კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ გაიშიფრა ქართველი ემიგრანტის ვაჟი თბილისში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გერმანელი ეთნოგრაფი
  1969 წლის მაისის დასაწყისში თბილისში 39 წლის გერმანელი ეთნოგრაფი კურტ ბაუერი ჩამოვიდა. მას სამთვიანი სამუშაო ვიზა ჰქონდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. ბაუერი კავკასიის ხალხების კულტურაზე დისერტაციას წერდა და ამ ვიზიტის მიზანიც ეს იყო. ის მშვენივრად ფლობდა რუსულ და ქართულ ენებს და გერმანულისთვის დამახასიათებელი აქცენტით, მაგრამ საკმაოდ გამართულად ლაპარაკობდა. გერმანელი სტუმარი ორ-ორი დღით დაღესტანსა და ჩრდილო ოსეთში გაემგზავრა და საჭირო მასალები მოიპოვა, თუმცა, ძირითადად, ის თბილისში იმყოფებოდა და საქართველოზე აგროვებდა მასალებს, რაშიც მას ქართველი კოლეგები ეხმარებოდნენ. იმ პერიოდში მიღებული წესის თანახმად, ბაუერს მონაცვლეობით „კაგებეს“ ორი თანამშრომელი დაჰყვებოდა, რომლებიც მას აკონტროლებდნენ და მისი ქცევების შესახებ თავიანთ უფროსებს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას. ბაუერს ამისთვის უფროსი ლეიტენანტები რომან შარაშიძე და მალხაზ კეკელიძე მიუჩინეს. გერმანელი სტუმრისთვის ისინი უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლები იყვნენ. კურტ ბაუერი დილიდან საღამოს 7-8 საათამდე უნივერსიტეტში იყო და თავაუღებლად შრომობდა, შემდგომ კი ერთ-ერთი „ლაბორანტის“ თანხლებით, ფოტოაპარატით შეიარაღებული თბილისის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდა და ფოტოებ უღებდა. კონტრდაზვერვას საგულდაგულოდ ჰქონდა შესწავლილი ეთნოგრაფის ყველა მოქმედება და მათში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. „კაგებე“ თითქმის დარწმუნდა, რომ კურტ ბაუერის საქართველოში ვიზიტის ერთადერთი მიზანი სუფთა სამეცნიერო მოღვაწეობა იყო.
საეჭვო გარემოება
  კურტ ბაუერი რომან შარაშიძესთან ცხოვრობდა, ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე. სინამდვილეში ეს იყო „კაგებეს“ კონსპირაციული ბინა და გერმანელი ეთნოგრაფი „მეგობარ-კოლეგასთან“  პატივისცემის ნიშნად ჩაასახლეს. ეს კი იმიტომ გაკეთდა, რომ სტუმარი უფრო საიმედო კონტროლის ქვეშ ყოფილიყო და ღამითაც მეთვალყურის გარეშე არ დარჩენილიყო. ბაუერის თბილისში ყოფნის დრო იწურებოდა. 2 აგვისტო შაბათი იყო, ეთნოგრაფი სამი დღის შემდეგ სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო. დისერტაციაზე მუშაობა მას, ფაქტობრივად, დასრულებული ჰქონდა. ამიტომ თავის მასპინძელს, რომან შარაშიძეს უთხრა:
– აი, კოლეგავ, ამ ვისკის საგანგებოდ ამ დღისთვის ვინახავდი, ანუ, როდესაც დისერტაციაზე მუშაობას დავასრულებდი, მაშინ უნდა დამელია. ახლა სწორედ ის დროა და მოდი, მეგობრულად შევსვათ.
გერმანელმა ძვირად ღირებული შოტლანდიური ვისკი გახსნა და მაგიდაზე დადგა. ირგვლივ ტკბილეული და შოკოლადის რამდენიმე ფილა შემოუწყო, შემდეგ სასმელი ჭიქაში ჩამოასხა და რომანს მიაწოდა... „კაგებეს“ უფროსმა ლეიტენანტმა ხათრი არ გაუტეხა ბაუერს და ამით ინსტრუქცია დაარღვია. მას ალკოჰოლი არ უნდა დაელია, მაგრამ ინსტრუქციის მიხედვით, თუკი დალევა აუცილდებელი იყო, მას კოლეგები უნდა გაეფრთხილებინა და „კაგებედან“ დაზღვევას გამოუგზავნიდნენ, თუმცა შარაშიძემ არც ეს გააკეთა. მეორე დილას, უფროს ლეიტენანტს დილის 10 საათზე გაეღვიძა და სტუმრის საწოლი ხელუხლებელი დახვდა. შარაშიძემ სასწრაფოდ ჩაიცვა და ბაუერის ძებნა უნდა დაეწყო, რომ გერმანელი სწორედ იმ დროს შემოვიდა ოთახში. ხელში „ბორჯომის“ ორი ბოთლი ეკავა და შარაშიძეს უთხრა:
– გასტრონომში ვიყავი და მინერალური ვიყიდე. აი, გამომართვი, რომან, გუშინდლისგან თავი მტკივა. ალბათ, შენც ჩემნაირად ხარ და მინერალური მოგიხდება.
უფროსმა ლეიტენანტმა სტუმარს ბოთლი გამოართვა და დალია. შემდეგ კი უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, ბატონო კურტ, მაგრამ ექსკურსიაზე ჩვენი კოლეგა მალხაზ კეკელიძე წამოგყვებათ. მე კი საცოლეს უნდა შევხვდე.
შარაშიძემ კეკელიძე საგანგებო სიგნალით გამოიძახა და ის რომ მოვიდა, თავად „კაგებეში“ გაემართა და ყველაფერი დაწვრილებით მოყვა, ბოლოს კი დაამატა:
– ინსტრუქცია დავარღვიე. დამნაშავე ვარ. გამორიცხული არაა, რომ ბაუერმა დამაძინა და თავად კი სადღაც იყო წასული. მზად ვარ ნებისმიერი სასჯელისთვის.
– ჰო, საეჭვო გარემოებაა. თუ მართლა მასე იყო საქმე, გერმანელი კარგადაა გადასამოწმებელი, – უთხრა შარაშიძეს პოლკოვნიკმა ზედგენიძემ, რომელიც ეთნოგრაფის კონტროლზე იყო პასუხისმგებელი.
დეკანოზის ვაჟი
  ბაუერი 5 აგვისტოს ბათუმიდან ჯერ თურქეთში უნდა გამგზავრებულიყო გემით და შემდეგ კი სამშობლოში გადაფრენილიყო. ბოლო ორი დღის განმავლობაში მასზე ტოტალური კონტროლი დაწესდა. ისეთი სიტუაცია შეუქმნეს, რომ წამიერადაც ვერავის დაეკონტაქტებოდა, თუმცა გერმანელ ეთნოგრაფს ამის მცდელობაც კი არ ჰქონია. გამგზავრების წინა დღეს, როდესაც ბაუერი უკვე ბათუმში იყო და მას შარაშიძე და კეკელიძე აცილებდნენ, სასტუმრო „ინტურისტის“ ნომერში „მეგობრული“ ვახშამი მოაწყვეს. სინამდვილეში კი ბაუერი ღვინოში ჩაყრილი წამლით დააძინეს და მისი ნივთებისა და ტანსაცმლის საგულდაგულო ჩხრეკა ჩაატარეს. საბოლოოდ, ბაუერის ჯინსის შარვალში ოსტატურად ჩაკერებული 24 ცალი მსხვილი ძვირფასი ქვა აღმოაჩინეს, რომელთა ღირებულება 1969 წელს თითქმის ერთი მილიონი დოლარი იყო. დილით, როდესაც ბაუერს გაეღვიძა, თავის ნომერში კი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი „კაგებეს“ მაღალჩინოსნები დაინახა, მწარედ ჩაეცინა და სუფთა ქართულით თქვა:
– ეს ძვირფასი თვლები თბილისის ანჩისხატის ეკლესიაში, მაცხოვრის ხატში თითქმის 50 წელი იყო დამალული. მამაჩემი, თევდორე გოგლიძე დეკანოზი იყო და მან დამალა. ხოლო 1921 წელს რომ გამოიქცა, მათი წაღება ვერ მოახერხა. სიკვდილის წინ კი ყველაფერი მიამბო და ჩემი აქ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს იყოო.
კურტ ბაუერს დედის გვარი ჰქონდა აღებული, სინამდვილეში კი ის კონსტანტინე გოგლიძე იყო. მას ძვირფასი ქვები ჩამოართვეს და ოდნავი დაგვიანებით გაუშვეს გერმანიაში. ბაუერმა ერთი თვის შემდეგ დისერტაცია წარმატებით დაიცვა და დოქტორი გახდა.
P.S. საბჭოეთის დაშლის შემდეგ პროფესორი გოგლიძე საქართველოში ჩამოვიდა და აქ ორი კვირა დაჰყო.


скачать dle 11.3