კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

  ისააკ კობალაძე, ფარნაოზ ჯანელიძე და მათი კიდევ ორი დამქაში – ძარცვავდნენ დუქნებს წყნეთის ქუჩის მიდამოებში. ასევე, დააყაჩაღეს ოსმალეთის ქვეშევრდომი მეთონე გასპარ აბელოვი, შემდეგ – თომა სამველიანცი, ზანგეზურის მაზრის მკვიდრი, ასევე მექოთნე პარმენ საგანელიძე და ამ მიდამოებში მოსიარულე თამბაქოს ფაბრიკა „მირის“ გამყიდველები – არტემ კუტოლიტიანცი და ამაიაკ პაჩაიანცი, რომელთაც 138 მანეთი წაართვეს. ამას გარდა, ტრამვაის უვარდებოდნენ წყნეთისა და ოლგის ქუჩაზე და ამაზე დაიჭირეს. საერთოდაც, ტრამვაის დაყაჩაღება მეტად ფართედ იყო გაჩაღებული. ეს გამორჩევით 1905 რევოლუციის მერე დაწყებულიყო და იმას დაუხვდებოდნენ ქუჩაში და ძარცვავდნენ. ეს იყო თითქოს და დილიჟანს დახვედრა, თითქოს და შარაგზის ყაჩაღობა. ეს ხდებოდა სწრაფად, პოლიციის გამოჩენამდე. ასე გაძარცვეს, დავუშვათ, ვაჭარი მიხაილ ბაგდასაროვი, რომელსაც ვაგონში აუვარდნენ და 4 500 მანეთი წაართვეს. მისი ჩვენებით, ექვსკაციანი ბანდა შედგებოდა რუსებისგან და იმერლებისგან.
  სარქის ალადოვი – ქისის დამგდები, ვითომ ოქროთი გამოტენილი ქისა უვარდებოდა, შიგ კი სპილენძის ნაჭრები ეყარა. ესე აბითურებდნენ და აცურებდნენ გამვლელებს. ეს ქისის დამგდებების მთელი ბანდა იყო, ათი კაცისაგან შედგებოდა და ახლად ჩამოსულთ თვალში ამოიღებდნენ და ძარცვავდნენ. დანარჩენებიც დააკავეს და მათაც აღმოაჩნდათ სპილენძის ნაჭრებით სავსე ქისები. მათ შორის იყვნენ ბალო იუსუფ ოღლი, ოსმალეთის ქვეშევრდომი, ტფილისელი ვასო ბეგიაშვილი და სპარსეთის ქვეშევრდომი ვართან სარქისოვი. სარქის ალადოვი კი 1900 წელს გიგოლა ბადალაშვილის გაცურებისას ჩავარდა. ეს უკანასკნელი ქალაქში საიჯარო თანხის გადასახდელად იმყოფებოდა და ვერის ხიდთან მას ალადოვის დამქაში აეკიდა, გაიგო, რისთვისაც იყო ის ჩამოსული და მისი გაცილება ითავა. გზად კი მათ ალადოვმა გადაუსწრო, ჯიბიდან ქისა ამოუვარდა და ამის შეუმჩნევლად გზა განაგრძო. გაბუნიამ აიღო ქისა და ბადალაშვილს გაყოფა შესთავაზა. როცა იქაურობას გაშორდნენ და მოფარებულში განმარტოვდნენ, მათთან ალადოვი გაჩნდა და ფულის დაბრუნება მოითხოვა. ბადალაშვილი არწმუნებდა, რომ არ ჰქონდა და ამის დასტურად თავისი ქისა აჩვენა, შიგ 150 მანეთით, რომელიც თაღლითებმა მას აღელვებული საუბრისას შეუცვალეს და იქაურობასაც გაეცალნენ. ბადალაშვილს კი შერჩა ქისა შიგ სპილენძის ნაჭრებით, რომლითაც ახალციხელი სომხები და თათრები თავს ირთავენ.
  გაბრიელ ზანგალაძე – ქურდი. 1906 წელს გატეხა მირიმანოვის მუსიკალური მაღაზია გოლოვინსკის პროსპექტზე. გოლოვინსკზე ამ დროებაში თითქმის არ დარჩენილა მაღაზია, რომ არ გაექურდათ. მათ შორის ვაჭარ სოლომონ პივოვაროვის ოქრო-ვერცხლის მაღაზია და იქიდან ორი ათასის საქონელი წაიღეს. გაიქურდა ხედდეკელის წიგნის მაღაზიაც და ბარონ ფონ კუჩენბახის შვეიცარიული მაღაზია, საცა ქვის კედელი გაანგრიეს და ასე შეაღწიეს. ეს ფონ კუჩენბახი შემდეგ ყაჩაღებმა მოკლეს თავის მამულში და მის ცოლსაც თოფით თავის ქალა ახადეს. მთელი ბიბლიოთეკა იმის ტვინით მოსვარეს. ტფილისში ქურდობა და ავაზაკობა ფართედ გაჩაღებულია. გისოსებს ამტვრევენ მანთაშევის ქარვასლაშიც და ძმები მუტაფოვების საწყობიდან ხუთი ათასად ღირებული 29 ძველებური ხალიჩა მიაქვთ. ასასები იმალებიან, თორემ ძნელი წარმოსადგენია, ამდენი ხალიჩის ასე უჩუმრად მოპარვა ასეთ ხალხმრავალ ადგილას. სომხის ბაზარს სხვა მხრიდანაც ქურდავენ და ლეკი ჯიბრაილ იბრაგიმოვის ვერცხლის მაღაზიაც გატეხეს იმავე წელს და ორი ათასი მანეთის ნაკეთობები წაიღეს. ქარვასლებში იარაღით შევარდნაც გახშირდა. დაეცემიან ხოჯა პარუხოვისა და მაისურაძის ქარვასლაში ელიაზ მეხტი-ოღლის მაღაზიას და ფულს გაიტაცებენ. შვიდი კაცი დაეცა ანანოვის ქარვასლასაც და კული მინას რაიმოვს სამი ათას მანეთამდე წაართვეს, გამოდევნებულ პოლიციასთან კი სროლა ატეხეს.
  ადოლფ კრიჟანოვსკი, აზნაური ფრანც დობროვოლსკი და აკულინა გოროლენკო – გამოჩნდნენ ქალაქში 1894 წელს და თავს ასაღებდნენ ბალაგანის არტისტებად. ტფილისში მაშინ იყო ნიკიტინების ცირკი, ირმა არბაზანი თავისი თუთიყუშებით, მოჯირითე ჟონგლიორი კიუპსი, ცხოველების მომთვინიერებელი მის ზენიდა. საბანკო თეატრში კი მნახველი გოტფრიდ ლენცი აოცებდა ინდური ფაკირების ჯადოქრობებით, ინკვიზიციის ვიოლინო, ანუ ესპანური სახრჩობელა, ჰარამხანის საიდუმლო და ქალის გაქრობა სცენიდან. კრიჟანოვსკი და მისი დამქაშები კი მაღაზიებიდან აქრობდნენ ნივთებს. კრიჟანოვსკის თავი გაჭიმულ თოკზე მოარულ აკრობატად მოჰქონდა, ტფილისურად – ქანდირბაზად. ოღონდ „ამცოცებლები“ იყვნენ, ასე ერქვა მაღაზიის ქურდებს და უნდა ყოფილიყვნენ არა ნაკლებ სამისა. ფართალს ან რაიმე ნივთს თხოულობდნენ, არჩევდნენ, ევაჭრებოდნენ, მერე ერთი მათგანი „ააცოცებდა“, გადასცემდა მეორეს, ის კი ჩაუშვებდა პალტოზე ამ შემთხვევისთვის აკერებულ ჯიბეში და გაიპარებოდა, დარჩენილები კი რაიმე იაფ ნივთს იყიდდნენ. ნაპარს მალავდნენ სასტუმრო „როსიაში“, საცა გაჩერებულიყვნენ.
  ემანუელ ზევგალი – საბერძნეთის ქვეშევრდომი, დამქაშობდა სიმონ ოთხმეზურთან და მათ 1901 წელს ერთად ტფილისის საქალაქო უპრავა გაქურდეს. რკინის სეიფი გაჭრეს და 592 ათასმანეთიანი ობლიგაცია 4 100 მანეთის სხვა ფასეული ქაღალდები და 3 273 მანეთი ნაღდი ფული მოიპარეს. არ დაუტოვებიათ არანაირი კვალი. ორი თვის შემდეგ ბაქოში, ბანკში სანტურ კასპაროვმა წარადგინა ორი მოპარული ობლიგაცია განაღდების მოთხოვნით. როცა ამაზე დააკავეს, განაცხადა, რომ ობლიგაციები ტფილისში, ბანქოში მოუგო ებრაელ შიმონ ბაგდაშლიშვილს. იმან, თავის მხრივ, დაკითხვაზე ჯერ თქვა, რომ ვიღაც სომხისგან იყიდა, შემდეგ კი აღიარა, რომ ვინმე ოთხმეზურისგან შეიძინა, ნეოფიტე ხუნდაძის თანდასწრებით. ოთხმეზურთან და მასთან მცხოვრებ ბერძენ ზევგალისთან ჩხრეკამ არაფერი მოიტანა, თუმცა ხელმეორე დათვალიერებისას გვერდითა ბინაში, ბრმა მეზურნის ოთახში იპოვეს კალათა, სავსე სეიფების გასახსნელი ხელსაწყოებით. ოთხმეზურთანაც აღმოაჩინეს ერთი ობლიგაცია. მათი დაპატიმრების შემდეგ რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში ობლიგაციების გაყიდვის მცდელობისას დაკავებული იქნენ სხვა გამსაღებლები, ეკატერინოსლავის გუბერნიის მკვდრნი ჰაიმ ბაიმენბლიტი, გერცელი,  ჩერნიკოვი, მოსე მაკაროვი, კონსტანტინ პანჩენკო და ოსეფ გერმანე. ტავრიდის გუბერნიაში აბრამ პანდული, ანისიმ პერეპიგინი, ისიდორ პუზანოვი, პოლტაველი მოსე ბერენოვსკი და თბილისში კი – მღვდლის შვილი ნეოფიტე ხუნდაძე. ყველა დაკავებული, მათ შორის ზევგალი და ოთხმეზური სასამართლოზე გაამართლეს, მხოლოდ ჰაიმ ბაიმენბლიტი, ვინც აღიარა დანაშაული, რვა თვით იქნა დაპატიმრებული.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)
скачать dle 11.3