№31 ცისნამი საყვარლიშვილი: დედაჩემისთვის ფულის საშოვნელი მანქანა ვიყავი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი საკუთარი ოჯახის მხრიდან ღალატზე საუბრობს და ემიგრანტ ქალებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ცისნამი საყვარლიშვილი: 11 წელია, ემიგრაციაში ვარ და მთელი ეს დრო ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი ოჯახისთვის. 2016 წელს ბიძაჩემს, დედაჩემის ძმას, ბეჟან ღვინიაშვილს ფული გავუგზავნე – 30 ათასი დოლარი. აქ ვერ შევინახავდი, თან, საქართველოში ვაპირებდი დაბრუნებას. მანამდე ბიძაჩემი ჩემი მარჯვენა ხელი იყო, დამეხმარა საქართველოში ბინების ყიდვაში, კახეთის სახლის გარემონტებაში და თვალდახუჭული ვენდობოდი. მამაჩემის დაღუპვის შემდეგ, ჩემთვის ყველაფერი ის იყო. ვუთხარი, ეს ფული ჩემს ჩამოსვლამდე შემინახე-მეთქი. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ჩემი დღევანდელი მეუღლე გავიცანი, ვიქორწინეთ და აღარ ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. სამი წლის წინ მოვითხოვე ჩემი ფული, მჭირდება, გამომიგზავნე-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ბიძაჩემს ეს თანხა, ჩემს დაუკითხავად, თავისი საქმეებისთვის გამოუყენებია. ჩემი ფულით ცხოვრება აიწყო. ხომ ვიცი, რომ საქართველოში ამდენი ფული არავის უდევს და სამი წელია, ვემუდარები, ჩუმად, წყნარად, რომ არავის გაეგო – ბიძი, გეხვეწები, ფული შემიგროვე და გამომიგზავნე-მეთქი.
– რა უფლებით დავხარჯე შენი ფულიო, რა გითხრა?
– სამი წელია, გაჩუმებულია, არაფერი უთქვამს. მე რომ ჩემს ფულს ვითხოვ, აქეთ მლანძღავენ და მაშანტაჟებენ. რამდენი ხანი ვადროვო? გადაგიხდიო, უკვე სამი წელია, ამას მეუბნება. როცა ეს ამბავი გავასაჯაროვე, ლანძღვა-გინება დამიწყეს. არადა, უკვე აღარ შემეძლო ამდენი ტკივილის მოთმენა. ამას დაემატა ისიც, რომ დედაჩემს ჩემი ოქრო აუღია და ჩემი თანხმობის გარეშე, სამი ადამიანის სახელზე სამ სხვადასხვა ბანკში გაუბნევია.
– რაში დასჭირდა? შეიძლება, მთელ შემოსავალს დედას და ძმას არ ახმარ, მაგრამ როგორც ადრე გითქვამს, ოჯახს ძალიან ეხმარები და მატერიალურად არ უჭირთ.
– ათას მიზეზს იგონებს, რომ ეს ისევ მე დამაბრალოს. თბილისში ბინები მაქვს გაქირავებული და ქირის ფულს ჩემი ძმა და დედაჩემი იღებდნენ. საქართველოში ძალიან კარგად უნდა ცხოვრობდეს ადამიანი იმ ფულით, რაც ამ ბინებიდან შემოდის. რომ დამლაპარაკებოდა და ეთქვა, ზედმეტი ფული მჭირდება, შვილოო, ხომ ყველაფერს გავეკეთებდი მის დასახმარებლად?! მან გამზარდა, მაგრამ თვალსა და ხელს შუა მომატყუა. პირველი შემთხვევა კი არაა, პაპაჩემის მიწებიც ისე გაანიავა, არც კი დამეკითხა. რომ ვიგებდი, ვეუბნებოდი, მე რატომ არ მითხარი, მე ვიყიდი, მე მოგცემ მაგ ფულს-მეთქი. არ ვიცი, ეს ფული რისთვის სჭირდება, უმაღლეს დონეზე მაქვს გაკეთებული კახეთის სახლი.
– შენი ძმა რას ამბობს ამ ყველაფერზე?
– საჯაროდ რომ დავწერე ამის შესახებ, ისიც ჩემზეა გაბრაზებული. კარგი, საქვეყნოდ არ უნდა დამეწერა, გავნერვიულდი და გაბრაზებულ გულზე დავწერე, მაგრამ თვითონ რატომ გამიკეთეს ასეთი რამ? ერთი წელია, ჩემი ოქრო გაბნეულია და მე მხოლოდ ახლა გავიგე ამის შესახებ. პირველი ქორწინებიდან ბევრი ოქრო მაქვს, ჩემს შვილსაც ბევრი ნათლია ჰყავს და მათი ნაჩუქარი ჯვრები და „ცეპებიც“ გააბნიეს. ეს რომ სახალხოდ ვთქვი, დედა აქეთ მეჩხუბება და მწყევლის, გველის წიწილი გამიზრდიხარო. ცოცხალ ადამიანს რომ ზურგში დანას ჩასცხებ, ზუსტად ეს გამიკეთეს დედამ, ძმამ და ბიძამ. ადამიანმა, რომელსაც მთელი ცხოვრება მე ვინახავ, ვარჩენ და არაფერს ვაკლებ. 17 წლიდან მუხლჩაუხრელად ვმუშაობ, ჩემი პირველი ხელფასით დედას პურის საცხობი ღუმელი ვუყიდე. რასაც ვიღებდი, მთელ ფულს კახეთში ვაგზავნიდი, რომ არაფერი მოჰკლებოდათ. ჩემი ძმა მუსიკოსია და მარტო 3 000-დოლარიანი ბასგარმონი ვუყიდე. ზუსტად ის ტოტი მოჭრეს, რომელზეც ისხდნენ. ძალიან გულნატკენი ვარ.
– ყველამ იცის, რომ დედისთვის ბიოლოგური შვილი არ ხარ. თუმცა, ყვებოდი, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდათ. აქამდე როგორ მიხვედით? ფიქრობ, ჩათვალეს, რომ რადგან მილიონერი ქმარი გყავს, აღარ მოიკითხავდი შენს ქონებას?
– მადლიერი ვარ, რომ მიშვილეს, სიცოცხლე შემინარჩუნეს და გამზარდეს. მაგრამ მთელი ცხოვრება უფრო მეტ სიყვარულს მამაჩემისგან ვგრძნობდი. დედაჩემმა გამზარდა და რა თქმა უნდა, ვუყვარვარ, მაგრამ მე წამართმევდა ხოლმე და ოთოს მისცემდა, ყველაფერი კარგი ჩემი ძმისთვის ემეტებოდა. მე უნდა შემენახა ოთო. ბევრჯერ გადამიხდია მისი ვალი, არაერთხელ დამიხსნია საიდან აღარ, ჩემი ძმისთვის ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული. მე დედაჩემისთვის ფულის საშოვნელი მანქანა ვიყავი. ბავშვობის მოგონებები მაქვს გონებაში ჩარჩენილი, მეზობლისგან თხის რძეს ყიდულობდა და მარტო ოთოს ასმევდა, მე – არა. ოთოსთვის კარგია, რომ თვალის პრობლემა არ ჰქონდესო, რადგან მამაც უსინათლო იყო. მისი ბიოლოგიური შვილია და ფაქტია, რომ ჩემზე მეტად უყვარს. მე რომ ვყვარებოდი, ასე არ მომატყუებდა. მარტო მისი ოპერაციებისთვის რამდენი რამ გამიკეთებია. პირველ კურსზე რომ ვსწავლობდი, ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ მიშა მაჭავარიანი გავიცანი. 17 წლის ბავშვი მარტო მივედი პარლამენტში და მუხლზე ჩოქვით ვთხოვდი მიშა მაჭავარიანს, საოპერაციოდ დედაჩემს დახმარებოდა, რომ სიკვდილს გადამერჩინა. 17 წლის რომელი თავმოყვარე გოგო გააკეთებს ამას, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი ოჯახის კარგად ყოფნისთვის და ძალიან მადლობელი ვარ მაჭავარიანის, ერთი თეთრი არ დაგვიხარჯავს ამ ოპერაციაზე. ბავშვი ვიყავი და მარწყვის ბაღებში ვმუშაობდი, იცით, რა რთული სამუშაოა? მაგრამ ანაზღაურებით ფქვილს ვყიდულობდი, რომ პური გვქონოდა. მადლობელი ვარ მათი, რომ საქართველოსნაირი რთული მატერიალური შესაძლებლობების ქვეყანაში სხვისი შვილი გამზარდეს, მაგრამ მეც ყველანაირად ზედ გადავყევი ჩემს ოჯახს, ამიტომ ძალიან მტკივნეულია ასეთი ღალატი. რაც შეეხება ჩემი ქმრის ქონებას, ამერიკული და ქართული ცხოვრება ძალიან განსხვავდება. ქართველი ცოლები რომ ქმარს ჯიბეში ხელს უყოფენ და მთელ შემოსავალს უკონტროლებენ, აქ ასე არ ხდება. ჩემს ქმარს რომ მილიონები აქვს, ის მისია. მე არაფერი მაკლია, ჭამა იქნება, სმა, გართობა, დასვენება და ასე შემდეგ, მაგრამ მის ფულთან წვდომა არ მაქვს. ამიტომ რაც ჩემია, იმაზე უარი რატომ უნდა ვთქვა?!
– ამ ყველაფერზე მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა?
– განცვიფრებულია. ყოველთვის, როცა დედას ვესაუბრებოდით, სიყვარულს უხსნიდა, ის იქიდან უღიმოდა. დედაჩემს დღემდე ჰგონია, რომ ალექსანდრეს ფულისა და მწვანე ბარათის გამო გავყევი ცოლად, რადგან ასაკით ჩემზე უფროსია. სისულელეა, ხალხო, ამ ადამიანმა უამრავი რამ გააკეთა ჩემთვის, თავი უზომოდ შემაყვარა. ხელისგულზე მატარებს, უმაგრესი ადამიანია.
– ახლა რას აპირებთ?
– ოქრო სამი ადამიანის სახელზე შეტანილია. ორმა მითხრა გამოგიტანო, ფული უკვე გამოვაგზავნე. ადვოკატიც მყავს. მაგრამ მესამემ უარი მითხრა, არ გამოვიტან სანამ ბოდიშს არ მომიხდიო. რა მაქვს საბოდიშო, მაშინ უნდა მოეწერა ამ ადამიანს ჩემთვის, როცა დედაჩემმა ამის გაკეთება სთხოვა, ეს იქნებოდა ზეადამიანური საქციელი. მაგრამ პატარა გოგოა და დედაჩემის გავლენის ქვეშ მოექცა. საჯაროდ შეურაცხყოფა იმიტომ მივაყენე, რომ ძალიან გავბრაზდი. ახლა, მგონი, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დათანხმდა, რომ ჩემი ოქრო გამოიტანოს და ამისთვის, თქვენი საშუალებით მადლობას გადავუხდი ნათიას.
ამ ყველაფრის გამო, ყოველკვირა მაქვს სეანსები ფსიქოლოგთან, რომელიც მეხმარება ბავშვობიდან დღემდე მიღებული ყველა ტრავმის დაძლევაში. გვერდით მიდგას ჩემი მეუღლე. ის რომ არა, შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში ტრაგედია მომხდარიყო. ჩემს ოჯახზე ძალიან გაბრაზებული ვარ. ვაპირებ ჩემი ნივთები და ქონება დავიბრუნო და ამ ეტაპზე აღარავისთან მინდა ურთიერთობა. მათთან ყველანაირ კავშირს ვწყვეტ. არ ვიცი, მომავალში რა იქნება. მინდა, სიმშვიდე მოვიპოვო. როგორც კი პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები მოიხსნება, ჩემს შვილს ამერიკაში ჩამოვიყვან და საქართველოსკენ მომავალ კარს დავხურავ. მინდა ყველა ემიგრანტს ვუთხრა, რომ ჩემი შემთხვევა მაგალითად გამოიყენონ. ეს პოსტი რომ გამოვაქვეყნე ძალიან ბევრმა მომწერა, რომ ოჯახმა მათაც იგივე გაუკეთა. როცა ქალები ოჯახის დასახმარებლად ემიგრაციაში მოვდივართ, შემდეგ ჩვენივე ოჯახები მხოლოდ და მხოლოდ ფულის საკეთებელ მანქანებად აღგვიქვამენ. საქართველოში დარჩენილებს წარმოდგენაც არ აქვთ, რა სიმწრის ფასად უჯდებათ მათ ცოლებს თუ დედებს აქ ფულის დაგროვება. თითოეული ემიგრანტი ქალი განწირულია არამხოლოდ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ოჯახის მიერაც. ამიტომ, მინდა ყველას ვუთხრა, მესმის, რომ გული არ გაგვიძლებს და მაინც ოჯახზე ვიფიქრებთ, მაგრამ საკუთარ თავებსაც ნუ დავივიწყებთ.