№31 დათო ფორჩხიძე: ქალი ჩემთვის ბევრი რამაა
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: დათო.
გვარი: ფორჩხიძე.
პროფესია: მუსიკოსი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ადამიანი ცხოვრებიდან ყოველთვის პირველ მომენტებს იმახსოვრებს და ეს პირველი მომენტები ყველაზე ბევრჯერ სწორედ ბავშვობაში ხდება, მაგალითად, ბაღში და სკოლაში წასვლა. ეს პირველი რაღაცები, ყველაფერი კარგად მახსოვს. ცელქი და ხიფათიანი ბავშვი ვიყავი. სოფელში რომ ჩავდიოდი, თანასოფლელებს უხაროდათ, მაგრამ იცოდნენ, რომ იმ საღამოს აუცილებლად გაილახებოდნენ, რადგან სათამაშოდ წავიყვანდი მეზობელ სოფელში, დავბრუნდებოდით გვიან და მშობლები ამაზე გაუჯავრდებოდნენ. მე, როგორც სტუმარს, ბებია-ბაბუა, რა თქმა უნდა, ხელს არ მახლებდა (იცინის).
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ამ საქმის კეთება მინდოდა. თუ არსებობს სხვადასხვა ცხოვრება, ალბათ, წინა ცხოვრებაში არ ვიყავი ცნობილი და მსურდა, პოპულარული გავმხდარიყავი. მუსიკა კი ამის საშუალება იყო. ყველაფერი თავიდან რომ იწყებოდეს, შეიძლება, ასე არც გამეკეთებინა...
– ჩემი მეტსახელი...
– უამრავი მეტსახელი მქონდა, გვარის მიხედვითაც „ფორჩას“ მეძახდნენ. ამბობდნენ, რომ მღერის, ისტერიკებში ვარდებაო და „ისტერიკაც“ კი შემარქვეს.
– ადამიანში ვაფასებ...
– ადამიანს უამრავი კარგი თვისება აქვს, თუმცა იმავე რაოდენობის – ცუდიც. ადამიანები სუბიექტურები არიან – ობიექტურობა მოიგონეს, სინამდვილეში ასეთი ცნება არ არსებობს. ადამიანში მომწონს ის, რაც სიამოვნებას მანიჭებს: მეფერება, მაქებს, გვერდში მიდგას, არ მაწყენინებს, ეს ყველაფერი სასიამოვნოა ჩემთვის და ვაფასებ მის ჩემდამი დამოკიდებულებას. ყოფილა შემთხვევა, როცა დამინახავს, სრულიად უცხო ადამიანს რაღაც კარგი გაუკეთებია სხვისთვის და მე ორმაგი სიამოვნება მიმიღია. ასეთი ადამიანები ხშირად ჩემთვის შთაგონების წყარო გამხდარა და სურვილი გამჩენია, მათი მსგავსი ვყოფილიყავი.
– წარმატებული ადამიანი არის...
– ვუდი ალენს აქვს ნათქვამი და მეც ვიზიარებ მის აზრს: წარმატებულია ბედნიერი ადამიანი, რომელსაც გაუმართლა, რომელმაც მიიღო ის, რაც უნდოდა და არა ის, ვინც მაგრად მღერის, ცეკვავს ან ბევრი ფული იშოვა. თუ ადამიანი ბედნიერია, ის წარმატებულია.
– ვამაყობ...
– მეგობრებით, მშობლებით, შვილებით, მეუღლით, ქვეყნით... ხანდახან საკუთარი თავითაც მიამაყია, რაც არ არის კარგიო, მაგრამ შენი თავიც უნდა შეაქო ხოლმე. ახალ თაობას რომ ვუყურებ, თვითკრიტიკის აპოგეა აქვთ. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ არ ესმით ხშირი ქება – აღარაა მოდური. ჩვენ დროს ხშირად ვაქებდით ერთმანეთს და ეს გვაძლევდა შედეგს.
– მწამს...
– ყველაფრის, რასაც ვხედავ და ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, ჩემი და ჩემი 8 მილიარდი თანამოძმის ტვინი არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ რასაც ვერ ხედავს ის შეიგრძნოს და დაიჯეროს.
– ცოდვა – ეს არის...
– ზოგჯერ ცუდს რომ ვაკეთებთ, ამას ჩვენი ინსტინქტები, სხეული და სული გვთხოვს. ჩემი აზრით, მოვა დრო, როცა დაიბადება თაობა, რომელსაც უცოდველობა ინსტინქტში ექნება. განა იაზროვნებს, რომ არ უნდა მოკლას, არამედ, როგორც ახლა თვითგადარჩენის ინსტინქტი გვაქვს, იგივენაირად ექნება უცოდველობის ინსტინქტი. დაბადებიდანვე ეცოდინება, რომ ცხოვრება არ მოსპოს და სიცოცხლე არ გაანადგუროს. კოსმოსიდან მოდის ეს, თუ რა არის, არ
ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ვიღაც გვეხმარება და ამ კუთხით აუცილებლად წინ წავალთ.
ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ვიღაც გვეხმარება და ამ კუთხით აუცილებლად წინ წავალთ.
– ბედისწერა...
– არსებობს გამოთქმა, რომ თავადვე ვქმნით საკუთარ ბედისწერას. ამაში არის ჭეშმარიტების მარცვალიც, თუმცა შენს ბედისწერას სხვები ქმნიან. ეს სხვები შენს ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობენ და თუ, ისინი შენ მიმართ ცუდად განაწყვე, მაშინ აუცილებლად გაგიფუჭებენ რამეს. შესაბამისად, შენი ბედისწერა არის შენი და სხვების ურთიერთობა, როგორ უგებ მათ და როგორ გიგებენ ისინი.
– ვრისკავ...
– იქ, სადაც ვემზადები. უფრო ფრთხილი ვარ, ვიდრე რისკიანი. თუ გამოუვალი მდგომარეობა არ არის, ექიმმა ოპერაცია უნდა გააკეთოს ისე, როგორც იცის და როგორც ოფიციალურად წერია. როცა გამოუვალი მდგომარეობაა, მაშინ უნდა გადაუხვიოს წესებს. აქედან გამომდინარე, ისე, უბრალოდ, რისკის მომხრე არ ვარ.
– ვერიდები...
– ამ ბოლო დროს, კონფლიქტებს ვერიდები, რაზეც მეუბნებიან, რომ სიბერის ნიშანიაო (იცინის).
– მაკვირვებს...
– ადამიანებს რომ შეუძლიათ, ერთმანეთს კარგი რაღაცები გაუკეთონ და პირიქით. ამ შემთხვევაში ორივე მხარე მაოცებს.
– სიყვარული...
– როდესაც ადამიანს შეუძლია, უყვარდეს ის, ვინც ცოცხალი აღარ არის, რომლისგანაც ვერაფერს ვეღარ მიიღებს, მანდ ჩნდება ენერგია, რომელიც მას ძალიან ეხმარება. სიყვარული დაკავშირებულია ემოციასთან, უემოციოდ არაფერი იქნება – ჩვენი ტვინი და აზროვნება ემოციას არის მიბმული, ერთ უბანშია. სიყვარულზე ძლიერი კაცობრიობას არც იარაღი უჭირავს და არც ძალა და ცოდნა აქვს. ამიტომ მგონია, მხოლოდ ამ ენერგიის წყალობით გადავრჩებით.
– იდეალური ქალი...
– ისაა, ვინც კარგი შვილი, დედა, შეყვარებული და ცოლია. არ შეიძლება, მე ჩემს ცოლს შევხედო ისე, როგორც მარტო ცოლს, ის არის დედა, შვილი, მეგობარი... ქალი უფრო ძლიერი, ჭკვიანი და ამტანია. იდეალური ქალები ჩემ გარშემო არიან – დედა, მეუღლე, და... ზოგადად, ქალი ჩემთვის ბევრი რამეა და არა რაღაც კონკრეტული სტატუსის მქონე ადამიანი.
– ის, რაც უპატიებელია...
– სიყვარულს შეიძლება არ გააჩნდეს დრო, მარგამ სიძულვილს – კი. აქ მაინც იქით მივდივართ, რომ სიყვარულმა უნდა აჯობოს სიძულვილს. საბედნიეროდ, ისე ვცხოვრობ, რომ უპატიებელი რამე ჩემთან ჯერ არავის გაუკეთებია.
– ვეჭვიანობ...
– არა. ადრე მიიჩნეოდა, რომ ეჭვიანობა ქართველი მამაკაცებისთვის დამახასიათებელი თვისება იყო. მერე მამაკაცები სპეციალურად აღარ ეჭვიანობდნენ. მეც ასე ვარ და რამდენიმეჯერ მეუღლისგან შენიშვნაც მივიღე (იცინის). ალბათ, რაღაც დოზით ყველაფერი უნდა იყოს: მეგობართან, ახლობელთან, საყვარელ ადამიანთან, რადგან არ დაკარგო რომელიმე მათგანი. ავადმყოფური ეჭვიანობა დამღუპველია და ანგრევს ურთიერთობებს.
– შემშურებია...
– კი, მაგრამ რაც მთავარია, არ მიფიქრია, რომ ვისიც მშურდა, მისთვის ცუდი მესურვებინა. ადამიანმა ისე იცხოვროს, ვინმესი არ შეშურდეს, გამორიცხულია. სხვას რომ ცუდი ვუსურვო, ამის მეშინია. არ მინდა, ეს ჩემი არჩევანი იყოს. მირჩევნია, აკრძალული მქონდეს, როგორც მაგალითად, ნარკოტიკი და მსგავსი საკითხები. ზუსტად ასე არის ჩემს ტვინში აკრძალული ვინმესთვის უბედურების სურვილი. ამაზე, ალბათ, მეც ვიმუშავე და ჩემმა მშობლებმაც.
– სამაგიერო გადამიხდია...
– კარგით და მომიჯოკრავს (იცინის). არ მქონია ცხოვრებაში ისეთი მომეტი, რომ სამაგიეროს გადახდა დამჭირვებოდეს. მაქვს ერთი დადებითი თვისება, ყველაფერი იუმორში გადამაქვს, რაც იქვე ანეიტრალებს დაძაბულობას, კონფლიქტსა და აგრესიას.
– ბოდიშის მოხდა...
– საერთოდ არ მიჭირს. დათმობა ჩემი სტრატეგიაა. მივხვდი, ადამიანებთან რაც მუშაობს – დათმობა და ბოდიშის მოხდა. ანგელოზები არ ვართ, ყოველ ნაბიჯზე გვეშლება და, რა თქმა უნდა, ბოდიში უნდა მოვიხადოთ. ვინც ბოდიშს არ იხდის, მას შინაგანი კომპლექსი აქვს. ადამიანს ტვინში უზის ვიღაც, რომელიც ეუბნება: არ დაიმცირო თავი, ბოდიში არ მოუხადო... აი, ამ ვიღაცას როგორ აკონტროლებ, ეგაა მთავარი. მე მაგარი დაჩაგრული მყავს და ხანდახან, როცა მჭირდება, შენგან მაინც არაფერი გამოვაო და საერთოდ მანებებს თავს (იცინის).
– ვნანობ...
– ბევრ რამეს, მაგრამ იცით, როგორ არის, დღეს რომ ვნანობ, ხვალ – აღარ. ხანდახან მიფიქრია, რად მინდოდა ეს პოპულარობა და სიმღერა, მეცხოვრა ჩვეულებრივი ცხოვრებთ. მერე, რომ დავფიქრდები, ამას იმდენი დადებითი აქვს, შევიცვლი ხოლმე აზრს. არ ვიცი, რა ვინანო: დაკარგული დრო? მაგრამ, რისთვის დავკარგე დრო? უფრო მაგრად უნდა მეგულავა, თუ ბევრი ქალი უნდა მყოლოდა? არა, რაც იყო და რაც გამომივიდა, ესაა.
– ვაგროვებ...
– ფულს ვერ ვაგროვებ, მაშინვე მეხარჯება (იცინის). ამ ბოლო დროს მეგობრებსაც ვეღარ ვაგროვებ... ნაცნობებსა და ურთიერთობებს ვაგროვებ, მიყვარს უცხო ადამიანებთან საუბარი.
– ვზარმაცობ...
– სიზარმაცე არის დაავადება. ეს არ არის ადამიანის თანდაყოლილი თვისება. ტვინში სიზარმაცის უბანიც კი არსებობს. დეპრესია ღრმა სამედიცინო დაავადებაა და სწორედ, ამ დროს ეზარებათ ადამიანებს ყველაფრის კეთება. ისინი ზარმაცები კი არა, დაავადებულები არიან. ადამიანები, რომლებიც ზარმაცობენ არიან გადაღლილები და არა უპრინციპოები. ზარმაც ადამიანებს დახმარება სჭირდებათ.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ვფიქრობ, ის არის იმ ყველაფრის გარეთ, სადაც ჩვენ ვართ. შიგნიდან ამ ყველაფერს ვერ ააშენებდა. წარმოიდგინეთ, რამხელა სამყაროა, რასაც ვხედავთ და რასაც ვერა... ეს არის რაღაც კორპუსი, ქალაქი, რომელიც ვიღაცამ გარედან ააშენა, მაგრამ საერთოდ სხვა მასშტაბების. ძალიან ძლიერი ენერგია, დიდი აზრი და დიდი იდეა აკეთებს, აშენებს ამხელა სამყაროს. ჩვენ კი ამ დიდ სამყაროში ჭიანჭველისხელებიც არ ვართ, მაგრამ რა ფორმითაც მოგვეცა არსებობისა და სამყაროს ხილვის საშუალება, ღმერთის მადლობელი უნდა ვიყოთ. მილიარდ ჩვენს დას და ძმას მოვასწარით და ზუსტად ჩვენ გავჩნდით, ჩვენ მოვევლინეთ. ჩემი გადმოსახედიდან, ეს არის ღმერთი, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– ყველა ის მოვლენა, რომელიც გვცვლის არის „კაი ტიპი“, რადგან უკეთესობისკენ მივყავართ. მხოლოდ ნიჭიერებს შეუძლიათ შეიცვალონ, დანარჩენები – ბაძავენ. თუ ვინმემ ან რამემ შემცვალა, მადლობელი ვარ მისი და არ ვივიწყებ. არ მიჭირს ცვლილებების მიღება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უპრინციპო ვარ – უცვლელი შეხედულებებიც გამაჩნია, მაგრამ ცხოვრება ისეთი ტემპით მიდის, ბევრი რამე უნდა გადავახარისხოთ.
– რჩევა, რომელიც მახსოვს...
– მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა: თუ მართალი ხარ, ვერასოდეს ვერავინ წაგაქცევსო. ბავშვობიდანვე მქონდა ტყუილის თქმის შიში, ვერ ვიტყუებოდი, რადგან ვფიქრობდი, აუცილებლად სადღაც ცუდად დამიმთავრდებოდა. ზოგადად, ტყუილი შიშია, რომელიც ადამიანს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ, შეგეშალათ? იქვე აღიარეთ.