№32 აჩიკო სოლოღაშვილი: ვარ ეჭვიანი მეგობრის, მეუღლის, ძაღლის მიმართაც კი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
აჩიკო სოლოღაშვილისა და მისი მეუღლის – ნუცა ქავთარაძისთვის პანდემიის პერიოდი განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა. რატომ? ამას აჩიკოსგან გაიგებთ. პანდემიის დასრულების შემდეგ კი მსახიობისა და ტელეწამყვანის ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტიური პერიოდია. ის თიკა ფაცაციასთან ერთად (არა მხოლოდ) სამი პროექტის წამყვანია.
აჩიკო სოლოღაშვილი: ჩემი და თიკას ტანდემი წლებს ითვლის სხვადასხვა გადაცემაში. უახლოეს მეგობართან ერთად ყოფნა ყოველთვის მსიამოვნებდა და მესიამოვნება. მასთან ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ კომფორტია. ახალი გადაცემები კი – მეტი პასუხისმგებლობა, რომლისთვისაც თავის გართმევას ვცდილობთ.
– როგორი რეაქცია გაქვთ, კიდევ ერთი ახალი პროექტი რომ იწყება და იგებთ, რომ წამყვანები ისევ შენ და თიკა უნდა იყოთ? დაგითვლიათ რამდენ პროექტში მოგირგიათ ერთად ეს ამპლუა?
– ყოველი ახალი პროექტი ახალი გამოწვევაა, რაღაც უძლებს დროს, რაღაც – ვერა. ნებისმიერი მათგანი ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპიცაა. ვიზრდებით, გამოცდილება გვიგროვდება და ბუნებრივია, წლებთან ერთად, სხვა ხარისხს „ვდებთ“. მინდა დათვლა და არც არასდროს დამითვლია. მინდა, რომ ეს ამბავი არასოდეს დასრულდეს. ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ვისთან ერთადაც ოდესმე რამე გადაცემა წამიყვანია, ყველა ძალიან კომფორტული ადამიანი ყოფილა. ვერავის დავაკნინებ და წუნს ვერცერთს ვუპოვი.
– ახლა ძალიან დატვირთული პერიოდი გაქვს, პროექტების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ.
– საქმე იყოს და მე თავს გავართმევ. ძალიან შრომისმოყვარე ვარ, უსაქმურად ყოფნა არ მიყვარს. ამიტომ, რაც უფრო მეტი საქმე მაქვს, უკეთ ვამენეჯმენტებ. რაღაც ერთი რომ მქონდეს გასაკეთებელი, შეიძლება, ის გადავდო და გავაჯანჯლო, მაგრამ ბევრ საქმეს უფრო სწრაფად და ორგანიზებულად ვართმევ თავს.
– არ „გადამწვარხარ“?
– დასვენებას მიჩვეული არ ვარ. ერთადერთი, გამორიცხულია, ზაფხულში ზღვაზე არ წავიდე დასასვენებლად. გადავიწვები? რა ვქნა?! ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც შრომა დავიწყე და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. სანამდეც შემეძლება, ვეცდები, იქამდე ვიყო სასურველი და მოთხოვნადი. რომ გადავიწვები, მერეც მეყოფა დასვენება.
– პანდემიის პერიოდი სტრესი იყო ყველასთვის, თუმცა, დადებითიც ჰქონდა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დასვენება და ოჯახთან ერთად დროის გატარება ენატრებოდა, როგორც შენ და შენს მეუღლეს, არა?
– ცხრა წელია, მე და ნუცა ერთად ვართ და ამდენი დრო ერთად არ გაგვიტარებია. პანდემიამ ძალიან დიდი კომფორტი მომიტანა პირადად მე და ჩემს ოჯახს. ერთადერთი, ძალიან დიდი აგრესია მქონდა კომენდანტის საათის მიმართ (იცინის). ჩემს ბნელ ბავშვობას მახსენებს, ცხრა აპრილს და თუ კი რამე ცუდი არსებობს. ტელევიზია არ გაჩერებულა, სახლიდან გასვლა მაინც მიწევდა, მაგრამ მეტწილად მაინც შინ ვიყავი და ოჯახს ვუთმობდი დიდ დროს, რაც ძალიან კარგი ყოფილა.
– ბევრ წყვილს ურთიერთობა დაეძაბა...
– ჩვენ – პირიქით. ახლა, ორივე რომ ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდით, ძალიან დაგვაკლდა ერთმანეთი და უფრო განვიცდით, რომ ერთმანეთისთვის იმდენი დრო აღარ გვაქვს. გემო რომ გავუგეთ, რა კარგი ყოფილა ერთად ბევრი დროის გატარება, რაც აქამდე არ მომხდარა, ახლა უფრო გვიჭირს ერთმანეთის გარეშე ყოფნა.
– რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა ახლა?
– კიდევ უფრო მეტად გავუგეთ ერთმანეთს, ერთი შეხედვით ვხვდებით ერთმანეთისას და ვასვენებთ ერთმანეთს – ზედმეტი სიტყვები არ არის საჭირო. კიდევ უფრო დავუახლოვდი იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება მაქვს გადაწყვეტილი.
– ჩვენთან თავის მოვლის თემა, ძირითადად, ქალებთან ასოცირდება. თუმცა, ალბათ, მამაკაცისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მით უმეტეს, როცა ის ეკრანსა და სცენასთანაა დაკავშირებული. აჩიკოსაც ეტყობა, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანია. ყოველთვის ფორმაში ხარ.
– არაფერს გამორჩეულს არ ვაკეთებ. თუ კანი აქვს გამომშრალი, დარწმუნებული ვარ, ყველა კაცი თუ ქალი, ისვამს სახის საცხს, თუ ხელი – ხელის დამატენიანებელს. თუმცა, შეიძლება, ჩემი უფრო ჩანს, იმიტომ, რომ შეიძლება, რომელიმე სალონიდან დავდო ფოტო. რა თქმა უნდა, ვცდილობ, რომ სულ ფორმაში ვიყო, ვაკონტროლო წონა და თუ პროპორციები შემეცვალა – არ შემეტყოს. ეს ჩემი ცხოვრების წესია. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მინდა არ მინდა, მოწესრიგებული კვების რეჟიმი ვერ მაქვს. თუმცა, მაინც ვცდილობ, ვჭამო ხშირად და ცოტ-ცოტა, ასევე ვცდილობ, ჩემი რაციონი ჯანსაღი საკვებისგან შედგებოდეს, რაც ხშირად არ გამოდის ხოლმე, ბურგერის ჭამაც მიწევს და ცომეულისაც. მაგრამ თუ დრო მაქვს, ასე არ ვიქცევი, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს ვიზუალზე თუ ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. ჩემთვის კვება იგივე თავის მოვლაა. ძალიან მიყვარს ჭამა, გურმანი ვარ. პანდემიის დროს სახლში რომ ვიყავით გამოკეტილები, ნუცა მანებივრებდა უგემრიელესი სადილებით. თან ძალიან ბევრს ვჭამ, მაგრამ არ მეტყობა, რადგან ბევრს ვმუშაობ ამისთვის – განვაახლე სპორტდარბაზში სიარული. თუ დრო მაქვს, ვცდილობ, ბევრი ვიარო ფეხით, თუ არადა, ძაღლს ვასეირნებ და ვცდილობ, ყოველთვის აქტიურ მდგომარეობაში ვიყო. გენეტიკაც მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ არ მივეხმარეთ, დიდი ხანი არ გაგვყვება. თუმცა კი, ჩემს კარგ ფორმაში ყოფნას გენეტიკას ვუმადლი.
– ზოდიაქოსი რამდენად გჯერა და განსაზღვრავს თუ არა ასტროლოგიური პროგნოზები შენს ყოველდღიურობას?
– ვერ ვიტყვი, რომ ამით ვცხოვრობ, მაგრამ გარკვეულწილად მჯერა. ვთვლი, რომ ერთ-ერთი კარგი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ვარ – მორიელს ვგულისხმობ. მისთვის დამახასიათებელი თვისებებიდან, ჩემში განსაკუთრებით გამოკვეთილია პროფესიონალიზმი ყველაფერში, ცოტა პედანტიც ვარ, ძალიან პუნქტუალური, არჩეული პროფესიები პირდაპირ მეტყველებს ჩემს ზოდიაქოზე, მინდა-არ მინდა ვარ არტისტული, ძალიან ერთგული – ყველასი და ყველაფრის, ითვლება, რომ ძალიან კარგი მეგობარი ვარ.
– მორიელის უარყოფით თვისებებს რაც შეეხება?
– ვარ ეჭვიანი, მეგობრის, მეუღლის, ძაღლის მიმართაც კი, თუმცა, ზომიერების ფარგლებში. ამის გამო ურთიერთობას ზიანს არ ვაყენებ. ყველაფერი კარგი ჩემი უნდა იყოს (იცინის). ვცდილობ, ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ კარგი დავიმსახურო განგებისგან, მეგობრისგან, მეუღლისგან...
– ზაფხულია და დასვენებაზეც ვისაუბროთ. რა გეგმები გაქვთ?
– აგვისტოში ზღვაზე მივდივარ და ვეცდები, კარგად დავისვენო: სახლი – ზღვა, სახლი – ზღვა. ჩემი დასვენება ძალიან პასიური და პენსიონერულია. ასეთი მიყვარს, მერე მთელი წელი გიჟივით ვარ და სადღაც უნდა გათავისუფლდე ადამიანი, რომ მთელი წლისთვის საკმარისი ძალები მოიკრიბო. მე ენერგიებს ზუსტად ამ დროს აღვიდგენ.