კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რას აბრალებენ ჩვენი ჟამთააღმწერელი და სომეხი სტეფანოს ორბელიანი გარნისის ბრძოლაში მარცხს და რა უბედურებები დაატყდა ქვეყანას

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  როცა დიდი საშიშროება დაატყდა თავს ქვეყანას, ჯალალედინის შემოსევის დროს, სამეფო კარი უძლური აღმოჩნდა ჯეროვნად გამკლავებოდა გამოწვევებს. რუსუდან მეფეს თამარის სილამაზე კი გამოჰყოლოდა, მაგრამ არც გონიერება ჰქონდა დედის მსგავსი და არც სათნოება. მეფის ქმარი უვარგისი იყო, სარდლად არ ვარგოდა და არც ხასიათის სიმტკიცე ჰქონია, განსახვავებით თამარის ქმრის, მეფე-კონსორტ დავით სოსლანისაგან, რომელიც შესანიშნავი სარდალი იყო და მეფე-მეუღლის, თამარის ერთგული თანამოღვაწე და მეგობარი. უვარგისი აღმოჩნდა საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, ამირსპასალარი და ათაბაგი ივანე მხარგრძელი. უკვე საკმაოდ მოხუცი იყო, ჩუმად აღკვეცილიყო ბერად, მაგრამ, კონკურენტებისადმი, ძმებ ახალციხელებისადმი ეჭვი ძალიან აწვალებდა თურმე.
  გარნისის ბრძოლის აღწერისას მონღოლთა დრიონდელი ქართველი ჟამთააღმწერელი, ქართველების მარცხს ჩვენი წინაპრების, საქართველოს დიდებულებისა და მოქალაქეების მიერ უფლის გზიდან გადახვევას, მორალურად დაცემას აბრალებს: „უდიდესნი ბოროტნი შეიცვიდეს ნათესავსა ქართველთასა, რამეთუ მოახლებულ იყო სრულიადი მოსპოლვა სიმრავლისათვის უსამართლობათა ჩუენთასა“.
  მისი თქმით – ინფორმაცია კი წინამორბედი ისტორიკოსებისგან და თვითმხილველთა გადმოცემებიდან ჰქონდა ჟამთააღმწერელს – ივანე ათაბაგმა არ მიაშველა სამხედრო ნაწილები ჩვენი ჯარის წინამბრძოლებს, მათი წარმატება არ განამტკიცა, რის გამოც, ჯალალედინის მრავალრიცხოვან ჯარს ვერ გაუძლეს ჩვენმა წინამბრძოლებმა და დამარცხდნენ.
  ჩვენი მემატიანე ასე გვიხსნის გარნისის ბრძოლაში ქართველების სარდლის, ივანე მხარგრძელის მხრიდან შალვა და ივანე ახალციხელებისათვის დამხმარე შენაერთების არ გაგზავნას: „იტყვიან, ვითარმედ შურითა ყო ახალციხელთა შალვა და ივანესითა. ჰოი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი და ძვირად მომწეუედელი ნათესავისა კაცთასა და ყოველთა ნათესავთა მწყლველი!“
  გარნისის ბრძოლაში დამარცხებას ჟამთააღმწერელი ასევე უკავშირებს იმდროინდელ მმართველ ფენაში გაბატონებულ უღმერთობას: „რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყუარული, სიწრფოება, სიმშვიდე, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავანება, ზაკუა, შური, ხდომა, სიძულილი, ანგარება, მიმძლავრება, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესოებანი, ვითარცა იტყვის წინასწარმეტეუელი: „ვაè მათდა, რომელნი კუალსა ბალამისსა შეუდგეს და საქმესა სოდომელთასა იქმან, რამეთუ ყოველმან ასაკმან ბერთა და ჭაბუკთამან, მცირითგან ვიდრე დიდადმდე, მიაქციეს სიბოროტედ... ამის ძალითა მისცნა იგინი ღმერთმან წარწყმედად ბოროტად, რამეთუ განვიწირენით ღმრთისა მიერ, რომელ დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმანცა სამართლად დაგვივიწყა. და მოოხრდა ქუეყანა საქართველოსა, ლიხთ-აქათ მოოხრდა“...
ოდესღაც უძლეველი სამეფო დამარცხდა და დიდი საქართველო დაეცა.  
ცოტათი უფრო ადრე, სომეხი მიტროპოლიტი და მემატიანე, სტეფანოს ორბელიანიც, იმდროინდელი საზოგადოების გაურჯულოებას აბრალებს გარნისის მარცხს და მის შედეგებს:
„ხოლო ამიერითგან მოგითხრო თქუენ ამბავი შესაძრწუნებელი, რამეთუ უწინარეს ამისსა დევნულ იქმნა თათართაგან სულტანი ხორაზმელთა ჯალალადინი, ძე ხორაზმშაჰისა. მოვიდა სპარსეთს. ადარბადაგანი გამოვლო და მოვიდა სომხითსა.
ხოლო რომელსაცა ქუეყანასა მოვიდოდა, იავარ-ჰყოფდა და წარსტყუენვიდა ყოველთა და არა უწყალოდა არცა კაცი და არცა პირუტყვი. შემდგომად მოვიდა ქუეყანასა არარატისასა და მუნ დაებანაკა“.
არარატის მხარე საქართველოს შემადგენლობაში იყო. ამიტომ, სამეფო კარმა შეკრიბა საქართველოს მოქალაქე ქართველებისა და სომხების ჯარი და ჯალალედინთან საომრად გაგზავნა.
სტეფანოს ორბელიანი განაგრძობს: „მაშინ ათაბაგმან იოანე შემოიყარა ჯარი ქართლისა და სასომხითისა და ენება ომით წინააღდგომა მისი. და დაადგინა ორნი მაუწყებელნი – შალვა (ახალციხელი) და გრიგოლ (სომეხი დიდებული). უკეთუ ოდეს იხილონ მცირენი ძალნი ხორასნელთა. მაშინ უხმონ ძალთა ჩუენთა, უკეთუ: „მოვედით, მოვედით“.
  მაშასადამე, სტეფანოს ორბელიანის მონათხრობით, ივანე ათაბაგს წინამბრძოლებისთვის უბრძანებია, როცა მოგვიახლოვდებიან ხორეზმელები, გვიხმეთ დასახმარებლადო.
  სტაფანოს ორბელიანი, ისევე როგორც ქართველი ჟამთააღმწერელი, იმავე აზრისაა: „ხოლო მას, რომელი უფალი არს მძლეველობისა, ენებან აღხოცვა გაურჯულოებულთა და გაუღმრთოებულთა ერთა მათ. ამისთვის შეჰსცუალა ხმა მაუწყებელთა ყურთა მათთა შინა, უკეთუ „ივლტოდეთ“.
მაშასადამე, სტეფანოს ორბელიანის თქმით, ქართველთა და სომეხთა მეწინავეებს  მალემსრბოლები გაუგზავნიათ ძირითად ბანაკში, რომელნი ყვიროდნენ, დაგვეხმარეთო. მაგრამ, ქართველებსა და სომხებზე განაწყენებული უფლის დაშვებით, ძირითადი ბანაკის მეომრებს მოესმათ თურმე – გაიქეცითო!
ორბელიანი განაგრძობს: „მაშინ მათ დაუტევეს უნჯნი კარავნი და ამხედრდენ მსწრაფლად ცხენსა და ვითარცა სულელნი უხლმოდ და უმდევროდ გარდაცვივდენ დიდსა ხრამსა მას გარნისასა.  ყოველნი ერთად ამოიხოცნენ.“
  ჩვენი უკანდახეული ჯარის ნაწილების ხრამებში გადაცვენასა და დაღუპვას ადასტურებს სპარსელი ისტორიკოსი ჯუვეინიც.
სტეფანოს ორბელიანი გვიყვება: „ხოლო ათაბაგი იოანე ათისა კაცით გარდარჩა და მივიდა ციხესა მას გეღეს.
ხოლო ლიპარიტ (ორბელიანი) ამჟამად იყო კაწანმეგნას თვისეულითა ყოვლითა, მივიდა სახლსა თვისსა მსწრაფლად და მადლობდა უფალსა და იქმნა ესე რიცხუსა მას მაცხოვრისასა ჩძსკე“.
  სტეფანოს ორბელიანის თქმით, ღმერთის დამვიწყებელ საზოგადოებას დიდი უბედურება დასტყდომია თავს: „ხოლო შემდგომად ესოდენითა რისხვითა და სხვისა და სხვის შემთხუევითა ოდეს განიხრწნა ყოველი ქუეყანა, რომელი ჰპოვეს ხორაზმელთ უპატრონოთ და უწყალოთ მოსრეს, წარტყვენეს, მოწვეს ყოველნი აღშენებულებანი სახლთა და სასახლეთა, ქალაქთა და სოფელთა, ეკკლესიათა და მონასტერთანი. დაწვეს ყოველი ჭირნახული და გაკაფეს ვენახნი და ბაღნი, რომლისათვის სასტიკმან სიყმილმან (შიმშილმა) შეიპყრნა ყოველნი“.
  ქვეყანაში გაჩენილა უამრავი უხსენებელი: „გაჩნდა გუელი ურიცხვი, რომელი იურვოდა ჭურთა და საწოლთა შინა დღე და ღამე“.
კალიებს (მკალი) გადაუჭამიათ ყანები და განადგურდა მოსავალი. შიმშილით (სიყმილით) დაუძლურებული ადამიანების ყოფას დაემატა ახალი უბედურება, კაციჭამია მგლები: „შეჭამაცა მკალმა დიდმა ჭინახული, ვიდრე ოვკიანოს ზღუადმდე და შეიპყრა სიკუდილმან კაცნი და პირუტყუნი და ესრეთ იხოცებოდენ სიყმილითგან მინდორთა, მთათა, ღელეთა შინა, რომლისაგან გაჩნდა მგელი კაცის მჭამელი და დანაშთომნი მახვილთაგან, გუელთაგან და სიყმილთაგან ამათ გამოშიგნეს და მოსრეს. და ესე ყოველი იქმნა მიზეზითა ორითა: პირველ, რამეთუ ჩვეულ იყუნენ მძორთა ჭამისა და მეორე, რამეთუ მოუძლურებულ და სუსტქმნილ იყუნენ კაცნი სიყმილთაგან.
და ამისთვის ესე რისხუა უფლებდა ქვეყანასა მას წელსა ზ~“.
ასეთი უბედურება გაგრძელებულა შვიდი წელი. მერე კი მონღოლები მოადგნენ გაუბედურებულ ქვეყანას.

скачать dle 11.3