№33 რას გიწინასწარმეტყველებთ მგალობელი ჩიტი და ყრანტალა ყვავი
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
ზაფხული და დასვენება ალბათ ამოუწურავი თემაა, მაგრამ ამჯერად სეზონის დამამშვენებელ, ბუნების საოცარ ქმნილებებს - ფრინველთა სამყაროს უნდა მივაპყროთ თქვენი ყურადღება. ზოგი საამო გალობით ატკბობს ყურს და ზოგიც უსიამოდ ჩხავის, მაგრამ მათ გარეშე წარმოუდგენელია გარემო ქალაქად თუ სოფლად, მთასა თუ ბარაში, ზღვისა თუ მდინარის პირას... ამიტომაცაა, რომ ხალხურ გადმოცემებში უამრავი მინიშნებაა ფრინველთა შესახებ, მათ შორის, კარგიც და ცუდიც. ძნელია, ყველა მინიშნებას ერთად მოუყარო თავი, თუმცა შევეცდებით, ელემენტარული წარმოდგენა მაინც შეგიქმნათ მათგან ყველაზე გავრცელებულ ვერსიებზე. ამაში კი დაგვეხმარება ეზოთერიკოსი, ბატონი შიო გ.
- ჩიტები დაფრინავენ, წრეზე ტრიალებენ. თავზე ასხდებიან ვინმეს - ადამიანები კი, აანალიზებენ ამ ყოველივეს და წინასწარმეტყველების შესაძლო ვარიანტების გამოთვლას ცდილობენ.
- იქნებ ჩვენც გაგვაცნოთ ჩიტების ეს მაგიური სამყარო...
- თუ ჩიტი თქვენი ფანჯრის მინაზე აკაკუნებს, ეს ცუდის ნიშანია, მაგრამ თუ სახლში მტრედი შემოფრინდა, ეს შეიძლება სიკვდილსაც ნიშნავდეს და იმასაც, რომ სულ მალე ბედნიერებას იპოვით. მტრედი ფანჯრის რაფაზე კი ნიშანია იმისა, რომ მალე ძალიან მნიშვნელოვან ახალ ამბავს გაიგებთ. იგივე ეხება მერცხალსაც და წივწივასაც. ამ ყოველივეს დანიშნულება კი გაფრთხილებაა იმის შესახებ, რაც თქვენს ცხოვრებაში მალე მოხდება და ამისთვის უნდა მოემზადოთ. ვთქვათ უცნობმა ფრთოსანმა „მოგიხატათ“ (დაგასკინტლათ) ტანსაცმელი - ნუ გაბრაზდებით, ამან შეიძლება უზარმაზარი ბედნიერება მოგიტანოთ. თუ თავზე დიდი შავი ყვავი დაგაჯდათ (და არა - ჩაგინისკარტათ, როგორც ეს ახლახან მოხდა ჩვენს ქალაქში) - ეს ნამდვილად ნიშანია დიდი სიმდიდრისა. საერთოდ, ნებისმიერი ჩიტი, რომელიც არ შეუშინდება ადამიანს და თავზე დააჯდება, ფულადი მოგების სიმბოლოა. ყარყატის გამოჩენა თქვენი თვალთახედვის არეალში - ბავშვის დაბადებას ნიშნავს. თქვენს აივანზე მტრედმა ბუდე გაიკეთა? - ცხოვრებაში ბედნიერება გეწვევათ. თან, მტრედები ორ კვერცხსაც თუ დადებენ ბუდეში, თქვენს ბედნიერებას საზღვარი აღარ ექნება.
- ფრინველთაგან ზოგი ჰაეროვნებისა და სიკეთის სიმბოლოა, ზოგი კი ზღაპრებშიც უარყოფითი პერსონაჟია, ეს როგორღა აისახება მინიშნებებზე?
- გამოსავალი ერთია, უნდა იცოდე, რაზე მიგანიშნებს ცალკეული გადმოცემა, განსხვავება ხომ დეტალებშია. ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვანაირად აიხსნება. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს დიამეტრალურად შეუძლია შეცვალოს სიტუაცია. თუ ჩიტმა თქვენს ოთახში შემოფრენა-გაფრენის „ტურნე მოაწყო“ - ეს შეტყობინებაა: უბრალოდ შემოფრენა - ახალ ამბებს უნდა დაელოდოთ, ნისკარტით თუ ბალახი მოაქვს - მალე ძალიან კარგი რამ მოხდება და კარგს იზამთ, თუ ამისთვის სათანადო პატივს მიაგებთ „მახარობელს“ და ნამცეცებით გამოკვებავთ; თუ ჩიტი სახურავზე ჩამოჯდა ან განუწყვეტლივ დაფრინავს სახლის ირგვლივ - ეს ნიშნავს, რომ სახლში ვიღაც ავად გახდება; თუ ფრთოსანი მაცნე გამუდმებით თქვენი საცხოვრებლის თავზე ნავარდობს - განსაკუთრებული სიფთხილე გამოიჩინეთ მეგობრებთან ურთიერთობისას: შეიძლება გიღალატონ და ეს მით უფრო სარწმუნოა, თუ მონავარდე ჩიტი მტაცებელია; ვთქვათ ხედავთ, რომ სახლის სიახლოვეს ჩიტებმა მოულოდნელად ფრენის მიმართულება შეიცვალეს - თანაც ძალიან მკვეთრად - ამ შემთხვევაშიც სიფრთხილე გმართებთ, ეს მოახლოებული საფრთხის ნიშანია; თუ ფრთოსანი ფრენისას მარცხნიდან მარჯვნივ მიფრინავს - საქმეში გაგიმართლებთ; თუ პირიქით, მარჯვნიდან მარცხენა მხარეს გაფრინდა - შემუშავებული გეგმები ფიასკოს განიცდის; ხოლო ცის ბინადარი პირდაპირ თქვენკენ თუ მოემართება - ძალიან მალე იღბალი გაგიღიმებთ; გაფრენილი ჩიტები - ცუდის ნიშანია, საქმეში არ გაგიმართლებთ; ფრინველთა გუნდი მიწას ძალიან თუ ასცდა - შესანიშნავი დღე იქნება, ყველაფერი აგიხდებათ, მაგრამ თუ პირიქით მოხდა - სახლში დარჩით, რადგან ყველა თქვენი მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის. აი, რა მნიშვნელობა აქვს, ერთი შეხდვით უმნიშვნელო დეტალებს. მაგალითად, გამოხვედით სახლიდან და სამსახურისკენ მიგეჩქარებათ, ამ დროს კი შენიშნეთ, რომ ფრთოსანთა გუნდმა ჩაგიფრინათ - შეგიძლიათ, თამამად აიღოთ შტურმით ნებისმიერი სიმაღლე.
- ფრთოსანთა შეფერილობა, ბგერები, რასაც ისინი გამოსცემენ, შეიძლება განსაზღვრავდეს კარგ ან ცუდ მინიშნებას?
- დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ელემენტებსაც. მაგალითად, თეთრი ჩიტი თუ დაინახეთ ბედნიერებას მოგიტანთ, ხოლო - მკვდარი, უბედურებას მოასწავებს; თქვენი ოთახის რაფაზე ჩამომჯდარი „დაუპატიჟებელი სტუმარი“ - უმნიშვნელო ფინანსურ ხარჯს ნიშნავს; ქორწილის დღეს თუ სიძე-პატარძალმა ნახა, რომ გალიაში ჩიტი მოკვდა - ქორწინება უიღბლო იქნება და საბოლოოდ, განქორწინება მოუწევთ; სახურავქვეშ თუ ჩიტი ფხაკურობს და მერე უცებ საკვამურ მილში ძვრება - სახლის მცხოვრებთაგან ვიღაც გარდაიცვლება - უბედურება კი უპირველესად მას ეწვევა, ვინც პაწაწინა ფრთოსანს თავისუფლება აღუკვეთა და გალიაში ჰყავს გამომწყვდეული. იღბლიანი იქნება დღე მისთვის, ვისაც მგალობელი ჩიტი ჩაუფრენს გვერდით და მის სასიამოვნო ხმას გაიგებს; ხოლო ყვავის ჩხავილი და ყორნის ყრანტალი თქვენს დღეს უიღბლოს გახდის; არის შემთხვევა, როცა დღისით-მზისით ღამის ფრინველთა კივილი ისმის - ფრთოსანთა ასეთ ქმედებას თან უბედურება მოაქვს; რაფაზე ჩამომჯდარ მერცხალს კი მთელი სახლი თავის მფარველობის ქვეშ ჰყავს, ასეთ შემთხვევაში ყველა უბედურება გვერდით ჩაგივლით. ამიტომაც მიაჩნდათ ძველად ფრთოსანი მეგობრები ხიფათის თავიდან აცილების საშუალებად. შესაბამისად, კაბებზე ხშირად ახატავდნენ ან ქარგავდნენ ჩიტებს. ეს მათ მეურნეობას იცავდა.
- შეიძლება, ყველა სიახლე კარგ ამბად ვაქციოთ, ანუ ფრინველთა დახმარებით იღბალი მოვიზიდოთ?
- არცთუ ცოტაა გადმოცემა, რომელიც იღბლის მოზიდვას უწყობს ხელს. ერთ-ერთია ფრინველის გამოკვება, თუმცა არსებობს სხვებიც და ასეთებია: ფრთებგაშლილი სტუმარი თუ სახლში შემოღწევას ლამობს, მაგრამ ფანჯრები დაკეტილია, ის კი ფრთებით ეხეთქება მინას, ნუ დაკარგავთ დროს, გააღეთ დარაბები, შემოუშვით ჩიტი, დააპურეთ და კარგი ამბები ნამდვილად მოადგება თქვენს ზღურბლს; სახლს გარს უფრენს თეთრფრთება მტრედი - ახლობლის სიკვდილია; ნებისმიერი სხვა თეთრი ფერის ფრინველი კი - მალე ქორწილს ან შვილის შეძენას მოასწავებს; არ აუქშიოთ ჩიტებს - დაე, თავად მოძებნონ თქვენი სახლის გზა გაზაფხულზე, რაც ბედნიერებას მოგიტანთ. მაგალითად, თუ ყარყატმა გაიკეთა სახურავზე ბუდე სახლის პატრონს სიმდიდრე და ბედნიერი ცხოვრება გარანტირებული აქვს; თუ პირიქითაა და ეს დიდნისკარტა ბუდეს ანგრევს თქვენს სახურავზე - ხანძარს ელოდეთ; ყარყატი თუ სასწრაფოდ ტოვებს საცხოვრებელ ადგილს - მალე იქ უბედურება დატრიალდება, ხოლო ის თუ უბრალოდ დაფრინავს სახლის ირგვლივ - სასიამოვნო სტუმარი გეწვევათ. გიყვარდეთ ფრინველები, შეისწავლეთ მინიშნებები მათ შესახებ და იყავით ბედნიერი!