№33 რა ენერგოპროექტების ამოქმედებას შეუშალა რუსეთმა ხელი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირებით და მიანიჭა თუ არა აშშ-მა თურქეთს რეგიონში წესრიგის დამყარების ფუნქცია
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
კავკასიაში დიდი სამხედრო მოძრაობებია: თითქოს ის არ გვეყოფოდა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა აუტეხეს ერთმანეთს სროლები და მაინცდამაინც იმ რაიონში, სადაც ეს ჩვენი მილსადენები გადის, რომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები წამოიწყეს ნახიჭევანში (სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო სამხედრო დაპირისპირების არეალის სიახლოვეს), რუსეთმა კი ჩრდილო კავკასიაში გააჩაღა წვრთნები (ჩემს საზღვრებთან ვითარება გართულდაო). ამის პარალელურად, სიტუაცია იდლიბშიც დაიძაბა და, ზოგადად, სირიაში საბრძოლო მოქმედებებიც განახლდა. ვახტანგ მაისაიასთან ერთად გავარკვევთ, რატომ გაძლიერდა იარაღის ჟღარუნი სამხრეთ კავკასიასა და მის სიახლოვეს.
– რაც ხდება, რის მანიშნებელია? რომ დაპირისპირების ცენტრი ისევ ახლო აღმოსავლეთში იქნება თუ, უბრალოდ, გაიშალა დაპირისპირების ფრონტის ხაზი უკვე სამხრეთ კავკასიაში?
– აქ ერთი ნიუანსია, თურქეთმა და აზერბაიჯანმა 2010 წელს გააფორმეს სამხედრო ხელშეკრულება...
– დიახ, ისეთივე, როგორციც რუსეთსა და სომხეთს აქვს, რომ ერთზე თავდამსხმელი, ავტომატურად მეორეზე თავდამსხმელია.
– მხოლოდ ეს არაა საქმე. თუ არ ვცდები, შარშან, ამ ხელშეკრულებას თან დაერთო სპეციალური პროტოკოლი, რის მიხედვითაც, თურქეთმა აზერბაიჯანისგან აიღო ნებართვა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გახსნას თავისი სამხედრო-საჰაერო ბაზა. ეს შეფუთული იყო ისე, რომ თითქოს ამით აზერბაიჯანს უნდა დახმარებოდა სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. ყოველ შემთხვევაში, თურქეთმა გაინაღდა ეს ბაზა. სხვათა შორის, თურქეთმა გახსნა ბაზა სომალიშიც, აქვს ბაზა ყატარში და ლიბიაშიც – ორი სამხედრო ბაზა. როგორც ჩანს, აღნიშნული წვრთნები, რომლებიც არის არაგეგმიური, დაიგეგმა საკმაოდ სპონტანურად, სამფაზიანია: სამხედრო-საჰაერო, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და სახმელეთო. სახმელეთო ფაზისთვის თურქეთმა აზერბაიჯანში გადაისროლა მძიმე ტექნიკა.
– საჰაერო გზით.
– დიახ, საჰაერო გზით. დიდი ალბათობით, შეიძლება, სამხედრო ტექნიკის ნაწილი ხმელეთით გადაეყვანათ ნახიჭევანი-თურქეთის საზღვარზე. 2010 წლის ხელშეკრულების მეორე და მესამე თავი პირდაპირ ამბობს, რომ თურქეთმა სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს აზერბაიჯანს, თუ განხორციელდება მასზე თავდასხმა.
– ისევე, როგორც რუსეთმა უნდა აღმოუჩინოს დახმარება სომხეთს, თუ სომხეთს ვინმე დაესხმება თავს.
– მაგრამ „ოდეკაბეს“ ფორმატშია აღებული ეს ვალდებულება. 2017 წლის ხელშეკრულებაც არსებობს, რის მიხედვითაც, რუსეთმა და სომხეთმა შექმნეს ერთობლივი სამხედრო დაჯგუფება, რომლის შემადგენლობაში შევიდა სომხეთის შეიარაღებული ძალების 102-ე ბაზა და მე-5 საარმიო კორპუსი, დაახლოებით, 9 000 ადამიანი. ისინი არიან მუდმივმოქმედი სამხედრო მოსამსახურეები და საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან და სომხეთმა, რომელმაც გაანულა აზერბაიჯანის სამხედრო უპირატესობა 12 ივლისიდან დაწყებული შეტაკებებით, შესაძლოა, აამოქმედა აღნიშნული დაჯგუფების პოტენციალი. სომხეთმა რამდენიმე წარმატებული შეტევა განახორციელა აზერბაიჯანის სამხედრო ძალების წინააღმდეგ, რის შედეგადაც დაიღუპა აზერბაიჯანელი სარდალი, გენერალ-მაიორი, ორი პოლკოვნიკი და ერთი მაიორი. ასევე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს 30 მილიონის ღირებულების სტრატეგიული დაზვერვის „დრონი“. ისრაელის წარმოების და დამატებით კიდევ – 12 „დრონი“. თუმცა შემდეგ თურქეთმა 10 „დრონი“ მიაწოდა აზერბაიჯანს. ამას მოჰყვა სამხედრო წვრთნები. სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც გამოაცხადეს ნაწილობრივი მობილიზაცია. როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ გაიწვია რეზერვისტები. სომხეთმა – 2 000, აზერბაიჯანმა – 3 000. ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაიწყო ოპერატიულ-ტაქტიკური წვრთნები. ჩრდილო კავკასიაში მიმდინარეობს რუსეთის სამხრეთის სარდლობის წვრთნები და აგვისტოს ბოლოს იწყება „კავკაზ 2020“.
– საბედისწერო წვრთნები.
– დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი წვრთნები იწყება და ალბათ, გასტანს ერთ თვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ორი არმია ეყოლება გამზადებული სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. ეს არის 58-ე და მე-8 არმიები. 58-ე არმია ებჯინება საქართველოს, მე-8 არმია აზერბაიჯანის მიმართულებითაა განლაგებული. 58-ე არმია პირდაპირაა დაკავშირებული გიუმრის სამხედრო ბაზასთან.
– ეს მთელი ამბავი მხოლოდ რუსეთ-თურქეთის ინტერესების დაპირისპირებაა?
– დიდი ალბათობით, სწორედ მასეა საქმე. ჩემი აზრით, ეს უკავშირდება ენერგოუსაფრთხოების თემას.
– ანუ თურქეთი იცავს საერთაშორისო მილსადენებს, რომლებიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთისკენ და შემდეგ ევროპისკენ მიემართება?
– ბუნებრივია.
– რუსეთი გაბედავს, ისარგებლოს, რაც ხდება აშშ-ში, ევროკავშირში, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის და ზიანს მიაყენებს საერთაშორისო მილსადენებს?
– სავარაუდოდ, ეს ასეც არის. თავუზის რაიონი (აზერბაიჯანი) შემთხვევით არ შეირჩა საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად, თავუზის რაიონშია კონცენტრირებული სამი ძირითადი ენერგოპროექტი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი. ამ რაიონში იკრიბება სამივე ეს პროექტი საკომუნიკაციო ჰაბად. მეორე არის ის, რომ როგორც კი თავუზის რაიონში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, „სოკარმა“ მაშინვე აამოქმედა ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი, რაც ადრე არასდროს გაუკეთებია აზერბაიჯანს და „სოკარმა“ ახლა ნავთობი სწორედ ამ მიმართულებით გაუშვა; მესამე – სექტემბერში უნდა ამოქმედებულიყო „ტანაპის“ პროექტი და გასულიყო გაზის პირველი პარტია. ეს გაზის მნიშვნელოვანი რაოდენობა იქნებოდა არა მარტო თურქეთისთვის, არამედ ევროპისთვისაც. ეს პროექტი იყო ანალოგიური ტიპის სამხრეთის გაზსადენის კონკურენტი, რის მიხედვითაც რუსეთს უნდა გადაექაჩა 55 მილიონი კუბური მეტრი გაზი. ბუნებრივია, ამ ორ პროექტს შორის დაპირისპირებაა, ისევე, როგორც თავის დროზე დაუპირისპირდა რუსეთის სამხრეთის ნაკადი „ნაბუქოს“ პროექტს. რუსეთმა მაშინ წარმატებით ჩაფუშა „ნაბუქო“ და გაანულა. თურქეთმა იმის გამო, რომ რუსეთისგან დამოუკიდებლობისთვის მიეღწია, ალჟირიდან და ლიბიიდან დაიწყო გაზის ტრანსპორტირება. სხვათა შორის, თურქეთი ყატარიდანაც იღებს გაზს და ყატარი და თურქეთი არიან სტრატეგიული მოკავშირეები: თურქეთი სირიაში სწორედ ყატარის დაფინანსებით იბრძვის. მათ უპირისპირდებიან სპარსეთის ყურის სახელმწიფოები და ესეც საინტერესოა. თუ იდლიბში დაიძაბა სიტუაცია და ასადმა სატრანსპორტო-სატრანზიტო მაგისტრალის გაკონტროლების მიზნით განაახლა საბრძოლო მოქმედებები, თურქეთს მოუწევს ადეკვატური ღონისძიებების გატარება.
საინტერესო მომენტი ისაა, რომ უცებ ამოქმედდნენ თურქეთის ტერიტორიაზე ქურთთა მუშათა პარტიის სამხედრო დაჯგუფებები, რომლებიც რატომღაც გააქტიურდნენ თურქეთის სამხრეთ რაიონებში, რომელიც ებჯინება სომხეთის ტერიტორიას. ამიტომ თურქეთს მოუწია, გადაესროლა გარკვეული ძალები იქით. საინტერესოა, ვინ გაააქტიურა ქურთები. ამის პარალელურად, უცაბედად დაიძაბა სიტუაცია სირიაში რუსეთისა და ამერიკის სამხედროებს შორის. მეორე მხრივ, ვაშინგტონმა გააფორმა ხელშეკრულება სირიის დემოკრატიულ ძალებთან, რომ ისინი სირიის ნავთობის ათვისებასა და გაკონტროლებას იწყებენ. მე ეჭვი მეპარება, რუსეთმა ეს დაუშვას და, სავარაუდოდ, იდლიბში სწორედ ამის გამო დაიწყო სამხედრო მოქმედებები. არ გამოვრიცხავ, რუსეთი ცდილობდეს, გადაკეტოს სირიული ნავთობის ტრანსპორტირების გზები. ანუ პროცესების მთელი კასკადია. საინტერესოა, რომ ლიბიის კონფლიქტში ამერიკელებმა უცებ თურქეთს დაუჭირეს მხარი და გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი მზად იყო, ამერიკელებისთვის გადაეცა რუსული „ეს 400-ები“ ამერიკული „პეტრიოტების“ სანაცვლოდ. ყალბ ამბადაც რომ გავრცელებულიყო, ყველა „ფეიქს“ აქვს თავისი საფუძველი. ამიტომ გაურკვეველია, რა თამაშს თამაშობენ თურქეთი და რუსეთი.
– მე უფრო პირდაპირ ვიტყვი: თურქეთის უკან დგას ამერიკა და თურქეთი მოქმედებს მასთან შეთანხმებით?
– არ არის ჩამოსაწერი ეს ვერსია. ბუნებრივია, თურქეთი იცავს საკუთარ ინტერესებს. ეჭვი მეპარება, რომ თურქეთი იყენებს აშშ-ს თავისი ინტერესების გასატარებლად კავკასიაში და არა – პირიქით. ჩემი აზრით, აშშ-მა დათმო თავისი პოზიციები სამხრეთ კავკასიაში. კავკასია ამოიღეს თავიანთი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციიდან. თუმცა მანამდე ბუშიც და ობამაც კავკასიის რეგიონს ყოველთვის მიიჩნევდნენ აშშ-ის გეოპოლიტიკური ინტერესების რეგიონად. ტრამპმა კავკასია ჩაანაცვლა ცენტრალური აზიით და როგორც ჩანს, ცენტრალურ აზიასაც დაუსვა წერტილი, რადგან იცით, რომ წლის ბოლოს აშშ-ს გამოჰყავს თავისი კონტინგენტი ავღანეთიდან და, როგორც ჩანს, „ნატოს“ კონტინგენტსაც მიაყოლებს. ისევე, როგორც ტრამპმა შეასუსტა ამერიკული გავლენა ევროპაში – 12 000 ამერიკელი სამხედრო გამოჰყავს გერმანიიდან.
– ევროპიდან არ გამოჰყავს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უნდა განლაგდნენო.
– ჯერჯერობით გაურკვეველია ეს ამბავიც. ტრამპმა თქვა, რომ ეს სამხედროები გადანაწილდებიან შავი ზღვის აუზის მიმართულებით, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, სად. ამხელა პასაჟი იმიტომ მოვიტანე, რომ მრჩება შთაბეჭდილება, თურქეთი უფრო იყენებს ამერიკას. თუმცა აქ მეორე მომენტიცაა, არ გამოვრიცხავ, რომ თურქეთმა და რუსეთმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი სამშვიდობო ოპერაცია ჩაატარონ და რაც ხდება, პრელუდიაა ასეთი მისიის მისაღწევად. სიტუაცია ბურუსით მოცულია, გეოპოლიტიკური ნისლია ჩამოწოლილი დღეს ჩვენს რეგიონში.