№33 სიყვარული VS პოლიტიკა
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ემოციო VS რაციო
ჩვენ კი გვგონია, რომ პოლიტიკა და სიყვარული გადაჯაჭვულია (შესაბამისად, ვინც არ აღიარა ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობა, მათ ვუყვარვართ, დანარჩენებს კი – არა), მაგრამ საქმე, ჩვეულებისამებრ, პრაგმატულადაა.
სულ ახლახან ბელორუსიის პრეზიდენტმა გაამხილა მის მიერ დე-ფაქტო აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ არაღიარების მიზეზები: დასავლეთი სანქციებით დამემუქრა, მოსკოვმა კი უარი მითხრა, ამით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგები აენაზღაურებინაო.
დასავლეთის ემისარი ჰავიერ სოლანა ყოფილა, რომელიც ლუკაშენკოს სწვევია და „ნატოს“ სახელით თხოვნა გადაუცია. თხოვნა კი, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარება ყოფილა. ცხადია, ბელორუსელ პირველკაცს უკითხავს, სხვაგვარად რომ მოვიქცე, რა მოხდებაო. ჰოდა, პატივცემულ სოლანას ბლოკნოტი ამოუძვრენია და მოსალოდნელი სანქციები კაკალ-კაკალ ჩაუთვლია (მათ შორის იყო SWIFT-ის სისტემიდან მყისიერი ამორთვა). ცხადია, „ბაწკა“ არ დაბნეულა და რფ-ის იმჟამინდელ პრეზიდენტთან (მედვედევი) დაუზუსტებია, აუნაზღაურებდნენ თუ არა ეკონომიკურ დანაკარგებს. დიმას (ასე მოიხსენიებს ლუკაშენკო ამ ჩვენს მედვედევს) პუტინთან გადაუმისამართებია, მასთან კი ლუკაშენკოს ვერაფერი გაუწყვია (ვლადიმირს ეს ამბავი მუქთად სდომებია).
ასე რომ, ჩვენ რომ სიყვარული გვგონია, ეს მხოლოდ ანგარიშია (ისევ, როგორც „ნატოსი“), რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ შენ – მე, მე – შენ პრინციპი არავის გაუუქმებია (თუ მაინცდამაინც, გრძნობები სატრფოსთვის შემოინახეთ).