№32 როგორ უნდა შეარჩიოთ და წაისვათ სწორად ავტორუჯი
ნინო კანდელაკი ანი რევია
ჯანსაღი და ოქროსფერ-ნარინჯისფერი რუჯის მიღება ზიანის და დამწვრობის გარეშე ავტორუჯის საშუალებითაა შესაძლებელი. ნატურალური და მბზინვარე ნამზეურის მისაღებად კი აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება.
პირველ რიგში, სწორად უნდა შეარჩიოთ ტონალობა. ზედმეტად მუქი ავტორუჯი ასაკს მატებს და არაბუნებრივად გამოიყურება. აარჩიეთ თქვენს კანზე ორი ტონით მუქი ავტორუჯი. წასმამდე გამოიყენეთ გამწმენდი ტანის სკრაბი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუჯი კანზე არათანაბრად განაწილდება და ჭუჭყიან ეფექტს მიიღებს. გამოიყენეთ ისეთი სკრაბი, რომელიც არ შეიცავს ზეთებს, რადგან ზეთი კანსა და ავტორუჯს შორის დამცავ ბარიერს წარმოქმნის.
აუცილებლად, აირჩიეთ ხარისხიანი ავტორუჯი, რომელიც გარდა იმისა, რომ უსაფრთხო იქნება, კანს ულამაზეს შოკოლადისფერ რუჯს შესძენს. ასეთი ავტორუჯი სახეზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ და ტანზეც. ის კანს არც გააყვითლებს და არც ააჭრელებს.
ავტორუჯს აქვს დამატენიანებლის ფუნქციაც. ის კანზე ისე უნდა გადაინაწილოთ, როგორც ლოსიონი – ხელით მარტივად ნაწილდება, კანი კარგად იწოვს და ტანსაცმელსა და აქსესუარებზეც არ გადადის. ყოველთვის გრილ და მშრალ ადგილას წაისვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოფლი ხელს შეუშლის თანაბარ ფენად განაწილებას. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სხეულის ყველაზე მშრალ ადგილებს. თუ კარგად არ დაიტენიანებთ, ამ ადგილებზე რუჯი სხვა ფერს მიიღებს.
ავტორუჯის წასმის შემდეგ, გამოიყენეთ ღრუბელი, ის ზედმეტ მასას მოაშორებს.
* არ ჩაიცვათ ტანსაცმელი, სანამ ავტორუჯი კარგად არ გაშრება;
* ეფექტი რომ დიდხანს შენარჩუნდეს, დაბანის დროს გამოიყენეთ საბავშვო შხაპგელი;
* პროცედურის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები, რომ ხელისგულები არ განარინჯისფრდეს;
* თუ წასმიდან რამდენიმე საათის შემდეგ ფერი ძალიან ღია მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ, კიდევ ერთი, თხელი ფენა დაიმატოთ.
რაც შეეხება სახეზე ავტორუჯის წასმას, მანამდე გაიწმინდეთ კანი სკრაბით. დაელოდეთ, სანამ კარგად არ გაშრება. შემდეგ ფრთხილად და ნაზად წაისვით. წასმა ყოველთვის ლოყებიდან დაიწყეთ და შემდეგ გადაინაწილეთ მთელს სახეზე. ნიღბის ეფექტის ასაცილებლად განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კისერს.
ავტორუჯის მოცილება კი საკმაოდ მარტივია – ის წყლით უნდა ჩამოიბანოთ. ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ლიმონის წვენიც: გამოწურეთ ორი ლიმონი და გაჟღენთეთ წვენში ხელსახოცები. შედეთ მიკროტალღურ ღუმელში, დარწმუნდით, რომ კარგად გაცხელდა და შემდეგ ნაზად გაიწმინდეთ ის ადგილები, სადაც რუჯი გისვიათ.