კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ხატია წერეთელი: ქორწილი და ხელის მოწერა ჩემს სიყვარულს არ სჭირდება

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  39 წლის ხატია წერეთლის ცხოვრების გზა მარტივი არ ყოფილა. იყო ბულინგიც, ცრემლიც, განცდაც, ტკივილიც. თუმცა, მის სილაღესა და პოზიტურ ხასიათს ეს ვერ შეეხო. როგორც თავად ამბობს, არც ასაკს მალავს და არც იმას, რომ ასაკით 13 წლით უმცროსი მამაკაცის გვერდითაა. წინასწარ არც არაფერს გეგმავს და არც იმის შიში აქვს, ხვალ რა მოხდება მის პირად ცხოვრებაში.
  ხატია წერეთელი: წინასწარ იშვიათად ვგეგმავ რამეს. არც ეს ზაფხული დამიგეგმავს, თუმცა, დასვენება უკვე მოვასწარი, ბორჯომშიც ვიყავი, ბათუმშიც „ჩავავიქენდე“ და სამეგრელოშიც გახლდით. თუმცა, გაჩერებას არ ვაპირებ. ულამაზესი ადგილები მოვინახულე. ანაკლიაში სულიერი სიმშვიდე მოვიპოვე, ჩემი ადგილი, ბევრი სიყვარული ვიპოვე და დიდი დოზით „ავკრიფე“ ბევრი ენერგია.
– საკმაოდ თამამი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. რამდენად რისკიანი და საშიში ქალი ხარ?
– თამამი ყოველთვის ვიყავი. რაც შეეხება რისკს, ეს ჩემი ცხოვრების წესია. თუმცა, არ მიყვარს ცეცხლთან თამაში, რადგან თავადაც ცეცხლი ვარ და აქეთ ვათამაშებ. არასოდეს ვაკეთებ გათვლებს, უბრალოდ, რქებით  „ვაწვები“ და წინასწარ არ ვფიქრობ, ასე მოხდება თუ ისე-მეთქი. არადა, ზოდიაქოთი „სასწორი“ ვარ და მერყევი ხასიათი უნდა მქონდეს, მაგრამ ასე არაა. პირიქით, თუ ვიტყვი, ეს უნდა გავაკეთო-მეთქი, წყალი არ გაუვა. საშიში ქალი კი მაშინ ვარ, როცა წყობიდან გამოვდივარ, თუმცა ეს იშვიათად ხდება. მაგრამ წყობიდან გამოსული საშინელებებს არ  ჩავდივარ – ქვებს არ ვისვრი, არ ვლეწავ, არ ვყვირი და ვტეხავ, უბრალოდ, წყნარად და გამიზნული მოქმედებით შემიძლია, დავუნგრიო ადამიანს ფსიქიკა.
– ყველამ, როგორც მომღერალი, ისე გაგიცნო. რეალურად რა პროფესიის ხარ?
– გარდა მომღერლობისა, ბევრი პროფესია მაქვს და აქედან მხოლოდ ერთიორს ვიყენებ. მომღერალიც ვარ, მასაჟისტიც, ისტორიის სპეციალისტიც, პიარი და მარკეტინგიც ჩემი სფეროა და ამ უკანასკნელს უფრო ვიყენებ. ჩემი ბიზნესი მაქვს და მომსახურების სფეროში ვმუშაობ. გათვლებს მასის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ვაკეთებ და უმრავლეს შემთხვევაში წარმატებული ვარ. რა თქმა უნდა, მქონია მომგებიანი გათვლებიც, მაგრამ დროის უქონლობის გამო, ჩემი ადამიანური რესურსი ვერ გასწვდა.
– ახლახან უცნაური ტატუ გაიკეთე. რა დაიწერე ფეხის ზედა ნაწილში და მერამდენე ტატუა ეს შენი?
– ჩემი საყვარელი ფრაზა – „გამარჯვებულებს არ სჯიან“ ფეხზე ამოვისვირინგე და ეს უკვე მეექვსე ტატუა ჩემს სხეულზე. გამაყუჩებელს ვერ ვხმარობ და ცოტა მტკივნეულია, თუმცა, გაჩერებას არ ვაპირებ (იცინის). წინასწარ მოვემზადები ფსიქოლოგიურად, რომ ტკივილს გავუძლო და ჩემს სხეულს ტატუს კიდევ დავამატებ.
– საკმაოდ თამამი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ და ეს ჩაცმაზეც გემჩნევა. რამდენად მნიშვნელოვანია ხალხის აზრი შენთვის და როდესაც გაბულინგებენ, როგორ რეაგირებ, ასევე, როცა სოციალურ ქსელში ნეგატიურ კომენტარებს წერენ?
– თამამი, შეუზღუდავი და თავისუფალი ადამიანი ნამდვილად ვარ. მარტივი ცხოვრება არ გამივლია და არც არავის გასარჩევია. რომც ილაპარაკონ, ეს ჩემს ცხოვრებაზე გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა ხანდახან ზედმეტი მოსდით, ზედმეტ აგრესიას აფრქვევენ და საჭიროა, შეაჩერო. ამ შემთხვევაში ყველა ადამიანს აქვს „აქილევსის ქუსლი“ და არც ინფორმაციის მოპოვება ჭირს. მაგრამ, თუ „წაიღლიცინებენ“, ამას ყურადღებას არ ვაქცევ, არ ავყვები და თვალს ვხუჭავ. სხვათა შორის, სოციალური ქსელიდან წამოსული აგრესია, უკვე მკვლელობასა და თვითმკვლელობაში გადავიდა და ეს ვიღაცამ უნდა შეაჩეროს. მე შემიძლია, დავიცვა ჩემი ოჯახი, მაგრამ ყველას ვერ დავიცავ.
– რა იყო ისეთი ჭორი, როგორც შენ ეძახი, „ღლიცინი“, რომელიც გულზე მოგხვდა და გაბრაზდი?
– გავიგე ჭორი, თითქოს სახლიდან გამომაგდეს და საინტერესოა რომელი სახლიდან? (იცინის) მაგრად მაღიზიანებს, როცა პირად ცხოვრებასა და ჩემი ოჯახის წევრებს ეხებიან. მაგალითად, კორონა ახალი დაწყებული რომ იყო, ამერიკაში ვიღაცამ ფეხით გათელა „ქართული ოცნების“ დროშა და უცებ, ვიღაცამ მოიგონა, რომ ეს იყო დედაჩემი. გავხსენი ლინკი და დედაჩემს წყევლიან, ლანძღავენ – რაც დედაა, ისაა შვილიო. არადა, დედა ამერიკაში არც ყოფილა. ასე ჩვეულებრივად შექმნეს ჭორი და ააგორეს. დედაჩემი ისეთი კულტურული და კეთილშობილია, ამას ნამდვილად არ იკადრებს, არადა, საჯაროდ ლანძღეს. დაუმსახურებელი წყევლა-კრულვა მაღიზიანებს, მაგრამ არ მანგრევს და პასუხის გაცემის ჩემი მეთოდებიც მაქვს.
–  ბევრჯერ დაიწერა და გაგლანძღეს იმის გამო, რომ ასაკით პატარა მამაკაცი გიყვარს და მის გვერდით ხარ. ამაზე რას  მეტყვი და როცა სიყვარულს ეხება საქმე, ასაკობრივ სხვაობას თუ აქვს მნიშვნელობა?  რატომ არ ფიქრობ ურთიერთობის დაკანონებას?
– ჩვენ შორის სხვაობა 13 წელია და ვფიქრობ, სიყვარულმა არც ასაკი იცის და არც ვიზუალური შეფარდება. ნამდვილი სიყვარული არსებობს და ერთი შეხედვით შეუფერებელი წყვილი შესაძლოა, თავს შესანიშნავად გრძნობდეს. საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობის დაკანონების საჭიროებას კი ვერ ვხედავ. მე და იმედა სულ ერთად და კარგად ვართ და ეს საკმარისია, ვიყოთ ბედნიერები. მთავარია, ორ ადამიანს უყვარდეს ერთმანეთი და იქ ფატას მოიგდებ, თეთრ კაბას მოირგებ თუ ხელს მოაწერ, რა მნიშვნელობა აქვს? პირიქით, შესაძლოა ამან უფრო გააფუჭოს, გაართულოს სიტუაცია და ურთიერთობაც დაანგრიოს. ქორწილი და ხელის მოწერა მხოლოდ და მხოლოდ ცერემონიალებია და ჩემს სიყვარულს ეს არ სჭირდება. უცერემონიალოდაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და თეთრებში გამოწყობილები ისედაც დავდივართ (იცინის). იმედას სახით გვერდით მამრობითი სქესის მეორე მე მყავს. არც ასაკის გამო მიტოვების შიში მაქვს, არავინ იცის, ხვალ რა მოხდება. ასაკი მხოლოდ ციფრებია სიყვარულში, გრძნობებითა და შეგრძნებებით უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ იდეალურად შეწყობილი წყვილი ვართ.
– ხშირად ყოფილხარ ბულინგის მსხვერპლი. ამან როგორ იმოქმედა შენზე?
– დიდი ხანია, ბულინგის მსხვერპლი ვარ. ბავშვობიდან აქტიური და სპეციფიკური ტიპაჟი ვიყავი. ჩაცმის მხრივ კომპლექსი არ მქონდა, არც მოქმედებების შეზღუდვის მხრივ და ამიტომ, არც მაშინ მაკლდა დაბულინგება. თუმცა, იმ დროს სოცქსელები არ იყო და შესაბამისად, არც ამდენი „მებულინგეები“ (იცინის). ლაღი ვიყავი და ყურადღებას არ ვაქცევდი, სხვები რას ამბობდნენ. ხშირად მესმოდა: როგორ მღერის, სმენა არ აქვს, რა აცვიაო... ამას არანაირად არ უმოქმედია ჩემზე. ამბიცია არ მაქვს, ყველას მოვეწონო. ბევრს მოსწონს და უცხო ადამიანებისგან კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ დიდ სიყვარულს. ყველა მორბის და მეხუტება, სელფებს იღებენ, ჩექინდებიან. ეს სითბო და სიყვარული იმ ღვარძლიან კომენტარებს ფარავს. ბევრი მომღერალია, ვისაც ჩემზე მეტი ვოკალური შესაძლებლობა აქვს, მაგრამ საკითხავია, უყვართ თუ არა ისინი.
– დიდი ბიჭი გყავს. რა გრძნობაა იყო თანამედროვე და ახალგაზრდა დედა?
– 16 წლის ვიყავი, როცა შვილი გავაჩინე და ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. საოცარი შეგრძნებაა,  22 წლის, ამხელა ბიჭი რომ მყავს და ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. მის თავს ვერავინ შემიცლის, ის ჩემთვის ყველაფერია.
– რომ ამბობენ, შვილის ტოლი საყვარელი ჰყავსო, გხვდება გულზე?
– რა თქმა უნდა, ხანდახან მტკივნეულია. რადგან ჩემი შვილი დიდია, ის არასრულწლოვანმა გავაჩინე და გავზარდე, ამიტომ, ბედნიერების უფლება არ მაქვს? მე ვარ იმ ადამიანთან, ვინც მჭირდება და ვინც მიყვარს. მე ჩემს ბედნიერებას თავად ვიქმნი და არა ადამიანების აზროვნებით. ვიღაცისთვის ბედნიერება ფულშია, ვიღაცისთვის – მამისხელა ქმართან ყოფნა, ჩემთვის კი – არა. ღიპიანი და მამისტოლა მამაკაცი ჩემს ხასიათში არ ჯდება და გვერდითაც არ მჭირდება. არც მისი „ჯიპი“ და ფუფუნება მინდა. მე გვერდით ორი მამაკაცი მიდგას და ორივე სიყვარულით მანებივრებს, თუმცა, ნერვებსაც მიშლიან (იცინის). მე მარტივი ცხოვრება არ გამივლია. იყო ბევრი ცრემლი, ტკივილი, განცდა, წარმატება, წარუმატებლობა. ცხოვრებამ ბევრჯერ მომაყენა შოკის მომგვრელი დარტყმა. დღემდე გამძლეობით მოვედი, რადგან ვირის სიჯიუტე მაქვს და არასდროს ვიცი უკან დახევა. პრინციპული ვარ, შინაგანად ძლიერი. როცა ვეცემი, ვამბობ: ეს შესვენებაა და უნდა ავდგე! მე გაჩერების ფუფუნება არ მაქვს. ხშირად, შვილისთვის რომ ტრავმა არ მიმეყენებინა, ტკივილი და ცრემლი დამიმალავს. არ მაქვს უფლება, არ გავიღიმო. იღბლიანზე მეტად მიზანდასახული ვარ, არასდროს მიფრენია ვარდისფერი სათვალით. ყველა ჩემს ოცნებას ერქვა გეგმა და მისკენ მივდიოდი. ყველაფერი, პირადი ურთიერთობის ჩათვლით, დიდი შრომისა და ძალისხმევის ფასად მოვიდა ჩემამდე. ჩემი ყოველი ღიმილის უკან დიდი ტკივილი დგას. იღბლიანი ვარ იმაში, რომ სადაც სხვა შეიძლება, გაიწიროს, მე ღმერთი არ გამწირავს. უფრო მადლიანი ვარ, ვიდრე იღბლიანი.

скачать dle 11.3