№31 რატომ გრძნობს ნუკა კვალიაშვილი დაუკანონებლად საყვარელი მამაკაცის გვერდით თავს იდილიურად და ვის გამო არის ის ყველაფერზე წამსვლელი
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მომღერალი ნუკა კვალიაშვილი ერთი გამოჩენით გახდა ცნობილი. დადგა თუ არა სცენაზე, გამორჩეული ხმის ტემბრით თუ ჩაცმის სტილით მაყურებელი მოხიბლა. ნუკა მომღერალ ეკა კვალიაშვილის შვილია და არ არის გასაკვირი, რომ კარგად მღერის, თუმცა, „გიჟი“ დედა რომ იქნებოდა და შვილებისთვის მაქსიმუმს გააკეთებდა, ამაში ბევრს ეპარებოდა ეჭვი. ამ ზაფხულსაც ნუკა შვილებთან ერთად ატარებს დროს და ცდილობს, საყვარელ ადამიანს და თავის პატარებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას.
ნუკა კვალიაშვილი: ძალიან მიყვარს ზაფხულის სეზონი. სიცივეს ყოველთვის სიცხე მირჩევნია და სულ ვამბობ: ას გრადუს სიცხეს გავუძლებ, ოღონდ არ მციოდეს-მეთქი (იცინის). ამ ზაფხულს სად გავატარებ, ჯერ დაგეგმილი არ მაქვს. მაგრამ, თუ წავალთ სადმე მე და ჩემი საყვარელი ადამიანი, ბავშვებსაც თან წავიყვანთ და მხიარულ, ოჯახურ დასვენებას მოვიწყობთ.
– შენი იმიჯის ხშირი ცვლილებები აღარავის უკვირს. თუმცა, ბოლო პერიოდში, რადიკალურად შეიცვალე და სულ სხვა ნუკა ხარ. რომ თქვი, ზაფხული მიყვარსო, ალბათ, ამ სეზონის დამსახურებაა, რომ „ზაფხულის გოგონას“ იმიჯი მოირგე ვარდისფერ თმაში. ასეა?
– თმა შევიჭერი, ავიპარსე, ვარდისფრად შევიღებე და წავამხიარულე. ნამდვილ ზაფხულის იმიჯ-ფერებში ვარ (იცინის) ზოგადად, ერთფეროვნება იმიჯში ძალიან მბეზრდება და ვცდილობ, თავი ხშირად გავიხალისო ხოლმე, თუნდაც თმის სხვადასხვაფრად შეღებვით.
– ექსპერიმენტებს რომ ხშირად ატარებ საკუთარ თავზე, ეს შენს „ფეისბუქ-გვერდიდანაც“ ჩანს, სადაც ფოტოებს დებ. „იაღლიში“ თუ მოგსვლია?
– (იცინის) თმის ამბებში იმდენად გამოცდილი ვარ, რომ კარგა ხანია, „იაღლიშები“ აღარ მომდის. მაგრამ, სანამ კარგად ვისწავლიდი ამ ყველაფერს, სინანულის რა გითხრათ, მაგრამ ცუდი შემთხვევები მქონდა. მაგალითად, გაღიავებისას საშინლად დავიწვი და წელამდე თმა დამცვივდა.
– სხეულზე რამდენიმე ტატუ გაქვს. თუ ამოგისვირინგებია ისეთი რამ, რაც მერე გინანია?
– სულ ოთხი ტატუ მაქვს – ხელებზე, წელსა და ზურგზე. მქონდა ადრე შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ადამიანის სახელი მეწერა, რასაც დღემდე ვნანობ. მაგრამ, სხვა ტატუთი გადავფარე და დიდად აღარ მადარდებს.
– ასეთი ცვალებადი ხასიათი რომ გაქვს და გიყვარს ცვლილებები, ზოდიაქოთი რა ხარ?
– ზოდიაქოთი სასწორი ვარ, მაგრამ მორიელში. ასე რომ, მორიელური თვისებებიც მაქვს და სასწორულიც – კბენაც შემიძლია, მერყეობაც და პრინციპულიც
ვარ (იცინის).
ვარ (იცინის).
– დიდი ხანია, სცენაზე არ მდგარხარ. ეს იძულებითი პაუზა როგორ მოქმედებს შენზე?
– დროს უაზროდ არ ვკარგავ და ალბათ, ეს მიმსუბუქებს მდგომარეობას. შვილებს ვზრდი და ვთვლი რომ, ამაზე ძვირფასი არც სიმღერაა და არც არაფერი სხვა. მოვა დრო და სცენაზეც დავდგები. მთავარია, ყველაფერი კარგად იყოს.
– ბევრს ვერც კი წარმოედგინა თუ ასეთი სამაგალითო დედა დადგებოდი. როგორც ვიცი, მათ გამო სამზარეულოში ტრიალიც ისწავლე და საკმაოდ პასუხისმგებლიანი მშობელიც ხარ.
– ვერც მე წარმომედგინა, ასეთი დედა თუ ვიქნებიდი (იცინის). ალბათ, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს და თავს ვალდებულად ვთვლი, ვიყო ისეთი დედა, როგორიც დღეს ვარ. დროთა განმავლობაში, ვისწავლე ყველაფერი. როდესაც გჭირდება, იძულებული ხარ, გააკეთო. ამ დროს, ანუ ბავშვებს რაც ეხებათ და უნდათ, ხვალ და ზეგ არ არსებობს. მე ჩემი შვილების გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი და გამკეთებელი. ჩემი შვილები ჩემი მთავარი მოტივაციაა ცხოვრებაში და შინაგანი სიძლიერის პირველი წყარო.
– ქმართან გაშორების შემდეგ პირად ცხოვრებაში რა შეიცვალა?
– ვისწავლე, რა არის ბედნიერად ცხოვრება, თავისუფლება და არა მითითებებით ყოფნა. ასევე, ახლა უკვე ორ ბიჭს ვზრდი, მესამეს გაზრდა აღარ მიწევს და მუდამ უკმაყოფილო სახის ყურება.
– ვიცი, გვერდით საყვარელი მამაკაცი გიდგას, რომელიც განებივრებს.
– დიახ, საყვარელი მამაკაცი სიურპრიზებით მანებივრებს. იმავდროულად, ხასიათის თანხვედრაცაა და იდილიაც. ბექა და მე მუსიკოსები ვართ და თითქმის ყველაფერში ერთნაირები.
– არ აპირებთ ურთიერობის დაკანონებას? თუ მიგაჩნია, რომ ხელმოწერა და თეთრი კაბა არ არის აუცილებელი, რომ საყვარელი ადამიანის გვერდით თავი ბედნიერად იგრძნო?
– ზოგადად, ქორწილები და მსგავსი სიტუაციები არ მიყვარს. ვთვლი, რომ არ არის საჭირო ამხელა რაღაცების კეთება. უბრალოდ, ისიც საკმარისია, რომ ერთად უნდა ორ ადამიანს ცხოვრება და ამისთვის ზედმეტი დაკანონებები არ არის საჭირო. ჩვენ დაკანონებული გვაქვს ურთიერთობა ზედმეტი თეთრი კაბების, ფატებისა და სმოკინგ-პიჯაკ-შარვლების გარეშე.
– ახლა რა ეტაპი დგას შენს ცხოვრებაში და რას ფიქრობ, რაში გაგიმართლა ყველაზე მეტად?
– იმაში გამიმართლა, რომ წინა ურთიერთობიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც გავიარე. ახლა თავს ვავითარებ და ვიცი, რომ ტყუილად არ ვარსებობ. მადლობელი ვარ სამყაროსი და ყველა იმ შეგრძნების, რამაც დღეს ისეთი გამხადა, როგორიც ვარ.