№31 არის თუ არა ჭურჭლის გატეხა სახლში ყოველთვის ბედნიერების მომტანი
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
რატომ ტყდება ჭურჭელი? - ალბათ, ყველამ თუ არა, ძალიან ბევრმა იცის, რომ, როცა ჭურჭელი ტყდება, სახლში მალე ბედნიერება დაისადგურებს. მაგრამ, ასეა კი? მიზეზი იმისა, თუ რატომაც ტყდება სახლში ფინჯანი, თეფშები და ნებისმიერი სხვა ჭურჭელი შეიძლება იყოს ბანალური - თაროზე მოუხერხებლად დალაგებული ნივთები, ან ხელი გაქვს სველი და თეფში იმიტომ დაცურდა, ანდა უბრალოდ, დაუდევარი ხარ. მაგრამ, რა ვუყოთ ასე გამჯდარ ჩვეულებას, ნებისმიერ გატეხილ ნივთზე, ბედნიერების ნიშანიაო, რომ გვიხარია. მაშ ასე, გავიხსენოთ ის, რაც ყველამ იცის დღევანდელ თემასთან დაკავშირებით და შევიტყოთ ისიც, რაც არ ვიცოდით, ან სწორად არ გვქონდა გაგებული თუ გააზრებული: როდის გვაქვს სიხარულის მიზეზი და როდის უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რომ უბედურება თავიდან ავიცილოთ. ამაში კი დაგვეხმარება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლეილა ფ.
- ამ თემით დიდი ხნის წინ დავინტერესდი და მქონდა კიდეც მიზეზი: ჩვენს სახლში სულ რაღაც ტყდებოდა და თან, ამაში ძირითადად მე ვიყავი დამნაშავე. ვიფიქრე, რომ ეს შემთხვევით არ ხდებოდა და თავის დასამშვიდებლად, გადავწყვიტე, რაც შეიძლება მეტი გამეგო, რას გვასწავლიდა ხალხური გადმოცემები და მინიშნებები ამ მოვლენის შესახებ. ხოდა, რაც შევიტყვე, ყველაფერს გიამბობთ.
- მეც ხშირად მიტყდება ნივთები სახლში და ამას მხოლოდ მოუხერხებლობას ვაბრალებ. თან, არც მწყინს, რადგან, ამბობენ, ბედნიერება მოაქვსო... ასე არ არის?
- ყველა შემთხვევაში არა, თანაც მინიშნება მართლაც რომ გაცხადდეს, აუცილებელია, გულწრფელად გჯეროდეთ მისი. ასევე არსებობს მინიშნება, თუ ბოკალი ან თეფში გატყდა ამაში სახლის სულია (დომოვოი) „დამნაშავე“: ამით ის სახლში მცხოვრებთ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აფრთხილებს, რომელიც ყოველთვის როდია სასიამოვნო. ნეგატიური შედეგი რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ, ხსენებული ინციდენტის შემდეგ, მაშინვე წარმოთქვით შემდეგი ფრაზა: „სადაც ჭურჭელი ტყდება - იქ ცხოვრება საამურია“. ასევე, უბედურება რომ არ დაიბედოთ, თუ ოჯახის ჭურჭლეულიდან რომელიმე გატყდა, არავითარ შემთხვევაში არ დაგენანოთ და რაც უნდა ძვირფასი იყოს, არც უკმაყოფილება გამოხატოთ. მაგალითად, თუ ოჯახის რომელიმე წევრს თქვენი საყვარელი ვაზა გადმოუვარდა და გატყდა, არ არის საჭირო, უყვიროთ და მომხდარში დაადანაშაულოთ. ამან შეიძლება, სახლში უბედურება თუ არა, გაუთავებელი ჩხუბი და სკანდალები მოიზიდოს.
- თუ ჭურჭელი ძალიან ხშირად ტყდება?
- თან, მიზეზიც თუ გაუგებარია, მაშინ ეს ნამდვილად სახლის სულის ოინებია. მაგალითად, წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ფინჯანი მაგიდაზე იდგა, ვიღაცამ მის სიახლოვეს გაიარა, თუმცა არც შეხებია, ის კი მაინც გადმოვარდა. ასეთ შემთხვევაში, სახლის სულმა რომ „ცელქობა“ შეწყვიტოს, ეს მას უნდა სთხოვოთ და თან, გაუმასპინძლდეთ ნამცხვრითა და რძით. რომელსაც ღამით მაგიდაზე დატოვებთ. ნუგბარი ვაზით, ხოლო რძე ჯამით უნდა დადგათ. ჭურჭლის გატეხით სახლის სულმა შეიძლება უკმაყოფილება გამოხატა სამზარეულოში დატოვებული გაურეცხავი ჭურჭლის გამო. სიტუაციის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ ერთი მეთოდით - თავის დროზე გარეცხოთ თეფშები, ფინჯნები და სუფრის სხვა ატრიბუტიკა. არასდროს დატოვოთ ისინი ღამით ნიჟარასა თუ მაგიდაზე.
- იმასაც აქვს მნიშვნელობა რა ჭურჭელი ტყდება?
- მინიშნება რომ სწორად ახსნათ, თუ რატომ ტყდება ჭურჭელი სახლში, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ არა მხოლოდ ის, ხშირად ხდება ეს თუ არა, არამედ ისიც, რომელი მათგანი დაზიანდა. მაგალითად, გატეხილი ფინჯანი კეთილდღეობის ნიშანია - იღბლისა და გამარჯვების სიმბოლო. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თუ ძირს დავარდნისას ნაწილობრივ დაზიანდა ან გაიბზარა, მაშინ კარგს არაფერს ელოდეთ: ოჯახს უიღბლობა უწერია. ამიტომაა, რომ დაზიანებული ფინჯანი დაუყოვნებლივ უნდა მოიშოროთ თავიდან. თუ ხშირად ტყდება თეფში - ესეც სახლის სულის უკმაყოფილების გამოხატულებაა. შეიძლება სახლის პატრონები შეუფერებლად იქცევიან, ბილწსიტყვაობენ ან უბრალოდ, ფეთხუმები არიან. თუ თეფში დავარდნისას მხოლოდ გაიბზარა, ეს უსიამოვნების მოახლოებას გაუწყებთ. მინიშნებას დადებითი მნიშვნელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ თეფში გაუთხოვარ ქალს გაუტყდა ახალდაქორწინებულთა სახლში. საერთოდ, თუ ჭურჭელი ძალიან ხშირად ტყდება, აუცილებლად უნდა „მოთაფლოთ“ სახლის სული, ღამით მისთვის დატოვებული ნუგბარით. რაც შეეხება ფინჯნებს, ბოკლებსა თუ ჭიქებს, მათ მსხვრევას სახლში შეაქვს: ბარაქა, აყვავება, სიყვარული, ოჯახური ერთიანობა და სიმტკიცე. სწორედ ამიტომაა, ზოგ ქვეყანაში ტრადიციის მიხედვით სიძე-პატარძალმა ქორწილში ბოკალი უნდა გატეხოს. თუ შემთხევით ვაზა გადმოვარდა და გატყდა, ამაში „დამნაშავეს“ მომდევნო 6 წლის განმავლობაში ყველგან თან სდევს იღბალი, ხოლო ის თუ გაუთხოვარი ქალი ან დასაქორწინებელი ვაჟია, მალე ბედი გაეხსნება და იქორწინებს. თუ ვაზა ერთ-ერთი მეუღლის ხელით ტყდება, ცოლ-ქმარს მალე შვილი ეყოლება და უმჯობესია, ამისთვის მოემზადონ. მინიშნება რომ სწორად ახსნათ, გატეხილი ჭურჭლის ფერსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. რას უფრო ღია ფერისაა ის - მით უფრო სასარგებლო და სასიამოვნო სიურპრიზი გელით წინ.
- კვირის დღეებსაც აქვს მნიშვნელობა ამ დროს?
- დიახ და თუ რატომ ტყდება ჭურჭელი სახლში და რას შეიძლება, შეეჯახოთ ამის გამო, გეტყვით მინიშნებები კვირის დღეების მიხედვით: ორშაბათი - კარგ ამბავს გაიგებთ; სამშაბათი - სასიამოვნო შეხვედრა გელით; ოთხშაბათი - მოგებას მიიღებთ ან სასწრაფო გარიგებას დადებთ; ხუთშაბათი - სტუმარი გეწვევათ; პარასკევი - თქვენდამი სიმპათიას გამოხატავს საიდუმლო თაყვანისმცემელი; შაბათი - წარმატებას მიაღწევთ საქმეებში.
- თუ ჭურჭელს განზრახ გავტეხთ, მინიშნება მაშინაც იმოქმედებს?
- ჯამ-ჭურჭლის განზრახ გატეხა მრისხანებისას ან იმის იმედით, რომ ცხოვრება დაალაგოთ, არაფერს გარგებთ. პირიქით კი მოხდება - ასეთმა საქციელმა შეიძლება სახლში უიღბლობა და სიღარიბე შემოიტანოს. თუმცა, ნეგატივის ნეიტრალიზება მას შემდეგაც შეიძლება, რაც თქვენს ემოციურ აფეთქებას თეფშებისა და ფინჯნების ფრიალი და მსხვრევა მოჰყვა. ნამსხვრევები ცოცხით მოხვეტეთ და მათგან ყველაზე მსხვილი ნატეხები მარცხენა მხარს უკან გადააგდეთ. შემდეგ კი ყველაფერი ნაგვის ვედროში ჩაყარეთ.