ვიღაცისთვის გითენდება დილა, ვიღაცისთვის გინდა, კარგად გამოიყურებოდე და იყო კეთილი.
– დრო და სიყვარული...
– დროსთან ერთად ხანდახან ქრება. ეს ურთიერთობაზეა დამოკიდებული. ზოგი ამბობს, რომ დაიღალა, ზოგიც თვლის, რომ შეცდა კონკრეტული ურთიერთობის დაწყებით...
– როცა პირველად შემიყვარდა...
– ვიყავი ბაღში, ოღონდ ყოველთვის დავდიოდი წარბაწეული და არ ვაჩვენებდი ჩემს გრძნობას (იცინის).
– ის, რაც უპატიებელია...
– დაუნახაობა. ძალიან მიჭირის უმადურობის პატიება. კი არ გავებუტები ვინმეს, მაგრამ მის მიმართ დამოკიდებულება შემეცვლება.
– ვეჭვიანობ...
– ხშირად ამბობენ, რომ „მორიელები“ ეჭვიანები არიანო და ვეთანხმები. ვარ ეჭვიანი და ამას ვაღიარებ, რთულია, მაგრამ ჩემი თვისებაა.
– მეშინია...
– სიკვდილის. დედას ძალიან უყვარდა მამა და როცა გარდაიცვალა, ჩემს ძმას ვუთხარი: იმით ვარ ბედნიერი, რომ ის ახლა მასთან არის, ვინც ძალიან უყვარდა-მეთქი. როცა შემეშინდება, მაშინვე ამ საკითხზე ვიწყებ ხოლმე ფიქრს და ცოტა მაწყნარებს.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს, მაგრამ გააჩნია ადამიანს, ვისთან მივალ და ვის ვეტყვი: იცი, მე მგონი, შემეშალა და ბოდიში. ზოგჯერ კი, შეიძლება, ვგრძნობდე, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ არ გავტყდები, თუ ის ადამიანი ამ აღიარებას არ იმსახურებს. ამიტომ ვამბობ, გააჩნია ადამიანს.
– მაკომპლექსებს...
– ჩემმა კლასელებმა დამაკომპლექსეს სიმაღლის გამო და მერე ეს მთელი ცხოვრება გამყვა.
– საკუთარ თავში არ მომწონს...
– ცოტა ფიცხი ვარ.
– ვიტყუები...
– როცა სიტუაციას გამოსწორება სჭირდება.
– ვნანობ...
– ურთიერთობებში რაც შემშლია, თუმცა არასოდეს მქონია მომენტი, რომ დავმჯდარიყავი და დამეგეგმა: ახლა ამას ვიტყვი, ამას გავაკეთებ და ასე შემდეგ. დაუფიქრებლად გამიცია პასუხი, გამიკეთებია რაღაც და ამას შესაბამისი შედეგიც მოჰყოლია.
– შემშურებია...
– არა, მაგრამ მიფიქრია: თუ მინდა, სხვის მსგავსად რაღაც გავაკეთო, უნდა მოვინდომო, რომ შევძლო და მერე არ დამწყდება გული.
– როცა მაქებენ...
– ძალიან მიხარია. ზოგი ჩემი კოლეგა ამბობს: დავიღალე პოპულარობითო. რამ უნდა დაგღალოს, სიტყვაზე: „მარშუტაკში“ რომ ფულს არ გადაგახდევინებენ, ორ კანფეტს იყიდი და მესამეს გაჩუქებენ თუ რამ? ამ დადებითი ემოციებით როგორ შეიძლება, დაიღალოს ადამიანი.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– ერთი პერიოდი „ფორტესათან“ ერთად მოსკოვში ვმუშაობდი. იქ სცენაზე აუცილებლად გაღიმებულები უნდა ვყოფილიყავით, რადგან ჩვენი ნომერი უნდა გაგვეყიდა. თბილისში ცოტა მორიდებულები ვიდექით სცენაზე. ამ სამმა წელმა სულ სხვანაირი გამხადა, როგორც სცენაზე, ასევე ცხოვრებაშიც.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– დედაჩემმა დამარიგა: რაც უნდა გიჭირდეს, არავის გააგებინო, რადგან ყველას თავის გასაჭირი აქვს და შენით კიდევ ნუ დაამწუხრებო. ამიტომ, რაც უნდა პრობლემა მქონდეს, ყოველთვის ვიღიმი. ერთ კონცერტზე ყველა მონაწილე ვისხედით სცენაზე. მე მესამე თუ მეორე რიგში ვიჯექი. გვერდით მსხდომები გადავულაპარაკებდით ხოლმე ერთმანეთს და ვიცინოდით. უცებ ჩემთან მოდის წამყვანი, რომელმაც გადმომცა ბარათი. გავხსენი და წერია: „ასე, რომ იცინი, დიდი რამე გგონია შენი თავი?“ წამში გავიფიქრე: მხედავს, წავიკითხე. როგორ დავანახვო, რომ გავგიჟდი... ამიტომ ისევ „გავიკრიჭე“, ცოტათი ავწიე ხელი, დავრწმუნდი, რომ აუცილებლად დამინახავდა და წერილი გადავხიე.
– ცხოვრება, რომ თავიდან იწყებოდეს...
– არავითარ შემთხვევაში არ შევიცვლიდი პროფესიას და ხასიათს, რადგან გენეტიკურად ასეთი ვარ, თუმცა ურთიერთობებს ცოტა მეტ ყურადღებას მივაქცევდი.