№33 ლიზა წიკლაური: ძალიან ბევრს გაუკვირდა, ამაზე უარს როგორ ამბობო
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
წლებია, ლიზა წიკლაურს მაყურებელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ხვდება. განსაკუთრებული გარეგნობისა და პოზიტიური ხასიათის გოგონამ ჟურნალისტიკა, ფაქტობრივად, შემთხვევით აირჩია, თუმცა დღეს ზუსტად იცის, რომ ეს ის საქმეა, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა, ერთი პროფესიით არ კმაყოფილდება.
ლიზა წიკლაური: ჟურნალისტიკაში ჩემი პირველი ნაბიჯები ძალიან რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ საწყის ეტაპზე, ყოველთვის განსაკუთრებით ბევრი შრომაა საჭირო. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის დამთავრების შემდეგ, მაშინდელ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მოვედი პრაქტიკაზე. თავიდანვე საინფორმაციოში ვიყავი და კულტურის განხრით ვმუშაობდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ცოტა რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ სოციალურ-პოლიტიკური სფეროც მაინტერესებდა და ამ მიმართულებებზე გადავედი.
– როგორი იყო პირველი პირდაპირი ეთერი?
– ეს იყო ჩართვა ოპერის თეატრიდან. ოპერატორმა რომ მითხრა, დავამთავრეთ ჩართვაო, ისეთ ემოციებში ვიყავი, იმის შემდეგ კიდევ დიდხანს ვიდექი გაუნძრევლად (იცინის). მახსოვს, რომ დადებითი შეფასებები დავიმსახურე, რაც ძალიან გამიხარდა და ამის შემდეგ ეს ფორმატი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. თავიდან ეთერშიც კულტურის ბლოკი მიმყავდა. მაშინაც და დღესაც, შექებაზე მეტად კრიტიკა მაინტერესებს, ვცდილობ, მუდმივად ვიმუშავო საკუთარ თავზე. ის, რომ გადაცემა მიგყავს, არ ნიშნავს, რომ განვითარება აღარ გჭირდება. ზედმეტად კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ და დღემდე ვუყურებ ჩემს ეთერებს, რომ ნიუანსები, რომელიც არ მომწონს, გამოვასწორო.
– კულტურიდან რთულ პოლიტიკურ თემებზე გადასვლა არ გაგიჭირდა?
– ჩემი ერთადერთი სამსახური „პირველი არხია“. ყველამ იცის, რომ ძალიან აქტიური ვარ და მიყვარს სიახლეები. დიდი ხნით ერთ ადგილას გაჩერება არ მომწონს. მთელი ჩემი კარიერა „პირველ არხთანაა“ დაკავშირებული, სხვადასხვა შემოთავაზების მიუხედავად, სამსახური არასდროს შემიცვლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებ. როდესაც პირველად შემომთავაზეს საინფორმაციოს წამყვანობა, უარი ვთქვი. ძალიან ბევრს გაუკვირდა, ამაზე უარს როგორ ამბობო?! მაშინ ვგრძნობდი, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი. ორი წლის შემდეგ, როცა კიდევ ერთხელ მივიღე ეს შემოთავაზება, უკვე ის დრო იყო, როცა ძალიან მაინტერესებდა და დავთანხმდი. ეს ის საქმეა, რომელიც ძალიან მიყვარს. ჩემი მეგობრები ხშირად ხუმრობენ ხოლმე, ლიზას რაც უნდა სჭირდეს, ეთერს ვერ უღალატებსო. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ საკუთარ მაყურებელთან. რაც შეეხება სირთულეს, დღესაც ძალიან მიჭირს მძიმე ამბების გადმოცემა და სამსახურში ეს ყველამ იცის. განვიცდი, მაგრამ ვცდილობ, ეთერში არ შევიმჩნიო, რადგან ჟურნალისტს საკუთარი ემოციების მაყურებლისთვის ჩვენების უფლება არ აქვს.
– ბავშვობიდან ამ პროფესიაზე ოცნებობდი?
– არა, ჟურნალისტიკაზე ბავშვობაში არც მიფიქრია. ვოცნებობდი, რომ ჩოგბურთში მიმეღწია დიდი წარმატებისთვის (იცინის). ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი ამბავი სრულიად დაუგეგმავად მოხდა და ეს პროფესიაც ასე ავირჩიე. ოჯახში დედაც, ბებიაც ექიმები არიან და როცა არჩევნის გაკეთების დრო მოვიდა, ძალიან მსუბუქად შემომთავაზეს ეს ვარიანტი. ზუსტად ვიცოდი, რომ ექიმობა ერთადერთი პროფესია იყო, რომელიც არ მინდოდა. გამომდინარე იქიდან, რომ
ძალიან აქტიური ვარ, შეიძლება ითქვას, არასდროს ვიღლები და მიყვარს სიახლეები, ჩავთვალე, რომ ჟურნალისტიკა იქნებოდა ის საქმე, რომელიც ჩემს თვისებებთან შესაბამისობაში მოდიოდა. ნებისმიერი სხვა პროფესია რომ ამერჩია, ვფიქრობ, საბოლოოდ მაინც ჟურნალისტიკას მოვაკითხავდი (იცინის). ვხვდები, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
ძალიან აქტიური ვარ, შეიძლება ითქვას, არასდროს ვიღლები და მიყვარს სიახლეები, ჩავთვალე, რომ ჟურნალისტიკა იქნებოდა ის საქმე, რომელიც ჩემს თვისებებთან შესაბამისობაში მოდიოდა. ნებისმიერი სხვა პროფესია რომ ამერჩია, ვფიქრობ, საბოლოოდ მაინც ჟურნალისტიკას მოვაკითხავდი (იცინის). ვხვდები, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდი, მეგობრები დამცინიან, შენთვის სწავლა არასდროს სრულდებაო.
– ჩემი პროფესიის პარალელურად, სხვადასხვა ინტერესი მიჩნდება ხოლმე და სულ რაღაცას ვსწავლობ და კონკრეტულ კურსებზე ვაბარებ. ბოლოს მაგისტრატურა გავაკეთე „ჯიპაში“, ამჯერად პიარკომუნიკაციის მიმართულებით. ახლა ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგია, თუმცა პანდემიის პირობებში ცოტა შევფერხდი, რაც იმედია, მალე მოგვარდება. მგონია, რომ სწავლა არასდროსაა საკმარისი და თანამედროვე სამყაროში არც ერთი პროფესია არაა დამაკმაყოფილებელი.
– სამაგიეროდ, არასდროს არაფრისთვის აღარ მრჩება დროო, ამბობდი.
– კი. განსაკუთრებით ბევრ საყვედურს ამ ბოლო მაგისტრატურაზე სწავლის დროს ვიღებდი. ორი წლის განმავლობაში, დილიდან საღამომდე სამსახურში ვიყავი, შემდეგ კი – უნივერსიტეტში. დრო აღარავისთვის მრჩებოდა. დიპლომის დაცვის დღეს მეგობრები მოლოცვამდე მეკითხებოდნენ, ახლა რაზე აბარებო? (იცინის)
მე პირადად ვარჯიშით ვახერხებ განტვირთვას. ძალიან მიყვარს, ცურვა, კითხვა და მოგზაურობა. მოგზაურობა არის ჩემთვის განტვირთვის ყველაზე დიდი საშუალება და სისუსტეც (იცინის). იმედია, მალე დავუბრუნდებით ძველ ცხოვრებას, როცა წელიწადში რამდენჯერმე მაინც ვახერხებდი სამოგზაუროდ წასვლას, ანუ სამყაროსგან სრულად მოწყვეტას. ტელეფონი გათიშული მაქვს ხოლმე და მხოლოდ საღამოს ვეკონტაქტები ოჯახს. წელს დავრჩი განტვირთვის გარეშე, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს ფარგლებშიც მოვახერხებ საჭირო ენერგიისა და ემოციების მიღებას.
– გარეგნობა, კარიერა, ხასიათი, ისეთი გაქვს, სასურველ სარძლოს რომ შეეფერება. რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– არ ვიცი, როგორად მოვიაზრები, ესეც, ალბათ, სხვისი გადასაწყვეტია (იცინის). თუმცა, ამ თვალსაზირისით ჯერჯერობით, ისეთი არაფერი ხდება, რომ ვინმესთვის საინტერესო იყოს (იცინის).
– სერიოზულად შეყვარებული არასდროს ყოფილხარ?
– თუ სერიოზულია ამბავი, სერიოზული გაგრძელება მოჰყვება. არ ვთვლი, რომ სერიოზული ამბავი, შეიძლება, ადამიანს ბევრჯერ ჰქონდეს ცხოვრებაში.
– როგორია შენი ადამიანი, რომლის გვერდითაც ცხოვრების გატარება მოგინდებოდა?
– ადამიანი ღირსეული უნდა იყოს, ერთგული და უღალატო, ზოგადად, ნამდვილ ადამიანებს ვცემ პატივს. ძალიან არ მომწონს ყალბი პიროვნებები, რომლებიც მხოლოდ სხვების დასანახავად დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს.
– რას უკავშირდება შენი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი, არაპროფესიული თვალსაზრისით?
– არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში რთული პერიოდი არ ჰქონია. თუმცა სირთულეებს არასდროს დავუბრკოლებივარ. პირიქით, მეტი მოტივაცია მოუცია სამომავლოდ. დღეს კონკრეტულ შემთხვევებს რომ ვიხსენებ, ვფიქრობ, ყველაზე მეტად ჩემი ემოციები მენანება. ზედმეტად ბევრი ემოცია მაქვს დახარჯული იმაზე, რაც არ ღირდა ამად. ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. ადრე თუ ჩემზე რამე არასწორს ვიგებდი, ვბრაზდებოდი და სიტუაციის გარკვევას ვცდილობდი, თუმცა მერე მივხვდი, რომ აზრი არ აქვს, რადგან ადამიანების გარკვეულ ნაწილს, უბრალოდ, ძალიან უყვარს სხვებზე საუბარი. ასეთ სიტუაციაში ცოტა უფრო თავშეკავებულად უნდა მოიქცე, საკუთარი თავი რომ არ დააზარალო. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე თავის მოთოკვა გამჭირვებია.
– ყველაზე ბედნიერი ეპიზოდი შენი ცხოვრებიდან?
– დღემდე დაუვიწყარია ჩემთვის მივლინება იერუსალიმში აღდგომის დღესასწაულზე. ვისაც იქ უმუშავია, კარგად იცის, რამდენად რთულია ეს, მაგრამ ისეთი საოცრებაა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ორჯერ ვიყავი იქ გადაღებაზე და ყველაზე დიდი ემოციები, სწორედ, ამ დღეებს უკავშირდება.
ზოგადად კი, ყოველი დღით ბედნიერი ვარ. შეიძლება, ეს ვინმესთვის უცნაური იყოს. ტელევიზიაში ახალი დაწყებული რომ მქონდა მუშაობა, თანამშრომელმა თქვა, ლიზა სულ კარგ ხასიათზე და გაღიმებული რანაირად არისო? შეიძლება, სულ არ გეღიმებოდეს, მაგრამ მაინც უნდა გაიღიმო და ამის საფუძველიც მალე გამოჩნდება. მართლა ყოველდღიურად ბედნიერი ვარ იმით, რომ მაქვს არაჩვეულებრივი ოჯახი, მათთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს არაა ცარიელი სიტყვები. საოცარი მეგობრები და რაც ყველაზე მთავარია, ღმერთი მყავს. ასე, რომ არაფერი მაქვს საწუწუნო.
– და ბოლოს, გარეგნობა და თავის მოვლა...
– თავის მოვლა ჩემი სისუსტეა (იცინის). არასდროს მენანება თანხა თავის მოვლის საშუალებებისთვის. კიდევ უფრო სერიოზული სისუსტეა სუნამოები და საკმაოდ დიდი კოლექცია მაქვს. ამას წინათ დავთვალე და ორმოცდაათზე მეტი სუნამო მაქვს (იცინის). რაღაც პერიოდებით ამოვიჩემებ ხოლმე ორ-სამ მათგანს, მაგრამ ჩემი კოლექცია მუდმივად იზრდება. თავის მოვლას რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად მძიმე, საეთერო მაკიაჟს ვიკეთებ, კანს კარგად ვუვლი ჩემი კანის ტიპისთვის საუკეთესო პროდუქციით. ქირურგიული ჩარევების ჯერჯერობით ძალიან მეშინია და სანამ გამოუვალი მდგომარეობა არ მექნება, მაგ ნაბიჯს ვერ გადავდგამ. ასე რომ, სუნამოები, პარფიუმერია და კრემები ჩემთვის ყველაზე კარგი საჩუქარია, რაც ყველამ იცის (იცინის).
– სამოსი?
– სამოსიც ხომ თავის მოვლას მიეკუთვნება?! (იცინის) სუნამოს გარდა ჩემს გარდერობში განსაკუთრებულად ბევრი პიჯაკია. ამ ორ რაღაცაში ზღვარი არ მაქვს (იცინის). ყველა გოგოს მოსწონს, როცა კარგად გამოიყურება, მეც არ ვარ გამონაკლისი.