№33 რათა ერთი?!
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ერთის ხიბლი
საბოლოოდაა გარკვეული, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 1-პროცენტიანი ბარიერია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ, მაინცდამაინც, ყველა მსურველი გაინაღდებს სკამს, გარკვეული რაოდენობის ხმები მაინც საჭიროა, რომელთა მოგროვება არც ისე იოლია.
ოღონდ იმას კი ნიშნავს, რომ თითო-თითო დეპუტატს არც თუ ცოტა პოლიტიკური ძალა მიიღებს (ანუ გულიანად ვიმხიარულებთ, რაც სულაც არ გახლავთ ურიგო, ვინაიდან სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ანუ აახალგაზრდავებს კიდეც).
ამასობაში კი შევიტყვეთ, რომ ამა წლის 6 თვის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულებების სახით 7 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს (სულ პოლიტიკურ პარტიათა შემოსავალი 13 მილიონ ლარამდეა).
მათ შორის, შემოწირულებების 67 პროცენტი „ქართული ოცნების“ ანგარიშზეა, მას მიჰყვება „ლელო“, ოღონდ 21 პროცენტით, 7 პროცენტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიუღია, ხოლო 2-2 „ევროპულ საქართველოსა„ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”. აი, ხარჯები კი იმავე პერიოდში 12 მილიონ ლარს აჭარბებს.
აქვე მოგახსენებთ, რომ, მართალია, ქვეყანაში 263 პოლიტიკური გაერთიანებაა რეგისტრირებული, აქტიურია მხოლოდ 80. ჯერჯერობით კი, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით 68 განცხადებაა შესული შესაბამის დაწესებულებაში (ან კი როგორ არ იქნება, როდესაც ბარიერი 1 პროცენტია?!).
ასე რომ, იმასაც ნუ ვიტყვით, სახელისუფლო სკამი მუქთააო, საკმაოდ ძვირი ჯდება (თან, ამას ისიც დაამატეთ, რამდენი უნდა იყვირონ ხმის იოგების ჩაწყვეტამდე?!).