№31 რუსა ჩაჩუა: ქალური ბედნიერებისთვის ჩემი მეუღლის თვისებების ნახევარიც საკმარისია
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მოდელი რუსა ჩაჩუა, რომელიც ოთხი შვილის დედაა, ახლა უფროსი შვილის სტუდენტობისთვის ემზადება და გამოცდების პარალელურად, საკუთარ ემოციებსა და ოჯახური ბედნიერების მიზეზებზე გვესაუბრა.
რუსა ჩაჩუა: ძალიან ყოჩაღი შვილი მყავს, მარტო ქართულში ემზადებოდა, დანარჩენ საგნებს თვითონ სწავლობდა სკოლის მასწავლებლებთან ერთად. მისი მონდომებიდან გამომდინარე, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. პროფესიით ფეხბურთელია, მაგრამ უნდა, განათლება ბიზნესისა და ტურიზმის სფეროში მიიღოს. ზედმეტად გამიმართლა, რომ ასეთი კარგი შვილი მყავს. ისიც თქვა, აუცილებლად გრანტი უნდა ავიღოო.
– რუსასთვის როგორი ემოციებია, გამოცდაზე მყოფ შვილს გარეთ რომ ელოდება?
– დილიდან ვტიროდი. მახსენდებოდა როგორი პატარა იყო და ახლა როგორი ჩამოყალიბებული მამაკაცია. დიდ განცდებში ვიყავი. მეტირებოდა, მინდოდა, მე ვყოფილიყავი მის ადგილას და მისთვის ნერვიულობა ამერიდებინა. ჩემსა და თაზოს შორის სხვაობა 17 წელია. მაგრამ დედობრივი პასუხისმგებლობა მისი გაჩენის დღიდან გავაცნობიერე. ძალიან დიდი რიდი და პატივისცემა აქვს ჩემდამი, რაც მაბედნიერებს. პარალელურად, ძალიან ვმეგობრობთ. ოთხივე შვილთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. ამიტომაც ჩემმა ყველანაირმა პროფესიულმა ინტერესმა თუ გატაცებებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. მე მგონია, რომ ოჯახის მთავარი საყრდენია, როცა დედაც და მამაც ზუსტად ერთნაირად არიან ჩართული შვილების აღზრდაში და ყველაფერს ერთად წყვეტენ. არ მახსოვს დიმას გარეშე მიმეღოს გადაწყვეტილება ან პირიქით. ჩემს შვილებსა და მეუღლეს რამდენი დროც უნდა დასჭირდეთ, იმდენის გასაღებად ვარ მზად. იმიტომ, რომ ჩემი ოცნება იყო, ასეთი ოჯახი მყოლოდა. მე და ჩემი მეუღლე ამ ოცნებისთვის ძალიან ბევრს ვშრომობთ.
– რა სირთულეებია ამ გზაზე? ბევრ ქალს უნდა ბედნიერი ოჯახი, თუმცა საკუთარი საქმის გვერდზე გადადება უჭირთ.
– იმდენად მინდოდა ბედნიერი ოჯახი მქონოდა, კარიერის გვერდზე გადადება ნამდვილად არ გამჭირვებია. კი, ბევრი რამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ რაღაც დოზით, რაც მე მინდა, იმას ვასწრებ. იმხელა სიამოვნებას მანიჭებს ჩემს შვილებსა და მეუღლეზე ზრუნვა და სახლში ფუსფუსი, რომ ყველაფერს მინაზღაურებს. პარალელურად, გადაღებებშიც ვიღებ მონაწილეობას და საკუთარი თავის მოვლისთვისაც მრჩება დრო.
– რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლესთან ურთიერთობაში „სიფერადე“ როგორ შეინარჩუნე?
– ეს მისი დამსახურებაა. თვითონ არის ძალიან მზრუნველი და ძალიან ბევრს მუშაობს, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერები. ჩვენ რომ ოჯახი შევქმენით, ის უკვე მზად იყო, რომ ეს ყველაფერი შეესისხლხორცებინა. სულ მიკვირდა, კარანტინის დროს რომ ყვებოდნენ, რამდენი წყვილი დაშორდა. ძალიან გვსიამოვნებდა ის, რომ უფრო მეტი დრო გვქონდა ერთად გასატარებლად.
ზუსტად კარანტინის დროს ულამაზესი დაბადების დღე მოვუწყვე ჩემს მეუღლეს. ეს ყველაფერი მისგან გამომდინარეობს, ამისკენ თავად მიბიძგებს. ყოველთვის აჟიტირება მოაქვს მასთან ურთიერთობას. მეც ძალიან რომანტიკული ვარ, მაგრამ მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემი მეუღლე იმდენად არაჩვეულებრივია, სულ ვამბობ, ჩემს გოგონებს მისი ხასიათისა და თვისებების ნახევარის მქონე ადამიანი რომ შეხვდეს, უბედნიერესი ვიქნები-მეთქი. ქალური თუ ოჯახური ბედნიერებისთვის დიმას თვისებების ნახევარიც კი საკმარისი იქნება. ყველანაირად ცდილობს, მე და ბავშვები ძალიან ბედნიერები ვიყოთ, რომ არ გვაგრძნობინოს არანაირი სტრესული მდგომარეობა, ყოველთვის გვარიდებს ყველაფერ ნეგატიურს – ეს ჩვენ არ გვეხება. არასდროს ვფიქრობ, რომ ოჯახის დიასახლისი ვარ. შეიძლება, რაღაც მომენტში ჩემი თავი არ მომწონდეს, მაგრამ ისეთ კომპლიმენტებს მეუბნება, დარწმუნებული ვარ, რომ იმწუთასაც ძალიან მაგრად გამოვიყურები. ჩემი შვილებიც ასეთები არიან. თაზოც ისეთ კომპლიმენტს მეტყვის ხოლმე, მგონია „მთებს გადავდგამ“. ბედნიერებისთვის და ენერგიულობისთვის მუხტს ზუსტად მათგან ვიღებ.
– როცა ადამიანი მეორედ ქმნის ოჯახს, ყველაზე მეტად, ალბათ, იმას განიცდის, როგორ აეწყობა შვილისა და მეორე ნახევრის ურთიერთობა.
– თაზოს არაჩვეულებრივი მამა ჰყავს, მაგრამ ჩვენთან ის მომენტი, რომ დიმა მისი ბიოლოგიური მამა არაა, არ იგრძნობა. რამდენჯერ, რამე რომ არ მომწონებია, დიმასთან მივსულვარ და მითხოვია, რომ თაზოს ამ საკითხზე დალაპარაკებოდა. იმდენად დიმასები არიან, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. დედისთვის უდიდესი აბსურდი და ტრავმაა სხვანაირი მდგომარეობა. ამიტომაც ვთქვი, როცა ჩვენ დავქორწინდით, დიმას გააზრებული ჰქონდა, რომ რუსას უკვე ორი შვილი ჰყავდა. დიმას ოჯახისგანაც იგივე დამოკიდებულებაა და ამიტომაცაა ჩვენი ოჯახი ჰარმონიული. ამიტომაც, არასოდეს მივცემ საკუთარ თავს უფლებას, თაზოს ცხოვრებაში ჩავერიო და „დედამთილის“ როლი ვითამაშო. პირიქით, როცა დავჭირდები, ყველანაირად ხელს შევუწყობ ბედნიერებაში. მე ძალიან დიდი გაკვეთილები გავიარე ჩემს დედამთილთან, რომელიც საოცრად მიდგას გვერდით. მისნაირი ადამიანები ძალიან იშვიათად არიან, ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემმა მამამთილმაც პირველმა იცის, როდის არის თაზოს გამოცდა, როდის მიდის ლიკა ცეკვაზე. ძალიან თბილისური, დადებითი, რაფინირებული და დახვეწილი ადამიანები არიან. მამაჩემი რომ მეუბნებოდა, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციო მეორე ნახევრის ოჯახსო, ახლა ვრწმუნდები, მართლა რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას. ამ ოჯახში გაიზარდა დიმა და მათი შვილი სხვანაირი ვერ იქნებოდა. როდესაც ბედნიერ ოჯახზე ვოცნებობდი, ასეთს ვერც ვინატრებდი. ძალიან მნიშვნელოვანია, წყვილს ერთმანეთის ესმოდეს, ერთმანეთის რიდი ჰქონდეთ. ყოველთვის ვდარდობ და განვიცდი, დიმას რამე არ ვაწყენინო, არასოდეს გავაკეთებ იმას, რაც ჩემს მეუღლეს არ სიამოვნებს და არ მოსწონს. რატომ უნდა დავწყვიტო გული?!
– არ ეჭვიანობს?
– ჩემი მეუღლე იმდენად დარწმუნებულია საკუთარ თავში და იმდენად უკომპლექსოა, საოცრად მოსწონს, როცა ძალიან გაპრანჭული ვარ. რამდენჯერ მიკითხავს სადმე წასვლის წინ, რა ჩავიცვა-მეთქი და უნდა იბრჭყვიალოო, უთქვამს. შეიძლება, ეჭვიანობს კიდეც, მაგრამ მე არ მაგრძნობინებს.
P.S. ყდაზე გამოყენებული ფოტო ეკუთვნის ჟურნალ „სითის“. ფოტოგრაფი – კახაბერ შარტავა.