№33 საყვარელი ქალი ფლირტაობების გამო დავკარგე
ყოველთვის მიყვარდა გოგონებთან გართობა და ფლირტაობები. ერთი საყვარელი არასდროს მყოლია. მიყვარდა თავგადასავლები, სხვადასხვა ტიპაჟის გოგონები და ხშირად სექსუალური პარტნიორის ცვლა. მართალია, გარეგნობით არ ვარ გამორჩეული, მაგრამ გოგონებში პოპულარული ვიყავი. მოკლედ, მთელი ცხოვრება არ დამკლებია გართობა, მათი სითბო და ალერსი. სულ მინდოდა, შვილი მყოლოდა, თუმცა, მხოლოდ ცოლისგან და ამის გამო, გადავწყვიტე დაოჯახება, თორემ ზუსტად ვიცოდი, მთელი ცხოვრება მისი ერთგული ვერ ვიქნებოდი. თიკო ძალიან კარგი გოგოა – ლამაზი, ჭკვიანი, მეოჯახე. დავინახე თუ არა, მივხვდი, მასთან ფლირტაობა და გვერდული გართობები არ გამომივიდოდა და თავიდანვე სერიოზულად მივუდექი. იმ პერიოდში კი, როცა სიყვარულებს ვუხსნიდი და ცოლობას ვთხოვდი, პარალელურად სხვა გოგონებთან დავდიოდი. ბევრი იტყვის, ამას ასე უსინდისოდ როგორ ამბობო, მაგრამ ასე იყო და ახლა ცოტა მრცხვენია ჩემი საქციელის. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავოჯახდი, შვილიც შეგვეძინა და ცოლიც მიყვარდა, თუმცა, ვერ შევიცვალე ხასიათი და თვალი მაინც სხვებისკენ გამირბოდა. მეგონა, თიკო ვერ მიხვდებოდა, თუმცა ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდა. არასოდეს გვიკამათია, არც ხმამაღლა გვითქვამს ერთმანეთისთვის რამე, ისე წავიდა ჩემგან და ბავშვიც წაიყვანა. ოთხი წელი ითმენდა ჩემს ღალატს და არც ვამტყუნებ, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. არ მოვიტყუები, დღესაც მიყვარს და მინდა, ისევ ჩემი ცოლი ერქვას, მაგრამ ის უკეთეს მამაკაცს იმსახურებს – ერთგულს და მოსიყვარულეს. ხშირად მიფიქრია, სხვა კაცის გვერდით რომ დავინახო ან გათხოვდეს, ამაზე ჭკუიდან შევიშლები-მეთქი. შერიგებაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, თუმცა, არ მთანხმდება. მეუბნება: სჯობს, ასე დავრჩეთ, როგორც კარგი მეგობრები, ისევ ბავშვის გამო და არ გავირთულოთ ცხოვრება. შენ ვერ შეიცვლი ხასიათს და მე ჩემი თავმოყვარეობა მაქვსო. მართალია და ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, წლები რომ მემატება, ვხვდები, ოჯახის წევრების გარდა, არავის უნდა გადაყვე, არავის დაახარჯო ზედმეტი ფული, ენერგია და დრო, მაინც არავინ დაგინახავს და წყალში გადაყრილი წლები და თანხებია. რამდენჯერაც პრობლემა მქონდა, ისევ თიკო დამიდგა გვერდით, დამაიმედა და დამარიგა. იმათ კი, ვისთანაც მხოლოდ ვნებას ვიკლავდი და უაზროდ გართობაში ვხარჯავდი დროს და ფულს, აღარც კი ვახსოვარ. თიკოსთან გაშორების მერე ვხვდები, რომ თანდათან ვიცვლები. მივხვდი, გოგოების დევნით ცხოვრება დავინგრიე და მერე უფრო ძალიან ვინანებ, მაგრამ შვილი რომ მყავს ეს იმედს მაძლევს. არც მეორე ცოლის მომყვანი ვარ. თან, ისე დავკარგე ქალის ნდობა, იმხელა გამოცდილება მივიღე მათთან ურთიერთობებით, ზუსტად ვიცი, ფულს და ქონებას მიყვებიან ცოლად და გრძნობები სულ არ აინტერესებთ. რასაკვირველია, ეს ყველა ქალს არ ეხება, მაგრამ უმეტესობა ასეა. სწორედ იმიტომ ვაფასებ თიკოს, რომ არასოდეს არაფერი მოუთხოვია. ახლაც, თუ მაქვს და ბავშვთან მიმაქვს, მართმევს, თუ არა და, თავად არასოდეს დამირეკავს და არ მეტყვის, მომიტანეო. ყველა მეუბნება: უზნეო ქალებს გადაყევი და ვისაც მართლა უყვარდი, მათში გაცვალე, გული ატკინე, დაამცირე და დაკარგეო. მართალია, ვნებებს ავყევი და დავკარგე საყვარელი ქალი ამის გამო. თუმცა, ახლა სინანულს აზრი არ აქვს და იმაზე ვფიქრობ, მასთან ის ურთიერთობაც არ გავიფუჭო, რაც ახლა მაქვს. იმისთვისაც მადლობელი ვარ, რომ ჩემს შვილს, როგორც იტყვიან, ხელისგულზე ზრდის.
გოგა, 39 წლის.