№32 რა მიანიშნებს გოგონას, რომ სიყვარულისთვის უკვე მზადაა
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
ზაფხულია - მზე, დასვენება, ზღვა, მთა და სიყვარული ყველაზე აქტიურ ფაზაშია. ყველას, უმეტესად ახალგაზრდებს და მათ შორის, განსაკუთრებით გოგონებს, აინტერესებთ: რა იქნება მომავალში? როდის ეწვევათ სიყვარული? ვინ არის ის საოცნებო „პრინცი“?.. და ხშირად ამის შესატყობად მკითხავებსაც აკითხავენ. თუმცა არსებობს ხალხური გადმოცემები და მინიშნებები, საუკუნეებს რომ გაუძლო. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი ქალბატონი ეთერ მ.
- როცა გოგონა რომანტიკული და მგრძნობიარეა, ეს ძალიან იზიდავს საპირისპირო სქესს. მამაკაცი გვერდს ვერ აუვლის ქალს, რომელიც იდუმალებითაა სავსე, თვალები უბრწყინავს და მზადაა სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. ახალგაზრდა ქალი იოლად მიხვდება როდისაა მზად ახალი ურთიერთობებისთვის. თუ სასიამოვნო არომატს იქაც კი გრძნობთ, სადაც ის საერთოდ არ არის; ან ოფისში მისულს ყავის თუ ხილის ჩაის სურნელმა შეგიღიტინათ ცხვირში, გზად კი გაზონებიდან წამოსულმა ყვავილთა კეთილსურნელებამ დაგათროთ - ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ მალე პოტენციურ გულის სწორს შეხვდებით. ასევე, თუ უეცრად მოგინდათ, კარდინალურად შეიცვალოთ გარეგნობა, ეს ნიშნავს, რომ ახალი სასიყვარულო თავგადასავლისკენ მიგიწევთ გული. ამიტომ, რაც უფრო მალე შეიღებავთ ან შეიჭრით თმას, დაიკლებთ რამდენიმე კილოგრამს, გაიკეთებთ ტატუს გამოსაჩენ ადგილას, მით უფრო მალე გახდება თქვენი პირადი ცხოვრება ფერადი, სავსე და აქტიური. არის ასეც, როცა უეცრად გოგონას ყველაფერი ხელიდან უცვივა სამზარეულოში ან სადილის მომზადებისას კერძი გადაუმლაშდება - რაც უფრო საშინელი გემო ექნება კერძს, მით უფრო გაგიტკბებათ შეყვარებულის კოცნა, რომელთან მიმავალ გაზასაც უკვე დაადექით. ხილის ვაზიდან გადმოვარდა ვაშლი? ტკბილი ჩაი ან „კისელი“ დაიქცა? - რომანტიკული თავგადასავალი გელით.
- გამიგია, რომ უსიამოვნო მოვლენებიც კი შეიძლება იყოს სიყვარულის მაცნე...
- თუ ერთ დღესაც მთელი რიგი უსიამოვნებები დაატყდა თავს სიფრიფანა გოგონას, ეს შეიძლება კარგის ნიშანიც იყოს - მალე სიყვარული გეწვევათ და გათხოვდებით. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ მოვლენათა ჯაჭვის: ფეხსაცმელზე მომძვრალი ქუსლის, სამსახურში დაგვიანების, კაბაზე ყავის გადასხმის შემდეგ მოულოდნელად ახალ თანამშრომელს გაიცნობთ - მომხიბვლელი ახალგაზრდა მალე თქვენი გულმხურვალე თაყვანისმცემელი გახდება.
- სიზმარიც ხომ შეიძლება მივიღოთ სიყვარულის სიგნალი?
- თუ სიზმარში ახალთახალ „კაბრიოლეტში“ ზიხართ და საჭეს სასიამოვნო უცნობი მამაკაცი უზის, რომელსაც გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავხართ - ბედი ახალ შეყვარებულთან შეგახვედრებთ... და სწორედ ეს მამაკაცია ის, ვინც თქვენს სიყვარულის გემს საჭირო მიმართულებით წაიყვანს. რაც შეეხება გაუთხოვარ ქალბატონებს, თუ თავზე წყვილი მტრედი გადაგიფრენთ, უნდა დაიჯეროთ, რომ ძალიან მალე თქვენს მარტოობას ბოლოს მოუღებს ღირსეული და მომხიბვლელი მამაკაცი. ასევე, სასიამოვნო მინიშნებაა ბანაობა ლოტოსის ყვავილებს შორის ან ამ საოცარი და იშვიათი მცენარის ყვავილობის პერიოდში. ამ დროს შეგიძლიათ თამამად ჩაიფიქროთ სანუკვარი ოცნება და გჯეროდეთ, რომ აგიხდებათ. ადრე უამრავი გოგონა გულისფანცქალით ელოდა ტბის ამ უნაზესი „ჯამების“ გადაშლას, რის შემდეგაც ბედნიერები და შთაგონებულები ბრუნდებოდნენ შინ.
- არის უცნაური და თანამედროვე მინიშნებებიც...
- ერთ-ერთი ასეთი მინიშნება გვამცნობს, რომ გასათხოვარი გოგონა სახლიდან გასვლისას თუ ჩრდილოეთით არ გაიხედავს, ის შეიძლება შინაბერად დარჩეს. ხოლო თუ ორი ლამაზმანი ერთდროულად ჩაიხედავს სარკეში, დიდია ალბათობა, ორივეს ერთი ბიჭი შეუყვარდეს. თუ დაქალი სარკესა და თქვენ შორის ჩადგა, თქვენი პოტენციური სატრფო ცხოვრების მეგზურად მას აირჩევს. ერთ-ერთი თანამედროვე სასიყვარულო მინიშნებაა ტატუირება პეპლის, გულისა და სხვა ისეთ წყვილ ნიშანთა გამოსახულებით, რომელიც ბედნიერებისა და ოჯახური ჰარმონიის სიმბოლოა. ასეთი გამოსახულებები ხშირად ფენ-შუის სიმბოლოებსაც უკავშირდება. ეს უძველესი ფილოსოფია თავისი მაგიურობით განსაკუთრებით ხიბლავს ქალებს. ისინიც იცავენ რა მის წესებს, იოლად ახერხებენ არსებითად შეცვალონ პირადი ცხოვრება და დამოკიდებულება გარშემო მყოფთა მიმართ. სიყვარულის ენერგია რომ მიიზიდოთ ფენ-შუის მიხედვით, სახლში ზედმეტი არაფერი უნდა დატოვოთ. თუ ოთახის კუთხეები უსარგებლო ნივთებითაა გადატვირთული, დამტვერილი თაროები კი - ძველი გაზეთებითა და დაბზარული ჭურჭლით, ეს ყველაფერი მოასწავებს, რომ უძრაობისა და მარტოობისთვის ხართ განწირული. მაგრამ კეთილი და იმედისმომცემი მინიშნებაა სპორტი. თუ აქტიური სახეობის ქმედებისკენ გაგიწიათ გულმა, ესე იგი, თქვენი სექსუალური ენერგიაც მაღლა იწევს. ასეთი ქალები ყურადღებას იქცევენ არა მარტო სრულყოფილი ფიგურით, არამედ ხალასი განწყობითა და მოციმციმე თვალთა მაცოცხლებელი მზერით. თუ უკვე გაიცანით თქვენი რჩეული და ვერ გადაგიწყვეტიათ, რა ჩაიცვათ პირველ პაემანზე, ერთ-ერთი მინიშნება გირჩევთ, შეხვედრაზე ახალი ძვირფასი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით წახვიდეთ და თუ მოლოდინის გაცრუება გელით, ამას იქვე შეიტყობთ. ის ადამიანი შეიძლება სულაც არ გამოდგეს ისეთი, როგორადაც თავს გაჩვენებდათ. ხოლო, ვინც უპირატესობას ინტერნეტ-გაცნობას ანიჭებს, კარგი იქნება თუ ასეთ მინიშნებას გაითვალისწინებს: თუ ერთდროულად ორმა თაყვანისმცემელმა მიგიწვიათ პაემანზე, არჩევანი შეარჩიეთ მასზე, ვინც უფრო თავშეკავებული და მორიდებულია მიმოწერისას, მაგრამ გულღია და კეთილია ფოტოებზე.
- არის მინიშნებები, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს სიყვარულზე?
- არის და შემიძლია ჩამოვთვალო: ვინც უკვე ჩამოყალიბდა თავის არჩევანში და მზადაა ოჯახის შესაქმნელად, მისთვის ცუდის მომასწავებელია ერთობლივი ფოტოგადაღებები ქორწილის წინ; შეყვარებულ წყვილს განშორება ემუქრება, თუ საპატარძლოს სახლის კიბეზე აკოცებენ ერთმანეთს; თუ შეყვარებულს აჩუქებთ მაჯის საათს, ფეხსაცმელს ან ხელთათმანს, შეიძლება ურთიერთობა გაგირთულდეთ და საბოლოოდ, დაშორდეთ კიდეც; ვადაზე ადრე მენსრტუაციული ციკლის დაწყებამ შეიძლება დიდი განცდები და უსიამოვნება მოუტანოს გოგონას სასიყვარულო ფრონტზე.