№33 რატომ ნიშნავს ბოროტის არსებობის აღიარება ორი ღმერთის არსებობის დაშვებას
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ჩვენს ყოფაში მიღებულია ადამიანების, საგნებისა თუ მოვლენების ბოროტად და კეთილად დაყოფა, მართლაც, ასეთი შავ-თეთრია სამყარო თუ ეს მაინც ადამიანის დამოკიდებულების შედეგია? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– მართლაც არსებობს თუ არა ბოროტება, ანუ ის, რასაც ჩვენ ეს სახელი დავარქვით და როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ბოროტი და კეთილი?
– ერთ-ერთი წმიდა მამა ამბობს, ბოროტი არის არა საგანში, არა მოვლენაში, არამედ ამ ყველაფრის მიმართ ჩვენს არასწორ დამოკიდებულებაში. აი, ეს არის ქვაკუთხედი. თუ ეს არ გავარკვიეთ საკუთარ თავში, ჩვენი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ, უბრალოდ, ამაო იქნება. თუ შენ გარეთ მყოფ რამეს „ბოროტების“ სახელს დაარქმევ, მაშინ მუდმივად იქნები მასთან, როგორც ქარის წისქვილებთან ჭიდილში. შესაძლოა, ეს ერთგვარ ვნებად და ჰეროიკად გადაგექცეს, მაგრამ შედეგს არ მოიტანს. როგორც კი შენ გარეთ თავისთავად არსებულს მიანიჭებ ბოროტის მნიშვნელობას, გამოდის, რომ სამყაროში ორ საწყისს, ორ ღმერთს აღიარებ: კეთილსა და ბოროტს, როგორც ეს იყო, მაგალითად, ადრეულ სპარსულ რელიგიაში, ზოროასტრიზმში. ბოროტი და ბოროტება, ძირითადად, ინერციული, ემოციური აზროვნებიდან გამომდინარე, მოდის გარედან, გვემტერება და ჩვენ როგორ ვიქცევით? ვებრძვით მას და ეს რელიგიურ დონეზეც კი ასეა ხოლმე, თუმცა ქრისტიანობაში ეს საკითხი გადაწყვეტილია, ბოროტი თავისთავად არ არსებობს. ოღონდ ეს გააზრების ისეთი დონეა, რაც იმთავითვე არ ეძლევა ადამიანს. ჩვენ ვიბადებით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც სჭარბობს ფიზიკური აღქმა. მე ვიბადები და ვიცი, რომ ვარ ხორცის მასა და სამყარო არის ის, რასაც ვხედავ, ვკიდებ ხელს, ვუსინჯავ გემოს... ბავშვიც ხომ ასე იცნობს სამყაროს?! და როგორია ბავშვის რეაქცია, თუ ცეცხლმა დაწვა?! ბავშვი ფიქრობს, რომ ცეცხლი ბოროტია და მას მამაც აგულიანებს, ნახე, ამას რას ვუზამ?! დააბიჯებს ფეხს ცეცხლს და ბავშვიც ურტყამს, შესაბამისად, ბავშვის ცნობიერებაში იქმნება აზრი, რომ ბოროტება არის მის გარეთ. ადამიანებიც, სამწუხაროდ, უმწიფარი ბავშვის მდგომარეობაში ვართ, როდესაც დიდ მნიშვნელობას ვანჭებთ იმას, რაზეც გვაქვს რეაქცია. ამიტომ მტერი სულ ჩვენ გარეთაა, ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ, ვიღაც ცუდები, ბოროტები მუდმივად ტრიალებენ ჩვენ გარშემო და აზრადაც არ მოგვდის, რომ ის, რაც ჩვენ გარეთაა, თავისთავადაა ასეთი. ბოროტება არის ჩვენგან პირმიქცეული, ჩვენ მიერ ვერგაგებული და ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ იმთავითვე არ გვაქვს ის სიცხადე, რომ მაშინვე თავისი სახელი დავარქვათ ყველაფერს. ამიტომ სამყარო ძალიან საშიშად და ქაოსურად გამოიყურება.
– ყოფით მაგალითს ვიტყვი: ერთს ეკუთვნის სამსახურში დაწინაურება, მაგრამ აწინაურებენ სხვას, ის ხომ მიიჩნევს, რომ ეს ბოროტებაა მის მიმართ ჩადენილი. მიიჩნევა, რომ ბოროტია პუტინი, იმიტომ რომ წაგვართვა ტერიტორიები. ამ დროს მე ისიც არ მესმის, პუტინი ჩვენდამი კეთილი რატომ უნდა იყოს?
– მუდმივად იქნებიან მტრები, მსხვერპლი და ბოროტებაც სულ იქნება. მაშინ სად წყდება ეს საკითხი? ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მოცემული ბიბლიაში, ესთერის წიგნში, შინაარსს არ მოვყვები. არის ორი პერსონაჟი: მორდოხე და ამანი, პირობითად, თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი, ღმერთი და სატანა. ამანი, ისრაელის მტერი, ცდილობს, ამოწყვიტოს ებრაელი ხალხი. მეფის კარზე არის მორდოხე, ერთ-ერთი ებრაელი ტყვე, რომელიც, როდესაც ამ ამბავს გაიგებს, შეატყობინებს დედოფალ ესთერს (რომელიც ებრაელია, ოღონდ მეფემ ეს არ იცის) და სთხოვს დახმარებას. საბოლოოდ კი, გამოდის, რომ ყველაფერი, რასაც ამანი აკეთებს, მოემსახურა სიკეთის გამარჯვებას, იმას, რომ ებრაელებმა იქით დახოცეს თავიანთი მტრები. სხვათა შორის, ებრაელებს წელიწადში ერთხელ აქვთ პურიმის დღესასწაული. ყველანი იკეთებენ ნიღბებს და ასეთი წესია: ისე უნდა დათვრე იმ დღეს, რომ ამანი და მორდოხე ვერ გაარჩიო ერთმანეთისგან. ეს რას ნიშნავს? რომ ამანი და მორდოხე აქ ერთი დიდი ღმერთის ნიღბებია. იქ ეს ყველაფერი ერთიანია. ამიტომაც მოემსახურა ამანის ბოროტება სიკეთეს. ანუ ყველა ბოროტება, დიდი გადასახედიდან, ისევ ღმერთის გამოვლინებაა და ნებისმიერ შემთხვევაში სიკეთეს ემსახურება. მაგრამ აქამდე უნდა მივიდეთ შეგნებით. თუ იმთავითვე გააკეთე ეს დასკვნა, ეს უკვე „ხალტურაა“. არსებობს დედუქცია და ინდუქცია: ჯერ თუ ზოგადი არ დავინახე, რით მთავრდება ის თამაში თუ საიდუმლო, რასაც ცხოვრება ჰქვია, თუ არ იცი, რაა საწყისი და ბოლო და მხოლოდ იბრძვი, იმიტომ რომ დეტალებს ხედავ, მაშინ ხმლის ქნევას აზრი არ აქვს, მეორე მხრივ, თუ მხოლოდ იმას უყურე, რომ ღმერთი ერთია, მაშინ ცხოვრება წაგივა, რეალიზაციას ვერ მოახერხებ, მხოლოდ ჭვრეტაში დარჩები, მოსწყდები რეალობას და ვერ შედგები, როგორც ადამიანი. შესაბამისად, ორივე ერთდროულად უნდა ვიცხოვრო: ყოვედღიური ცხოვრებით ადეკვატურად ვპასუხობ იმას, რაც შემემთხვევა, მაგრამ მთლიანიც ვიცი და ამ მთლიანობის ხედვა წინააღმდეგობის გადალახვისას, რაც ბოროტებად ჩანს, მეხმარება, რომ ვიმოქმედო არა მხოლოდ ემოციით, არამედ სიბრძნითაც. ვცდილობ, რომ ბოროტება სიცხადით, სინათლით მოვიშინაურო, იმიტომ რომ ბოროტება სინამდვილეში არის ვერგაგებული და აუთვისებელი სამყარო. ამიტომ პირდაპირ კი არ ვეჯახები მას, არამედ ჩემი სიცხადით ვაფართოებ ტერიტორიას, რომ მას მივუახლოვდე და შევიცნო. ეს არის ის, რაც ქრისტემ მოგვცა. ამიტომ პოლიტიკაშიც კი ამ სიბრძნით უნდა ვიხელმძღვანელოთ. დიახ, ის მტერია, მაგრამ დიდი გადასახედიდან ეს უფრო დიდი თამაშია, ღმერთის დაშვებაა და ნისი ნების გარეშე არაფერი ხდება. ასე რომ შევაფასებ ჩემს მტერ სახელმწიფოს თუ ადამიანს, რომელიც მტერი მგონია, მრჩება ძალა, გავიგო, რატომ დაუშვა ღმერთმა ეს. რატომ მაიძულებს, ამოვხსნა ეს რთული ამოცანა?! ამიტომ არ უნდა გავბრაზდეთ და არც ბოროტი მტრის სახელი უნდა დავარქვათ, რადგან ღმერთი გეუბნება, რომ ბოროტი თავისთავად არ არსებობს. ქართველები ემოციურები ვართ და მერე რა, რომ პატარა ქვეყანა ვართ?! პატარაა ოქრო, მაგრამ ძვირფასია; პატარაა ალი, მაგრამ მთელ ტყეს ბუგავს. აი, ეს სიპატარავე უნდა გამოვიყენოთ სიბრძნით. სიბრძნით, რომელიც სამყაროს ერევა.