№32 მემკვიდრე
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #31(1022)
***
ბესო ქობულაძე ცნობილი ექიმის ვაჟი იყო და მიუხედავად მამის სურვილისა, მის პროფესიას მხოლოდ ნაწილობრივ დაეუფლა. ქირურგობის ნაცვლად ბესო ფარმაცევტი გახდა და საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტი იყო. მარიკა კვაჭაძე კი სრულად გაჰყვა მამის პროფესიას – სამშობლოში იტალიაში აღებული არქიტექტორის დიპლომით დაბრუნდა და კარგა ხანს ელიტური მშენებლობის ბიზნესში მამის სრულუფლებიანი კომპანიონი იყო. ხოლო მამის გარდაცვალების მერე კი თავად გახდა ფირმის პრეზიდენტი და კომპანიას დიდი წარმატებით უძღვებოდა. მარიკა მაშინ, სულ რაღაც, 25 წლის იყო. 27 წლის რომ გახდა, 28 წლის ბესო ქობულაძეზე დაქორწინდა, მართალია, ფეხმძიმე მარიკა დედის ზეწოლის შედეგად გაჰყა ცოლად ბესოს და სულაც არ უყვარდა ქმარი, თუმცა შემდგომ ყველაფერი შეიცვალა და მარიკას ბესო იმაზე მეტადაც კი შეუყვარდა, ვიდრე კოტე უყვარდა. ბესოს კი მზე და მთვარე ამოსდიოდა ცოლ-შვილზე და მაშინაც კი ძლივს დაიჯერა ყველაფერი, როდესაც „დეენემის“ ექსპერტიზა ორჯერ ფარულად ჩაატარა. მაშინ კი ბესოს დიდი სიყვარული დიდმა სიძულვილმა შეცვალა და ცოლის მოკვლა გადაწყვიტა. მარიკა მან ერთ მშენებარე აგარაკზე შეიტყუა, სადაც ჯერ კიდევ ვიდეკონტროლი არ იყო და ამ კარ-მიდამოს ბესო სიურპრიზად უმზადებდა ცოლ-შვილს, თუმცა სულ სხვა მიზნებისთვის. ახლა კი ცოლზე შურის საძიებლად დასჭირდა. სახლში რომ ბრუნდებოდა, მთელი გზა, სწორედ, ამაზე ფიქრობდა და მხოლოდ მას მერე შეწყვიტა ფიქრი, როდესაც მანქანა ეზოში შეაგორა. ბესოს მარიკას ბიძა, 40 წლის ვასო ჯორბენაძე შეეგება. ვასო, სულ რაღაც, სამი წლით იყო უფროსი თავის დისშვილზე და ისინი ერთად გაიზარდნენ. მარიკას დედა შვილივით ზრდიდა თავის უმცროს ძმას და გვერდიდან არ იცილებდა.
– რა ქენი, ბესო, შეიტანე განცხადება? – ჰკითხა ვასომ ბესოს.
– შევიტანე, ვასო, შევიტანე. ბოდიში, ძალიან დაღლილი ვარ და ნანერვიულები. ცოტა თუ არ დავისვენე, ალბათ, გავაფრენ, – უთხრა ბესომ ცოლის ბიძას და სახლში შევიდა.
– რაზეა ბაზარი, ბესო, დაისვენე, ძმაო. მე კი ბავშვებს გავართობ, – თქვა ვასომ, ბესოს ხელით ანიშნა, დაისვენეო და თავად კი უკანა ეზოსკენ გაემართა, სადაც მოთამაშე ტყუპები ეგულებოდა.
***
წვრილხმიანთან ბოლო საუბრიდან სამი დღის შემდეგ მან ისევ დაურეკა ბესოს და უთხრა:
– მსხვილი კუპიურების პრესები კუბიკად გადაახვიე სკოჩით და სქელი ცელოფანში ჩადე. ცელოფანიც სკოჩით შეკარი, ზუსტად შუადღეზე მიდი ფიროსმანის ოცდაშვიდთან და ჩემს ზარს დაელოდე. იცოდე, ღმერთი არ გაგიწყრეს და ჩემი შეპყრობა არ სცადო.
– ნუ გეშინია, დამშვიდდი. ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც შენ ამბობ, – მიუგო წვრილხმიანს ბესომ და ტელეფონი გათიშა.
ზუსტად შუადღეზე ბესო დანიშნულ ადგილზე იმყოფებოდა და წვრილხმიანის ზარს ელოდა. ათიოდე წუთის მერე უცნობმა დარეკა და ბესოს უთხრა:
– სადაც ახლა დგახარ, იმის მოპირდაპირე მხარეს ფოლადის ყუთს ხედავ?
მესომ ქუჩის მოპირდაპირე მხარე შეათვალიერა და მოკლედ უპასუხა:
– ვხედავ.
– ფული იქ ჩააგდე და უკანმოუხედავად გაბრუნდი. იცოდე, ყველაფერი ზუსტად შეასრულე, თორემ მწარედ ინანებ, – თქვა უცნობმა.
ბესომ კი უპასუხა:
– ნუ პანიკიორობ. ხომ გითხარი, ყველაფერს ისე ვიზამ, როგორც მეტყვი-მეთქი. აი, უკვე ქუჩაზე გადავდივარ. მივედი. ფული ჩავაგდე და უკან მივდივარ.
– ძალიან კარგი. ტელეფონი გადააგდე. მშვიდობით! მეც წავედი და ვერასოდეს მნახავ, – თქვა წვრილმხიანმა და ტელეფონი გათიშა.
ბესომ ტელეფონი გამორთო, მაგრამ არ გადაუგდია, შეინახა და ჩქარი ნაბიჯებით გაშორდა იქაურობას. როგორც კი ბესო თვალს მოეფარა, წვრილხმიანმა ფოლადის ყუთს ფსკერი მოაშორა და ფული ქვევით ჩავარდა. საქმე კი ის იყო, რომ ტროტუარზე, სადაც ფოლადის ყუთი იყო დამაგრებული, სატელეფონო გაყვანილობის ჭა იყო. წვრილხმიანმა ყუთი მასთან ახლოს დაამაგრა, თვითონ კი საკაბელო გვირაბში იმალებოდა. ყუთს მოძრავი ფსკერი ჰქონდა, რომელიც ასევე, წვრილხმიანმა დაამზადა. როგორც კი მან ფული ხელში ჩაიგდო, გვირაბში ცოცვით რამდენიმე მეტრი გაიარა და ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე საკაბელო ჭიდან ამოვიდა. მას მუშის უნიფორმა ეცვა და ვორონცოვის მიმართულებით ასიოდე მეტრში ერთ-ერთ ბნელ სადარბაზოში შევიდა. უნიფორმის ქურთუკი და შარვალი იქ დაყარა და სადარბაზოდან რომ გამოვიდა, უკვე სპორტულ ფორმაში იყო გამოწყობილი, ზურგზე ნაჭრის ზურგჩანთა ეკიდა, რომელშიც ასი ათასი დოლარი ჰქონდა. მიიხედ მოიხედა, მერე უკან შებრუნდა და სადარბაზოში დამალული ველოსიპედი ქუჩაში გამოაგორა, მასზე შეჯდა და ავლაბრისკენ აიღო გეზი, სადაც ის ცხოვროდა. წვრილხმიანმა ველოსიპედი იტალიურ ეზოში, თუთის ხესთან დატოვა და რკინის კიბეებს მესამე სართულისკენ აუყვა. მეორე სართულის აივანზე მას მეზობელი შეეხმიანა:
– სავარჯიშოდ იყავი, „ჭანჭიკ“?
– ჰო, ცოტა ვიგაზავე ნაბერეჟნზე, – მიუგო წვრილმხიანმა.
– არ გინდა, ნარდი გავაგოროთ?
– შესთავაზა წვრილხმიანს მეზობელმა, რომელმაც გაშლილ ნარდზე მიუთითა.
– არა, დიტო, დაღლილი ვარ და დუში უნდა მივიღო, ვისადილო და დავისვენო, – თქვა „ჭანჭიკამ“.
– ახლა კი არა, რომ დაისვენებ, მერე – არ ეშვებოდა დიტო „ჭანჭიკას“, რომელიც სულაც არ იყო წვრილმხიანი და ხმის ჩვეულებრივი ტემბრი ჰქონდა.
– არა, არა დიტო-ჯან, სხვა დროს იყოს. ერთ-ორ საათში წასასვლელი ვარ, საქმე მაქვს, – მიუგო „ჭანჭიკამ“ დიტოს და მესამე სართულის აივანზე შეაბიჯა.
დიტომ ხელი ჩაიქნია. გაშლილ ნარდთან ჩამოჯდა და ეზოს დაუწყო თვალიერება, რომ რომელიმე მეზობელი გამოეჭირა და ნარდის სათამაშოდ დაეყოლიებინა. „ჭანჭიკა“ კი, რომელიც სამოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობდა, სახლში ჩაიკეტა. საძინებელში შევიდა და ზურგჩანთიდან ფულით სავსე ცელოფანი ამოიღო. წებოვანი ლენტი ჯერ ცელოფანს მოხსნა, შემდეგ კი დასტებს და ასი ათასი დოლარი საიდუმლო სამალავში შეინახა, რომელიც საწოლის ქვეშ, იატაკში ჰქონდა მოწყობილი. ფული რომ დააბინავა, „ჭანჭიკამ“ ჯერ შხაპი მიიღო, შემდეგ ისადილა. ბოლოს საგარეო სამოსში გამოეწყო. „შავი „ბეემვეთი“ ქალაქში გავიდა და თბილისის ზღვისკენ გაემართა. იქ მანქანა უკაცრიელ ადგილზე გააჩერა და ის ტელეფონი მოიმარჯვა, რომლითაც ბესო ქობულაძეს ურეკავდა ხოლმე. სანამ ტელეფონზე დარეკავდა, პირზე სპეციალური, ხმის შემცვლელი მოწყობილობა მოირგო და დარეკა.
– მორიგე ვარდოსანიძე გისმენთ, – მოესმა „ჭანჭიკას“ მამაკაცის ხმა.
– თუ არ შეწუხდებით, მაიორ ანზორ ხიდაშელს სთხოვეთ, – თქვა ხმადაწვრილებულმა „ჭანჭიკამ“.
– მაიორი ხიდაშელი გისმენთ, – გაისმა მამაკაცის ბოხი ხმა.
– ბატონო მაიორო, ამ სამი დღის წინ ბესარიონ ქობულაძემ თავისი მეუღლის, მარიკა კვაჭაძის გაუჩინარების გამო განცხადება შემოიტანა, ხომ ასეა?
– დიახ მასეა. ვინ ბრძანდებით? – ჰკითხა მაიორმა.
– ჩემს ვინაობას მნიშვნელობა არა აქვს. იმიტომ გირეკავთ, რომ გაცნობოთ, – თავისი ცოლი, სწორედ, ბესარიონ ქობულაძემ მოკლა და ცხედარი გააქრო, – თქვა „ჭანჭიკამ“,
– ფაქტები? – მოკლედ იკითხა ხიდაშელმა.
– ვაკეში, ჭავჭავაძის ოცში, ხვადაგიანის საფოსტო ყუთში სატელეფონო საუბარია კასეტაზე ჩაწერილი. მოუსმინეთ და ყველაფერს მიხვდებით, – თქვა „ჭანჭიკამ“ და ტელეფონი გათიშა. შემდეგ ტელეფონი და ხმის დამაწვრილებელი მოწყობილობა ზღვაში მოისროლა და „ბეემვეთი“ ქალაქისკენ გაემართა.
***
მაიორი ანზორ ხიდაშელი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ განყოფილების უფროსი იყო, რომელსაც უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულების ძებნა ევალებოდა. „ჭანჭიკასთან“ საუბრიდან ერთი საათის შემდეგ მას უკვე რამდენიმეჯერ ჰქონდა მოსმენილი სატელეფონო საუბარი და აღშფოთებას ვერ მალავდა. ხიდაშელს, რა თქმა უნდა, შეეძლო ბესო ქობულაძის გამოძახება ან, თუნდაც, მასთან სახლში მისვლა და ჩანაწერთან დაკავშირებით მისი დაკითხვა და დაკავება, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად ვერ მიიღო და მინისტრთან სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა.
– აბა, მომახსენე, ანზორ, რა გადაუდებელი საქმე გაქვს ჩემთან, – უთხრა კაბინეტში შესულ ხიდაშელს მინისტრმა. ხელი ჩამოართვა და სავარძლისკენ მიუთითა.
ხიდაშელი არ დამჯდარა. მან მინისტრს „ჭანჭიკასა“ და ბესო ქობულაძის სატელეფონო საუბარი მოასმენინა და უთხრა:
– ეს წვრილხმიანი, სწორედ ის კაცია, ვინც დამირეკა და ამ ჩანაწერის ამბავი მითხრა. დიდი ალბათობით, ეს ჩანაწერი ორიგინალია. ხოლო ეს თუ ასეა, მაშინ ბესარიონ ქობულაძეა თავისი ცოლის მკვლელი და როგორც მინიმუმ, უნდა დავაკავოთ და დავკითხოთ. რა ვქნათ?
– ესღა გვაკლდა, – ჩაილაპარაკა მინისტრმა. სავარძლიდან წამოხტა და ერთხანს კაბინეტში მოუსვენრად იარა. შემდეგ ხიდაშელის წინ გაჩერდა და ისევ გაიმეორა:
– ესღა გვაკლდა, მაიორო, ესღა გვაკლდა. ბესარიონ ქობულაძე საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული კაცია. მისი ასე ხელაღებით არამც თუ დაკავება, ამ კუთხით დაკითხვაც კი უკვე სკანდალია. ამიტომ ჯერ წინასწარი სამუშაოები უნდა ჩავატაროთ. მოსამართლეს ქობულაძეზე ფარული თვალთვალის სანქცია უნდა დავაწერინოთ. ეს ჩანაწერი კი აუთენტიკურობის შესამოწმებლად ექსპერტიზაზე გავგზავნოთ და თუკი ნამდვილობა დადასტურდება, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ქობულაძის დაკითხვას ამ საკითხზე. რამდენი ხანი დასჭირდება ექსპერტიზას?
– სრულფასოვნად ჩატარებას – ზუსტად ერთი კვირა, – თქვა ხიდაშელმა.
– ჰო და ეს ერთი კვირა ქობულაძეს მიაყურადეთ და უთვალთვალეთ. შეიძლება, კიდეც გამოიჭიროთ რამეში და უტყუარი ფაქტები მოიპოვოთ, – უთხრა მაიორს მინისტრმა. ხიდაშელმა კი მიუგო:
– თვალთვალისა და მიყურადღების სანქცია ამ ჩანაწერის საფუძველზე უნდა მოგვცეს მოსამართლემ და ჯერ ამ ჩანაწერის ნამდვილობის საბუთი რომ მოგვთხოვოს?
– მაგ საქმეს მე მივხედავ. შენ ახლავე უზენაეს სასამართლოში წადი. მე კი გზაში დაგირეკავ და გეტყვი, რომელ მოსამართლესთან მიხვიდე, – უთხრა მინისტრმა ხიდაშელს და კაბინეტიდან გაისტუმრა. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი, როდესაც მაიორი სამინისტროს ეზოდან მანქანით გადიოდა, დაურეკა და უთხრა:
– მოსამართლე კუკიანთან მიხვალ და სანქციას გამოართმევ, გელოდება.
საქმე ის იყო, რომ შინაბერა მოსამართლეზე, 42 წლის გულიკო კუკიანზე, ფაქტობრივად, პორნოგრაფიული კომპრომატი ჰქონდა და ამ „კდედამოსილ“, „სპეტაკ“ ქალს არა მარტო სანქციების გამო აწუხებდა, არამედ ზოგჯერ იმ სიამოვნების მისაღებადაც, რასაც ეს ქალბატონი ანიჭებდა ხოლმე როგორც მაღალჩინოსან მამაკაცებს, ასევე მაღალჩინოსან ქალებსაც.
***
მოსამართლე კუკიანის მიერ სანქციონირებულ პოლიციელთა ჯგუფი ბესო ქობულაძეზე იყო მიმაგრებული და სამუშაოს გულდასმით ასრულებდნენ, თუმცა ბევრი არაფერი ჰქონდათ „საჩალიჩო“. ბესო სახლიდან თითქმის არ გადიოდა და ერთხელ სამედიცინო სტატისტიკის ცენტრში იყო მისული, მეორედ კი – არქივში. შედარებით მეტი სამუშაო ჰქონდათ მიმყურადებელთა ჯგუფს. ბესოს ბევრი ხალხი ურეკავდა, თვითონ – ბევრად ნაკლებს, მაგრამ ამ საუბრებში საინტერესო, მით უმეტეს, საეჭვო არაფერი იყო. პოლიციელებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ ბესო ქობულაძე ძალიან ხშირად რეკავდა სამედიცინო სტატისტიკის ცენტრში და ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული სხვადასხვა დაავადების შემთხვევების შესახებ ისმენდა ინფორმაციებს. ინტერესის მიუხედავად, მიმყურადებლები ვერ ხვდებოდნენ, რაში სჭირდებოდა ეს ქობულაძეს და მიყურადებას განაგრძობდნენ.
დასასრული შემდეგ ნომერში