№32 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ მეორედ მოსვლის მოახლოებაზე. თუ შეიძლება, გვესაუბრეთ მეორედ მოსვლის წინაპირობების შესახებ.
პასუხი: ბიბლიაში ბევრი წინაპირობაა აღწერილი, რაც მეორედ მოსვლას უკავშირდება და ისინი თანდათანობით სრულდება კიდეც ჩვენ თვალწინ. ესენია: სტიქიური უბედურებები, ომები, ადამიანთა დაუნდობლობა, მკვლელობები, სატანური სექტების მოღვაწეობა და რაც მთავარია, ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც შეეცდება, ცრუ ხიბლით აცდუნოს ხალხი (ეს მონაკვეთი საკმაოდ კარგად არის აღწერილი მარკოზის სახარებაში). მხოლოდ იმას ვერ აცდუნებს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და ჭეშმარიტად უყვარს უფალი. როდესაც მეორედ მოსვლა იქნება, უფალი განსჯის ნებისმიერ ადამიანს – ცოცხალსა და მკვდარს, მაგრამ კონკრეტულად როდის დადგება ეს ჟამი, არავინ იცის თვით უფლის გარდა.
კითხვა: სიმართლეა თუ არა, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე არ შეიძლება მუშაობა – მიწის დამუშავება, მოსავლის აღება და ასე შემდეგ.
პასუხი: ზოგადად, მუშაობა და კონკრეტულად, მიწაზე მუშაობა არც ერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე არ არის მიზანშეწონილი. მეტიც, კვირა დღეც არ უნდა გამოიყენოთ ამისთვის, რადგან უფალმა სამუშაოდ ექვსი დღე დაადგინა, ხოლო ბოლო, მეშვიდე დღე უქმეა და ის უფლის დღედ დააწესა. ამ დღეს ადამიანმა უნდა მიანებოს თავი ყველა საქმეს და უფალს დაუთმოს – მივიდეს წირვა-ლოცვაზე, მთელი დღე უფლისთვის სათნო საქმით დაკავდეს. გარდა ამისა, ამ განაწესს საფუძვლად უდევს უფლის სიყვარულიც. უფალს სურს, რომ ადამიანმა გამუდმებით არ იშრომოს, რათა არ შეელახოს ჯანმრთელობა და იცოდეს დასვენებისას საკუთარი ნაშრომით დატკბობის ფასი. თუკი დასვენების დღეებში მთელი წლის მოსავალი არ იღუპება, დაისვენეთ, მიბრძანდით ტაძარში, ილოცეთ და შესთხოვეთ უფალს, დაიფაროს თქვენი ნაღვაწი. უფალი ჩიტს არ ტოვებს დახმარების გარეშე და თქვენ, მით უმეტეს, შეგეწევათ
კითხვა: ძალიან მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ თუ შეიძლება, მითხარით, არსებობს თუ არა სპეციალური ლოცვები, რომ ადამიანი ჰომოსექსუალიზმისგან გათავისუფლდეს. როგორ უნდა დააღწიოს მან ამ ცოდვას თავი?
პასუხი: ჰომოსექსუალიზმი მართლაც უდიდესი ცოდვაა. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ამ ნაკლით იბადება, რაც ამ ცოდვაში ჩავარდნას უწყობს ხელს, თუმცა, ამ ცოდვაში, ძირითადად, სულის დაბინძურებით, მიმბაძველობითა და გარყვნილებით ვარდებიან. რა მიზეზიც უნდა ჰქონდეს, ამ ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანს, თუკი გულით მოინდომებს, შეუძლია, გათავისუფლდეს მისგან. კონკრეტული ლოცვები ამ ცოდვისგან თავის დასაღწევად არ არსებობს, მაგრამ მოძღვრის გარეშე, დამოუკიდებლად მისგან გათავისუფლება შეუძლებელია. ამიტომ, უპირველესად, ამ ცოდვაში ჩავარდნილი უნდა მივიდეს ეკლესიაში, მოძღვართან, რომელიც განსჯისა და განკითხვის გარეშე მოუსმენს მის აღსარებას. სწორედ, მრავალჯერადი აღსარებით, მოძღვართან ურთიერთობითა და მტკიცე სულიერი ნებით შეიძლება ამ ცოდვის დაძლევა. სინანულით ყველაფერი მიიღწევა.