№31 როსტომ მაგრაქველიძე – ერთიანი ძალებით ასპინძის უკეთესი მომავლისთვის!
ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია
ასპინძის მუნიციპალიტეტის მდიდარი და საინტერესო კულტურა, ტრადიციები და გეოგრაფიული მდებარეობა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ტურისტული თვალსაზრისით. ჩვენი რესპონდენტი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი როსტომ მაგრაქველიძეა, რომელმაც თავისი მერობის პერიოდში მიზნად დაისახა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მაქსიმალურად მოგვარება და ამ პროცესებში მოსახლეობის აზრი მისთვის უპირველესია, მისი კაბინეტის კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, ვისაც ასპინძის განვითარებისათვის საინტერესო იდეა აქვს. ერთობლივი ძალებით შესრულებული მინდინარე და დაგეგმილი პროექტები ასპინძის მუნიციპალიტეტს ნამდვილად გამოარჩევს.
– ბატონო, როსტომ, რა გზა გაიარეთ მუნიციპალიტეტის მერობამდე?
– ასპინძაში დავიბადე და სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1996 წელს მუშაობა დავიწყე ასპინძის სამომხმარებლო კოოპერატივში საქონელმცოდნედ. 1997 წელს არჩეული ვიყავი ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარედ. 2006 წლიდან ამირჩიეს ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, სადაც 2017 წლის სექტემბრამდე ვიმუშავე. 2017 წლის 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და ამირჩიეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერად, სადაც დღემდე ვმუშაობ. მყავს მეუღლე – მაკა ბერიძე, პროფესიით ჟურნალისტი, შვილები – 16 წლის მარიამი და 14 წლის ჯარჯი მაგრაქველიძეები. ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე ყოფნისას ოჯახის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია.
– რა იყო ძირითადი პრობლემები, რის მოგვარებასაც მოქალაქეები ყველაზე ხშირად მოითხოვდნენ თქვენი მუშაობის პერიოდში?
– პრობლემა ბევრი იყო, მაგრამ ძირითადი მკითხეთ და გეტყვით, სამი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ და ჩვენს ხელთ არსებული რესურსები მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენეთ. ჩვენს მუნიციპალიტეტში მოწესრიგდა ცენტრიდან სოფელში მისასვლელი გზები, თითქმის სრულად აღმოიფხვრა სასმელი და სარწყავი წყლის, განათების პრობლემები. მიმდინარეობს სკოლების და სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დასრულებულია სამედიცინო ამბულატორიები. ერთ-ერთი აქტუალურია მოქალაქეთა მოთხოვნა, ესარგებლათ მაღალმთიანობის სტატუსით, რაც 2020 წლის 1 ივლისიდან მთლიანად მუნიციპალიტეტში პრობლემას აღარ წარმოადგენს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გაკეთდა. მუნიციპალური პრობლემა იყო გაზიფიცირება, რასაც 2020 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და წელს 2011 წლის შემდეგ პირველად მოხდება 6 სოფლის გაზიფიცირება. რაც დასტურია იმისა, რომ ეს პროექტი აუცილებლად გაგრძელდება და ეტაპობრივად მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.
მოსახლეობის მოთხოვნები და საჭიროებები მუდმივად იცვლება, პერიოდულად მწყობრიდან გამოდის სხვადასხვა სახის ინფრასტრქუტურა, რომელიც თავის ექსპლუატაციის ვადას ამოწურავს და ასე შემდეგ. ამიტომ, ცხადია მუნიციპალიტეტს დღესაც ძალიან ბევრი რამ სჭირდება, რაც ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ამ რაიონისთვის სიკეთე უნდა, ვისაც კონკრეტული პროექტი, კონკრეტული ხედვა აქვს მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენი კარი ღია იქნება. ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით აბსოლუტურად გამჭირვალე და ყველა ადამიანს ექნება საშუალება, მუნიციპალიტეტის განვითარებასა და აღმშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა.
– თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს მუნიციპალიტეტს და რა კუთხით უნდა დაიგეგმოს პრიორიტეტები?
– ასპინძის მუნიციპალიტეტს განვითარების უამრავი პერსპექტივა აქვს. გამოვყოფდი შემდეგს: ასპინძის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, რაც საშუალებას გვაძლევს პრიორიტეტები ტურიზმის კუთხით დაიგემოს, სოფლის მეურნეობის კუთხით – მცირე საწარმოები, მცირე და საშუალო ზომის ჰესები. ზოგადად, ადამიანზე და ადამიანის კეთილდღეობაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი.
– რომელ უკვე განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასქტრუქტურულ პროექტებს გამოყოფდით?
– რაც შეეხება მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მათში ჩადებულ ფინანსურ რესურსს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდით ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა. სამუშაოები მიმდინარეობდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. მიმდინარე წლის 10 ივლისს დაბაში გაიხსნა სტანდარტების შესაბამისი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა.
დაბის ცენტრში მიმდინარეობს „სულთმოფენობის“ სახელობის ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობა.
სულ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარეობს 40-ზე მეტ პროექტზე მუშაობა.
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაბა ასპინძაში და 6 სოფელში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია სიგრძით 9 800 მეტრი. დაბაში დასრულდა შიდა ქუჩების რეაბილიტაცია – 494 916 ლარი; დაბა ასპინძაში და სოფელ ტოლოშში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია – 407 900 ლარი; 3 სოფელში, ხიზაბავრაში, საროში, ვარგავში, მიმდინარეობს 11-კილომეტრიანი სასმელი წყლის ცენტრალური მილსადენისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია – 524 990 ლარი. აღნიშნული წყლის სისტემა მოძველებული და ამორტიზებული იყო.
ასევე, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელობის მამათა მონასტრის, ეგრეთ წოდებული, თავკვეთულას ეკლესიასთან მოეწყობა ბაგირზე დაკიდებული ხიდი – 77 604 ლარი.
ადგილობრივი ბიუჯეტი: დაბა ასპინძაში აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია – 75 601 ლარი.
მთის ფონდი: დაბა ასპინძაში მიმდინარეობს ტროტუარების – სანიაღვრე არხების, წრიული მოძრაობისა და უსაფრთხოების კუნძულის მოწყობა-რეაბილიტაცია 510 279 ლარი.
მიმდინარე წელს დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტი სოფელ ორგორის სკოლის მშენებლობა ღირებულებით 1 174 985 ლარი, რომელსაც აწარმოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. რაც შეეხება სკოლების მშენებლობას, სახელმწიფო ბიუჯეტი - 6 სკოლაში მიმდინარეობს საჭირო ინფრასტრუქტურის (სველი წერტილები) რეაბილიტაცია; სოფელ ნაქალაქევის სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაცია - 40 193 ლარი; სოფელ ნიჯგორის სკოლის შენობის რეაბილიტაცია – 40 673 ლარი; სოფელ საროს სკოლის რეაბილიტაცია – 88 900 ლარი; სოფელ ტოლოშის სკოლის შენობის რეაბილიტაცია - 38 000 ლარი; სოფელ იდუმალის სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაცია - 49 300 ლარი; სოფელ ჭობარეთის სკოლის რეაბილიტაცია - 32 945 ლარი.
ამ ეტაპზე შენდება დაბა ასპინძაში საზოგადოებრი ცენტრი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების განვითარების სააგენტო - 698 000 ლარი;
ასევე, სოფლებში (სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში) ხორციელდება 515 561 ლარის ღირებულების 23 სხვადასხვა სახის პროექტი.
– ბატონო როსტომ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რას გააკეთებთ შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, როგორც მერი?
– ჩემი ძირითადი გეგმა ისაა, რომ პირნათლად ვემსახურო ასპინძის მუნიციპალიტეტს და ჩემს სამშობლოს, გავაგრძელებ იმ კურსს, რომელსაც განვითარება, გამთლიანება და აღმშენებლობა ჰქვია. ეს კურსი დიდი ხნის წინ აირჩია ქართველმა ხალხმა და ამ გზის გავლას ვაპირებ შემდეგშიც. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ხარისხზე ორიენტირება.
მინდა, მაქსიმალური გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი მუნიციპალიტეტი იყოს უკეთესი, უფრო მიმზიდველი, კეთილმოწყობილი, ეკოლოგიურად სუფთა. გვქონდეს განახლებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.