№33 ვინ გაამეფა ბაგრატ ბაგრატიონი აფხაზეთში და რატომ არ უნდოდათ ქართლის აზნაურებს ბაგრატ მესამის ხელისუფლების განმტკიცება ქართლში
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
978 წელს დიდმა ქართველმა და ნიჭიერმა პოლიტიკოსმა, იოანე მარუშისძემ და აფხაზმა დიდებულებმა გამოითხოვეს დავით კურაპალატისგან მისი შვილობილი, ბაგრატ გურგენისა და გურანდუხტის ძე აფხაზეთში მეფედ გამოსაცხადებლად. დავით კურაპალატი დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ ეძნელებოდა შვილობილთან განშორება.
იოანე მარუშისძემ და მშობლებმა – ქართველთა მეფის, ბაგრატ მეორის მემკვიდრემ, გურგენ უფლისწულმა და აფხაზთა მეფე გიორგის ასულმა გურანდუხტმა ჩაიყვანეს ბაგრატ ბაგრატიონი ქუთათისში. აფხაზთა დიდებულებმა ბაგრატი „დალოცეს მეფედ და დაემორჩილნეს ყოველნი ბრძანებასა მისსა: რამეთუ განსრულებულ იყო ასაკითა“. უკვე წამოზრდილი ჭაბუკი იყო, „ჰასაკით განსრულებული“ ქართველი მამულიშვილების იმედი. იმ დროს, ალბათ, დაახლოებით 18-19 წლის იქნებოდა.
ასე გახდა ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონი აფხაზეთის მეფე და ამიტომ მისი და შემდეგ მისი მემკვიდრეების ტიტული იწყებოდა ამგვარად: „მეფე აფხაზთა...“ რა თქმა უნდა, მაშინდელი აფხაზები ქართველები იყვნენ. რა თქმა უნდა, აფხაზთა სამეფო ქართულენოვანი იყო, სამეფო კანცელარიაც და თავისთავად, აფხაზეთის ეკლესიაც ქართულენოვანი გახლდათ. ისევე ქართული ქვეყანა იყო აფხაზეთის სამეფო, როგორც ქართველთა სამეფო და საკურაპალატო, კახეთის საქორეპისკოპოსო (შემდეგ სამეფო) და ჰერეთის სამეფო.
ამ სამეფო სამთავროების გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ არსებობდა არაბების მიერ დაპყრობილი ტფილისისა და მის გარშემო – ტფილისის საამირო, სომეხი მეფეების მიერ დაპყრობილ ქვემო ქართლის ქართულ ტერიტორიებს მოიცავდა ტაშირ-ძორაგეტის სამეფო.
როცა ისტორიულ ქართულ ტერიტორიებზე ვსაუბრობთ, არაფრისდიდებით არ უნდა დავივიწყოთ ლაზეთ-ქალდეა-ტრაპიზონის ისტორიული ქართული მიწები.
საქართველო გაერთიანების გზაზე იდგა. აფხაზეთში ბაგრატ ბაგრატიონი გამეფდა. ამიერ ტაოში პაპამისი, გურგენი მეფობდა, იმიერ ტაოში კი – მამობილი, დავით მესამე, ქართლის საერისთავოს განაგებდა დედამისი გურანდუხტი. ამ სამეფოების გაერთიანებას საფუძველი ჩაეყარა. მაგრამ, გაერთიანების იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა მაინც.
ორ წელიწადში ბაგრატმა პირადად აიღო ხელში სამეფოს მართვის სადავეები. ჩემი აზრით, იმ დროს სრულწლოვანებისა და სამეფოს დამოუკიდებლად მართვის შესაძლო ასაკად 21 წელი ითვლებოდა: „და ვითარ გარდახდა ამას შინა წელიწადი ორი, იწყო განგებად და საურავად და განმართებად ყოველსა საქმესა“. მემატიანე ბაგრატს ადარებს პაპას, დედამისის მამას, აფხაზთა მეფე გიორგი მესამეს, რომელიც ნიჭიერი მეფე და ამბობს, მოქმედებდა „მსგავსად პაპისა მისისა, დიდისა გიორგი მეფისაო“. მართლაც, მეფე გიორგი ყოფილა „სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმხნითა და ახოვანებითა“, ღვთისმოყვარე, ეკლესიების მაშენებელი, გლახაკთა მოწყალე, გულუხვი, თავმდაბალი, სიკეთითა და სათნოებით აღსავსე.
მემატიანე, ბაგრატ მეფეს ასევე ადარებს იმ დროის დიდ ხელმწიფეს, ბაგრატის მამობილს და მზრუნველს, დავით კურაპალატს: „გინა თუ უმეტეს ადრე ვთქუა, რამეთუ ყოვლითურთ მიემსგავსებოდა ქცევასა გამზრდელისა თვისისასა, დიდისა მეფისა დავით კურაპალატისასა, და იხილვებოდა მის თანა ყოველი საქმე კეთილისა“.
ბიძამისის, გადაყენებული მეფის აფხაზეთში დატოვება არ იქნებოდა კარგი. ვინაიდან აფხაზთა სამეფოში ბევრი იყო ისეთი დიდებული, რომლებიც წინა მეფეების, ბაგრატის ბიძების მეფობის დროს ურევდნენ ქვეყანას და საკუთარი ინტერესების გამო, ერთმანეთს აპირისპირებდნენ ძმებს. სწორედ, ასეთი დაპირისპირების შედეგი იყო თეოდოსისთვის თვალების დაწვა, მისი ძმის, მეფე დემეტრე მესამის მიერ, აჯანყებაში მონაწილეობისთვის.
ამიტომ, „გამოგზავნა თეოდოსი მეფე, დედის ძმა მისი, ტაოს წინაშე დავით კურაპალატისა, რამეთუ ესე საქმე გამონახა უმჯობესად, რათა ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, სასოება კეთილისა, გინა შიში უწესოებისათვის მისა მიმართ აქუნდეს“.
რა თქმა უნდა, თეოდოსი მეფე ყოფილს დიდი პატივით ეპყრობოდნენ ტაოშიც, დავით კურაპალატის სამეფოში.
ბაგრატ მესამემ ქართლის საქმეების დალაგებაც გადაწყვიტა, რადგან ქართლის ზოგიერთ აზნაურს სულაც არ აწყობდათ ცენტრალიზებული ხელისუფლება და საკუთარ სამფლობელოებში უნდოდათ შეუზღუდავ ფეოდალებად ყოფნა. მაგრამ, გაერთიანების გზაზე დამდგარი სახელმწიფოსთვის ეს მიუღებელი იყო. ქვეყანას სჭირდებოდა მტკიცე სახელმწიფო. სხვაგვარად ქართველ ხალხს, – რომელსაც ერთიანობის განცდა მუდამ ჰქონდა, მიუხედავად სხვადასხვა სამეფოების არსებობისა საქართველოს ტერიტორიაზე, – მომავალი არ ექნებოდა. მხოლოდ ერთიანი სახელმწიფო შეიძლებოდა ყოფილიყო ერის არსებობისა და განვითარების გარანტი.
ქართლის აზნაურების ნაწილს აწყობდათ ბაგრატ მეფის დედის სიმბოლური და არა მტკიცე ხელისუფლება. ქართლი, ბაგრატის ტაოში ყოფნისას და მისი აფხაზეთში გამეფების დროს, ფორმალურად, ბაგრატის დედის საგამგებლო იყო, ვითარცა აფხაზთა მეფის ასულის. ქართლის აზნაურებმა გადაწყვიტეს, არ დამორჩილებოდნენ აფხაზთა მეფეს და ჯარი შეკრიბეს მის წინააღმდეგ.
ბაგრატ მეფე „გარდამოვიდა ქართლს, რათა განაგნეს საქმენი დაშლილნი ქართლისანი მოვიდა და დადგა თიღუას. ხოლო მას ჟამსა აზნაურთა ქართლისათა რომელთა – მე არა ენება გარდამოსლვა მისი, რამეთუ თითოეულად განაგებდეს საქმეთა ქართლისათა, დაღაცათუ იყვნეს მორჩილებასა შინა გუარანდუხტისასა.
იწინამძღურეს ქავთარ ტბელი, მოეგებნეს ბრძოლად და დაუდგეს თავსა ზედა მოღრისასა. იხილა რა ბაგრატ აფხაზთა მეფემან, აღუზახნა სპათა თვისთა, მივიდეს და შეებნეს“.
ერთიანობის სიმბოლოდ ქცეულ ბაგრატ მესამეს ღმერთმა გაუმარჯვა. „იოტნეს ქართველნი: რომელნი-მე დახოცნეს, რომელნი-მე დაიპყრნეს და სხუანი კუალად მეოტნი გარდაიხუეწნეს და დაიფანჩნეს“.
ბაგრატ მეფე მივიდა უფლისციხეში, დედისგან ჩაიბარა ციხე. ცოტა ხანს დარჩა ქართლში და განაგო ქართლის საქმეები. შემდეგ გაემგზავრა აფხაზეთში და დედა-დედოფალი გურანდუხტიც თან წაიყვანა.
მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, როგორც ზემოთაც ითქვა, ბრძნულად მართავდა სახელმწიფოს მეფე ბაგრატი. მემატიანე მას გემის დახელოვნებულ კაპიტანს ადარებს: „და ვითარცა ხელოვანმან მენავეთ-მოძღუარმან განაგო ყოველი საქმე აფხაზეთისა: რამეთუ მცირედ ამხილის ყოველთა, ვინ უკუე პოვის ურჩი, და მისსა ადგილსა განადიდის ერთ-გული და მისანდობელი თვისი“. მაშასადამე, ურჩებს და ორგულებს არ უთმობდა და მათ ადგილას ნიშნავდა ერთგულებს.
ამის გამო ბევრ დიდებულს, საკუთარი ინტერესების გასატარებლად, ისევ უტრიალებდა გონებაში მეფის ღალატი, ელოდნენ შესაბამის დროს და ვერაგულ გეგმასაც ამუშავებდნენ.